კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ „იფხანს გულს“ განაწყენებული დათო როსტომაშვილი სუფრაზე და როდის გამოსდის მას თამადობა ყველაზე კარგად

დათო როსტომაშვილმა გარდა იმისა, რომ შესანიშნავი იუმორისტია, თამადობაც ძალიან კარგი იცის, იმდენად კარგი, რომ ძალიან ბევრი სთხოვს სუფრის გაძღოლას, ისეთებიც, ვისაც საერთოდ არ იცნობს. ვიღაცამ ჭორი გაუვრცელა, ფულის სანაცვლოდ თამადობსო და მისი თამადობის მსურველებიც სთავაზობენ დიდ თანხებს, ხან პირადად სთხოვენ, ხანაც შუამავლებს უგზავნიან. მაგრამ ყველას უარს ეუბნება და მხოლოდ და მხოლოდ მეგობრებისა და ნათესავების წრეში თამადობს.

 

– დარწმუნებული ვარ, თამადობა ხშირად გიწევთ.

– თქვენმა დარწმუნებამ გაამართლა.

– როცა თამადობას გთხოვენ, ყოველთვის თანხმდებით?

– სიმართლე გითხრა, თუ ძალიან ახლობელი არ არის, არა. ძალიან ბევრი მირეკავს, ძალიან ბევრი შუამავალს მიგზავნის, დამღალეს. ვიღაცამ ჭორი გაავრცელა ქალაქში და მინდა, დიდი ასოებით დავწერო, არ დავდივარ სათამადოდ არანაირი თანხის სანაცვლოდ?

– თანხას გთავაზობენ?

– გაგეცინება და რამხელა თანხას მთავაზობენ, უნდა ნახო. საიდუმლოდ დავტოვებ – რამდენს, მაგრამ ძალიან დიდი თანხებია. მეგობრებთან და ნათესავებთან, რა თქმა უნდა, ვთამადობ. ერთი კაცი მოვიდა და თამადად დამპატიჟა, – არ გიცნობთ და როგორ-მეთქი? აბა, იმის ქორწილში რომ ითამადეო? – ჩემს ბიძაშვილზე მეუბნება. ბიძაშვილის ქორწილში რას ვიზამ, შენ უნდა გკითხო თუ როგორ არის ჩემი საქმე-მეთქი?

– რომელიმე სუფრას თუ გაიხსენებთ, ყველაზე მეტად რომ დაგამახსოვრდათ, სადაც გითამადიათ?

– წეღანაც გითხარი, რომ შინაურებთან ვთამადობ და როცა ადამიანი შენიანია, გიყვარს და პატივს სცემ, ყოველთვის კარგია და გამორჩევა რთულია. მაგრამ, რა თქმა უნდა, ყოველთვის ერთნაირად არ გამოდის. თუმცა, ყველაზე კარგად თამადობა, ალბათ, მაშინ გამოდის, როცა ადამიანი ძალიან გიყვარს და გულით გინდა, ასიამოვნო.

ქუთაისში იყო ერთი სუფრა. საღამოა, შვიდი საათია და ჭიჭიკიას ხვდება შალიკია. რაია, ბიჭო, ქორწილში არ ხარო? – ვიყავიო. მერე, ასე უცებ დამთავრდაო? ოო, დამთავრდა კი არა, თამადა იყო ვიღაცა ხვადაგი. ყველა სადღეგრძელოზე იძახდა ერთი ნაბიჯით წინ წავიწიოთ, ერთი ნაბიჯით წინ წავიწიოთო... მეათე სადღეგრძელოზე ქე ვიყავი უკვე ჭიშკართანო... 

კაი ქორწილი იყო ქუთაისში და გოგოს მხრიდან მღვდელი იყო სტუმრად. ბიჭის მხრიდან გადმოვიდა ერთი ახალგაზრდა და მამაო, გინდა თუ არა, „შალახო“ მეცეკვეო. მღვდელმა იფიქრა, მე გოგოს მხრიდან ვარ, ეს – ბიჭის მხრიდან, ახალი დანათესავებულები ვართ და უარი რომ ვუთხრა, შეიძლება, გულში ჩაიდონ, მერე რაღაც შარი უნდა მოხდეს და მე დამბრალდებაო. ამიტომ, დათანხმდა „პატარა შალახოზე“. გავიდა ერთი-ორი საათი და კიდევ მოადგა: მამაო, „აჭარული“ უნდა მეცეკვოო. მღვდელმა – აუ, ახლა ეგი ნასვამია, წეღან „შალახო“ ვეცეკვე, ახლა შარს ეძებს, ატყდება ჩხუბი და ყველაფერი მე დამბრალდებაო და „პატარა აჭარულიც“ ეცეკვა. ქორწილი მთავრდება და ბოლოსკენ „მარჯანჯას“ უკრავენ. მოადგა და მამაო, მეცეკვეო. მამაომ ამოხედა და: მომისმინე, შვილო, შავი კაბა რო მაცვია, ქვრივი კი არ ვარ, რას გედემეკიდე, წადი, ქალი ნახე ვინმე და იმას ეცეკვეო... 

