პროსტატიტი შემოდგომა-ზამთრის პერიოდში მწვავდება
რით დავიცვათ თავი გაციებისგან და როგორ გამოვიმუშაოთ ორგანიზმის იმუნური თავდაცვა
ორგანიზმის ბუნებრივ ძალებს გამყარება სჭირდება. თუ იმუნური თავდაცვისთვის მას საკუთარი ინტერფერონი არ ჰყოფნის, შეიძლება მისი დამატებით უზრუნველყოფა. თუმცა, აუცილებელია პროცესის სწორად წარმართვა, რათა ვირუსებმა საკმაოდ ღრმად არ შეაღწიოს ორგანიზმში.
C ვიტამინი ხელს უწყობს ინტერფერონის გამომუშავებას, რაშიც ნიორი, ხახვი და ლიმონი ამისთვის უდავოდ დაგეხმარებათ.
ნიორი და ხახვი, C ვიტამინის გარდა, დიდი რაოდენობით შეიცავს ბაქტერიოციდულ ეთერზეთებს, მიკრობებს კი მათი სპეციფიკური სუნის „ეშინიათ“. საკმარისია ნივრის შეყნოსვა, რომ ვირუსებმა უკან დაიხიონ.
A ვიტამინი ლორწოვანი გარსის აღდგენას და იმუნური სისტემის გაძლიერებას უწყობს ხელს.
იმისთვის, რომ დააჩქაროთ ორგანიზმიდან მიკრობების გამოდევნა, უნდა მიიღოთ დიდი რაოდენობით სითხე. სასურველია მასში ლიმონის ან წითელი მოცვის დამატება.
გაციებისას ყველაზე უსაფრთხო საშუალებაა, ასევე, ძილის წინ, ხუთი წუთით ადრე, ფეხების ცხელ წყალში ჩაყოფა.
სურდო გადადის არა მხოლოდ კოცნით, არამედ ხელის ჩამორთმევითაც. არსებობს მისგან თავდაცვის წესები, კერძოდ:
რინოვირუსები ბინადრობენ თვალებისა და ცხვირის ლორწოვანაში, პირის ღრუში კი არცთუ კარგად გრძნობენ თავს. ხელისგულებშიც გროვდება ვირუსები. ამიტომ, ასეთ შემთხვევაში, ხელით თვალების მოსრესა ან ცხვირზე ხელის მოკიდება არ ვარგა. ის ნივთები კი, რომელსაც სურდოთი შეპყრობილი ადამიანი ხელით ეხება, სპირტით ან სხვა საშუალებით უნდა გაწმინდოთ. სურდო არ ხვდებათ იმ ადამიანებს, რომლებიც დღეში ორ გრამ C ვიტამინს იღებენ და ბევრ ხილსა და ბოსტნეულს მიირთმევენ.
თუ თავს შეუძლოდ გრძნობთ, 1 ჩაის ჭიქა ოთახის ტემპერატურის წყალში გახსენით 3 ჩაის კოვზი ვაშლის ძმარი, 2 ჩაის კოვზი თაფლი და ყელში გამოივლეთ.
ასევე, გაიკეთეთ ნივრის ინჰალაცია – ეს ძალიან ეფექტურია. გაჭყლიტეთ ორი ან სამი კბილი ნიორი, წაუსვით დოლბანდზე და ხუთი წუთი ისუნთქეთ მისი მძაფრი არომატი. ამ დროს ამოისუნთქეთ არა პირით, არამედ ცხვირით. ცოტა ხანში სურდოც უკან დაიხევს და არც ანგინა და ბრონქიტი დაგტანჯავთ.
პროსტატიტი შემოდგომა-ზამთრის პერიოდში მწვავდება
ქრონიკული პროსტატიტი წინამდებარე ჯირკვლის ანთებაა. ამით არა მხოლოდ ასაკში შესული მამაკაცები, არამედ ხშირად ახალგაზრდებიც ავადდებიან. ქრონიკულ პროსტატიტს იწვევს ბაქტერიული ინფექცია, რომელიც საშარდე არხით, სისხლით ან ორგანიზმში არსებული ნებისმიერი ანთებითი კერიდან ლიმფოგენური გზით ხვდება წინამდებარე ჯირკვლებში.
პროსტატიტით დაავადებულები უჩივიან ტკივილის შეგრძნებას საზარდულისა და შორისის არეში, რომელიც გადაეცემა გარე სასქესო ორგანოებსა და გავა-წელის არეს. ინფექციის დროს ძნელდება შარდვის პროცესი და ადამიანს უჩნდება ისეთი გრძნობა, თითქოს შარდის ბუშტი მთლიანად არ არის დაცლილი.
