როგორ უნდა აღვზარდოთ ბავშვი, რომ ტყუილს არ მიეჩვიოს
სიცრუე კაცობრიობის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული თვისებაა. ის ადამიანს გაჩენის დღიდან, უფრო სწორად, პირველი ცოდვის ჩადენის დღიდან დაებედა. მას შემდეგ მოვდივართ ტყუილ-ტყუილით და ლამისაა მეორე ბუნებად გვექცეს. ტყუილი ზოგჯერ ხელსაყრელიცაა და წარმატება მოაქვს ადამიანისთვის, თუმცა ხშირად უბედურების მომტანიცაა. არსებობს მოსაზრება, რომ ადამიანი საუბრის ათი წუთის განმავლობაში საშუალოდ სამჯერ იტყუება. ზოგიერთისთვის ტყუილი ცხოვრების სტილია. როგორ უნდა ვრეაგირებდეთ იმაზე, რომ სიცრუემ ჩვენი ცხოვრების ყველა სფეროში შეაღწია და როგორ უნდა ამოვიცნოთ მატყუარა ადამიანი, ამასთან დაკავშირებულ ჩვენს კითხვებს ახალგაზრდა მეცნიერთა საზოგადოების, მამარდაშვილის ფილოსოფიის ინსტიტუტის ერთ-ერთი დამფუძნებელი, ფილოსოფოსი და ფსიქოლოგი, ნონა ხიდეშელი პასუხობს:
– რა არის ტყუილის გამომწვევი მიზეზები?
– ტყუილი ესაა კაცობრიობის დაავადება, ჩვეულებრივი ილუზია, როცა ადამიანს ჰგონია, რომ მის ტყუილს რაიმე აზრი აქვს. ტყუილის გამომწვევი მთავარი მიზეზი სისუსტეა, რომელშიც პიროვნული ნება გამოკვეთილი არ არის. იტყუება ის, ვისაც ჰგონია, რომ ამით გახდება წარმატებული, რაღაცას მოიხვეჭს. ყველაზე ნიშანდობლივი, რის გამოც იტყუება ადამიანი, არის მისი გაუცნობიერებელი ცხოვრება. მან შეიძლება მიაღწიოს წარმატებას: გახდეს პრეზიდენტი, პარლამენტარი, მღვდელი, მაგრამ საბოლოოდ, მაინც ვერ გააცნობიეროს რა უნდა? საით მიდის? აღმოსავლეთში ამას მძინარე მდგომარეობას ეძახიან, რადგან ადამიანი ცხოვრობს გაუცნობიერებლად. სისუსტესთან ერთად, სიცრუის თქმის კიდევ ერთი მთავარი მიზეზი არის არასრულფასოვნება. ის პოზა და იმიჯი, რომელიც შექმნილი გვაქვს და რისი დანგრევისაც ასე გვეშინია. უმნიშვნელოვანესია ასევე, ჩვენი არასწორი აღზრდა, როდესაც გვზრდიან იდეალებით, რომ მივემსგავსოთ რაღაც საუკეთესოს. ამ ყველაფერს მივყავართ იქამდე, რომ ხდება ადამიანის გაუცნობიერებლობა. მან არ იცის, ვინ არის, რა უნდა, საით უნდა წავიდეს – ესაა კონფლიქტი საკუთარ თავთან. სიცრუე არის მხოლოდ გარეგნული გამოხატულება ადამიანში არსებული შიშების, დაუცველობის, ეგოცენტრიზმისა და სურვილის, რომ მუდმივად გამოიყურებოდეს იდეალურად. ჩვენ, პრაქტიკულად, შვილებს არ ვაძლევთ იმის საშუალებას, გაერკვნენ საკუთარ თავში, გააცნობიერონ, რა შესაძლებლობები აქვთ, რა არის მათი მოწოდება. ჩვენ – ოჯახი, სოციუმი, სკოლა, რელიგია ბავშვს პირდაპირ ვახვევთ საკუთარ წესებს, გზებს, შეხედულებებს, მაშინ, როდესაც არ მიგვიღწევია ფსიქოლოგიურ ზრდასრულობამდე. ფსიქოლოგიური ზრდა ნიშნავს, მიიღო საკუთრი თავი ისეთი, როგორიც რეალურად ხარ – შენი არასრულფასოვნებით, სისუსტეებითა და დაიწყო ამ ყველაფრის გაცნობიერება. ყველაზე მეტად იტყუება ის ადამიანი, რომელსაც ადარდებს და აღელვებს სოციუმის აზრი.