ახლა, საირმეში ვარ. ერთი ხანშიშესული კაცი შემხვდა, გადამეხვია, გადამკოცნა, ქობულეთელია და მეუბნება – მთელი ოჯახი შენი ფავორიტები ვართო (იცინის). საინიძე ვარ გვარადო, მითხრა და ჩემი შვილიშვილის ქორწილში უნდა დაგპატიჟო. ყანწები უნდა დავლიოთ მე და შენ ერთადო. მე ვუთხარი, რამდენი წლის არის შენი შვილიშვილი-მეთქი? – სამისო (იცინის). ახლა ველოდები, როდის გაიზრდება. ქობულეთელ ბავშვს რომ ჰკითხეს, რა უნდა გამოხვიდეო, იცი, რა უპასუხა? მდგმურიო. ყველაზე კარგად ეგენი ცხოვრობენ ბათუმში ზაფხულშიო.

– როცა თამადა ხართ, ბუნებრივია, ბევრის დალევა გიწევთ. ისე თუ დამთვრალხართ, მეორე დღეს რომ აღარაფერი გახსოვთ?

– როცა თამადა ვარ, ბოლომდე ვაკონტროლებ თავს. სუფრას დავამთავრებ და გარეთ რომ გამოვდივარ, მერე შეიძლება, მოვწყდე, მაგრამ, სანამ სუფრაზე ვარ, მაქსიმალურად მობილიზებული ვარ. თამადობა არ არის ადვილი საქმე, ოჯახი გენდობა, ამხელა ხარჯს ეწევა და წარმოიდგინე, თამადამ რომ გააფუჭოს სუფრა. ეს დიდი პასუხისმგებლობაა და ნდობა უნდა გაამართლო. 

– თქვენ თვითონ თუ აფორმებთ თამადობისას სუფრას მუსიკალურად?

– როცა თამადა ვარ, ვმღერი კიდეც, ლექსსაც ვამბობ, ვცეკვავ კიდევაც და სადღეგრძელოებსაც ვამბობ. თამადა უნდა იყოს მრავალმხრივ ერუდირებული – განვითარებული. უნდა იცოდეს თავისი ქვეყნისა და მსოფლიოს ისტორია, უნდა იცოდეს ლექსები, სიმღერები, ცეკვა და გინებაც.

– გჭირდებათ ხოლმე გინება?