პროსტატიტი ქრონიკული პროცესია. შემოდგომა-ზამთრის პერიოდში შესაძლებელია ავადმყოფობის გართულება – იმატებს ტკივილი, ტემპერატურა, ავადმყოფი უჩივის ქრონიკულ უძილობას.
ამ დროს კატეგორიულად იკრძალება თვითმკურნალობა, განსაკუთრებით – ანტიბაქტერიული პრეპარატებით. არასწორი მკურნალობის შემთხვევაში, შესაძლოა, დაავადების გამომწვევი მიკრობი კი არ მოისპოს, არამედ, სახე იცვალოს. ეს კი მკურნალობის პროცესს აძნელებს და შემდგომში მეტ გართულებას იწვევს.
დაავადების გამწვავების შემთხვევაში, საკვები რაციონიდან უნდა გამორიცხოთ ცხარე, მლაშე და დაკონსერვებული საკვები. ასეთ საკვებში შემავალი კომპონენტების გადამუშავების შემდეგ ორგანიზმი შარდში გამოყოფს ისეთ ნივთიერებებს, რომლებმაც შეიძლება გააძლიეროს წინამდებარე ჯირკვლის ანთებითი პროცესი. ასევე, არ შეიძლება ალკოჰოლიანი სასმელების დალევა. რადგან, ალკოჰოლი ხელს უწყობს მცირე მენჯის არეში დაფარული, შენელებული პროცესების გააქტიურებას და ქმნის მათი განვითარებისთვის სასურველ ნიადაგს. თუ თქვენს ორგანიზმს არ აქვს მიდრეკილება შეშუპებისადმი, ეცადეთ, მიიღოთ მეტი რაოდენობით სითხე. განსაკუთრებით სასარგებლოა სამკურნალო ნაყენების სმა, კერძოდ, მრავალძარღვას, არყის ხის კვირტების, დათვის კენკრის ნახარშები.
ქრონიკულ პროსტატიტს ინფექცია იწვევს. ეს უკანასკნელი ორგანიზმში შეიძლება სქესობრივი გზითაც მოხვდეს. ამიტომ, აუცილებელია ამ დროს და ზოგადად, პირადი ჰიგიენის დაცვა.
ქრონიკული პროსტატიტის დროს დაუშვებელია გაციება, ზედმეტად გადახურება ან გადაციება. არასრული შარდვის შემთხვევაში, შეიძლება განვითარდეს ორმხრივი ურეტეროჰიდრონეფროზი და მოხდეს არა მხოლოდ შარდის ბუშტის, არამედ, ზედა საშარდე გზების დაჭიმვაც. ეს, თავის მხრივ, გამოიწვევს თირკმელების პროგრესირებად და ქრონიკულ უკმარისობას. შესაძლოა, განვითარდეს სქესობრივი პოტენციის დაქვეითება და დარღვევა.
ქრონიკული პროსტატიტით დაავადებულ ადამიანებს მკვეთრად ერღვევათ წინამდებარე ჯირკვლის ინკრეტორული და ექსკრეტორული ფუნქცია, რაც სქესობრივი უძლურების, უშვილობის, ნაადრევი ერექციისა და სხვა დაავადებების მიზეზი ხდება. ამიტომ, აუცილებელია პროსტატიტის დროული გამოვლინება და სწორი და დროული მკურნალობის კურსის ჩატარება.
რევმატიზმი საშიში დაავადებაა
რევმატიზმი ინფექციურ-ალერგიული დაავადებაა. ეს იმას ნიშნავს, რომ ინფექცია მისი გამომწვევი მიზეზი ხდება, შემდეგ კი, ორგანიზმის დასუსტების გამო, დაავადება გრძელდება.
რევმატიზმის დასაწყისი დაკავშირებულია ორგანიზმში სტრეპტოკოკული ანთებითი კერის არსებობასთან. ჩვეულებრივ, ეს არის ხახის ნუშისებრი ჯირკვლების ანთება – ქრონიკული ტონზილიტი, რომელიც დროდადრო მწვავდება. ორგანიზმი გამოიმუშავებს სტრეპტოკოკების საწინააღმდეგო იმუნურ რეაქციას და ქმნის შესაფერის ანტისხეულებს. ზოგიერთ შემთხვევაში, ეს ანტისხეულები მოქმედებს არა მარტო ბაქტერია სტრეპტოკოკზე, არამედ ადამიანის ორგანიზმის ქსოვილებზეც და იწვევს მის დაზიანებას. თუ ეს მოხდა, ვითარდება რევმატიზმი, რომელიც პერიოდული გამწვავებით დიდხანს გრძელდება. რევმატიზმის დროს ორგანიზმში ზიანდება უმთავრესად შემაერთებელი ქსოვილისგან აგებული ორგანოები, კერძოდ, გულის სარქველები, სახსრები და ასე შემდეგ; ასევე, გულის კუნთი. გული ის ორგანოა, რომელიც ყველაზე მეტად ავადდება რევმატიზმის დროს.
