როგორ დაიწყო ქართველი ადვოკატის სამსახიობო კარიერა თურქულ ცნობილ სერიალებში და როგორ ატარებს ის თურქ მსახიობებთან ერთად 17 საათს გადასაღებ მოედანზე
მაია უტიაშვილი პროფესიით იურისტია და ის წლების განმავლობაში ადვოკატად მუშაობდა. თუმცა, დაახლოებით ოთხი წლის წინ, თურქეთის დედაქალაქში გაემგზავრა, გათხოვდა და რაც მთავარია, დიდი ხნის ოცნება აისრულა – ის უკვე არაერთ ცნობილ თურქულ სერიალში გადაიღეს. ამ მხრივ მომავალშიც კიდევ არაერთი შემოთავაზება აქვს.
მაია უტიაშვილი: ადვოკატი ვარ, 15 წლის განმავლობაში ნაძალადევის ადვოკატურაში ადვოკატად ვმუშაობდი. თუმცა ხელოვნებისა და კინოსადმი მუდმივად დიდი ინტერესი მქონდა. ჩემს ოჯახში ხელოვნებას ძალიან დიდ პატივს სცემდნენ. რა თქმა უნდა, სურვილი და ოცნებაც მქონდა, ფილმებში მიმეღო მონაწილეობა, უბრალოდ, მაშინ ამის საშუალება არ იყო. საბოლოოდ, ღმერთმა ინება და წლების შემდეგ, ოცნება თურქეთში ამისრულდა. ჩემი მეგობრებიც მეუბნებიან ხოლმე: მაია, ყოველთვის გქონდა ამის ინტერესი, სურვილი და ხომ ხედავ, აგისრულდაო. ახლა მჯერა, რომ ქალის ცხოვრება 40 წლის შემდეგ კიდევ უფრო ლამაზდება.
– როგორ მოხვდით თურქულ სერიალებში?
– ოთხი წლის წინ ჩამოვედი თურქეთში, რა თქმა უნდა, სამუშაოდ. მალევე გავთხოვდი. ჩემი მეუღლე თურქია, ერთად ვცხოვრობთ ანკარაში. ძალიან ბედნიერია, რომ სერიალებში მიღებენ. პირველად სერიალ Hiyanet sarmali-ში რომ გადამიღეს, რომელიც ორი წლის განმავლობაში გადიოდა თურქეთში, ძალიან ცნობილ და ძველ არხზე – Samanyolu, ქუჩაში ნაცნობებს ეუბნებოდა: მაია „სამანიოლმა“ გადაიღოო. 8-9 საათი გრძელდება გადაღებები და საერთოდ არ აქვს პრეტენზია. მეზობლებში ისეთი ცნობილი გავხდი, ყველა მცნობს ახლო-მახლო. თუმცა, უკვირთ – როგორ მოვხვდი თურქულ სერიალებში. ეს არცთუ ისე ადვილია, ზოგჯერ მეც მიკვირს. ყველაფერი კი ასე დაიწყო: სადაც ვცხოვრობ, იქვე არის პარკი. მე ხშირად ვსეირნობ, დილა-საღამოს ვვარჯიშობ. ბოლო პერიოდში 7 კილოგრამი დავიკელი. მინდა, უკეთეს ფორმაში ვიყო. ჩემთან ერთად ვარჯიშობს ერთი ქალი, რომელსაც თურქულ სერიალებში იღებენ. მან გაიგო, რომ ძალიან მიყვარს სერიალები, განსაკუთრებით თურქული. გადაწყვიტა, დამხმარებოდა და წამიყვანა სააგენტოში, რომელიც იღებს სერიალებს და ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ფილმების სააგენტოა თურქეთში. დამაყენეს კამერების წინ, ძალიან ბევრი ფოტო გადამიღეს. მითხრეს: ახლა ვითომ ტირი, გიხარია, იარაღით გემუქრებიან, ვითომ მათხოვარი ხარ საწყალი სახე მიიღეო. მეც