როგორ და რა ვითარებაში ზრდიდა იასონ ბადრიძე მგლებს ოროთახიან ბინაში და ერჩოდნენ თუ არა გარეული ცხოველები მის ბავშვებს
იასონ ბადრიძე თავისი ცხოვრების იმ ნაწილზე ისაუბრებს, რომელიც თითოეული ჩვენგანისთვის ძნელად წარმოსადგენი და დასაჯერებელია. ცხოვრება მგლების და მტაცებლების გარემოცვაში. მათთან ერთად გატარებული 1 500 საათი. სრულიად მარტო, არავის იმედად, 4 თვის განმავლობაში ის გარეული მგლების ოჯახთან ერთად ცხოვრობდა. ოროთახიან ბინაში, ბავშვებთან ერთად მგლის ლეკვებს ზრდიდა, მათ გამოსაკვებად არალეგალურად მუშაობასაც არ ერიდებოდა. ალბათ, დამეთანხმებით, რომ ეს ზღაპარს უფრო ჰგავს, ვიდრე რეალობას.
– ბატონო იასონ, რატომ დაინტერესდით მგლებით?
– მეორე კურსზე აკადემიკოს თენგიზ ონიანის ლაბორატორიაში ქცევის ფიზიოლოგიას ვსწავლობდი. მაშინ ეთოლოგია, როგორც მეცნიერება აკრძალული იყო. გადავწყვიტე, უფრო ღრმად შემესწავლა ქცევა, რომელიმე ცხოველზე დაკვირვებით. თავიდან ძაღლები მაინტერესებდა, მაგრამ ძაღლებმა ადამიანთან ურთიერთობის შედეგად ძალიან ბევრი თვისება დაკარგეს, ამიტომ გარეული ცხოველის ქცევის შესწავლა დავიწყე. იმის გამო, რომ ძაღლები ბავშვობიდან მიყვარდა, შორს არ წავედი და არჩევანი ძაღლის წინაპარზე – მგელზე გავაკეთე. 1974 წლიდან ამ საქმეში ვარ ჩართული, მაშინ 30 წლის ვიყავი. პირველად მგლის ყმუილი 4 წლის ასაკში გავიგე, როდესაც მამამ წამიყვანა „მყვირალობას“ ირმების სანახავად. ეს ხმა სულ მქონდა ჩარჩენილი. ყმუილი წარმოუდგენლად ემოციურია. უკვე 40 წელია რაც მგლების ირგვლივ ვტრიალებ და ამ ხმას მაინც ვერ მივეჩვიე. როცა ყმუილი მესმის, ზურგზე ჭიანჭველებივით დამდის რაღაც. მგელი წარმოუდგენელი ინტელექტის მფლობელია. მათ აქვთ მაღალი დონის სოციალური ცხოვრების ნირი. საერთოდ, სოციალობა ზრდის ინტელექტის დონეს. ეს ყოველგვარი შეთანხმება და ურთიერთობაა ქცევის. მათი შესაძლებობებიდან გამომდინარე, გადავწყვიტე, მგლის ქცევის შესწავლა დამეწყო.
– რამდენი ხანი ცხოვრობდით მგლებთან ერთად ტყეში?
– თითქმის 1 500 საათი მათთან გავატარე. 4 თვე დამჭირდა, რომ მგლის ერთი ოჯახი მიმეჩვია. იმდენად დავუახლოვდი, რომ შევძელი მათთან ერთად სიარული, ნადირობა. ვნახე ყველაფერი, რისი ნახვაც მგლების ირგვლივ შეიძლებოდა.
– არ გერჩოდნენ?
– ახალგაზრდა კაცს უქიქინებს ტვინში, მეც ძალა და გული მერჩოდა. ისინი იმდენად ჭკვიანები არიან, რომ ვიდრე მე მათ დავინახავდი, ისინი უფრო ადრე მხედავდნენ. ბოლოს მიხვდნენ, რომ სახიფათო არ ვიყავი და ჩემგან სარგებლის მიღებაც შეეძლოთ.
– რა სარგებელს ხედავდნენ თქვენში?
