რატომ ვერ უჩერდება ზოგიერთ ლამაზ ქალს მამაკაცი და როდის არ უნდა დაუთმო ქმარს
არიან თუ არა მამაკაცები ერთნაირები? – ქალების დიდ უმრავლესობას მიაჩნია, რომ ეს ასეა. ძნელია, მოიგო კაცის გული. ისინი ერთ წუთში ანგრევენ ყველაფერს, რაც სიყვარულით შეუქმნიათ. ზოგჯერ მარტივად იღებენ გადაწყვეტილებას და სულ არ დაგიდევენ, რა მდგომარეობაში აგდებენ ამ გადაწყვეტილებით ქალს. არც იცი, როგორ მოიქცე, რა გააკეთო ისეთი, რომ კაცი იყოს ერთგული და შეყვარებული... ამ შემთხვევაში, არანაირი მეთოდი არ ჭრის და არც მზა რეცეპტი არსებობს, უბრალოდ, უნდა იცოდე, რა დათმო და რა – არა...
სოფიკო (39 წლის): პრინციპულად არ ვეთანხმებოდი იმ მოსაზრებას, რომ ყველა მამაკაცი ერთნაირია. ვფიქრობდი, ასე არ შეიძლება მოხდეს, ადამიანები ინდივიდუალურები ვართ და ყველა სიტუაციაში განსხვავებულად ვიქცევით-მეთქი. მაგრამ ცხოვრებამ სხვა რეალობა მიჩვენა. ნუთუ მამაკაცების ფსიქოლოგია მართლა ისეთია, რომ მათი ნდობა ერთ ნაბიჯზეც არ შეიძლება?! ეს არის მოცემულობა, რომელსაც, სამწუხაროდ, უნდა შევეგუოთ. არადა, ურთულესია, იცხოვრო კაცთან, რომელსაც არ ენდობი. ჩემი სიყვარულის ისტორია ჩვეულებრივად დაიწყო: დავინახეთ ერთმანეთი, მოგვეწონა და შეგვიყვარდა. აბსოლუტურად სხვანაირი იყო ჩემი ქმარი ქორწინებამდე, რადიკალური ცვლილება მასში ბოლო ორი წლის განმავლობაში მოხდა.
– სულ რამდენი წელია, რაც ერთად ხართ?
– ხუთი. პირველი სამი წელი ან მე ვიყავი ბრმა და სულელი, ან მართლა არ გვქონია პრობლემები. შეიძლება, ჩემი ქმარი ყოველთვის ასეთი იყო და თამაშობდა მანამ, სანამ თავად აწყობდა და უნდოდა. განადგურებული ვარ. ფაქტობრივად, მომკლა თავისი საშინელი სიურპრიზებით და ახლა ვარ გაურკვეველ მდგომარეობაში – აღარ ვიცი, დავრჩე მასთან, გავშორდე თუ, უბრალოდ, ვუღალატო და გული გადავაყოლო.
– ღალატი – გულის გადასაყოლებლად? ასეთი რამ არსებობს?
– როგორ არ არსებობს. ბევრ ქალს ვიცნობ, დეპრესიიდან გამოსვლის საშუალებად ეს გზა რომ აირჩია. მაგრამ, დეპრესიაში რატომ ჩავარდა? – რა თქმა უნდა, ქმრის გამო.
– ანუ, თუ ქმარი გღალატობს, შენც უნდა უღალატო და არ ინერვიულო?
– მარტო ღალატზე არ არის საუბარი. შეიძლება, კაცმა საერთოდ არ გიღალატოს, მაგრამ, ჭკუიდან გადაგიყვანოს. თუმცა, არ გამოვრიცხავ, რომ ჩემი ქმარი პარალელურად მღალატობს კიდეც. როგორი იმედი მქონდა, რომ ჩემს საყვარელ მამაკაცზე არასდროს ვიტყოდი, ყველა დანარჩენი მამაკაცივით, ესეც ნაძირალაა-მეთქი. მაგრამ, მეც ვიმეორებ დღეს იმავეს, რაც წლების განმავლობაში სულ მესმოდა. უნდა ვაღიარო, რომ ქალებსაც ვადანაშაულებდი მამაკაცების სიცუდეში. ვამბობდი, არც ჩვენ ვართ „თაიგულები“ და ძვირფასი ხასიათის მქონენი-მეთქი.
– იქნებ, ასეც არის?
