როგორ იძია მამაკაცმა შური ცოლზე, რომელიც მის მეგობართან ერთად გაიპარა
ახალგაზრდა მამაკაცი, რომელიც წარსულში პატიმრობაში ავტოსაგზაო შემთხვევის გამო მოხვდა, რომელსაც პატარა ბავშვის სიცოცხლე ემსხვერპლა, ცოლისა და თავისი მეგობრის გამო მძიმე დანაშაულის ჩადენისთვის დააკავეს – მან ჯერ ცოლი მოკლა, შემდეგ კი მძიმე დაზიანებები მიაყენა ბავშვობის მეგობარს, რომელთან ერთადაც მისი ცოლი რამდენიმე დღე იყო დაკარგული.
სასტიკ მკვლელობას, რომელიც 36 წლის ჯონი ჯ-შვილმა ჩაიდინა, წინ უძღოდა მისი მეუღლის, 40 წლის თაკო თ-იას სამდღიანი გაუჩინარების ამბავი. ახალგაზრდა ქალი ერთ ჩვეულებრივ დღეს ისე უგზო-უკვლოდ გაუჩინარდა, რომ მის ძებნაში სამართალდამცველებიც კი ჩაერთნენ. ორი შვილის დედა ყველას უბედური შემთხვევის მსხვერპლი ეგონა, თუმცა, მას შემდეგ, რაც აღმოჩენილ იქნა მეგობართან დატოვებული წერილი, რომელშიც ეწერა, რომ ქალი თავისი ნებით იყო სახლიდან წასული, მისი ძებნა მეგობრის დახმარებით უკვე სხვა ვერსიით გაგრძელდა. სამდღიანი ძიების შემდეგ თაკო თ-ია, სახლში დაბრუნდა, ოჯახის წევრებისთვის გადასაცემად მეგობართან დატოვებული წერილის შინაარსი და მისი გაუჩინარების რეალური მიზეზი კი მისივე თხოვნით არ გახმაურდა. ქალმა ქმართან და ოჯახთან თავი შეთხზული ვერსიით გაიმართლა – დეპრესიულ მდგომარეობაში ვიყავი და მარტო ყოფნა მინდოდაო, თუმცა, ამ ფაქტიდან რამდენიმე დღეში, მისი ოჯახის წევრებისთვის ცნობილი გახდა ქალის გაუჩინარების ნამდვილი მიზეზი, – ოჯახის შექმნის მიზნით ის ქმრის მეგობართან, ვადო მ-შვილთან ერთად იყო გაპარული.
საქმის მასალების მიხედვით, გამოძიებისთვის ცნობილი გახდა, რომ თაკო თ-იას ფარული რომანი ჰქონდა ვადო მ-შვილთან, რომელიც მისი ქმრის ბავშვობის მეგობარი იყო.
ამონაწერი მოწმის, ჯონი ჯ-შვილის დის, მარინა ჯ-შვილის ჩვენებიდან:
„როდესაც ჩემი ძმა ავტოსაგზაო შემთხვევის შემდეგ ციხეში მოხვდა, თაკო რამდენიმე თვე თავის მშობლებთან გადავიდა საცხოვრებლად. ჯონიმ ციხიდან შემოუთვალა, თუ ჩემი ცოლი ხარ, ჩემს ოჯახში უნდა დარჩეო. ვხვდებოდი, რომ ჯონისა და თაკოს ურთიერთობა არეული ჰქონდათ; უფრო მეტიც, რამდენჯერმე ყური მოვკარი, რომ მას ზედმეტად ახლო ურთიერთობა ჰქონდა ჩემი ძმის მეგობართან, ვადო მ-შვილთან, მაგრამ, ამაზე ყურადღება არ გამიმახვილებია. ჯონი ექვი წლის ნაცვლად, ორ წელიწადში გაათავისუფლეს პატიმრობიდან. ციხიდან გამოსვლის შემდეგ მას ძალიან გაფუჭებული ჰქონდა ხასიათი, თუმცა, ეს ბუნებრივად მიგვაჩნდა, ვფიქრობდით, რომ ეს გაუვლიდა, მაგრამ, თაკოსა და ჯონის ურთიერთობა უფრო და უფრო არ მომწონდა, რადგან, ბოლო პერიოდში გამუდმებით ჩხუბობდნენ. იმ დღეებში, როდესაც თაკო სახლიდან გაუჩინარდა, მეც დავეჭვდი, სად შეიძლებოდა, ასე მოულოდნელად გამქრალიყო. ჩემი მეგობრისგან გავიგე, რომ ის ვადოსთან ერთად იყო წასული, რომელიც თაკოს ცოლად მოყვანას დაჰპირდა. ისე, რომ ჩემს ძმას არ გაეგო, ვადოს დავუკავშირდი და ვუთხარი: თაკო სახლში დააბრუნე, თორემ, ამას