– რა ასაკიდან იწყებს ადამიანი სიცრუის თქმას?
– იმ ასაკიდან, როცა ბავშვი იწყებს ცნობიერად რაღაცეების აღქმას, ახერხებს კარგისა და ცუდის გარჩევას. როდესაც ბავშვი აცნობიერებს, რომ შეუსაბამობაა ირგვლივ არსებულ მასალასა და მშობლების მიერ მიცემულ ინფორმაციას შორის. ბავშვისთვის ტყუილი ერთგვარი თავდაცვაა, ამიტომ აქ დიდი როლი აკისრია მშობელს, რომელიც ვალდებულია, არ ჩამოუყალიბოს შიში განსხვავებული მოსაზრებისადმი.
– შეიძლება თუ არა, რომ მოვახდინოთ ტყუილის კლასიფიკაცია?
– რა თქმა უნდა, ბავშვური ტყუილი – ესაა მხოლოდ თავდაცვა, ბავშვს არ აქვს და ვერ ექნება რაღაც ამბიციები და მიზნები. მოზარდის ტყუილი ესაა თავდაცვა და შიში. მაგრამ, არსებობს გამიზნული ტყუილი, მაგალითად, როდესაც ამომრჩეველს ატყუებენ პოლიტიკოსები – ესაა ტყუილი ანგარების გამო. ტყუილი დაფუძნებულია არასრულფასოვნებაზე, ის გამოწვეულია არარეალიზებულობით, რასაც მივყავართ ადამიანის ამბიციებთან.
– როგორ უნდა ამოვიცნოთ ადამიანი, რომელიც იტყუება?
– ზოგადად, არსებობენ ისეთი ადამიანები, რომელებიც იმდენად გამოცდილნი არიან ტყუილში, რომ მათი გამოაშკარავება ძალიან რთულია, თითქმის შეუძლებელია. მაგრამ, მეორე მხრივ, არიან ადამიანები, რომელთაც ადვილად შეატყობთ, რომ იტყუებიან. არსებობს რამდენიმე გასათვალისწინებელი ნიშანი, რომელიც დაგვეხმარება ტყუილის გამოაშკარავებაში.
1. შეუსაბამობა დიალოგში
2. დაბნეულობა
3. თვალების ცეცება, აქეთ-იქით ყურება
4. ტყუილის დროს ჟესტიკულაცია და სიტყვები ერთმანეთს არ ემთხვევა
5. მატყუარა საუბრობს გადაკვრით, ის ხშირად აფორიაქებულია.
თუმცა, უნდა აღინიშნოს ისიც, რომ გამოცდილი მატყუარები პირიქით, თვალებში უყურებენ მოსაუბრეს, რათა დააკვირდნენ მათ რეაქციას ტყუილზე. არ იტყუებიან მხოლოდ მაღალი ცნობიერების, ძლიერი ადამიანები, რომელთაც იპოვეს საკუთარი თავი და თავიანთი ეგოცენტრიზმი დაანგრიეს. როგორც ფსიქოლოგი გირჩევთ, უნდა დააკვირდეთ თვალებს, ისინი ნაკლებად მოგატყუებენ.
– ზოგიერთი ფსიქოლოგის აზრით, დეპრესიით დავადებული ადამიანები ნაკლებად იტყუებიან. რამდენად შეესაბამება ეს სიმართლეს?
– ზოგადად, ღრმა დეპრესიით დავადებულები კინტაქტშიც კი არ შემოდიან, მათ ამის არანაირი სურვილი არ აქვთ. მაგრამ აქ უნდა გავითვალისწინოთ ერთი რამ – დეპრესია ეს არაა რაღაც ვირუსი, რომ უცებ შეხვდეს ადამიანს. სწორედ ტყუილების გამო ვარდება ის დეპრესიაში. ამის მიზეზია მისი ილუზიები და საკუთარი თავის მოტყუება.
