რატომ გაუგზავნეს რომის პაპს დოდო ჭიჭინაძის სურათები
„…პირველი ნაბიჯები ყვარლის მიწაზე გადადგა და საშუალო სკოლაც აქ დაამთავრა. პირველი მეგობრებიც ყვარელში ჰყავდა. ყველაფერი პირველი ყვარელთან აკავშირებს, მაგრამ მისმა თვალისმომჭრელმა სილამაზემ კინოს აზიარა და მთელმა საქართველომ საამაყო შვილად გამოაცხადა. მსახიობს ნუ ჰკითხავ, რომელია შენი ბედნიერი დღეებიო. ის იმდენად ბევრია, რომ ჩამოთვლა ჭირს – რომელი ერთი პრემიერის დღე გავიხსენოთ, მაყურებლისგან ნაჩუქარი რომელი ერთი ვარდის თაიგული, აღტაცება და სიხარული!.. აღარას ვამბობთ იმ სახელშეურქმეველ ბედნიერებაზე, რომლითაც სიყვარული ასაჩუქრებს ადამიანს, მაგრამ, ქალბატონ დოდოს ყველასგან გამორჩეული ბედნიერი დღე ბედმა 1949 წელს აჩუქა.
ქართული კინოსა და თეატრის მომავალი აღიარებული ვარსკვლავი, მწვანილის საყიდლად გზად მიმავალი გოგონა, ბედმა აპოვნინა რეჟისორს. მიზნის მისაღწევად დახმარება ფილმ „დავით გურამიშვილის” სცენარის ავტორს, სიმონ ჩიქოვანს სთხოვეს. პოეტის მეუღლე, ქალბატონი მარიკა ასათიანი, დოდოს მამის მკვიდრი დეიდაშვილი აღმოჩნდა. ბატონ სიმონს უთქვამს: თავი დაანებეთ მაგ საქმეს, მგონი, მამამისი თავისი ქალიშვილისთვის გაგიჟებულია, კინოში არ გამოუშვებსო. მამის პასუხი კი ასეთი ყოფილა: რასა ჰგავს, ერთი გახუხული, შავტუხა გოგოა, რაში უნდა გამოიყენოო. კინოსტუდიაშიც გახმაურდა – „ყვარლიდან ჩამოუყვანიათ ერთი ვიღაც სოფლელი გოგო, რაში უნდა გამოიყენოო”. ამ მითქმა-მოთქმას მაშინ დაესვა წერტილი, როცა შველივით დამფრთხალთვალება, მოკრძალებული გოგოს როლზე დამტკიცება მიულოცეს. ვისაც რა უნდოდა, ის ეწოდებინა „გახუხული და ყვარლიდან ჩამოყვანილი ვიღაც სოფლელი გოგოსთვის”. იმხანად მისი მეგობრები ამბობდნენ: „ჩვენ კი, სრულიად პატარა ბავშვები, ვისაც გვქონდა ბედნიერება, ყვარლის მეორე საშუალო სკოლის მაშინდელ უზარმაზარ ეზოში შეგვემჩნია ის ღვთაებრივი მშვენიერება, რომელსაც დოდო ჭიჭინაძის გარეგნობაში ეპოვა თავშესაფარი, თითქოს ვგრძნობდით, რომ უკვალოდ არ ჩაივლიდა ეს სილამაზე და, მართლაც შვიდი წლის შემდეგ, როცა ჩვენ იგივე სკოლა დავამთავრეთ, დოდო ჭიჭინაძე უკვე ქართული კინოს ვარსკვლავად და მარადისობაში გადასულ სილამაზედ მოგვევლინა, რომელსაც პირველი პარტნიორობა გიორგი შავგულიძესთან ერგო… ამას მოჰყვა ფილმები: „ბაში-აჩუკი”, „ცისკარა”, „ნინო” და სხვა…“
დოდო ჭიჭინაძის სცენურმა ხელოვნებამ მარჯანიშვილის სახელობის თეატრის კედლებში 55 წელზე მეტხანს გასტანა. „ივდითმა” განსაზღვრა დოდო ჭიჭინაძის დრამატული ხასიათი. თხუთმეტი წელი არ გაუხდია ანას კაბა სცენაზე – „მედეამ,” ისევე, როგორც „ჯარისკაცის ქვრივმა,” დიდი აღიარება მოუტანა ქალბატონ დოდოს. ამბობდა: მე ვარ ქალი, რომელსაც სურვილი მაქვს, ხელში იარაღი ავიღო და დავიცვა ჩემი სამშობლო. ჩემი ოცნება იყო, მეთამაშა ქეთევან წამებული, მაგრამ, ვერ ვეღირსეო, – სინანულით ამბობდა იგი. (ავტ. – ვ. პატარქალიშვილი, ნ. მურვანიძე)“.
