რუსეთში მცხოვრები შვილი საქართველოში მამას ეძებს
გიორგი დავითის ძე კუპატაშვილი ეძებს 1947 წელს დაბადებულ დავით კუპატაშვილს.
ისტორია: ვეძებ მამაჩემს, 1947 წელს დაბადებულ დავით კუპატაშვილს. მამასთან კავშირი 1994 წლის მერე არ მქონია. ძალიან მინდა მისი პოვნა და ნახვა. თავად მე რუსეთში ვცხოვრობ და ჩემთვის ძალიან რთულია, აქედან რამის გაკეთება, რაც მამის პოვნაში დამეხმარებოდა. თუმცა, არაერთხელ მიცდია, მაგრამ, ამდენი ხნის განმავლობაში მის შესახებ ვერაფერი გავიგე. გიგზავნით მამის ფოტოებს. დიდი იმედი მაქვს, რომ ის გამოგეხმაურებათ.
– როგორ დაკარგეთ მამა-შვილმა ერთმანეთი?
– მამასთან ჩვეულებრივად მქონდა მიმოწერა და კავშირი. დედაჩემი და მე რუსეთში ვცხოვრობთ, მამა კი ჯერ კიდევ წლების წინ დაბრუნდა თავის სამშობლოში, საქართველოში. დაახლოებით 1994 წელს მე მამასთან საქართველოშიც კი ვიყავი ჩასული, მაგრამ, მას მერე ის აღარ მინახავს. არაერთხელ მივწერე წერილი ჩემთვის ცნობილ, ბოლო მისამართზე, თუმცა, ყველა წერილი უპასუხოდ რჩებოდა. ალბათ, ყველას გვახსოვს 90-იანი წლები – არეულობის წლები იყო და სწორედ იმ დროიდან დავკარგეთ ერთმანეთთან კავშირი მამა-შვილმა. ვიცი, რომ ბოლოს მამაჩემი თბილისში ცხოვრობდა. მე დიდი იმედი მაქვს, რომ ის დღემდე იქ ცხოვრობს. უბრალოდ, შეიძლება, მან საცხოვრებელი მისამართი შეიცვალა და ამის გამო ვერ ვუკავშირდები.
– როგორ ფიქრობ, მამაშენს თუ უცდია შენთან დაკავშირება? ვგულისხმობ, შენც ხომ არ შეგიცვლია საცხოვრებელი მისამართი.
– დიახ, მას შემდეგ, რაც მამასთან კავშირი მქონდა, მეც შევიცვალე საცხოვრებელი მისამართი და, შეიძლება, მამა სწორედ ამ მიზეზით ვეღარ მიკავშირდება. მე სხვადასხვა გზით ვცდილობდი მის პოვნას, მაგრამ, ყველა ჩემი ცდა ამაო იყო. ბოლოს სამძებრო საიტზეც კი განვათავსე ჩემი განაცხადი. ძალიან მინდა, მამის პოვნაში დამეხმაროთ. მისი ძებნით აქტიურად ამა წლის სექტემბერში დავკავდი. მინდა, გავიგო, როგორაა მამაჩემი. მაქვს მისი ფოტოები, ერთ-ერთზე მე და მამა ერთად ვართ. რა თქმა უნდა, მამა იცნობს თავის თავს და გამოგვეხმაურება. ღმერთმა ქნას, რომ ის კარგად და ჯანმრთელად იყოს.
– მამის გარდა თბილისში სხვა ნათესავები თუ გყავს?
– სამწუხაროდ, ნათესავებზე თითქმის არაფერი ვიცი, რადგან, დავიბადე და გავიზარდე აქ, რუსეთში. მამასთან კი მხოლოდ ერთხელ, 1994 წელს ვიყავი ჩასული, მაგრამ, ძალიან კარგად დამამახსოვრდა, როგორი სითბოთი მიმიღეს. მახსოვს, იქ ბევრი ხალხი იყო, თუმცა, კონკრეტული ინფორმაცია, სახელები, გვარები და დაბადების წლები არ მახსოვს, ამიტომ, მამის პოვნის იმედს მხოლოდ და მხოლოდ მის ფოტოებზე ვამყარებ.
– თუკი მამა-შვილი ერთმანეთს ამდენი წლის შემდეგ იპოვით, გეგმავ თუ არა მასთან შეხვედრას და სად ფიქრობ ამის გაკეთებას?
– თუკი მამას ვიპოვი, აუცილებლად მომინდება მასთან შეხვედრა. ვფიქრობ, ყველანაირად ვეცდები, რომ საქართველოში ისევ ჩამოვიდე და მამა ჩემს სამშობლოში ვნახო. მიუხედავად იმისა, რომ მე რუსეთში გავიზარდე, საქართველო და ქართველი ხალხი ძალიან მიყვარს. ბოლოს და ბოლოს, მეც ხომ ქართველი ვარ და მანდაა ჩემი ფესვებიც, რომლის დაკარგვასაც არ ვაპირებ.
თუ გაქვთ რამე ინფორმაცია ამ ისტორიის შესახებ, ან თუ გსურთ, თქვენც გაგიწიოთ დახმარება დაკარგული ახლობლის მოძებნაში, დაგვიკავშირდით: 239-23-52; 239-23-53; 593 22-04-31. დარეკეთ საღამოს, 6 საათის შემდეგ. E-mail: tbiliselebi2001@yahoo.com.