რა დაუტოვა დათო აქუბარდიას მიხეილ სააკაშვილმა მემკვიდრეობით და რა შეუკვეცა მას ცოლმა „კავკასიაში“
მათი პროფესიული და ოჯახური ტანდემი თხუთმეტ წელზე მეტია, რაც შედგა. ერთად ბევრი რამ გაიარეს – რთულიც და საინტერესოც და, ალბათ, ამიტომაც, უკვე აღარ იციან, სად იწყება საქმე და სად – პირადი ცხოვრება. მიუხედავად იმისა, რომ ურთიერთოებებში ორივე გახსნილი და თავისუფალია, ინტერვიუებზე მათი დათანხმება იოლი საქმე არაა, თუმცა, ამჯერად, ქმრისგან განსხვავებით, ცოლმა გამონაკლისი დაუშვა – რა ხდება კადრს მიღმა დათო აქუბარდიასა და ნინო ჯანგირაშვილის ცხოვრებაში, ამას თავად ნინოსგან შეიტყობთ, რომელმაც ისიც გაგვიმხილა, როდის უნადგურებს ქმარი ოჯახის ბიუჯეტს და ისიც, თუ როგორ გადაედო მას ცნობილი ქმრის ცხოვრების ყველაზე სანდო და გამოცდილი ფილოსოფია.
ნინო ჯანგირაშვილი: პროფესიით ისტორიკოსი ვარ, ჟურნალისტობა ნამდვილად არ ყოფილა ჩემი ბავშვობის ოცნება. ჟურნალისტიკაში ისე მოვხვდი, როგორც ბევრი ჩემი თაობის ჟურნალისტი. ჩემი შრომითი ბიოგრაფია არ არის განსაკუთრებით მრავალფეროვანი და ძირითადად „კავკასიასთან” არის დაკავშირებული. ამ წლების განმავლობაში ამ მიმართულებით ძალიან დიდი გამოცდილება დავაგროვე. ჟურნალისტზე მეტად, ალბათ, უფრო მენეჯერი ვარ და ვმართავ ტელევიზიას, რომელიც წლების განმალობაში მთლიანად იყო დამოკიდებული საკუთარ შემოსავლებზე, ამოგდებული იყო კონტექსტიდან და ქართული რეალობიდან, სადაც ტელევიზიებში სხვადასხვა წარმომავლობის პოლიტიკური ფული ტრიალდებდა; შესაბამისად, მე უფრო კრიზისმენეჯერად ჩამოვყალიბდი. იმდენად ხშირად მიწევდა „ხანძრების” ჩაქრობა, თუ მშვიდობაა, შეიძლება, მოვიწყინო კიდეც. მე თვითონ შემიძლია, გადავიღო სიუჟეტი, დავამონტაჟო, დავგავო ოფისი, დავჯდე პულტთან და ვიმუშაო როგორც რეჟისორმა, ან, ავაწყო სტუდიის ფონი და დავაყენო განათება – ყველაფერი შემიძლია, თუკი რამეს შეიძლება აკეთებდეს ადამიანი ტელევიზიაში. ეს ყველაფერი მოიტანა წლებმა და იმ რთულმა პირობებმა, რომელშიც ჩვენ გვიწევდა მუშაობა. ჩვენ მაშინ დავიწყეთ მაუწყებლობა, როდესაც აბსოლუტურად კუსტარულ პირობებში ვიყავით.
– ტელეკომპანია „კავკასიასთან” დაკავშირებით ეს ხშირად ხდებოდა ხოლმე ხუმრობის თემა.
