კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როდის კლავს ერთი ადამიანი მეორეს სულიერად და როგორ უნდა აღზარდონ მშობლებმა შვილები სწორად

 სამწუხაროდ, დღეს ჩვენი საზოგადოების დიდი ნაწილი ერთმანეთის მიმართ აგრესიულად არის განწყობილი. ერთი სიტყვაც საკმარისია იმისთვის, რომ ქუჩაში, საზოგადოებრივ ტრანსპორტში, სამსახურებსა და თავშეყრის ადგილებში სერიოზული დაპირისპირება და აგრესია გამოიწვიოს. რატომ აქვთ ადამიანებს ერთმანეთის მიმართ ასეთი დამოკიდებულება, როგორ უნდა ჩამოვუყალიბოთ ბავშვებს თავიდანვე სწორი, დადებითი განწყობა, ამის შესახებ გვესაუბრება ნარიყალას წმიდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესიის წინამძღვარი, მამა გიორგი (თევდორაშვილი):

 

– მართლმადიდებელი ქრისტიანი დღეს იწყებს ლოცვით, ლოცვაში კი ითხოვს სულიწმიდის მოფენას, რომ მისი დღე იყოს სავსე მადლით, სიკეთითა და წყალობით. ადამიანი, რომელიც არ ლოცულობს, არ უყვარს მოყვასი, არ მიდის ხატებთან სალოცავად, მისთვის მთელი დღე დამძიმებულია, გამოდის სახლიდან ცუდ ხასიათზე და ის დღეც პრობლემებით აქვს დატვირთული. წარმოიდგინეთ, ადამიანი მოდის ეკლესიაში გაღიმებული, გახარებული და მე მას შენიშვნას ვაძლევ, მკაცრი სახით ვუწყებ საუბარს. ამით მას, შეიძლება, სულ გავუფუჭო ხასიათი და დავაბრკოლო კიდეც. ასეთი მაგალითი ძალიან ბევრია.

– სამწუხაროდ, გვიყვარს აწყმოზე წუწუნი და მუდმივად წარსულს მივტირით, ეს კი, ხშირად, სწორ ცხოვრებაში, რეალობასთან ადაპტირებაში გვიშლის ხელს.

– „ყოველი ახალი კარგად დავიწყებული ძველია“ – ცისქვეშეთში ახალი არაფერი ხდება, გარდა იმისა, რომ ღმერთი ადამიანის სახით მოვიდა. იმის თქმა, რომ ადრე კარგი ცხოვრება იყო, უდარდელად ვცხოვრობდითო – არ არის სწორი და, ვინც ამას მისტირის, მას, სამწუხაროდ, მომავალი არ აქვს. ყველაფერს თავისი ჟამი და დრო გააჩნია. ჩვენ უნდა ვიფიქროთ არა წარსულითა და მომავლით, არამედ აწყმოთი. სახარება გვასწავლის: ნუ იფიქრებ ხვალინდელ დღეზე, დღევანდელ დღეზე იფიქრე, რადგან, ამ დღეს საფიქრალი საკმაოდ გააჩნია. თუ შენ წარსულით ცხოვრობ და ოცნებით მომავალში ხარ, რეალობა თვალსა და ხელს შუა გაგეპარება და დარჩები გაურკვეველი იმედებით, ცრუ გეგმებით. 

– ერთმანეთის თანაგრძნობაც დავივიწყეთ თანამედროვე ადამიანებმა.

