რით არის თრუსოს ტრავერტინები უნიკალური მსოფლიო მასშტაბით და რის გამო კარგავს ის თავის უნიკალურობას
თრუსოს ხეობაში არსებული ფერადი ტრავერტინები, რომლებსაც თავისი უნიკალურობის გამო, ბუნების ძეგლის სტატუსი აქვს მინიჭებული, დაზიანებულია. მას შემდეგ, რაც ხეობაში ნახშირმჟავა აირის მომპოვებელი ჭაბურღილი ამოქმედდა, ტრავერტინმა მნიშვნელოვანი ცვლილებები განიცადა, რამ გამოიწვია ეს – ბუნებრივი პირობების ცვლილებამ თუ ხელოვნურმა ჩარევამ, ამაზე გეოგრაფ გიორგი დვალაშვილს ვესაუბრეთ: უპირველესად, უნდა ვთქვათ, რომ ტრავერტინები, რომლებიც თრუსოს ხეობაშია, არის ბუნების უნიკალური წარმონაქმნი. წყაროები ღრმა ფენებში ხსნის კიროვან ქანებს, კირქვებს და ამოდის ზედაპირზე. ის ილექება ფოროვანი ქანის სახით. ფოროვანი სახით წარმოდგენილი ზედაპირული თვალწარმტაცი წარმონაქმნები საქართველოში რამდენიმე ადგილასაა. მაგრამ, თრუსოს ხეობა ყველასგან გამორჩეული და უნიკალურია. თრუსოს ხეობაში ტრავერტინები სხვადასხვა ფერისაა. ეს ტერიტორია ჯერ კიდევ 1983 წელს იქნა წითელ წიგნში შეტანილი. აღსანიშნავია, რომ თრუსოს ტრავერტინებს ბოლო პერიოდში ბუნების ძეგლის სტატუსი მიენიჭა. 2007 წლამდე ტრავერტინებზე საკმაოდ დიდი რაოდენობით წყალი მოჩქეფდა. მისი წარმოქმნა სწორედ წყლის დალექვის შედეგად ხდება და ეს პროცესი წყლის გარეშე წარმოუდგენელია. ორიოდე დღის წინ მოვინახულეთ ტრავერტინი და ვნახეთ, რომ რამდენიმე ადგილას წყლის ნაკადი საერთოდ დამშრალია, რაც იწვევს ტრავერტინების ფერის შეცვლას, ანუ გაშავებას. მასზე ყალიბდება ნიადაგის საფარი და საბოლოო ჯამში, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ასეთი ტრავერტინი თავის ხარისხს, უნიკალურობას კარგავს და ის აღარ არის ისეთი ბუნებრივი ძეგლი. არადა, ასეთი უნიკალური ტრავერტინების ველი მსოფლიო მასშტაბით იშვიათობაა. ტრავერტინების სისტემა საკმაოდ რთულად ყალიბდება. სიღრმეში ხდება მიწისქვეშა წყლების ცირკულაცია, რაც ზედაპირზე წყლის ამოსვლისას, ტრავერტინების სახით დალექვას იწვევს. ბუნების ძეგლის ფარგლებს გარეთ, რამდენიმე მეტრში, ჭაბურღილის გაკეთება ნამდვილად საფრთხეს უქმნის მას. რამდენიმე წლის განმავლობაში ხდება იქიდან წყლისა და ნახშირორჟანგის გაზის ამოქაჩვა, რის შედეგადაც ტრავერტინებს ფერი შეეცვალა. ჩვენ არ გვაქვს პრეტენზია კონკრეტულ პიროვნებასთან ან ორგანიზაციასთან, რადგან არსებული ბუნებრივი რესურსების მოპოვება ნამდვილად უნდა ხდებოდეს. მაგრამ, ის უნიკალურობა, რომელიც ამ გაზის მოპოვების შედეგად შეიძლება განადგურდეს, მოსაფრთხილებელია.
– ის, რაც ამ ჩარევის შედეგად მოიპოვება, უფრო ფასეული და ღირებულია, ვიდრე ის, რაც ნადგურდება?
