რა აიკრძალა ვასო ფხაკაძისა და მისი ფეხმძიმე მეუღლის სახლში და რასთან უწევდა მას ერთი დღის განმავლობაში შეგუება
ლიკა მეტრეველი: თითქმის ყველაფერში ვუგებთ ერთმანეთს. რაშიც ვერ ვუგებთ, იმაზე ვმსჯელობთ. საბოლოოდ, მსჯელობის შემდეგ მივდივართ სწორ აზრამდე, ანუ იმ აზრამდე, რომელიც მე მქონდა მანამდე.
ვასო ფხაკაძე: ხანდახან ჩვენც ვკამათობთ. მაგალითად, ახლა, ხომ ნახე, როგორ ცივა გარეთ და ლიკას მაინც არ აცვია თბილად. ასეთ დროს გამოსავალი ვიპოვე, ჩემს სიდედრთან ერთი ზარი და ის აგვარებს ყველაფერს. სიდედრიც და სიმამრიც ჯიგრები არიან. ისე, ჩვენ შორის დიდი ასაკობრივი სხვაობაც არ არის.
ლიკა: ამიტომაც უფრო კარგად უგებენ ერთმანეთს, მზრდიან ბავშვს.
– სახლში, რომ მოდიხარ დაღლილი, მშიერი, გახვედრებს გაშლილ სუფრას?
ვასო: სახლში რომ მოვდივარ, ასე მგონია, რესტორანში შევედი – რა გინდა, სულო და გულო, თეთრი პური, შავი თუ დიეტური, სალათის ფურცლები.
ლიკა: ძირითადად, გარეთ ვჭამთ. ანდა ვასოს დედა გვიმზადებს, ან დედაჩემი.
ვასო: ლიკას ძალიან უყვარს საქონლის ენა, თან, ექიმმა დაუნიშნა.
ლიკა: რადგან ექიმმა დამინიშნა, მეც ვჭამ და ამაზე ვასოს სასწაული რეაქცია ჰქონდა.
ვასო: ერთხელაც, მივედი სახლში და ვხედავ, რაღაც იხარშება. ალბათ, ხინკალი ჩაყარა ან რაიმე გემრიელს ხარშავს-მეთქი. ჩავიხედე ქვაბში და რაღაცამ ამომხედა, გული გამიჩერდა. მე, ზოგადად, არ მიყვარს ხორცი, სამაგიეროდ, თევზი მიყვარს ძალიან. ლიკა თევზზე ოდნავ მეტად მიყვარს. თელავშიც რომ ჩავდივარ, იციან, ძალიან მიყვარს თევზი და მახვედრებენ. ლიკას ბებია ძალიან გემრიელ საჭმელებს ამზადებს.
– კახეთში რომ ჩადიხარ, ყველანაირად განებივრებენ.
– კი, თუმცა, იციან, რომ დალევა არ მიყვარს და არც მაძალებენ. განსხვავებით ჩემი ცოლისგან, რომელიც უფრო კარგად სვამს. მე მიყვარს ქართული სუფრა, თავისი ზომიერებით. გააჩნია, ასევე, საზოგადოებას: კარგი ქეიფი, თხელი, წელში გამოყვანილი ჭიქით მიყვარს. დალევ და იხალისებ.
ლიკა: ყველაფერი წელში გამოყვანილი მოსწონს.
ვასო: ამ ამბავში სომელიე ვარ.
– მე ვიცი, რომ რაღაც კერძებს ამზადებს ლიკა, სუშის გაკეთებაც კი იცის.
ლიკა: სუშის მომზადება ვასომ მასწავლა. ახლა ჯერჯერობით ჩვენს სახლში და ზოგადად, აიკრძალა სუშის, თევზეულის ჭამა.
– როგორ მიდის შენი ფეხმძიმობა?