– იცი, რა არის ახლა? ხუთასკაციან ქორწილში ხო არ შეიგინები, მაგრამ შენთვის ხომ მაინც უნდა იცოდე?! გული რომ მოიფხანო (იცინის). ერთ რაღაცას ვერ ვიგებ, როდესაც ქორწილში მიდიხარ საქეიფოდ, რატომ უნდა იჩხუბო? თუ ხედავ, რომ თავს ვერ აკონტროლებ, ადექი და წადი. მე ვიცი, ქორწილი რამხელა ჯაფასთან და ნერვებთან არის დაკავშირებული. ფინანსურ მხარეს რომ დავანებოთ თავი. მერე გამოხტება ვიღაც მამაძაღლი და უნდა აგირიოს ყველაფერი. ყოფილა შემთხვევა, როდესაც ადამიანს მოვუკითხივარ და ვერ მიცვნია. მერე უთქვამთ: აი, მე ის ვარ, ამის და ამის ქორწილში მეთოთხმეტე მაგიდაზე რომ ვიჯექიო (იცინის). ასეთი კურიოზებია ხოლმე. ცხოვრება კურიოზებით არის სავსე, რომ არ ელოდები, ისეთით. ხომ გითხარი, ახლა საირმეში ვარ-მეთქი. აქ არის წყალქვეშა მასაჟები, თერმული წყლებია. „ვანაში“ ჯდები და რაღაც აპარატია, კერხერივით, წყალში ჩართავ და აკეთებს მასაჟს. მოსამსახურე ქალბატონს ვეკითხები, რამდენი წელია, რაც აქ მუშაობთ-მეთქი? – 1983 წლიდან, გახსნის დღიდანო. აბა, თქვენთან არ არის საშიში და სხვასთან შეიძლება, საფრთხე იყოს. ახალბედას ხელი რომ აუკანკალდეს და გამრავლების ტაბულაზე მოგარტყას, ხომ დაიღუპე კაცი-მეთქი (იცინის). ერთხელ, კახეთში ვარ, ძმაკაცთან და პაპამისს ჰქონდა პროთეზის კბილები. ძმაკაცის ბიძასთან რთველში წავედით. რომ მივედით, პაპა ჩემს ძმაკაცს ეუბნება, – ვაიმე, შვილო, კბილები დამრჩაო. ესეც წავიდა და მოუტანა, მაგრამ პროთეზი ჭიქაში იდო. იმას ამოუღია და გაზეთში გაუხვევია. მოიტანა, ჩაისვა სიმონა პაპამ პროთეზი და გაიღიმა. გაიღიმა და პროთეზზე ასოები იყო მიხატული, რაღაცეები ეწერა კბილებზე (იცინის). ახლა ზესტაფონელი მეგობრები შემხვდნენ და ამბავს მომიყვნენ. ერთი ცოტა ჭკუანაკლული ყოფილა, მაგრამ ძალიან ჯანიანი კია თურმე. ვიღაცას რემონტი ჰქონია და ამას მისთვის მეცხრე სართულზე ერთი ზილი აგური აუტანია ბეჭებით, ის კი სახლში არ დახვედრია. რომ მოსულა, ის აგური ისევ დაბლა დახვედრია. გაბრაზდა თურმე, სახლში რომ არ დახვდა, მაგის მოსატყუარი ვიყავი მე? ფული უნდა მოეცაო და უკანვე ჩამოუზიდავს... ერთხელ კიდევ, ეს ჭკუანაკლული მისულა ანსამბლის ხელმძღვანელთან, რომელსაც ზესტაფონის ცეკვის ანსამბლი რუსეთში მიჰყავდა და უკითხავს: რუსეთში მიდიხარო, – კიო. ცოლიც მიგყავსო? – კიო. რად გინდა იქ ცოლი, ისედაც ბევრი ქალები იქნებიან, დამიტოვე მე და დაგახვედრებ ისევო (იცინის).

– ორი ქალიშვილი გაათხოვეთ, საინტერესოა, თქვენ ვის ანდეთ თამადობა?

– უფროსი ქალიშვილის ქორწილში გია ბაღაშვილი ბრძანდებოდა თამადა. შუათანა ქალიშვილის ქორწილში – დავით ივანიშვილი, ჩემი ძმა და მეგობარი იყო თამადა და სხვათა შორის, აღფრთოვანებულია ხალხი მისი თამადობით. 

– საყვარელი სადღეგრძელო თუ გაქვთ, რომელსაც განსაკუთრებული ფორმით წარმოთქვამთ?

– მეგობრობის სადღეგრძელო მიყვარს ძალიან. ფორმას რაც შეეხება, დაზეპირებული სადღეგრძელოები არ არის ჩემში. იმ წუთში რაც მომდის ჯიგარსა და თავში, რაც გულიდან ამოდის, იმას ვამბობ. არსებობს დალევის სხვადასხვანაირი ფორმა. მაგალითად, მეგობრობის სადღეგრძელოს ბოთლით და ჭიქით ერთადა ვსვამ... კახეთში ვიყავით ჩასულები ძმაკაცთან და შევუბერეთ. მეორე დღეს პახმელიაზე კიდევ შევუბერეთ. ჩემმა ძმაკაცმა მანქანიდან ჭურჭელი გადმოიტანა, ორი ცალი ოციანი და ეგ რა არისო, – პაპამ იკითხა. რავი, აი, ღვინისთვის ჭურჭელი ჩამოვიტანეო. თავი დაანებე, უკან ჩაალაგე, ესენი თავიანთი ყოჩაღი ჭურჭლებით არიან ჩამოსულებიო. ერთი ასი ლიტრა ღვინო დავლიეთ ორ დღეში.

 

скачать dle 11.3