რაში ხარჯავენ კომუნიკაციების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის წევრები წელიწადში მეოთხედმილიონიან საბიუჯეტო ხელფასებს
კომუნიკაციების ეროვნული კომისიის წევრი აკაკი სიხარულიძე 1959 წელს დაიბადა გურჯაანში. უმაღლესი განათლება თსუ-ის ჟურნალისტიკის ფაკულტეტზე მიიღო. მის ბიოგრაფიაში აღნიშნულია, რომ 1982-1983 წლებში გაიარა თსუ-ის ასპირანტურის არასრული კურსი ფილოლოგია-ჟურნალისტიკის განხრით. 1995-1998 წლებში კი ახალგაზრდობის საერთაშორისო ინსტიტუტ „თბილისის“ იურიდიულ ფაკულტეტზეც სწავლობდა. აკაკი სიხარულიძის შრომითი ბიოგრაფია 1975 წელს დაწყებულა საავიაციო ქარხანაში, მუშად; 1983-1986 წლებში კი ახალგაზრდულ ორგანიზაციათა კომიტეტის ახალგაზრდულ და საყმაწვილო პრესის, ტელე და რადიორედაქციების სექტორის ხელმძღვანელი გამხდარა. მოკლედაა მიმოხილული მისი შრომითი მიღწევები 1986-დან 2004 წლამდე – „მუშაობდა საქართველოს ჟურნალისტთა კავშირის (შემდგომში ფედერაცია) სხვადასხვა თანამდებობაზე“. 1992 წელს (2004 წლამდე) ჟურნალისტთა ფედერაციის თავმჯდომარე იყო, იმავდროულად, 1995-2000 წლებში, ჟურნალისტთა კავშირების კონფედერაციის ვიცე-პრეზიდენტიც. 2004 წლიდან მისი ჩინოვნიკური კარიერაც დაიწყო: კერძოდ, 2006 წლამდე გურჯაანის რაიონის გამგებლად იმუშავა. 2007-2009 წლებში კი, საერთოდაც, საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სოფლის მეურნეობის განვითარების დეპარტამენტის უფროსიც გახდა. 2009 წლის 17 მარტიდან საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის წევრად დაინიშნა და ამ საქმიანობას ეწევა დღემდე. მის მიერ შევსებული დეკლარაციებიდან კი იმას შევიტყობთ, თუ როგორ მოუტანა მილიონი მას ამ თანამდებობაზე მუშაობის 5-წლიანმა სტაჟმა.
პირველი დეკლარაცია აკაკი სიხარულიძემ 2005 წელს შეავსო გურჯაანის გამგებლის მოვალეობის შემსრულებლის ამპლუაში. დეკლარაციის მიხედვით, 2004 წლის განმავლობაში ბ-ნმა სიხარულიძემ, როგორც ჟურნალისტთა ფედერაციის თავმჯდომარემ, 595 ლარი აიღო, ხოლო, როგორც გამგებლის მოვალეობის შემსრულებელმა, 1 541 ლარი. იმხანად აკაკი სიხარულიძის უძრავ-მოძრავი ქონება შემდეგნაირად გამოიყურებოდა: საცხოვრებელი ბინა თამარაშვილის ქუჩაზე, 60 000 ლარად და ავტომანქანა „ბე ემ ვე“, 2 500 ლარად ღირებული. 2004 წლის განმავლობაში მისმა საგამგებლო წლიურმა შემოსავალმა 3 859 ლარი შეადგინა, 2005 წლის განმავლობაში – 21 600 ლარი. 2008 წელს აკაკი სიხარულიძე უკვე სოფლის მეურნეობას ავითარებდა სოფლის მეურნეობის სამინისტროში, თუმცა იმ წლის დეკლარაციაში მისი 2007 წლის შემოსავლები მითითებული არ არის. 2009 წელს აკაკი სიხარულიძე უკვე კომუნიკაციების ეროვნული კომისიის წევრია, დეკლარაციით კი ვიგებთ, რომ 2008 წელს ნაღლ ფულად 10 000 ლარი ჰქონია, ხოლო მის წლიურ სახელფასო შემოსავალს სოფლის მეურნეობის სამინისტროში 21 600 ლარი შეუდგენია.
2010 წელსაც აკაკი სიხარულიძე კომუნიკაციების ეროვნული კომისიის წევრია, მის ანგარიშზე კი შემდეგი ქონება ირიცხებოდა: საცხოვრებელი ბინა თამარაშვილის ქუჩაზე და 10 000 კვ. მ. ფართობის მიწის ნაკვეთი გურჯაანში, ასევე, 1997 წლის ავტომანქანა „ბე ემ ვე“. 2009 წლის 3,5 თვის განმავლობაში მან, როგორც სოფლის მეურნეობის სამინისტროს დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, 4 538 ლარი აიღო, ხოლო, როგორც მარეგულირებელი კომისიის წევრმა, 8 თვის განმავლობაში, 182 989 ლარი. 2010 წელს აკაკი სიხარულიძის ქონება შემდეგნაირად გამოიყურებოდა: გარდა ზემოჩამოთვლილისა, მასვე ეკუთვნოდა კიდევ ერთი მიწის ნაკვეთი გურჯაანის რაიონში, 6 000 კვ. მ. ფართობის და მიწის ნაკვეთი მარნეულის რაიონში. ხოლო მისმა წლიურმა სახელფასო შემოსავალმა 219 062 ლარი შეადგინა.
2011 წლის განმავლობაში აკაკი სიხარულიძემ წლიურ ხელფასად 226 704 ლარი აიღო, ხოლო მისი ქონება უცვლელი დარჩა.
2012 წელს აკაკი სიხარულძემ შპს „A ჯგუფი“ დააარსა, თუმცა შემოსავალი მისი საქმიანობით არ მიუღია. წლის განმავლობაში კი წლიურ ხელფასად 245 686 ლარი აიღო. მას ჯერჯერობით არ შეუვსია 2014 წლის დეკლარაცია, რომ ზუსტად ვიცოდეთ მისი 2013 წლის წლიური სახელფასო შემოსავალი, თუმცა, სავარაუდოა, რომ 2013 და 2014 წლების განმავლობაში ის, დამატებით, დაახლოებით, ნახევარი მილიონი ლარის ოდენობის ხელფასს მიიღებს ჩვენი ბიუჯეტიდან.