– რა ხდება დღეს – ეს სხვა საკითხია, მაგრამ, ყველას, ვისაც დამოუკიდებელი ქართული ტელევიზიების სათავეებთან უმუშავია, ახსოვს, რომ მაშინ ყველანი კუსტარულები ვიყავით. ოფისებში „რელეიკები” არ გვქონდა, რომ სიგნალი ოფისიდან გაგვეშვა და ანძაზე აგვქონდა ხოლმე კასეტები. მე მახსოვს 1995 წელი და ის დღე, როდესაც ჩვენი ოფისიდან პირველად გავუშვით სიგნალი, თავი „სი-ენ-ენი” მეგონა. იყო დრო, როდესაც საყოფაცხოვრებო ტექნიკაზე ვამონტაჟებდით სიუჟეტებს, ყველამ ასე, ერთნაირად დავიწყეთ – დათო აქუბარდიამ თავის დას გამოართვა მაგნიტოფონი და ტელევიზორი და ისე დაიწყო ტელევიზიის გაკეთება. ხანდახან მგონია, რომ ჩვენ, „ტელევიზიონშჩიკები“, ვართ კარგი მემატიანეები იმ ყველაფრის, რაც ხდებოდა ქვეყნისთვის მძიმე ბოლო ოც წელიწადში. ჩვენ ერთად გავიარეთ ყველა ეტაპი და ვიყავით მოვლენების ეპიცენტრში, რაც არ იყო იოლი. ხანდახან მაქვს განცდა, რომ ბოლო ოცი წელი სულ გამოცდების ჩაბარებაში გავატარე, რის გამოც ჩემი ცხოვრება ძალიან საინტერესო იყო. ხასიათიც ასეთი მაქვს, თუ არ არის პრობლემა და გამოწვევა, შეიძლება აზარტიც კი დავკარგო.
– როგორ გაქვთ გადანაწილებული ფუნქციები თქვენ და დათო აქუბარდიას ტელეკომპანიაში, ვინ უფრო „ზემოთ” დგას რეგალიით?
– კორპორაციული და საკრალული საიდუმლოებების გამხელას ნუ მომთხოვთ (იცინის). პირინციპში, ჩვენს ორგანიზაციაში დამალული და დაფარული ბევრი არაფერია, მათ შორის – ჩვენი ურთიერთობაც, მაგრამ, რატომღაც, არც მე და არც დათოს არ გვიყვარს ხოლმე ჩვენს საკუთარ ცხოვრებაზე ხმამაღლა საუბარი. არ მიყვარს იმ დოღებში ჩაბმა, რომელიც პიარს ემსახურება, თორემ, კარჩაკეტილი არც მე ვარ და არც დათო. ის განსაკუთრებით გახსნილი ადამიანია ყველასთან, ყველა სიტუაციაში არის უკომპლექსო, არ უყვარს პირობითობები, არ აინტერესებს სტატუსები; შეუძლია, ტელევიზიის დამლაგებელს ყავა მოუდუღოს. დათოსთვის მთავარია ადამიანი, რეგალიებს არასდროს ეკიდება. დათო საერთოდ არ მალავს არაფერს, დაცვაც კი არ გვყავს ტელევიზიაში (იცინის). ახლა, რაც შეეხება ფუნქციებს, მე აღმასრულებელი დირექტორი ვარ, დათოს ამგვარი სტატუსი არ აქვს. საბუთებში, ხელშეკრულებებში, ფინანსებში და საორგანიზაციო საკითხებში ნაკლებად ერევა. თუ გავითვალისწინებთ, რომ დოკუმენტებზე ხელს მე ვაწერ, გამოდის, რომ ფორმალურად მე უფრო მაღალი რანგი მაქვს. რანგის რა გითხრათ და, დათო ბევრად უფრო პოპულარულია, ვიდრე მე. ის „ხალხოსნური” ტიპია, ხშირად ნახავთ ბაზრობებზე – მისი ერთ-ერთი საყვარელი ადგილია ელიავას ბაზრობა, სადაც შეიძლება ერთი ვინტილი იყიდოს, მაგრამ, რამდენიმე საათი გაატაროს იქ სიამოვნებით და ესაუბროს ადამიანებს მათ პრობლემებზე. სულ ვეხუმრები, „კაცი სეილი” ხარ-მეთქი – საერთოდ რომ არ სთხოვოს ვინმეს ფასდაკლება, 50-პროცენტიანი ფასდაკლება იმწუთას გარანტირებული აქვს (იცინის).