– როგორც შენ გინდა, მოგექცეს სხვა, ისე უნდა მოექცე სხვას – ეს არის ბიბლიური ჭეშმარიტება და მთელი ქრისტიანობის მოკლე შინაარსი სწორედ ამაში დევს. ხომ გაგიხარდება, როდესაც მწუხარებაში იქნები და ადამიანები მოვლენ, გაიზიარებენ შენს დარდს, დაგეხმარებიან. ასე უნდა მოექცე შენც სხვას. ჩვენი დიდებული ქართველი, კლასიკოსი მწერალი ნოდარ დუმბაძე ამბობდა, ადამიანის სული იმდენად მძიმეა, რომ ერთ ადამიანს უჭირს მისი ტარებაო. აპოკალიფსის წინა პერიოდია აპოსტასია, რომლის დამახასიათებელი ნიშანია: „განხმება სიყვარული მრავალთა“. მაცხოვარი ბრძანებს: ვინც ჩემი სახელით ერთ ჭიქა ღვინოს დაგალევინებს, მას ეს არ დაეკარგებაო. სამწუხაროდ, ისეთ მდგომარეობამდე მივდივართ, ადამიანს წყალი რომ სთხოვო, შეიძლება, არც დაგალევინოს, რომელ დახმარებაზე და ხელის გამოწვდენაზეა საუბარი.  ყველას ვურჩევ, როდესაც საზოგადოებაში გამოვდივართ, უნდა გვახსოვდეს, რომ ვერტიკალურად მოსიარულე არსება ადამიანად არ ჩაითვლება, თუ ის საზოგადოებრივი, ეთიკური, რელიგიური არ იქნება, რადგან, შენ საზოგადოებრივი პიროვნება ხარ და შენ გარშემო მხოლოდ შენი ცოლ-შვილი კი არ არის, არამედ, სხვა ადამიანებიც არიან – მეზობლები, თანამშრომლები, მეგობრები, ჯგუფელები. დღეს, შეიძლება, გიხარია, რომ პრობლემები არ გაქვს, მაგრამ, სხვა ადამიანის პრობლემებით უნდა იცხოვრო, სხვა ადამიანს უნდა ჩახედო თვალებში, გაიგო, რა აწუხებს, რა სჭირდება და მათში აუცილებლად დაინახავ დიდ სევდას, მწუხარებას. და თუ შენ იფიქრებ მათ პრობლემებზე, მომავალში ისინი იფიქრებენ შენზე. რაც მთავარია, ღმერთი იფიქრებს შენზე, რადგან, უფალი თავად ამბობს: „მშიერი ვიყავი და არ დამაპურე; შიშველი ვიყავი და არ შემმოსე; საპყრობილეში ვიყავი და არ მანუგეშე; სნეულებაში ვიყავი და არ მომინახულე.” თუ ჩვენ ოჯახებიდან გამოვალთ იმ განწყობით, რომ, მე ეგოისტი კი არა, საზოგადოებრივი არსება ვარ, რომელიც სხვებზე ფიქრობს, სხვისი ჭირი უნდა მაჩნდეს წყლულად, მერე ჩვენ ირგვლივ ბევრი ადამიანი დამშვიდდება და მიიღებს ნუგეშს. თუმცა, ადამიანს სწორი ნუგეში უნდა მისცე და არა ყალბი ნუგეში. როცა ადამიანს ტყუილში აცხოვრებ, ტყუილ იმედს აძლევ, რაც ხშირია ჩვენს საზოგადოებაში, ეს უარესია და ამით მას მძიმე მდგომარეობაში აგდებ. ამას ჯობია, უთხრა: „შენ ავად ხარ, მაგრამ, მე დაგეხმარები, ღმერთი დაგეხმარება, რომელიც ჩვენთვის განკაცდა და ჯვარს ეცვა”. როცა ადამიანები დაღონებულები, შეწუხებულები არიან, მათ ამაყი მზერით კი არ უნდა დავუწყოთ შეგონებები, არამედ, ღიმილით, სითბოთი უნდა მივცეთ რჩევა, ვუთხრათ – წაიკითხონ სახარება, რადგან, არ შეიძლება, ადამიანმა წაიკითხოს სახარება და მასში სიხარული არ შემოვიდეს. წარმოიდგინეთ, რა ხდება, როდესაც ერთი ადამიანი მეორეს ეუბნება: „ეშმაკის ნაშიერო, შენ ჯოჯოხეთში მოხვდები, შენ ადამიანი არ ხარ, არაქართველი ხარ, მსტოვარი ხარ...” და ასე შემდეგ. ამით შენ უკვე სიტყვით კლავ ადამიანს. ადამიანი ჯერ სულიერად კვდება, შემდეგ – ხორციელად, სიტყვა და არასწორი ქმედება კი სულიერად კლავს მოყვასს. ყველა