„დავით გურამიშვილის” რეჟისორის, ნიკოლოზ სანიშვილის მოგონებებიდან: „მოსკოვში ყოფნისას მსახიობ გელოვანს ვთხოვე, დოდო მოსკოვის თეატრების წარმოდგენებზე ეტარებინა და მისთვის სამსახიობო ანბანი ესწავლებინა. ერთხელ, მიშა გელოვანი მოვიდა და მეუბნება: მე ვეღარ წავიყვან დოდოს თეატრში. რა გინდა, სანამ არ მომტაცებენ ბავშვს, არ მომეშვებიო? თურმე, მოსკოვის სამხატრო თეატრში ყოფილან. მესამე რიგში ისხდნენ და უყურებდნენ წარმოდგენას. „ჩვენ გვერდით, – ყვებოდა მიშა, – ზის მეზღვაურის ფორმაში გამოწყობილი ახალგაზრდა პოლკოვნიკი, რომელიც, წარმოდგენის ნაცვლად, მთელი საღამო დოდოს მისჩერებოდა. შესვენებაზე დრო იხელთა და მკითხა, ვინ არის ეს ქალიშვილიო. არ მესიამოვნა შეკითხვა, მაგრამ, მაინც ვუპაუხე, ჩემი დისწულია-მეთქი.
– გათხოვილია? – ჩამეძია ოფიცერი.
– არა!
– მე გახლავართ ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო ატაშე. რამდენიმე დღეში ვამთავრებ სამსახურს და სამშობლოში მივემგზავრები. თუ ნებას დამრთავთ და ქალიშვილიც ისურვებს, სიამოვნებით წავიყვანდი ამერიკაშიო. დოდო სამხედრო ატაშეს, რა თქმა უნდა, არ გაჰყვა და გაემგზავრა ლენინგრადში, სადაც ჩვენი, „დავით გურამიშვილის” გადაღება დასარულს უახლოვდებოდა…”
…როდესაც მეოცე საუკუნის 50-იან წლებში რომის პაპმა იოანემ ქართველი ქალის დამახასიათებელი ტიპაჟის ფოტოპორტრეტი მოითხოვა (ის სხვადსახვა ქვეყნის ტიპურ სახეებს აგროვებდა), მას მედეა ჯაფარიძის, ლიანა ასათიანის, ლია ელიავასა და დოდო ჭიჭინაძის სურათები გაუგზავნეს. პაპს აღფრთოვანება ვერ დაუმალავს ოთხივეს სილამაზის მიმართ და უთქვამს: ესენი (მედეა ჯაფარიძე და ლია ელიავა) – დიდებული ევროპაა; ო, ეს (ლიანა ასათიანი) – მშვენიერი აღმოსავლეთი; აი, ეს კი (დოდო ჭიჭინაძე), ეს სახე, მგონი, მართლაც ქართულიაო… ამ ოთხეულის მეგობრობის ამბავი მთელმა საქართველომ იცოდა. თითქმის ერთი თაობისანი იყვნენ, ერთმანეთს ეცილებოდნენ სილამაზეში და ერთმანეთის მაინც არ შურდათ. განსაკუთრებით საინტერესო იყო მედეასა და დოდოს პირველი შეხვედრა დოდოს აღმზრდელის ოჯახში, წვეულებაზე. „მე მაშინ პატარა გოგო ვიყავი, მედეა კი უკვე თეატრის დასში ირიცხებოდა, – წერს ქალბატონი დოდო, – ოთახში რომ შემოვიდა, ფარდიდან თავი გამოვყავი და, მისმა სილამაზემ თვალები გამიშტერა. ეს მანაც იგრძნო და შემომხედა. ჩემი თვალები რომ დაინახა, ჩვეული გულუბრყვილობით შესძახა: „ღმერთო ჩემო, ეს რამხელა კაკლის