ცნობილ ადამიანთა ენამახვილური გამონათქვამები
ერეკლე ბატონის დროს ტფილისში ჩავიდა ხევსური და, როცა უკან დაბრუნდა, შემოეხვივნენ ცნობისმოყვარე ხევსურნი ახალ ამბის საკითხავად. ხევსურმა სხვათა შორის ისიც უამბო, რომ ქალაქში ერეკლეს ისეთ სადილს მიართმიდიან, რომ თითო ლუკმა ათას თუმნად ეღირებოდისო.
– ნეტაი, რა იქნებოდის ეგეთიო?! – იკითხა ერთმა ხევსურმა.
– ჰაი, ჰაი, რომ პიტალო დუმა იქმნებოდისო! წამოიძახა მეორე ხევსურმა.
***
ერთხელ ჩვენს სახელოვანს პოეტს თავად ალექსანდრე ჭავჭავაძეს წინანდალს ქალაქიდამ ნაცნობი სოვდაგარი სწვეოდა. სადილზე სტუმრისთვის თავისი ზვრის თავი ღვინო დაელევინებინა. სიკეთეს ღვინისას აღტაცებაში მოეყვანა სოვდაგარი, ვეღარ მოეთმინა და სიამოვნებით წამოეძახნა, როცა მთელი ჭიქა გადაეყლაპა:
– ჰ, ცხონებაა, სწორედ ცხონება, – და გადაისვა თურმე გულზედ ხელი.
– შენ ეგრე სთქვი და ფასი კი არ აქვს რიგიანი, უპასუხა თურმე თავადმა.
– ვა! განა ამასაცა ჰყიდით?
– მაშ!
– კნიაზჯან, ამას რომ ჰყიდით, სხვა უკეთესი რაღა გრჩებათ სახლშიო.
***
აკაკი ერთ მეგობარს ა. კ-ძეს ფულს ესესხა. დრო რომ მოვიდა, კ-ძემ წერილი მისწერა:
„საყვარელო აკაკი,
წიგნსა გწერ ახლა კი,
თუ ფულს არ გამომიგზავნი,
წელშიაც მოვიკაკვი“.
პოეტმა ამ წერილზევე დაუწერა ლექსი და გაუგზავნა:
„საყვარელო ანდრია!
ფულის თხოვნა ადრეა;
დღემდის ჭკვიანი იყავ,
დღეს რამღა გადაგრია?“