– 21 კვირის ფეხმძიმე ვარ. ქორწინებიდან ერთი თვის თავზე გავიგე, რომ ორსულად ვიყავი. იმ დროს სახლში მარტო ვარ, ვასო სამსახურშია. ვეღარ მოვითმინე, საღამოს დავლოდებოდი და რომანტიკულად მეთქვა ვასოსთვის.
ვასო: ეგრევე დამირეკა კახურად, პირდაპირ: რახვაან – „ლაბავოი” გამოუშვა.
ლიკა: პირდაპირ ვუთხარი, ვასო, ფეხმძიმედ ვარ-მეთქი. ნახევარი საათი ყვიროდა, მგონი. ცოტა ხანში რომ გადმომირეკა, ისევ ისეთი ტონი და ემოცია ჰქონდა.
– საჩუქარი არ გაუკეთე მეუღლეს?
– თუ არ ვცდები, მაგ დღეს მომიტანა სახლში იასამნები, თუ ვარდები. თან, ვაზა არ გვქონდა სახლში, რადგან ვასო მანამდე იქ არ ცხოვრობდა. ახლაც, რაღაცის გაკეთებას რომ ვიწყებთ: უი, ეს არ გვაქვს, ვიწერთ, რომ მერე შევიძინოთ.
ვასო: ერთი ქალი ყიდდა იასამნებს, რაც ჰქონდა, ყველა გამოვართვი. გაკვირვებული მეკითხებოდა, ამდენი რად გინდაო. მერე გამახსენდა, რომ ამხელა ვაზა არ გვქონდა. შევედი ყვავილებით „გუდვილში“, გამყიდველები ღადაობდნენ, ჯერ ვაზა გეყიდა და მერე ყვავილებიო.
ლიკა: ფეხმძიმობა კარგად მიდის. თავიდან მქონდა ტოქსიკოზი, უხასიათობა, მაგრამ სამი თვის შემდეგ, ყველაფერი მწყობრში ჩადგა. ბავშვს თებერვალში ველოდებით.
ვასო: რაც უყვარდა, ისინი აღარ უყვარს, ოღონდ ჩემ გარდა – მე ისევ ვუყვარვარ. თევზი უყვარდა ძალიან და აღარ უყვარს. ჩემი სუნამოც ჩავაბარე წარსულს.
ლიკა: იმ ეტაპზე გრძნობები, შეგრძნებები ძალიან მქონდა გამძაფრებული. სახლის სუნზეც კი რეაქცია მქონდა. ხან ვასოს დედასთან გავრბოდი, ხან დედაჩემთან. ვერ ვჩერდებოდი სახლში. რთულად ასატანი ვიყავი. მქონდა მომენტები, როცა დავჯდებოდი და ვიწყებდი ტირილს.
ვასო: მე ვერ ვხვდებოდი, ვეკითხებოდი: რა გატირებს ლიკა-მეთქი.
ლიკა: თავიდან სერიოზული სახით მიყურებდა, მაგრამ მერე მეორედ, მესამედ, რომ განმეორდა, უკვე სიცილს იწყებდა, ღადაობდა ჩემს ტირილზე. მე მაინც ვტიროდი და არ ვჩერდებოდი.
ვასო: მაგალითად, ტიროდა „რწყილი და ჭიანჭველაზე“: რატომ ჩავარდა ჭიანჭველა წყალშიი..
– როგორი ემოცია გქონდათ, როდესაც ბავშვის სქესი გაიგეთ?
– მამების ამბავი ხომ იცი: „არ ვიცი ახლა, რა დავიწყე. შემქმნელი მე ვარ, ბიჭი იქნება...“ ექოსკოპიაზეც რომ მივედი, მეგონა ბიჭი იქნებოდა. თუმცა, ჩემთვის სულერთი იყო: გოგო იქნებოდა თუ ბიჭი. სამი დისშვილი მყავს, სამივე გოგო და მიჩვეულიც ვიყავი, გამოცდილებაც მქონდა. მაგრამ, ლიკას კივილმა ჩაჩავას კლინიკა დაცალა. ძალიან გაუხარდა, გოგოს რომ ელოდებოდა.