– ნახშირმჟავა აირის მოპოვების შესაძლებლობა არის არა მარტო თრუსოს ხეობაში, არამედ სხვაგანაც. ამ რესურსის მოპოვება, რა თქმა უნდა, კარგია. ეს ქვეყნის ეკონომიკაზეც დადებითად იმოქმედებს, ხალხიც დასაქმდება, მაგრამ ეს ყველაფერი არ უნდა მოხდეს ბუნების ძეგლის განადგურების ხარჯზე. ტრავერტინების მნიშვნელობა არ არის სათანადოდ შეფასებული. დასკვნა, რომ ამ ეტაპზე არაფერი ხდება და ჩვეულებრივ უნდა გაგრძელდეს ეს ჩარევა, ჩვენთვის არ არის მისაღები. არც ის არის მისაღები, რომ ჯერ დავაკვირდეთ, ვნახოთ, რა მოხდება და მერე ვიმოქმედოთ – ასე არ შეიძლება, პირიქით, ზომები წინასწარ უნდა მივიღოთ, არასასურველი შედეგი რომ არ დადგეს. კიდევ ერთი ფაქტორია გასათვალისწინებელი: მტკიცებით ამის თქმა ჯერჯერობით შეუძლებელია, თუმცა, შესაძლოა, ტრავერტინების ცვლილებაზე ბუნებრივი პირობებისა და კლიმატის ცვლილებამაც მოახდინა გავლენა. სავარაუდოდ, ზაფხულში ზედაპირული წყლების მცირე დონე, რომელიც აქ დაფიქსირდა მიმდინარე წელს, შეიძლება ყოფილიყო მიზეზი გაზაფხულზე თოვლის მცირე რაოდენობისა და გვალვიანი ზაფხულისა. მწყემსებმა, რომლებიც აქ სეზონურად ცხოვრობენ, გვითხრეს, რომ ასე ცოტა თოვლი ბოლო წლების განმავლობაში პირველად ნახეს. ეს ძალიან ცუდი ფაქტია, თუ ხელოვნურ ჩარევასთან ერთად, ბუნებრივი ცვლილებებიც ხელს უწყობს ამ პროცესს, აუცილებელია მისი კარგად შეფასება. ჭაბურღილი ახლა მოქმედებს და მასზე მეცნიერული დაკვირვება არ მიმდინარეობს. ჩვენ გვაქვს ფოტომასალა, ვიდეომასალა. ხალხი, რომელიც უკვე რამდენიმე ათეული წელია, ამ პროცესებს აკვირდება (იქაურ სეზონურ მოსახლეობას ვგულისხმობ), რასაკვირველია, ყველაზე კარგად ამჩნევს მასზე მომხდარ ცვლილებას. არ შეიძლება, მათი ნათქვამი არგუმენტად არ მივიღოთ და მასზე რეაგირება არ მოვახდინოთ. ტრავერტინების სათანადო გაპიარების შემთხვევაში, მან შეიძლება მეტი მოგება მისცეს ქვეყანას, ვიდრე იმ წიაღისეულმა, რისი მოპოვებაც იქ იგეგმება.
– ახსენეთ, სხვა ტერიტორიაზეც შეიძლება იგივე წიაღისეულის მოპოვებაო. თუ ეს თრუსოს ხეობაში არ არის მიზანშეწონილი, იმ ტერიტორიაზე რატომ მიგაჩნიათ დასაშვებად ამგვარი ჩარევა?
– ყაზბეგის მუნიციპალიტეტში ბევრგან არის მინერალური წყლები და ნახშირმჟავა აირების გამოსავალი, მაგრამ აქ არის ძალიან დიდი დებეტი. ეს არის საკმაოდ დიდი მარაგი. ამ ყველაფრის ტრანსპორტირებისთვის რამდენიმეკილომეტრიანი მილსადენია საჭირო. ყაზბეგში შეიძლება ბევრი ისეთი ადგილის ნახვა, სადაც ამის პრობლემა არ არის. ეს ადგილები არ სარგებლობს ბუნებრივი ძეგლის სტატუსით, თავისი უნიკალურობით ნამდვილად ვერ მივა ახლოს თრუსოს ხეობასთან. ამიტომ, უმჯობესი იქნებოდა, იმ კომპანიებსაც, რომლებიც ამ სამუშაოებს აწარმოებენ, ეს ფაქტორები გაეთვალისწინებიათ და ეს წარმოება მუნიციპალიტეტის სხვა ტერიტორიებზე დაეწყოთ.