– რა თქმა უნდა, ქალებიც ვაშავებთ, მაგრამ, ისე მასშტაბურად და გლობალურად არა, როგორც კაცები. მათი გულის მოგება, პრაქტიკულად, შეუძლებელია. უმადური და გაუმაძღარი არსებები არიან. როგორი იდეალური ცოლიც არ უნდა იყო, მაინც არ ელევათ პრეტენზიები. ჩემი ფანტაზია ვერ სწვდება მათ შესაძლო ვერაგობას – კაცებს ვგულისხმობ. თითქმის ყველა, შემთხვევასა და მომენტს არ უშვებს ხელიდან. საერთოდ არ ფიქრობს, შენ რას გრძნობ ამ დროს. ხმას ამოიღებ და – ჭირვეული, აუტანელი ქალის იარლიყი მოწებებული გაქვს.
– იქნებ, გათხოვებამდე კარგად ვერ გაიცანით?
– ვერც გაიცნობ კაცს, გამორიცხულია... უფრო სწორად, არც არის საჭირო მათი გაცნობა, მაინც ყველა ერთნაირია. მაგალითად, ჩემმა ქმარმა მითხრა, შენგან დავიღალე და ძალიან მომწყინდიო. სახლში რომ ვბრუნდები, წინასწარ ვიცი, როგორი სახით დამხვდები და რას მეტყვიო. ლამის შოკში ჩავვარდი. პირველად ვიფიქრე, რომ სხვა ქალი ჰყავდა. მერე მივხვდი, რომ ეს კიდევ არ იყო ყველაზე დიდი საშინელება – ის მე უინტერესო ქალად მთვლიდა.
– არ ჰკითხეთ, რატომ იყავით უინტერესო? მაინც, რა უნდოდა თქვენგან?
– არაფერს აკეთებ, რომ მაცდუნო, მომხიბლო და ერთფეროვნებაში არ ამომხდეს სულიო. როცა ეს მითხრა, ისე მიყურებდა, როგორც არარაობას. მე ვიგრძენი, რომ მართლა არაფრად ვუღირდი, ყოველ შემთხვევაში – იმ მომენტში. ჩემს დაქალს ველაპარაკე ამაზე. მითხრა, ეტყობა, შენს ქმარს უნდა, რომ სახლში კახპა ჰყავდეს, რომელიც მის სექსუალურ ფანტაზიებს გააღვივებსო. ნუ ინერვიულებ, გააკეთე ის, რაც უნდაო.
– დაუჯერეთ მეგობარს?
– ასე მარტივადაც არ არის საქმე. დაუჯერე – არ დაუჯერე... ჩემი მეგობარი საერთოდ რა შუაშია, იმან თავისი მხრიდან სცადა, რაღაცნაირად გამოვეყვანე მდგომარეობიდან. საქმე ისაა, მე როგორ უნდა მეჯობნა საკუთარი თავისთვის. თუ მამაკაცს ერთხელ დაუთმობ, მერე მუდმივად მოგიწევს დათმობა. საკუთარი თავის ღალატი ყველაზე უფრო მძიმეა. არცერთ ქალს არ უნდა სჯეროდეს იმის, რომ მამაკაცი მისთვის რაიმე მსხვერპლზე წავა. აჰყვები ხუშტურებში და შეეცდები, მოერგო მის ეგოიზმს? – მორჩა, მაშინ, საკუთარი „მე“ უნდა დაივიწყო. ღირს რომელიმე კაცი ამად?
– თქვენ ამბობთ, რომ კაცს არაფერი არ უნდა დაუთმო?
– საყვარელ ადამიანს როგორ არ უნდა დაუთმო. მე ისეთ დათმობაზე არ ვლაპარაკობ, როცა ეს ორივე მხრიდან თანაბრად ხდება. ყველაფერს დაუთმობ. მთავარია, იცოდე, რომ, ისიც ისევე მოიქცევა საჭირო მომენტში; მთავარია, იმ ძაფს გრძნობდე, რომელიც თქვენ შორის არის გაბმული.
– თქვით, რომ გამოსავალი თქვენი მხრიდან ღალატია...
– თუ ჩემს ქმარს უნდა, რომ კახპა ვიყო, ვიქნები კახპა, ოღონდ, მასთან არა. ძალიან დამთრგუნველია ჩემთვის, როცა ის სხვა ქალებს მადარებს და ამას გამუდმებით აკეთებს. ხელს არაფერი და ვერაფერი უშლის. ვიპოვი ადამიანს, რომელიც გამიგებს და მაგრძნობინებს, რომ ვჭირდები.
– თუ ყველა კაცი ერთნაირია?
– ასეა, მაგრამ, მე ვინმეს შეყვარებას აღარ ვაპირებ. თუ რამე ურთიერთობა მექნება – მხოლოდ გართობის მიზნით, თუმცა, ჯერ კონკრეტული არაფერი გადამიწყვეტია. მაგრამ, ჩემს ქმარს აუცილებლად დავანახვებ ჩემს პიროვნულ სიძლიერეს. სპეციალურად ცდილობს, მოთმინებიდან გამომიყვანოს. საკმარისია, ტელევიზორში ან ქუჩაში ლამაზ ქალს ან ვულგარულ „ნაშას“ მოჰკრას თვალი, რომ, ჩემს გასამწარებლად, ოხვრითა და ტუჩების წკლაპუნით აყოლებს თვალს. ღირსი არ არის, რომ მის გასამწარებლად რამე განსაკუთრებული გავაკეთო?