– როდესაც ცოლი და ქმარი ერთ საქმეში არიან ჩართულნი, ეს მაინდამაინც კომფორტული არ უნდა იყოს.
– ვერასდროს ვერ იტყვი, რა რას სჯობს, არ ვარ ასეთი ვარაუდებისა და განზოგადობების მომხრე. ყველა ადამიანს თავისი ცხოვრება, ინდივიდუალური გზა აქვს. ჩვენ ასე ვიცხოვრეთ და ამის რევიზია უმადური საქმე იქნება. ჩვენთვის ტელევიზია და პირადი ცხოვრება ყოველთვის ისე იყო ერთმანეთზე გადაბმული, ვერც კი ვიგებდით, სად მთავრდებოდა საქმე და სად იწყებოდა პირადი ცხოვრება. ერთად ბევრი რთული პერიოდი გადავიტანეთ, რამაც ჩვენს ურთიერთობას სხვა ემოციებიც დაუმატა. ზოგადად, ჩვენ ძალიან განსხვავებული ხასიათის ადამიანები ვართ, გვაქვს განსხვავებული გატაცებები, ხშირად – ცხოვრების წესიც. მოგვწონს სხვადასხვა ლიტერატურა, სხვადასხვა არხის ყურება, თუმცა, ჩვენი განსხვავებულობა არ გვიშლის ხელს, ერთად კომფორტულად ვიცხოვროთ და ერთმანეთის საუკეთესო მეგობრები ვიყოთ – შენგან განსხვავებულ ადამიანთან ცხოვრება უფრო საინტერესოა; თუმცა, ზოგადი ადამიანური ფასეულობები საერთო გვაქვს, მაგალითად, ორივესთვის ძვირფასია პიროვნული თავისუფლება. ალბათ, ამიტომაც, ერთმანეთს ვუტოვებთ პირად სივრცეს და ამ სივრცეში არ ვუვავრდებით. ალბათ, ამის ხარჯზეც ვართ ამდენი წელი ერთად. რა თქმა უნდა, ვჩხუბობთ კიდეც, განსაკუთრებით – სამსახურში, როცა მე რაღაც არ მომწონს მისი გადაცემიდან, ან პირიქით, როცა მას არ მოსწონს ჩემი ესა თუ ის გადაწყვეტილება. შეიძლება, ისე ვიყვიროთ, რომ თანამშრომლებიც დავაფრთხოთ, მაგრამ, როგორც წესი, ჩვენი ჩხუბი ძალიან მალე და მშვიდობიანად მთავრდება (იცინის).
– თქვენი მეუღლის შესახებ ლეგენდარული ხუმრობები დადის. ვინაიდან თვითონ მოუხელთებელი რესპონდენტია, თქვენ გკითხავთ: როგორი დამოკიდებულებები აქვს მას თავად?
– პლიტა, ტაშტი და სხვა ამგვარი ხუმრობები არის შოუების მიერ შექმნილი გარკვეული სტერეოტიპები. ეს მათი საქმეა, მათი ბიზნესია. თუ ხუმრობა მიზანმიმართული და ბოროტი არაა, ამით არაფერი ფუჭდება, თუმცა, არის შემთხვევები, როცა ვიღაცა ვულგარულად ხუმრობს. არც ესაა პრობლემა, საერთოდ, როცა ადამიანზე ინტენსიურად ხუმრობ, მინიმუმ იმას უშვებ, რომ მას აქვს ასპროცენტიანი ცნობადობა და ამის აღიარება არ არის ურიგო. დათოს იუმორის მიმართ ძალიან ჯანსაღი დამოკიდებულება აქვს. მას აქვს თავისი ფილოსოფია, რაც მე ადრე არ მესმოდა: ყველაზე რთულ სიტუაციაშიც კი, როცა მე მგონია, რომ დაიქცა ქვეყანა და დადგა სამყაროს აღსასრული, შეიძლება, გაიღიმოს და თქვას: „ნინა, ფილოსოფიურად შეხედე.” დროთა განმავლობაში მეც ვხვდები ხოლმე, რომ ნერვების მოშლა მართლაც არ ღირდა. ის, რაც კარგი გადმომედო დათოსგან ამ წლების განმავლობაში, სწორედ ესაა – ცხოვრებას არ ვირთულებ, ბევრ თემას მარტივად ვიყურებ და ეს მიდგომა მართლაც ამართლებს.