ვიდექი და ყველაფერს ვაკეთებდი. თუმცა, არ მეგონა, რომ სერიალში დამიძახებდნენ. მაგრამ, ორ დღეში დამირეკეს და დამიბარეს ცნობილ სერიალში გადასაღებად. არ მჯეროდა, ძალიან გახარებული ვიყავი. ჩემზე ბედნიერი არავინ მეგონა, ლამის კორპუსს შემოვურბინე გარშემო. თურქული სერიალები არა მხოლოდ საქართველოში, ძალიან ბევრ ქვეყანაშია პოპულარული. ბაზრობაზეც კი მიცნეს, ხელს იშვერდნენ ჩემსკენ ბაში-აჩუკივით. რადგან ძველი და ცნობილი არხია, ამიტომ ყველა უყურებს, განსაკუთრებით სერიალებს. სერიალი რომ გამოვიდა, მეორე დღეს მეზობლები მილოცავდნენ, უხაროდათ. ამ არხზე რა სერიალიც გადის, ყველა ძალიან პოპულარულია და უყვართ თურქებს. ამ სერიალში მეორე როლიც მქონდა – ჟურნალისტის. ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ის იყო, რომ სამი წლის განმავლობაში ამ სერიალებს ვუყურებდი და უცებ მეც მოვხვდი იქ. გავიცანი ის ცნობილი მსახიობები, რომლებთან შეხვედრაზეც ვერასდროს ვიოცნებებდი. ამ მხრივ, უბედნიერესი ქალი ვარ. Hiyanet sarmali – ეს არის პირველი სერიალი, რომელშიც გადამიღეს. ეს სერიალი ორი წლის განმავლობაში გადიოდა „სამანიოლზე“, საკმაოდ ცნობილი სერიალია. ამ სერიალში ძალიან ცნობილი თურქი მსახიობები მონაწილეობენ და მათ გვერდით მოხვედრა ჩემთვის დიდი ბედნიერება იყო. სერიალს თითქმის 17 საათის განმავლობაში იღებდნენ. ერთი საათი შევისვენეთ, რომ საჭმელი გვეჭამა. მადლობა გადამიხადეს. ქორწილის სცენაში ვმონაწილეობდი, როგორც დაპატიჟებული სტუმარი, გენერალ მეუღლესთან ერთად სუფრასთან ვიჯექი. ჯერ ლეიტენანტის ცოლი უნდა ვყოფილიყავი, მაგრამ მერე დამაწინაურეს – გენერლის ცოლი გავხდი. ბევრნი ვიყავით, თუმცა ჩემკენ გამოიშვირეს ხელი – ეს იქნება გენერლის ცოლიო. თან, 15-მდე ლეიტენანტი იყო, 2 – გენერალი და ერთ-ერთის ცოლად რატომღაც მე ამირჩიეს. მახსოვს, ახალი მანტო მეცვა. გადაღების წინ გამომაცვლევინეს – ეს სერიალი ძველ ამბებს ეხება, ამიტომ მანტო უნდა გაიხადოო. ჩამიყვანეს და თავისი ძველი მანტო ჩამაცვეს. საკმაოდ შთამბეჭდავი იყო გადაღებები: ქორწილის სცენა, სადაც სიძეს ესვრიან – ისეთი სროლა ატყდა, ცოტა არ იყოს, შემეშინდა – ყველაფერი ძალიან ბუნებრივად ხდებოდა. ჩემი მეუღლის როლსაც ცნობილი მსახიობი ასრულებდა. ამ სერიალის რამდენიმე სერიაში ვარ გადაღებული. ამას მოჰყვა ჩემი საყვარელი სერიალი „არ დამივიწყო“, რომელსაც ამჟამად საქართველოში აჩვენებენ და როგორც ვიცი, ძალიან პოპულარულია. მეც დიდი ხნის განმავლობაში ვუყურებდი ამ სერიალს და რომ მითხრეს: ერთ-ერთ სერიაში გიღებთო, ბედნიერებისგან არ იცით, რა დამემართა. „არ დამივიწყოს“ რამდენიმე სერიაში გადამიღეს, მათ შორს სეზონის ფინალურ სერიაში. ასევე, გადამიღეს სერიალ „Deniz yildiz-ში“ (ზღვის ვარსკვლავი), რომელიც ახლაც გადის, ყოველდღე. ექთნის როლი მქონდა. ანუ, დიდი ხანი არ არის, რაც თურქულ სერიალებში ვმონაწილეობ და უკვე სამი სერიალის 10 სერიაში ვარ გადაღებული. „არ დამივიწყო“ ხუთი წელია, გადის. ოთხი წელია, თურქეთში ვცხოვრობ, ამ სერიალს ვუყურებ და უცებ აღმოვჩნდი ჩემი საყვარელი მსახიობების გვერდით. „ზღვის ვარსკვლავი“ დიდი ხანია, გადის და ძალიან უყვართ თურქეთში. შეიძლება, ეკრანზე რამდენიმე წამით ვჩანვარ, მაგრამ მთელ დღეს მათთან ერთად ვატარებ. დილით რომ ჩავიცვამ, მაგალითად, ექთნის ფორმას, მთელი დღე გადასაღებ მოედანზე მიწევს ყოფნა, რადგან თვითონ რეჟისორმაც არ იცის, როდის დავჭირდები. ერთად ვჭამთ, ვსაუბრობთ, ვიცინით, ძალიან უბრალოები არიან. ფოტოს გადაღებას რომ ვთხოვ, სიამოვნებით მორბიან. გადასაღებ მოედანზე უცხოს არავის უშვებენ. გადაღებები რომ მიმდინარეობს, ერთი ამბავი ხდება – ხალხი იქვე, კორპუსის ფანჯრებიდან, აივნებიდან იყურება, აინტერესებთ, აქ სერიალები ძალიან პოპულარულია. მე რადგან ანკარაში ვარ, ამიტომ სააგენტოდან იმ სერიალებში მეძახიან, რომლებსაც ანკარაში იღებენ. თუმცა, თურქული სერიალების დიდ ნაწილს სტამბულსა და კაბადოკიაში იღებენ. უკვე შემომთავაზეს სტამბულიდან სერიალში გადაღება, მაგრამ ვერ წავალ, მაშინ, იქ უნდა გადავიდე საცხოვრებლად და ამას ვერ მოვახერხებ. ოქტომბერში ახალ სერიალში უნდა გადამიღონ, უბრალოდ, ჯერჯერობით ვერ ვიტყვი, რა სერიალია და რა როლი მექნება. მეორე სააგენტოშიც დამიბარეს, იქაც ვიყავი ქასთინგებზე და იქიდანაც მიღებენ ახალ სერიალში. ანუ, ახლა უკვე ორ სააგენტოში ვარ დაფიქსირებული. მეზობლები მსახიობებთან მოკითხვებს მაბარებენ და მეც გადავცემ ხოლმე. „არ დამივიწყოში“ მთავარ გმირს ემინე ჰქვია. ის განსაკუთრებით უყვართ და მოკითხვებს მაბარებენ მასთან. მეც ვიღებ მათთან ფოტოებს, ავტოგრაფებს ვართმევ და მერე ჩემს მეგობრებს, მეზობლებს გადავცემ ხოლმე. ზაფხულში საქართველოში ვიყავი. როგორც კი ანკარაში ჩამოვედი, მაშინვე დამიკავშირდნენ და გადამიღეს ისევ „ზღვის ვარსკვლავში“, რომლითაც სეზონი გახსნეს. ეს სერიალები ძალიან ცნობილ არხზე – „ფოქსზე“ გადის. ეს პოპულარული არხია, ყველაზე კარგი სერიალები სწორედ აქ გადის. სერიალებმა მთელი ჩემი ცხოვრება რადიკალურად შეცვალა და მიხარია, ამდენი წლის მერე, ოცნება რომ ავისრულე.