მურაბებია!” რა ვიცოდი, რომ იმ დღიდან მედეა ჩემი ყველაზე ახლო მეგობარი გახდებოდა.” დოდო ჭიჭინაძე თავის დღიურებში, ასევე, თავისი პირადი ცხოვრების ეპიზოდებს იხსენებს: „… გაფრინდა ის დრო, ჩემი სახლის წინ გიტარით რომ მღეროდნენ ბიჭები. ერთხელ, ლაშიკო (თაბუკაშვილი) მეუბნება: ქუჩაში ვიდექით ბიჭები. უცებ, ვხედავ თქვენ და დედაჩემი (მედეა ჯაფარიძე) მოდიხართ. ჰოდა, კაცები თქვენზე ისეთ კარგ რაღაცეებს ლაპარაკობდნენ, გასუსული ვიდექი, ვუსმენდი და ჩემზე ბედნიერი ქვეყნად ალბათ არავინ იყოო…
მე ძალიან ახალგაზრდა, უბედოდ გავთხოვდი – სულ სხვა მიყვარდა. როცა ქმრისგან წამოვედი, მამაკაცებისადმი ისეთი უნდობლობა გამიჩნდა, რომ, ძალიან გვიან (45 წლის ასაკში), ისიც, ჩემი ბიძაშვილის ძალისხმევით, მეორედ ვცადე ბედი და, კიდევ, ოთარ ეგაძის წყალობით, რომელსაც საოცრად თბილი დამოკიდებულება ჰქონდა ჩემი ძმისა და ჩვენი ოჯახისადმი. ამას როგორ აკეთებ, დოდო, ცოდო ხარო, – მითხრა. ერთი სიტყვით, ჩემმა ბიძაშვილმა, დათო ჭიჭინაძემ მითხრა: ეს უბრწყინვალესი კაცი, რომელსაც, შენც კარგად იცი, მთელი თავის ცხოვრება უყვარხარ, ჩემი მეგობარია. ახლავე წამოხვალ და ხელს მოაწერთო. ოთარიც იქვე იყო – თურმე, მოლაპარაკებულები ყოფილან და, მართლაც, რაიონის მმაჩის ბიუროში გამაქანეს. რომ მივედით, იხუმრეს – ესენი ძალით დავიჭირეთ და ხელის მოწერა უნდა გავაფორმოთო. იმათ კიდევ, დაიწყეს: რას ბრძანებთ, ამას ერთი თვე სჭირდებაო. მაშინ ოთარ ეგაძემ თავის მეგობარ რაიკომის მდივანს დაურეკა, რომელიც იმ მომენტში ბიუროს სხდომას ატარებდა და უთხრა: ეს ჩვენი გიჟი დოდო ჭიჭინაძე, როგორც იქნა, ქორწინებაზე დავითანხმეთ, აქ, მმაჩის ბიუროში კი გვეუბნებიან, ამ ამბავს ერთი თვე სჭირდებაო. რაიკომის მდივანმა ეს საკითხიც ბიუროზე გაიტანა, იმათ კიდევ, ერთი ამბავი ატეხეს – ახლავე მოაწერონ ხელიო. რა სასცილო კაბა მეცვა, ახლაც შენახული მაქვს! ამბის ატეხა თქვენ მაშინ გენახათ, ჩემი გათხოვება კამოს ქუჩის 4 ნომერში რომ გაიგეს – მობინადრეები აივანზე გამოდგნენ და ტაშს უკრავდნენ. ჩემი მეუღლე მართლაც უბრწყინვალესი პიროვნება, ჭეშმარიტი ინტელიგენტი და გამორჩეული ვაჟკაცი გახლდათ – პროფესიით ინჟინერი, კარგი სპეციალისტი, უამრავი ფაბრიკა-ქარხანა აქვს აშენებული. უნიჭიერესი კაცი იყო, ექვს ენაზე ლაპარაკობდა. მთელ მსოფლიოში მოგზაურობდა და მხოლოდ იმიტომ, რომ ცხოვრება ენახა შეეგრძნო. მის გვერდით მართლაც ბედნიერი ქალი ვიყავი…”