ლიკა: ცხრა კვირის ვიყავი, პირველად ექოსკოპიაზე რომ მითხრეს: ბიჭს ჰგავსო. ხმა არ ამოვიღე. ერთი, დედაჩემს ვუთხარი: შეიძლება, ბიჭი იყოს-მეთქი. ვასოს დავუმალე, არ მინდოდა, ძალიან გახარებოდა, რადგან მე გოგო მინდოდა. ეგოისტური მომენტი მქონდა. კიდევ რომ წავედით ექოსკოპიაზე, დარწმუნებული ვიყავი, გოგო იქნებოდა და რომ მითხრეს, გოგოაო, იმხელას ვყვიროდი... ყველა თეთრხალათიანს – ვიცნობდი არ ვიცნობდი, ვეუბნებოდი: გოგოს ველოდები-მეთქი. ვასოსთვის პირველი დღე მაინც შეგუების მომენტი იყო. მეორე დღიდან კი უკვე: ჩემი გოგონები, რა გინდათ, აბა რა გავაკეთო. ძალიან მზრუნველია ჩემზე მეტადაც კი. მისგან ბევრ რამეს ვსწავლობ. თუნდაც, როგორ უნდა მოვიქცე გარკვეულ სიტუაციებში.
– უკვე დაიწყე იმის გაცნობიერება, რომ მალე მამა გახდები?
ვასო: როგორც მეუბნებიან, სანამ ხელში არ დავიჭერ ბავშვს, მანამდე ამას ვერ გავაცნობიერებ. ცოლი კლასიკას ასმენინებს, ყურსასმენებს გაიკეთებს მუცელზე და ასმენინებს. თვითონ არ უყვარს კლასიკა.
ლიკა: ჩემი აზრით, გიჟი მამა იქნება, აბსოლუტურად ყველა საკითხში.
– სახელი მოიფიქრეთ?
– სახელი ვიცით, მაგრამ ჯერ საიდუმლოდ დარჩეს. თავიდანვე შევთანხმდით ბიჭის სახელზეც და გოგოს სახელზეც – მანამდე, სანამ შევუღლდებოდით.
– ვასო, ხომ არ აპირებ მშობიარობას დაესწრო?
ვასო: არა, რა დასწრება, შეიძლება, მე „დავიბრიდო” იქვე.
ლიკა: რომ შეეძლოს და სურვილი ჰქონდეს, რატომაც არა.
ვასო: ძალიან ემოციური ვარ, არ შემიძლია ასეთი რაღაცეები.
– ექიმთან, ექოსკოპიაზე დაყვები ხოლმე?
ლიკა: ამ მხრივ, საკმაოდ აქტიურია. თავიდან იყო ბევრი ორსული ქალი, მე და ვასო. ცოტა ისე ვიყავი... მაგრამ, მერე ძალიან ვამაყობდი იმით, რომ ვასო იყო ჩემ გვერდით.
ვასო: განსაკუთრებით მოსწონს, ვასოს რომ დაინახავენ და ურიგოდ უშვებენ.
– ქორწილის ამბავი ისევ გადაიდო?
ლიკა: მინდა, თეთრ კაბაში ლამაზად გამოვიყურებოდე. ორსული ქალიც ლამაზია, მაგრამ მინდა, სხვანაირ ფორმაში ვიყო. ასე რომ, როდესაც ბავშვს გავაჩენ, მერე გადავიხდით ქორწილს.
– ძალიან გიხდება ორსულობა. ისედაც ხომ ლამაზი იყავი და ახლა კიდევ უფრო ლამაზი ხარ.
ვასო: გავალამაზე. მამამისმა და დედამისმა რაც დააკლო, მე დავუმატე, გავაშალაშინე.