დასაქმება-გადაწურული
ანუ მეტრაგედიე და გაგებული
იმ მარტივი მიზეზით, რომ დრონი მეფობენ და არა მეფენი (მეტიც, თვით მეფეთა პრესსპიკერთა კეთილდღეობაც იმსხვერვა ბედისწერის ამ უნივერსალურ კანონზე), პრეზიდენტყოფილის პრესსპიკერიც უმუშევარი დარჩენილა, ოღონდ, რატომღაც, არ მგონია, მთლად ასე დასაქმებაგადაწურულად ჰქონდეს საქმე, მაგრამ თავად ქ-ნმა მანჯგალაძემ უკვე დაარისხა განგაშის ზარები; თანაც, სად, თუ არა სოციალურ ქსელში?!
სახელდობრ, იგი უბნობს: „… ერთი რამ მინდა მოკრძალებულად ვიკითხო... მაინტერესებს, რამდენიმე წლის განმავლობაში რომ მირეკავდნენ და მთავაზობდნენ ლექციების წაკითხვას, ახლა საინტერესოა, რა მოხდა?“
თუმცა, ვინ ვინ და, პირველი პირის, თუნდაც, ყოფილის პრესსპიკერმა უნდა უწყოდეს, რაც მოხდა: სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ, ზეობისას, მის ნაცვლად კუნძიც რომ დებულიყო, მასაც სთხოვდნენ ლექციების წაკითხვას – იმიტომ რომ, აი, ასეთი მერკანტილურია ადამის მოდგმა.
მაგრამ მთავარი მაინც ის მორალური რიტორიკაა, რითაც ქ-ნი მანჯგალაძე გვამუნათებს (ჩვენ რა, ამუნათებს მათ, ვისგანაც იღებდა და ახლა ვეღარ იღებს, რა თქმა უნდა, შემოთავაზებებს): „… აღარაფერი მიკვირს, უბრალოდ, სადაც ვიყავი, ეს დაყოფა ჩემთვის ძალიან უცხო იყო და არასდროს არ მქონია... არასდროს! უკვე გავიგე, მითხრეს გასაგებად, რომ რაღაც სიაში ვარ და ტელევიზიაზე არ ვიოცნებო... გავიგე ამხანაგებოო, გავიგეეე.“
მართალია, დასავლური გაგებით, წაქცეულს წიხლი უნდა მიაყოლო, მაგრამ, რაკი ჩვენი მშობლიური გვასწავლის, წაქცეული, მტერიც რომ ნახო, წამოაყენეო, მხოლოდ იმას შევნიშნავ, „შავი სიები“ ისეთი უნდა, ქ-ნი მანჯგალაძის ზეობისას რომ იყო, თუმცა ზემომოყვანილი კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ მავანთა ენას ძვლის პერსპექტივა საერთოდ არ აქვს.
ხოლო, თუ გავითვალისწინებთ, რომ თვით ცნობილი რიჩარდის მონოლოგებიც კი დაიჩრდილა ქ-ნი მანჯგალაძის ტექსტით, თუ ძალას ტრაგედიებში მოსინჯავს, კოჭებშივე ეტყობა, რომ შესაძლოა, თვით შექსპირსაც კი გაეჯიბროს პერსონაჟების შექმნაში!