დაავადება ხომ ნერვიულობისგან, არასწორი კვებისგან, არასწორი ცხოვრებისგან, არასწორი აზროვნებისგან მოდის. ჩვენი ოჯახების უმეტესობას ხომ თან ნერვული ფონი გასდევს: ქმარი ცოლს ეჩხუბება, მამა – შვილს, შვილები ხედავენ, როგორ ჩხუბობენ მათი მშობლები; უყურებენ რა ხდება ტელევიზორში, როგორი გადაცემები, როგორი ფილმები გადის. ასეთ გარემოში გაზრდილ ბავშვებს როგორი ფსიქიკა ექნებათ?! ბავშვები პატარაობიდან ეჩვევიან აგრესიას, ეს მერე მათი განწყობის ჩამოყალიბებაზე მოქმედებს და შემდეგ ბუმერანგივით გვიბრუნდება. ბავშვის აღზრდა დედის მუცლიდან იწყება – ჯერ კიდევ მაშინ უნდა დაიწყონ მშობლებმა ლოცვების, ფსალმუნების კითხვა. ერთადერთი, მართლმადიდებელ ეკლესიას გააჩნია ობიექტური დასაბუთება ჭეშმარიტებისა. მეთევზე პეტრე ისე ქადაგებდა, ერთ დღეს, მისი ქადაგების შემდეგ, სამი ათასი კაცი მოიქცა. ვიღაცამ რომ წაიკითხოს, იფიქრებს: რა კარგია, არავითარი ცოდნა არ მჭირდება, მოვინათლები, გავხდები მართლმადიდებელი და ავმეტყველდებიო. ცოდნისა და სწავლის გარეშე არაფერი გამოვა: ჩვენ გვჭირდება განათლებული, მორწმუნე ახალგაზრდობა, რომლებიც კომპიუტერებით კი არ იაზროვნებენ, არამედ, წიგნებით, თავმდაბლობით, ლოცვით. ზოგჯერ, ბავშვებს რომ ვეკითხები, რატომ არ დადიხარ ეკლესიაში-მეთქი, ისინი მპასუხობენ, არ მცალია, ვმეცადინეობო. ეკლესიაში სიარულიც ხომ მეცადინეობაა! ეკლესიაში სიარული მხოლოდ სანთლის დანთება და იქ დგომა კი არ არის, ეკლესიაში იწყება პირველი ცოდნის შეძენა. ლოცვა მეცადინეობა, გონების გახსნა არ არის?! რა თქმა უნდა, არის. სამწუხაროდ, ბევრი ფიქრობს ასე და, არ მინდა, ცოდნის მიღებასთან დაკავშირებით ხალხს შეზღუდული აზროვნება ჰქონდეს. ადამიანი, რომელიც სახარებას, ბიბლიას გაიგებს, დიდი კლასიკოსების წიგნებით იკვებება, ის იქნება გონებაგახსნილი და მისთვის ყველა საგანი გასაგები იქნება. სამოთხეში ადამმა ქიმიაც იცოდა, ფიზიკაც, ლევიტაციის უნარიც ჰქონდა, წყალში არ იძირებოდა, არ იწვებოდა და ეს ყველფერი ცოდვის შედეგად დაკარგა. ახლა კი, კეთილი უნდა ინებოს, გაიაროს სკოლა, უმაღლესი სასწავლებელი, ისწავლოს, ბევრი იკითხოს და ყველაფერი ოფლით უნდა მიიღოს. დღეს, სამწუხაროდ, ადამიანების 80 პროცენტი ნევროზით არის დაავადებული. ნევროზი ეკლესიის ენით განიმარტება, როგორც სურვილებისა და რეალობის შეჯახება. შენ რომ სერიალების გმირების ცხოვრებით, სხვა რეალობაში ცხოვრობ, მერე ნერვები გეშლება, რატომ არ გყავს ასეთი ლამაზი ცოლი, ასეთი ძვირფასი ავტომობილი, სახლი... ეკლესია კი გეუბნება: ითხოვე და მოგეცემა; დააკაკუნე და გაგეღება, ოღონდ, ითხოვე სულიერი და არა მატერიალური. მაშინვე რომ გინდა კარგი ავტომობილი, პრეზიდენტობა, კარგი სახლი, ჯერ ითხოვე მცირედი და მიიღებ ბევრს. ითხოვე სულის ცხონება და, საჭმელი, სასმელი – ყველაფერი მოგეცემა. ეს ცოდნა, ეს მარგალიტები ბიბლიაშია ჩაწერილი და, თუ ჩვენი შვილები და მშობლები ამით იხელმძვანელებენ, დარწმუნებული ვარ, განწყობაც კარგი გვექნება, ჩვენი ცხოვრება კი უფრო დალაგდება და სწორ კალაპოტში ჩადგება. 

 

скачать dle 11.3