– საჭმლით ვუზრუნველყოფდი, არ ვერჩოდი. თავიდან წაღებული მქონდა საქონლის უზარმაზარი ბარკალი და პერიოდულად პატარა ნაჭრებს ბილიკებზე ვუყრიდი. ჩვენს შორის კონტაქტი პირველად თავად მგლებმა დაამყარეს. ერთ დღესაც დომინანტები, ძუ და ხვადი გამოვიდა. ხვადი დაახლოებით ხუთი მეტრით მომიახლოვდა: მიყურა, დამიღრინა, კბილები მაჩვენა, მიტრიალდა და წავიდა. გაშეშებული ვიყავი, არ ვიცოდი რას მოიმოქმედებდა. ასე დაიწყო ჩვენი ურთიერთობა. შემდეგ საშუალება მომეცა, მათი „რანდევუ საიტზე“ ვყოფილიყავი. ეს არის შეხვედრის ადგილი – დღის განმავლობაში დაქსაქსული ოჯახი ბოლოს ერთად იკრიბება. ამ ადგილს ბუნაგთან საერთო არ აქვს. მგელი ბუნაგში მაშინაა, როცა ლეკვები იბადებიან. ლეკვიც მხოლოდ 2 თვე რჩება ბუნაგში. დავიწყე მათთან ერთად სიარული. ვხედავდი როგორ ნადირობდნენ, რა ურთიერთობა ჰქონდათ ერთმანეთთან. ამ დაკვირვებებით ვსწავლობდი მგლის ონტოგენეზს, ანუ დაბადებიდან ზდასრულობამდე, როგორ უყალიბდებოდათ სხვადასხვა სახის ქცევა. ეს იყო კვების, აგრესიის, სოციალური და სხვა ტიპის ქცევები. ამასთან ერთად ვსწავლობდი მათ აზროვნებას, რა დონის აზროვნებას ჰქონდათ.
– არ გეშინოდათ, როდესაც მგლის ლეკვების გაზრდა გადაწყვიტეთ? ძალიან სარისკო იყო თქვენს მიერ გადადგმული ნაბიჯი.
– ახალგაზრდა ვიყავი და სისხლი მიჩქეფდა ძარღვებში. დაძაბული ვიყავი, როცა ოჯახის წევრები იკრიბებოდნენ. ერთი ყოველთვის ზურგს უკან მედგა, ეს იყო ერთადერთი მომენტი, რომელიც დისკომფორტს მიქმნიდა. მივეჩვიე ყველაფერს და ამ დაძაბულობამაც გამიარა. ტყეში სრულიად მარტო ვიყავი, მქონდა ერთი დანა და პატარა ტურისტული ნაჯახი.
– რა განსაკუთრებული თვისება აღმოაჩინეთ მგლებში?
– ძალიან საინტერესოა მათი სოციალური მოწყობა: რა ურთიერთობები აქვთ ერთმანეთთან, როგორია დომინირების პროცესი, რას აკეთებენ დაბალი რანგის ინდივიდები, რამდენად შეუძლიათ ჯგუფის წევრების დაცვა, როგორ ყალიბდება ნადირობა, მშობლებისა და ლეკვების დამოკიდებულება. საბოლოო ჯამში, ამ ექსპერიმენტებით აღმოჩნდა, რომ მათ მტაცებლური ინსტინქტი დაბადებიდან ჩამოყალიბებული არ აქვთ. მშობელი ასწავლის რა უნდა ჭამოს და როგორ მოიპოვოს ნადავლი. ყველა ცხოველს, რომელსაც მტაცებლური ინსტინქტი გააჩნია, ასოციაცია აქვს ცოცხალ ობიექტსა და საკვებს შორის. მგელბში კი ვითარდება მტაცებლური ქცევა, მათ ეს თანდაყოლილი არ აქვთ.
– „ბი-ბი-სი” იყო დაინტერესებული თქვენით, ფილმის გადაღებასაც გეგმავდით. რატომ არ განხორციელდა ეს იდეა?
– „ბი-ბი-სი” გაქრა. საავტრო უფლება გავყიდე წიგნზე. ეს წიგნი წაიღეს და დღემდე არაფერი ისმის მათგან. ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ რაღაც საზიზღრობები მისწერეს ჩემ შესახებ. უკვე 15 წლია, არასასიამოვნო ისტორიებს წერენ ჩემზე. სისხლი გამიშრეს, რას მერჩიან, არ ვიცი.
– რის საფუძველზე წერენ ამ „საზიზღობებს“?
– ამბობენ, რომ საშინელებაა, რაც ხდება – მგელი თავს ესხმის ხალხს, ეს კი თურმე ჩემი ბრალია. მე მომიშენებია მთელ საქართველოში მგლები (იცინის). ეჭვის დონეზე მაქვს, რომ „ბი-ბი-სი-ის” წარმომადგენლებსაც რაღაც უთხრეს ამის შესახებ და ამიტომ აღარ შემეხმიანენ. ფილმი 180 000 ჯდებოდა, ტერიტორია, ყველაფერი მზად იყო.
როდესაც მგლის ლეკვების გამოზრდა დაიწყეთ, თქვენთვის ეს უკვე სირთულეს აღარ წარმოადგენდა?
– ეს იყო 24-საათიანი სამუშაო. შესაბამისად, მთავარი სირთულე მოვლის პროცესში იყო. ექვსჯერ უნდა გამომეკვება ლეკვი დღე– ღამის განმავლობაში. ეს კი ფინანსებთან იყო დაკავშირებული. ლეკვებისთვის საჭმელი რომ მეყიდა, არალეგალურად მუშაობა მიწევდა. ავტომექანიკოსად ვმუშაობდი, ძრავების რეგულირებას ვახდენდი, დავიწყე იუველირობა, ხეზე ვჭრიდი. თავიდან სიკვდილიანობა იყო მაღალი, არ ვიცოდი, როგორ გამომეკვება ახალშობილი ლეკვი. კუჭი განვითარებული აქ ჰქონდათ, ხორცს ვერ ინელებდნენ.
– დღეს რატომ აღარ გყავთ სახლში მგლები?
– ფინანსებზეა ყველაფერი დამოკიდებული, თან ახალგაზრდაც აღარ ვარ. ფული რომ იყოს, ავიყვანდი, მაგრამ სახლში არა. ოროთახიან ბინაში, ბავშვებთან ერთად მყავდა მგლები. ყველა გაოცებული იყო. ბავშვები და მგლები ერთად ყირას გადადიოდნენ. შესანიშნავად უგებდნენ ერთმანეთს. მგლებს მშობლური ინსტიქტი კარგად აქვთ განვითარებული. ამიტომ, პატარების სუნი წარმოუდგენლად მოქმედებს მათზე. სახლში მგლის ყოლა ძალიან ძნელია, სპეციფიკური სუნი აქვთ. გაზრდილ მგლებს ყოველთვის ბუნებაში ვაბრუნებდი.
– არც ერთ მგელს არ ჰქონია მცდელობა თავს დაგსხმოდათ?
– ოთხი მგელი მყავს მოკლული, სხვა გამოსავალი არ დამიტოვეს. ეს ჩემი შეცდომა იყო. ზრდასრული მგლები იყვნენ, დაუფიქრებლად მომივიდა. ერთი მგელი შემთხვევით შემომაკვდა და სამი – დანით მოვკალი
– მგლების ხროვასთან აღმოჩენილხართ?
– არა. ხროვა რამდენიმე ოჯახის გაერთიანებაა. მაშინ იკრიბებიან ერთად, როდესაც საკვების მოპოვება უჭირთ. საქართველოში ეჭვი მეპარება, რომ ხროვა იკრიბებოდეს. რუსთში კი ორი, სამ ოჯახი იკრიბება. ახლა რაც ხდება, ესეც კატასტროფაა. ამაზე ჯერ კიდევ 90-იან წლებში ვწერდი. დღეს მივიღეთ საშინელი შედეგი: სოფელში გამოჩნდა მგელი, იმიტომ რომ, ტყეში საჭმელი არ დაუტოვეს. დიდი რაოდენობაა ჰიბრიდების, მგელ-ძაღლების.
– მგელ-ძაღლები, სუფთა ჯიშის მგლებზე საშიშია?
– კი, ძალიან საშიშები არიან. გაველურებულ ძაღლს ადამიანის შიში არ აქვს, სოფელში თავისუფლად შედის, ადამიანს თავს ესხმის. ერთხელ მეც გადავეყარე და კიდევ კარგი, ხეზე ასვლა მოვასწარი, 6 საათი ხეზე ვიჯექი.
– რა მოსდის მგლის თვისებებს ადამიანთან ურთიერთობისას? იწვრთნება?