– კადრს მიღმა თქვენი ცხოვრება როგორია?
– ძალიან ჩვეულებრივი, არაფერი განსაკუთრებული არ ხდება. ერთი შეხედვით, ჩვენი ცხოვრება შეიძლება ძალიან მოსაწყენიც კი ჩანდეს. მეც და დათოსაც ორივეს ძალიან გვიყვარს სახლში ყოფნა. ისე გვაქვს მონატრებული სახლი, ეს ჩვენთვის დიდი კომფორტია. ზოგადად, თავისუფალი დრო იმდენად ცოტა მაქვს, რაც ყველაზე ძალიან მინდა და მაინტერესებს იმ მომენტში, იმას ვაკეთებ. გატაცებები და ინტერესები ცხოვრებაში ხშირად მეცვლება. ამ ბოლო დროს ინტერიერის დიზაინით ვარ გატაცებული. მიყვარს ცურვა, თუმცა, სამწუხაროდ, ცურვისთვის ხშირად ვერ ვიცლი. ვცადე, დათოც ამეყოლიებინა, მაგრამ, არ გამომივიდა და დავანებე თავი. მიყვარს მოგზაურობაც. უცხოეთში ძირითადად საქმიან მივლინებებში მიწევს სიარული, თუმცა, ვპოულობ დროს იმისთვისაც, რომ დავათვალიერო ყველაფერი, რისი საშუალებაც მაქვს. ამ ბოლო წლებში დათოს ყველაზე დიდ გატაცებად ექცა ველოსიპედით სიარული. სულ ველოსიპედებს ყიდულობს, თანაც, საუკეთესოებს, რაც არ ღირს იაფი და, შესაბამისად, სულ ვაპროტესტებ, რომ ამით ოჯახის ბიუჯეტი ნადგურდება. მერე სხვებს ჩუქნის და მერე ისევ ყიდულობს. შაბათ-კვირას დათო ხშირად მიდის ბათუმში, სადაც მიხეილ სააკაშვილმა ველოსიპედის, თუ არ ვცდები, 15-კილომეტრიანი ბილიკი გააკეთა – ეს დარჩა დათოს ექსპრეზიდენტისგან მემკვიდრეობით (იცინის). დათოს უფროს ქალიშვილს, თეონასაც უყვარს ველოსიპედი. დათომ უკვე ჩვენი შვილი, ნიკუშაც აიყოლია. ვამბობ ხოლმე, სააკაშვილმა აქუბარდიებს გაგიკეთათ-მეთქი ეს ბილიკი.
– დათო აქუბარდია სახლში იოლი მოსავლელია?