– ერთნაირი სიხშირით იტყუებიან ქალებიც და კაცებიც?
– საერთოდ, სქესს მნიშვნელობა არ აქვს. ერთნაირი სიხშირით ატყუებენ ერთმანეთს, მაგრამ საქართველოში მამაკაცები უფრო ხშირად იტყუებიან.
– არსებობს მოსაზრება, რომ ადამიანი, რაც უფრო მეტადაა საკუთარ თავში დარწმუნებული, რაც უფრო მეტი ფული აქვს, მით უფრო ადვილად იტყუება, არის თუ არა ეს სიმართლე?
– კი, რადგან დიდი ფული რომ იშოვო, ტყუილში უნდა დაიხვეწო, ამის გარეშე, ეს თითქმის შეუძლებელია.
– რა ზიანი მოაქვს ტყუილს საზოგადოებისათვის და რა უნდა ვქნათ იმისთვის, რომ აღარ მოვიტყუოთ?
– ტყუილი ანადგურებს ადამიანს. მან შეიძლება, მცირე ხნით მოგიტანოს სიამოვნება, სიმშვიდე, მაგრამ შემდეგში გაგინადგუროს მთელი ცხოვრება. ტყუილი ეწინააღმდეგება სამყაროს კანონზომიერებებს, სამყაროს ბუნებითობას და ის, რაც ბუნებითობას ეწინააღმდეგება, ყველაფერი მარცხისთვისაა განწირული. ერთადერთი გამოსავალია, ვკითხოთ საკუთარ თავს, ვინ ვარ? რატომ დაემსგავსა ჩემი ცხოვრება სიყალბეს. დავსხდეთ და ჩავუფიქრდეთ, ჩავიხედოთ საკუთარ თავში. გვიღირს ეს ამად, როდესაც ტყუილი გვაშორებს სიყვარულს, ბედნიერებას, სიხარულს. ის გვაკარგვინებს სიმშვიდეს, არადა ვიტყუებით იმიტომ, რომ სიმშვიდე მოვიპოვოთ. ტყუილი ქმნის შიშის ფონს. გვეშინია არ გასკდეს ჩვენი ტყუილი, შიშები ცხოვრებას ანგრევს და ანადგურებს.
– დაბოლოს, რაც მინდა გკითხოთ – რა არის გამოსავალი, რომ აღარ მოვიტყუოთ?
– ადამიანი იბადება საკმაოდ სუსტი, არასრულფასოვანი. ბავშვის აღზრდა მიდის ყალბი იდეალებით, სტერეოტიპებით, ტრადიციებით, წარმატების ფორმულებით – ეს ყოველივე ძალზე აზიანებს მოზარდის ფსიქიკას. შემდგომში ეს მოზარდი ყველა ერთად ხდება საზოგადოება, რაც თავისთავად გადადის ერში და სახელმწიფოში. აი, ამ ყოველივეს უკან კი, დგას კომპლექსები, შიშები, სრულყოფილების მოთხოვნა. შედეგად ვიღებთ იმას, რომ ვიღაც აზრობრივად და ვიღაც ფსიქიკურად, ვერ ვითარდება. ის, რაც საქართველოში ახლა ხდება, ესაა შედეგი სამოცდაათწლიანი სიცრუის, სიყალბის, რომელშიც გახვეული იყო საბჭოთა ეპოქა. თუ გვინდა ნორმალური სოციუმი, საზოგადოება, მსოფლიოს თითოეულმა ადამიანმა უნდა დაიწყოს საკუთარი თავის შეცნობა: ვინ არის რეალურად, როგორია ის და რა მისწრაფებები, სურვილები აქვს. ხშირად ჩვენი შესაძლებლობები და სურვილები შეუსაბამოა, რაც იწვევს ტყუილის ზღვას, რაშიც ვცხოვრობთ. ადამიანმა უნდა გამოიღვიძოს ამ ილუზიიდან, დაჰიპნოზებული მდგომარეობიდან და გააცნობიეროს საკუთარი არსებობა. ტყუილი არც ერთ შემთხვევაში არაა გამართლებული.