– სპეციალურად მყავდა ძაღლივით გაზრდილი რამდენიმე მგელი, რომლებიც ცხვარში გავუშვი, მწყემსების ნებართვით ცხადია. მათ პანიკური შიში ჰქონდათ ცხვრის. გარკვეული ასაკის შემდეგ, რთულია ასწავლო, რომ ცხვარი მათი საჭმელია. საოცრადაა ბუნება მოწყობილი. მშობლებმა ინსტინქტურად იციან, როდის რა გააკეთონ. ჯერ აჭმევენ ხორცს. მგელს ან ძაღლს 2 წლამდე ხორცი რომ არ მისცე, მერე გამორიცხულია, ის საჭმელად აღიქვას. ინსტინქტური რეაქცია ჩამოყალიბების პროცესში თუ არ განმტკიცდა, შესაძლებელია, ჩაქრეს. მგელი ლეკვს ჯერ აჭმევს ხორცს, მერე მოაქვს ხორცი ტყავიანად, შემდეგ ეტაპზე მიჰყავს ნადავლთან. სახეობისთვის დამახასიათებელი სუნი ტყავს აქვს და არა ხორცს. მხოლოდ ხორცი რომ აჭამო ლეკვს, მტაცებლობას ვერ მიეჩვევა. მგელი არ იწვრთნება, არ თვინიერდება. ძაღლს რომ წვრთნი და გინდა, დაჯდომა ასწავლო, ერთი ათჯერ უნდა დასვა და ყოველჯერზე რაღაც სასუსნავი მისცე. ისიც შეიძლება მეთერთმეტეზე დაჯდეს. მგელს რომ იგივე ასწავლო, მესამე ბრძანებაზე ხელში გეცემა სასუსნავის წასართმევად. ის არ დაგელოდება, რადგან აქტიური ცხოველია. იგივე მგელი, გალიაში რომ ჩასვა, იქ დაწვება, დაჯდება, მოკლედ, რასაც ასწავლი, პირნათლად შეასრულებს, რადგან არ შეუძლია იმოქმედოს გამოკეტილ სივრცეში. გალიიდან რომ გამოვა, იგივეს გააკეთებს – მოგვარდება და წაგართმევს ხელიდან საჭმელს. მგლებს შეუძლიათ, შედეგის პროგნოზირება, ანუ აწყობენ გეგმას, რა უნდა გააკეთონ, ითვლიან 7-მდე და 7-ის ჯერადად. ეს სჭირდებათ სივრცის ასათვისებლად, უნდა იცოდნენ სად რამდენი რა არის. მგელი ფენომენალური ჭკუის პატრონია.
– სახლში გაზრდილ მგელს ბუნებასთან ადაპიტრება არ უჭირს?
– მთელი პრობლემა ესაა. ექსპერიმენტის დასასრულს მგლების ოთხი ჯგუფი გავუშვი ტყეში, ჯამში, 22 მგელი. 1979 წელს ბოლო ჯგუფი გავუშვი. თითო ჯგუფს 4 წლის განმავლობაში ვაკვირდებოდი, სულ 16 წელი. მათ ფოლადის საყელოები შევაბი, რომლებზეც დავაწერე, რომ ვინც ამ მგელს მოკლავდა სახელმწიფოს მიერ დაწესებულ პრემიაზე ორჯერ მეტს გადავუხდიდი. არც ერთი საყელო ჩემამდე არ მოსულა. რომ მოეკლათ, ფულს ვინ დაკარგავდა?! ჩემ მიერ გაზრდილმა მგელებმა იცოდნენ ნადირობა და არ ეკარებოდნენ სოფელს. ნადირობდნენ კონკრეტულ სახეობაზე, გაურბოდნენ შინაურ ცხოველებს და ადამიანებს. ბოლო ჯგუფიდან, 9 წლის შემდეგ შემხვდა ერთი წყვილი. ისინი უკვე 13 წლის იყვნენ.
– როგორი იყო თქვენი შეხვედრა მგლებთან 9 წლის შემდეგ?
– ისტერიკა დაემართათ, რომ დამინახეს. საოცარი რამე იყო. ლამის ცრემლები მომერია. საერთოდ საოცარი გრძნობაა, როდესაც ვინმეს სიყვარულს გრძნობ, მაგრამ ცხოველი რომ იგივეს გამოხატავს შენდამი, ეს მართლაც ბედნიერებაა.