– ასეთი ჯიბრი თქვენს ურთიერთობას წაადგება?
– არ წაადგება, მაგრამ, სხვა რა გამოსავალი მაქვს? თვითონ შეეძლო, სიყვარულით, გაგებით დამლაპარაკებოდა და აეხსნა, რა არ აკმაყოფილებს ჩემში – ცივილიზებული ცოლ-ქმარი სწორედ ასე იქცევა. ზიზღით რომ მომახალა, აღარ ხარ ჩემთვის საინტერესოო, ვერ მიხვდა, ამით როგორ მანადგურებდა?! მე უკვე ნაკლებად მაინტერესებს, ჰყავს თუ არა მას საყვარელი, არანაირი მნიშვნელობა აღარ აქვს და იმიტომ.
– არ ფიქრობთ იმაზე, რომ გაეყაროთ?
– სამი წლის ბავშვი მყავს. როგორ გავეყარო, სად წავიდე? ვიცხოვრებ ჩემთვის და თვითონაც იყოს ისე, როგორც უნდა. იმუნიტეტი უნდა გამოვიმუშავო იმაზე, რომ რეაქცია აღარ მქონდეს მის გამოხდომებზე. ნელ-ნელა გამოვალ სტრესიდან და დავდგები ფეხზე. ვიპოვი ჩემს ადგილს და, როგორც კი შევძლებ საკუთარ თავზე, ბავშვზე ზრუნვას, მაშინვე მივატოვებ, თანაც ისე, რომ ამაზე წარმოდგენა არ ექნება.
– მოკლედ რომ მითხრათ, რას ითხოვს თქვენი ქმარი თქვენგან?
– როგორც ვხვდები, უკმაყოფილოა იმით, რომ სექსბომბა არ ვარ; რომ ყოველ საღამოს სტრიპტიზს არ ვცეკვავ საძინებელში და ეროტიკულ სიურპრიზებს არ ვუწყობ. რა ვქნა, ვერ შევასრულებ მის მოთხოვნებს. იმიტომ არა, რომ ამ ყველაფრის გაკეთება არ შემიძლია, უბრალოდ, არ მიმაჩნია, რომ ჩემი ქმარი ამის ღირსია.
– ეს ხომ ის კაცია, ვინც გიყვარდათ. რატომ არ შეიძლება, დაელაპარაკოთ ერთმანეთს და შეთანხმდეთ?
– მერე, დამლაპარაკებოდა ნორმალურად, ვინ დაუშალა? რატომ აირჩია ურთიერთობის ასეთი ფორმა? მე რომ ვხედავდე მის მოთხოვნებში სურვილს, გრძნობასა და სითბოს, ყველა კაპრიზს დავუკმაყოფილებდი. ირონია და გულგრილობა მანადგურებს. შინაგანი პროტესტი მაქვს, რომელიც ამ ყველაფერთან შეგუების საშუალებას არ მაძლევს. ვერ ვაბიჯებ ჩემს თავმოყვარეობას და, რა ვქნა! შეიძლება, ზოგიერთმა ქალმა ვერ გამიგოს, მაგრამ, არ მიმაჩნია, რომ ჩვენ ვართ ბამბის უსულო თოჯინები მამაკაცის ხელში. ჩემთვის რაღაც დასკვნები გავაკეთე: არ ვითამაშებ ჩემი ქმრის თამაშის წესებით. მას არ აინტერესებს, მე რას ვგრძნობ და განვიცდი. სიყვარულით ყველაფრის მოგვარება და ყველაფერზე შეთანხმება შეიძლება, მაგრამ, ჩემს ქმარში ამ სიყვარულს ვერ ვხედავ. ჩვენი ურთიერთობის პირველ წლებში ჩემი ფანტაზია იმაზე შორს ვერ მიდიოდა, თუ როგორ გვეყვარებოდა ერთმანეთი, ჩხუბს საერთოდ არ განვიხილავდი, ახლა კი ასე აღარ ვფიქრობ. ორკვირიანი ტირილის ეტაპი დავამთავრე, ახლა სხვანაირად ვიცხოვრებ. ეს დასასრული არ არის. ჩემი ქმარი ტყუოდა, როცა სიყვარულს მეფიცებოდა – ნამდვილი სიყვარული ასე მალე არ მთავრდება. მიწუნებს როგორც ქალს? არა უშავს, კიდევ ინანებს ამას...