რევმატიზმის პირველი შეტევა, შემდგომში კი მისი გამწვავებები, დაკავშირებულია ტონზილიტთან, ანუ ხახის ნუშისებრი ჯირკვლების ანთებასთან. პირველი შეტევა იწყება ტონზილიტის ერთ-ერთი გამწვავებიდან ორი კვირის შემდეგ. შეიძლება, ის გამოვლინდეს სახსრების ანთებით – პოლიართრიტით. ამ დროს იწყება ტკივილი სახსრებში, ხდება მათი შესიება და შეწითლება, იზღუდება მოძრაობა.
რევმატიზმით გულის დაზიანება სახსრების ანთების გარეშეც შეიძლება მოხდეს. გულში ვითარდება რევმატული ანთება, რაც მედიცინაში რევმატული კამდიტის სახელით არის ცნობილი. ანთებაში ჩართულია შიგნითა გარსი და სარქველები, გულის კუნთი და გულის გარეთა გარსი.
შიდა გარსისა და სარქველების დაზიანების შედეგად შეიძლება ჩამოყალიბდეს გულის მანკი. ეს პროცესი ხშირად ფარულად მიმდინარეობს და ამიტომ მანკის დიაგნოზის დასმა ზოგჯერ სრულიად მოულოდნელად ხდება – მაშინ, როცა ადამიანს თითქოს არც კი უავადმყოფია რევმატიზმით.
ყოველი გამწვავების შემდეგ შეიძლება კიდევ უფრო მეტად დაზიანდეს გულის სარქველოვანი აპარატი და კუნთი, ამიტომ, რევმატიზმით დაავადებული ადამიანი მუდმივად უნდა იმყოფებოდეს ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ.
რევმატიზმის მწვავე პერიოდში ავადმყოფს ესაჭიროება წოლითი რეჟიმი. მას მკურნალობა უნდა უტარდებოდეს ანტიბიოტიკებით, არასტეროიდული ანტიანთებითი საშუალებებით. ანთებითი პროცესის დიდი აქტიურობის დროს ავადმყოფს ენიშნება ჰორმონები.
რევმატიზმის გამწვავების თავიდან ასაცილებლად აუცილებელია ავადმყოფს წელიწადში ორჯერ ჩაუტარდეს პროფილაქტიკური მკურნალობა. რევმატიზმის პროფილაქტიკაში მნიშვნელობა აქვს სტრეპტოკოკული ინფექციური კერების დროულ გამოვლენასა და მკურნალობას. ყველაზე მეტად ეს შეეხება ქრონიკულ ტონზილიტს. თუ ხშირად გტკივათ ყელი და გაქვთ ჩირქოვანი ტონზილიტი, მას დროულად მიაქციეთ ყურადღება, რადგან, შესაძლოა ეს ეტაპი, რევმატიზმის განვითარების დასაწყისი იყოს.
ყოველდღე ჭამეთ ნატურალური თაფლი
ნატურალური თაფლი სიცოცხლისა და ახალგაზრდობის ბუნებრივ ელექსირად მიიჩნევა. ადამიანი მისგან ძალასა და ენერგიას იღებს.
თაფლი მიკროელემენტების უნიკალურ კომპლექსს შეიცავს. არცერთი ბუნებრივი პროდუქტი არ არის ისეთი სასარგებლო, როგორც თაფლი, მასში შემავალი ნივთიერებების წყალობით. მის შემადგენლობაში შედის: ფერმენტები, ვიტამინები, მინერალური ნივთიერებები, ამინომჟავები, ჰორმონები, რომლებიც მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ორგანიზმის ყველა ფუნქციაზე.
ეს პროდუქტი განსაკუთრებით საჭირო და სასარგებლოა ბავშვებისა და მოზარდებისთვის. ანტიბაქტერიული შემადგენლობის წყალობით, ის დეზინფექციას უკეთებს პირის ღრუს.
ასე რომ, თაფლი აუცილებელი პროდუქტია და ყოველდღიურ რაციონში მისი ჩართვა, მით უმეტეს, შემოდგომით, როცა წინ ცივი ზამთარი გველის, უბრალოდ, აუცილებელია. გამყარებული იმუნიტეტი ამ სეზონზე მთელ რიგ ვირუსებს უწევს წინააღმდეგობას, ამაში კი თაფლს უდიდესი როლი ენიჭება.