– როგორღაც ვახერხებთ ერთმანეთის მოვლას, ხან დედაჩემი გვივლის. დათო არ არის სტანდარტული გაგებით ქართველი კაცი, სახლში რომ შემოვა და, აბა, რა გვაქვს საჭმელიო, – მოითხოვოს. ვერ გეტყვით, რომ საჭმელების გაკეთება უწევს ან იტაცებს, მაგრამ, თუ საჭირო გახდა, კვერცხს თავისთვისაც შეწვავს და ჩემთვისაც. ჩვენს კვებაზეც და ნიკუშაზეც ძირითადად დედაჩემი ზრუნავს, თუმცა, მომმარაგებლები ჩვენ ვართ. რისი ყიდვაც საჭიროა, სუპერმარკეტებში მე ვყიდულობ, რისიც ბაზარში – ის დათოს მოაქვს. ისე უყვარს ბაზარში სიარული, ამ სიამოვნებას როგორ წავართმევთ! არცერთი არ ვართ „წურბელა” და პრეტენზიული, დედა რასაც დაგვახვედრებს, იმას მივირთმევთ. დედას აქვს მინდობილი ნიკუშას გაზრდა, თუმცა, მის ცხოვრებაში ჩვენც აქტიურად ვართ ჩართულები. აღზრდის ჩვენი მეთოდი გვაქვს – არც ერთი არ ვტვირთავთ ბავშვს შენიშვნებით, არ ვუბურღავთ ტვინს; ვცდილობთ; თავისუფალი და დამოუკიდებელი ადამიანი გაიზარდოს. ნიკუშა ისეთ ასაკში გავაჩინე, უკვე აბსოლუტურად გაცნობიერებულად ვუყურებდი დედობას – ჩემთვის მთავარი იყო, ბავშვი ყოფილიყო თავისუფალი და ლაღი ადამიანი. ნიკუშა უკვე მეშვიდე კლასის მოსწავლეა. 6 წლამდე მთელ სახლში კედლებზე ხატავდა და ესეც კი არ დაგვიშლია მისთვის. ერთხელ სახლში „კავკასიის” ბეჭედი დამრჩა; რომ მივედი, ნიკუშას მთელ კედლებზე ბეჭდები ჰქონდა დარტყმული და ამაზე მხოლოდ გავიცინეთ. მოკლედ, ცელქობას არ ვუშლიდით (იცინის). მეც და დათოსაც ძალიან გვიყვარს სიმწვანე, ყვავილები. იმედი მაქვს, რომ ოდესმე გვექნება სახლი ეზოთი. დათო მებაღეობის დიდი ფანია, თუმცა, ასპარეზი არ აქვს. „კავკასიის” ეზოში პატარა მიწის ნაკვეთია, იქ განავითარა თავისი ტალანტი ამ მხრივ – კვახი, პომიდორი დარგო და მოსავალიც მიიღო. მე, ჩემი პრაქტიკიდან გამომდინარე, უკვე პროფესიონალ „პრარაბად” ჩამოვყალიბდი. ვიცი, რომ ჩვენს ახალ ოფისში ამ მხრივ ბევრი რამ მექნება გასაკეთებელი. თუ ადრე გვიხაროდა, რომ ოფისიდან ანძაზე სიგნალი გავუშვით, დღეს უკვე სხვა ტექნოლოგიების ეპოქაა. ჩვენც ვფიქრობთ, რომ გავიარეთ „თინეიჯერობის” ეტაპი – ტელევიზია უკვე 20 წლისაა და, ის, რაც გვეპატიებოდა ადრე, იმ ეპოქიდან და მდგომარეობიდან გამომდინარე, რაც ქართულ მედიაში იყო, აღარ გვეპატიება დღეს. ადრე მთავარი იყო, გადავრჩენილიყავით, ეთერში ვყოფილიყავით, დღეს ეს ეტაპი გავლილია. ახლა ისეთი დიდი კონკურენცია და ბაზარია, რომ რეალურად უნდა შევხედოთ იმ გამოწვევებს, რის წინაშეც ჩვენ ვდგავართ. დღეს „კავკასია” თავიდან იბადება. ვიშენებთ ოფისს დიდი სტუდიებით, რომელიც მოგვცემს საშუალებას, ვიმუშაოთ აბსოლუტურად სხვა რეჟიმში; დღეს ვაკეთებთ სრულიად ახალ პროგრამირებას, რასაც შეეწირა დათოს გადაცემის ერთი ბლოკი, თუმცა, დათო ამას გადასარევად შეხვდა – უფრო ადრე მიდის სახლში (იცინის). ვფიქრობთ, რომ ახალი პროგრამირება ტელევიზიას აიყვანს ახალ დონეზე როგორც ხარისხობრივად, ასევე, შინაარსობრივად, რისი საშუალებაც ადრე არ გვქონდა.