დიდი ტრაგედია მოჰყვება-მეთქი. ვადომ ჩემთან საუბარში თავიც კი იმართლა – შენი თაკო კი არ მომიტაცებია, თვითონ გამომეკიდაო. ასე იყო ეს ამბავი, თაკო სახლში დაბრუნდა, მე კი ჯონისთვის არაფერი მითქვამს. თაკო გავაფრთხილე: ახლა ჩემს ძმას ვუფრთხილდები, მაგრამ, მოვა დრო და ამ ამბავს არ გაპატიებ-მეთქი. მან ჩემთან აღიარა, რომ ქმრის მეგობარს გაჰყვა ცოლად, თუმცა, იმის გამო, რომ ამას დიდი აურზაური მოჰყვებოდა, ცოტა ხნით უკან დაბრუნდა. ჩვენი საუბრიდან, ალბათ, სამი დღე იქნებოდა გასული, როდესაც, გვიან ღამით, ცოლ-ქმრის საძინებლიდან ყვირილისა და მტვრევის ხმა გავიგონე. ოთახში შევვარდი და დავინახე, რომ ჯონი თაკოს ფიზიკურად უსწორდებოდა და უყვიროდა – მითხარი, სად იყავი ეს სამი დღეო. თაკო თავისი ქმარს ფეხებში ჩავარდნოდა და პატიებას სთხოვდა. მივხვდი, რომ ეს ამბავი ასე არ დასრულდებოდა – ჯონი თუ გაიგებდა, რა მოხდა სინამდვილეში, არც ცოლს და არც თავის მეგობარს ამას არ აპატიებდა.”
როგორც გამოძიებისთვის გახდა ცნობილი, ჯონი ჯ-შვილისთვის მკვლელობის დღეს გახდა ცნობილი, სადაც იმყოფებოდა მისი მეუღლე. ჯონი ჯ-შვილი სახლში გვიან დაბრუნდა. ოჯახის წევრების ჩვენების მიხედვით, ის პირდაპირ ავიდა მეორე სართულზე, სადაც მის მეუღლესა და ბავშვებს უკვე ეძინათ.
ამონაწერი მოწმის მარინა ჯ-შვილის ჩვენებიდან: „როდესაც ხმაურზე და ბავშვების კივილზე მე და ჩემი და მეორე სართულზე ავედით, ყველაფერი უკვე დასრულებული იყო: ჯონი თაკოს გასისხლიანებულ საწოლში ადგა თავზე, ირგვლივ ყველაფერი სისხლით იყო მოსვრილი. ჯონი ისეთ აგონიაში იყო, ვერავის ვერ გვხედავდა და ისევ ყვიროდა – ასე რატომ გადამიარე, ასე როგორ გამწირეო. მე და ჩემმა დამ ძლივს წავართვით ხელიდან სისხლიანი დანა. უცებ, თითქოს გონს მოეგო, მაშინვე ქვედა სართულისკენ დაეშვა. მე შემეშინდა და გავეკიდე. ჭიშკრამდე მივდიე, მაგრამ, ვერ დავეწიე – მანქანაში ჩაჯდა და წავიდა. დაახლოებით ერთ საათში მეზობლისგან გავიგე, რომ ჯონიმ ვადო სახეში დაჭრა. საქმის მასალებით, მას შემდეგ, რაც ჯონი ჯ-შვილმა ცოლს დანით ყელის არეში მიაყენა სასიკვდილო ჭრილობები, მან შემთხვევის ადგილი დატოვა და წავიდა რესტორანში, რადგან, იცოდა, რომ ვადო იქ ქეიფობდა. მან მოღალატე მეგობარს დანა ორჯერ გადაუსვა სახეზე. თვალისა და ყბის არეში მიყენებული მძიმე დაზიანებების მიუხედავად, ვადო მ-შვილი სიკვდილს გადაურჩა.
ბრალდებულმა ჯონი ჯ-შვილმა, რომლის მიმართაც სისხლის სამართლის საქმე ცოლის მკვლელობისა და მეგობრის მკვლელობის მცდელობის მუხლით აღიძრა, ჩადენილი დანაშაული აღიარა. ბრალდებული ნანობდა, რომ ცოლი შვილების თვალწინ მოკლა. სასამართლომ ის დამნაშავედ ცნო, თუმცა, განსასჯელის გათავისუფლებას ითხოვდა მთელი სოფელი – მოსახლეობა აცხადებდა, რომ მან დანაშაული ძლიერი სულიერი აღელვების ნიადაგზე ჩაიდინა. სასამართლომ ეს გაიზიარა შემამსუბუქებელ გარემოებად, მაგრამ, ჩადენილი დანაშაულისთვის მას 9 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა.