კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

მაფიის შვილობილი

მერაბი და გულბათი ჩქარი ნაბიჯებით შევიდნენ ეზოში და სახლის კიბეებთან შედგნენ. ერთად შეჯგუფებულ მაღალჩინოსან მილიციელებს აფხაზეთის შინაგან საქმეთა მინისტრი ჩვეულ სტილში, მკაცრად ელაპარაკებოდა. ახალმოსულები რომ შენიშნა, პირველად მერაბს ჩამოართვა ხელი, შემდეგ კი გულბათს. იგივე გაიმეორეს სხვებმაც. მისალმების პროცედურა რომ დასრულდა, გენერალმა გამრეკელი მოიკითხა და ბოლოს უთხრა:

– თქვენთვის არც უქმე არსებობს, არც შვებულება და არც თაფლობის თვე? მაინც საქმისკენ გამოგიწიათ გულმა, მაიორო, ხომ?

მერაბს არც მინისტრი დაუპატიჟებია ქორწილში და არც სოხუმის მილიციის სამმართველოს უფროსი, რადგან ისინი თავის ახლობლებად არ მიაჩნდა. მლიქვნელობა კი არ შეეძლო. ამიტომ, გენერლის სიტყვებში ფარული ბოღმა შენიშნა, თუმცა, არ შეიმჩნია და მიუგო:

– თუ სწორად მაცნობეს, ძალიან სერიოზულ დანაშაულთან – სამმაგ მკვლელობასთან გვაქვს საქმე. თანაც, ჩვენი კოლეგაა მოკლული.

– სამწუხაროდ, ასეა. ცოლ-ქმარ ბუთბების გარდა, ექსპერტი ჯონდო სარიაცაა მოკლული. პირველადი მონაცემებით, მათ ერთმანეთი დახოცეს, – თქვა მინისტრმა,  და მხრები აიჩეჩა, – მაინც ვერ ვხვდები, აქ სარიას რა უნდოდა.

– უკაცრავად, ამხანაგო გენერალო, უნდა დაგტოვოთ და სახლში შევიდეთ.

„ლაწირაკი! რა ამის საქმეა აქაურ ამბებში ცხვირის ჩაყოფა. გამომივიდა შერლოკ ჰოლმსი“, – გულში გაიფიქრა დაბოღმილმა გენერალმა, გამრეკელს კი გაუღიმა და უთხრა:

– რა თქმა უნდა, მაიორო, მიბრძანდით. შიგნით ექსპერტები და გამომძიებლები მუშაობენ. ნესტორიც, ალბათ, მალე მოვა. მას დავაწერე ეს საქმე და, იქნებ, ერთად შეიმუშავოთ ვერსიები.

კიბეებზე რომ ადიოდნენ, გულბათმა მერაბს უთხრა:

– თუჯის თავი ექნება ახლა ნესტორს – საშინელი პახმელია იცის და, რა მოკვლევისა და ვერსიების თავი ექნება მაგას?

– რატომ?

– იმიტომ, რომ წუხელ ერთად ვიქეიფეთ ყალიჩავასთან. ისეთი მთვრალი იყო, ისეთი, რომ ფეხზე ვერ იდგა. სანამ მე ტუალეტში ვიყავი, ჩაჯდა მანქანაში და სუფრიდან გამეპარა, – გაეცინა მარგიანს, – მეც მაგრად ვიყავი, მაგრამ, იმდენი მაინც მოვახერხე, რომ სახლში მისვლისთანავე სოხუმში, სახლში დავურეკე და, მისმა ცოლმა მითხრა, მკვდარივით სძინავსო.

– შევიდეთ, ვნახოთ, რა მოხდა, – თქვა მერაბმა და ღია კარის ზღურბლზე გადააბიჯა.

ერთსართულიან, ოროთახიან სახლში ოცამდე ადამიანი იმყოფებოდა. ექსპერტი ჯონდო სარია და დაურ ბუთბას მეუღლე, ცირა ეხვაია, ორადგილიან საწოლზე ეყარნენ. ქალს ტყვია მარცხენა თვალში ჰქონდა მორტყმული; ჯონდო სარიას კი, ერთი ტყვია მარჯვენა ბარძაყში, ერთიც – თავში. დაურ ბუთბა საწოლიდან ორი მეტრის მოშორებით ეგდო და ტყვია გულში ჰქონდა მოხვედრილი. სარიასაც და ბუთბასაც „მაკაროვის“ სისტემის პისტოლეტები ეკავათ ხელში.

ოთახში შეკრებილებმა მერაბი და გულბათი რომ დაინახეს, საქმიანობა შეწყვიტეს და ახალმოსულებს მიაჩერდნენ. მერაბმა ყურადღებით შეათვალიერა მოკლულები და ჩაფიქრდა. მას ოცდათხუთმეტიოდე წლის მამაკაცი მიუახლოვდა და უთხრა:

– გამარჯობა, ბატონო მერაბ. მე ბონდო გვალია ვარ, ექსპერტ-კრიმინალისტი.

– გაგიმარჯოს! – მაიორმა ხელი ჩამოართვა გვალიას და სმენად იქცა.

– ბატონო მერაბ, სურათებიც გადავიღეთ და სიტყვიერი აღწერაც მზად მაქვს უკვე, მაგრამ, გამომძიებლის გარეშე მაინც არ გავატანეთ მორგს გვამები. პესკასელს აწერია ეს საქმე და ნახოს ნესტორმაც. რას ფიქრობთ ამ მკვლელობებზე?

– თქვენ რას ფიქრობთ? – კითხვა შეუბრუნა მერაბმა.

– აშკარაა, რომ პირველმა ბუთბამ გაისროლა და თავისი ცოლი მოკლა, შემდეგ ჯონდოს ბარძაყში მოარტყა; ბოლოს კი ბუთმამ და ჯონდომ ერთდროულად გაისროლეს და ერთმანეთი დახოცეს, – თქვა გვალიამ, – შეუსწრო, ეტყობა, დაურმა ცოლს ჯონდოსთან და შური იძია – ასე ვფიქრობ მე. სხვა ვერსია გამორიცხულია თითქმის. ასე არაა, ბატონო მერაბ?

გამრეკელმა პასუხს თავი აარიდა, გვალიას დაურ ბუთბასა და ჯონდო სარიას „მაკაროვების“ ნომრები დაუსახელა და ჰკითხა:

– სწორია? ბუთბასა და სარიას „მაკაროვებს“ ეს ნომრები აქვთ?

– ზეპირად არ მახსოვს, ახლავე ვნახავ, – მიუგო გვალიამ. შემდეგ ოქმში ჩაიხედა, თან მერაბს პისტოლეტების ნომრები გაამეორებინა და გაოცებული სახით ჰკითხა:

– საიდან იცით, ბატონო მერაბ? ნომრები ზუსტად ემთხვევა!

მერაბ გამრეკელს „გადაღეჭილი“ ჰქონდა წართმეული პისტოლეტების საქმეები, რომლებიც სერგისა და დანარჩენ მკვლელობებთან იყო დაკავშირებული. მას ამ საქმეების ყველა წვრილმანი ახსოვდა, თანაც, გვალიასგან განსხვავებით, საკუთარი ვერსია გააჩნდა ამ სამმაგ მკვლელობაზე. მაიორმა პაუზა გააკეთა და გვალიას უთხრა:

– ეს მკვლელობები ერთი დიდი საქმის ნაწილია. ის საქმე კი საფუძვლიანად მაქვს შესასწავლი და ყველა დეტალი მახსოვს.

– გასაგებია, ბატონო მერაბ, – თქვა გვალიამ, – აი, ნესტორიც მოვიდა.

მაიორი ნესტორ პესკასელი მძიმე ნაბიჯებით და „მჟავე“ სახით შევიდა ოთახში. ჯერ გულბათს ჩამოართვა ხელი, მრავალმნიშვნელოვნად გაუღიმა და უჩურჩულა: „ისეთი გატიალებული ვიყავი წუხელ, რომ არაფრის ტრაკი არ მქონდა. არა, რა, მეტს აღარ დავლევ“, – შემდეგ მერაბს მიუახლოვდა, კეთილგანწყობილად გაუღიმა, ხელი ჩამოართვა და უთხრა:

– როგორ ხარ, მერაბ? რამდენი ხანია, არ მინახავხარ. რაც თანამდებობაზე დაგნიშნეს, ერთმანეთს აღარ შევხვედრივართ.

– შენ როგორ ხარ?

– ისე ცუდად, რომ ხუჟე ნეკუდა, – წაურუსულა პესკასელმა და დაამატა: – წუხელ ისე გამოვთვერი ყალიჩავასთან, სახლში როგორ მივედი, მიკვირს. კიდევ კარგი, ან ზღვაში არ გადავიჩეხე, ან ავარიაში არ მოვყევი. არა, რა, მეტს აღარ დავლევ...

– ღვინო ჭურს ხეთქავს, – ღიმილით თქვა მერაბმა.

– ეგრეა, – დაეთანხმა პესკასელი, ხელი ჩაიქნია, მძიმედ ამოისუნთქა და ჰკითხა, – რა მოხდა აქ, რა საშინელებაა...

– აი, შენ თვითონ ნახე, – მერაბმა მოკლულებისკენ გაიშვირა ხელი.

პესკასელმა სამიოდე წუთი ათვალიერა მოკლულები, შემდეგ ექსპერტი ბონდო გვალია იხმო და უთხრა:

– ბუთბამ ჯერ ცირას ესროლა თვალში და ადგილზევე მოკლა, შემდეგ ჯონდოს მოარტყა ბარძაყში, ბოლოს კი ბუთბამ და ჯონდომ ერთდროულად ესროლეს ერთმანეთს და სასიკვდილოდ ჭრილობები მიაყენეს. ასეა?

– მეც ზუსტად ასე ვფიქრობ, სხვა ვარიანტი აქ გამორიცხულია, – დაეთანხმა გვალია პესკასელს.

– პისტოლეტები და მასრები ახლავე დალუქე და ბალისტიკაზე გაუშვი სასწრაფოდ. მოგვიანებით კი მორგიდანაც წაიღე ოთხი ტყვია და ისინიც გაუშვი. ჩქარა ქენი, ბონდო, ჩქარა, უსერიოზულესი „ჩეპეა“ და დრო არ ითმენს!

– ახლავე, – მიუგო გვალიამ და საქმიანობას შეუდგა. პესკასელმა კი პათანატომს დაუძახა და ჰკითხა:

– რომელ საათზე მოხდა ეს საშინელება?

– ღამის პირველიდან ორამდე, – მტკიცედ მიუგო პათანატომმა.

– თუ არ მეშლება, ოთხივე ტყვია სხეულში აქვთ მოკლულებს.

– კი, ასეა, – დაუდასტურა პათანატომმა პესკასელს.

– რაც შეიძლება მალე გაკვეთე და ტყვიები ბონდოს გაატანე. დასკვნებიც სასწრაფოდ მჭირდება. უსერიოზულესი „ჩეპეა“. პირადად მინისტრი კურირებს ამ საქმეს და, აბა, შენ იცი!

პათანატომმა თავი დაუქნია პესკასელს. შემდეგ სანიტრები იხმო და სამივე გვამი საკაცეებით გაატანინა, თან, სანიტარ შოპენას შეუღრინა, რომელიც ოპერა „კარმენის“ მელოდიას უსტვენდა და მოკლულ ჯონდო სარიას მხიარული სახით უმზერდა.

– როგორ აკლია შოპენას – თავი გააქნია გულბათ მარგიანმა, – ჯონდო სულ დასცინოდა მაგას და, მკვდარს რომ უყურებს, უხარია, მგონია.

პესკასელმა გამომძიებლები იხმო და მეზობლების გამოკითხვის შესახებ ჰკითხა. გაარკვია, რომ ამ მკვლელობებს არც თვითმხილველი ჰყოლია და არც გასროლების ხმა გაუგონია ვინმეს.

– ამხანაგო მაიორო, – უთხრა პესკასელს ერთ-ერთმა გამომძიებელმა, – არცაა გასაკვირი, რომ გასროლების ხმა არავის გაუგია. ჯერ ერთი, ეს სახლი მოშორებით დგას სხვა სახლებისგან; მეორე ის, რომ აქ მუშა ხალხი ცხოვრობს, დილით ადრე დგებიან და ღამის პირველ საათზე უკვე ყველას სძინავს. თანაც, აქ რკინიგზა გადის, მატარებლები ინტენსიურად მოძრაობენ და ისეთი ხმაურია, რომ ზარბაზნის გასროლასაც კი ჩაახშობს.

– გასაგებია. ოქმები სამმართველოში მიიტანეთ და, რომ დავბრუნდები, საქმეში ჩავაკრავ, – უთხრა პესკასელმა ხელქვეითებს და გაისტუმრა. გავიდა გულბათიც, რადგან ერთ-ერთ გამომძიებელთან რაღაც პირადი საქმე ჰქონდა და ოთახში მხოლოდ მერაბი და ნესტორი დარჩნენ. პესკასელმა სიგარეტი გააბოლა, უკიდურესად დამწუხრებული სახე მიიღო და ჩაილაპარაკა:

– ჰმ... გადაირევა ფატი. ცირა მისი დეიდაშვილია, ძალიან უყვარდა და, მის უბედურებას რომ შეიტყობს, ცას შეძრავს კივილით. რა ვქნა, არ ვიცი, როგორ შევატყობინო ჩემს ცოლს ეს ამბავი.

– რას ფიქრობ, ნესტორ, რა მოხდა წუხელ აქ, რა ვერსიას წარუდგენ მინისტრს? – ჰკითხა მერაბმა პესკასელს.

– რას და, ჯონდოსა და ცირას დედა რომ ვატირე, იმას, – გამწარებით თქვა პესკასელმა და დაამატა: – რაც არ უნდა ვეცადო, რომ ეს ამბავი დავმალო, მაინც არაფერი გამოვა. საყვარლები იყვნენ ჯონდო და ცირა. ბოზობდა, როგორც ეტყობა, ჩემი ცოლის დეიდაშვილი, იმ კაციჭამიამ კი ყველაფერი შეიტყო, თავზე წამოადგა და, ისინიც დახოცა და თვითონაც ჩაძაღლდა. შურისძიების ვერსიას ვერსად გავექცევი და სწორედ ამის მრცხვენია მე. რაღა მაინცდამაინც მე შემომტენა მინისტრმა ეს საქმე?

 – ჯონდო სარიას „მაკაროვზე“ რას იტყვი?

– რა უნდა ვთქვა! იმ ცინიკოს ნაბოზარს უკანონო იარაღი ჰქონია მფლობელობაში. ეშინოდა, ეტყობა, კაციჭამია დაურ ბუთბასი და, მის ცოლთან შესახვედრად როცა მიდიოდა, პისტოლეტიც თან დაჰქონდა. ისე, იმ პისტოლეტის კვალს უნდა გავყვე და გამოვააშკარავო, ვისგან იყიდა „მაკაროვი“ – ესეც ძალიან სერიოზული ამბავია და დედა უნდა ვუტირო ამის მქნელს.

მერაბმა მშვიდად მოუსმინა პესკასელს და უთხრა:

– დაურ ბუთბა სერგი შამბას ტაბელური „მაკაროვითაა“ მოკლული, ჯონდო სარია კი იმ „მაკაროვით“, რომლიდანაც სამი ტყვია ესროლეს სოხუმის ბოტანიკურ ბაღში სერგი შამბას.

მერაბ გამრეკელის სიტყვებზე პესკასელს სახე ეცვალა, გაოცებული მზერა ესროლა მას და ჰკითხა:

– შენ საიდან იცი?

– ეგ საქმეები უწვრილმანეს დეტალებამდე მაქვს შესწავლილი და პისტოლეტის ნომრებით მივხვდი.

– ხომ არ გეშლება, მერაბ?

– არა, – თავი გააქნია გამრეკელმა, – სწორედ ასეა და წყალი არ გაუვა.

პესკასელი ჩაფიქრდა, ორიოდე წუთის შემდეგ კი მერაბს უთხრა:

– წარმოუდგენელი რამ გამოდის. თუ მართლა ისეა, როგორც შენ ამბობ, მაშინ, ის მოუხელთებელი ფანტომი ჯონდო სარია ყოფილა.

– კი, ასეა, – დაუდასტურა მერაბმა.

– როგორ, რუბენ ჩოჩიანი, ტიტე კალანდია და ვიტალი ტარკილი მან დახოცა და სერგის მკვლელობაშიც ჯონდო იყო გარეული, ანუ, ის ორგანიზებული ბანდის მეთაური იყო?

– როგორც ჩანს, – მიუგო მერაბმა.

– დაუჯერებელია, დაუჯერებელი... – იმეორებდა პესკასელი.

– მაგრამ, ფაქტია, ფაქტებს კი ვერსად გავექცევით, – დაამატა მერაბმა.

პესკასელმა სიგარეტი გააბოლა. შემდეგ ოთახში გაიარ-გამოიარა და თან იმეორებდა:

– კრეტინები ვართ, კრეტინები: ის ნაძირალა სამი წლის განმავლობაში ჩვენ ცხვირწინ ასეთ რამეებს სჩადიოდა და ჩვენ კი ტყემალზე ვისხედით. გახსოვს, რომ მითხარი, ფანტომი ან მილიციელია, ან ჩვენს საქმიანობაში კარგად ჩახედული ადამიანიო? თურმე, მართალი ყოფილხარ. მაგრამ, ჯონდო სარიაზე ნამდვილად ვერ ვიფიქრებდი ამას, ნამდვილად ვერ ვიფიქრებდი...

– ეშმაკი სწორედ ამიტომაა ეშმაკი, რომ ეშმაკობას ვერ მიუხვდე. როგორც ჩანს, ჯონდო უფრო ფართო ასპარეზზე მოქმედებდა და, იმედია, სხვა საქმეებზეც გავალთ, – თქვა მერაბმა.

– მდაა... ხუჟე ნეკუდა, – თავი გააქნია პესკასელმა, მერაბის წინ შეჩერდა და უთხრა: – მერაბ, ერთი რამ უნდა გითხრა და ნუ მიწყენ.

– თქვი, ნესტორ.

– მერაბ, ძმობა გვაქვს ერთმანეთში ნათქვამი, ძმებში კი გაურკვევლობა არ უნდა არსებობდეს.

„საიდან მოიტანა ჩვენი ძმობა“, – გუნებაში გაიფიქრა მერაბმა, ნესტორ პესკასელმა კი განაგრძო:

– ამიტომ, ჩემო მერაბ, პირდაპირ უნდა გითხრა: ხომ ჩემზე გქონდა ეჭვი?

– რისი ეჭვი?

– ფანტომი ხომ მე გეგონე?

– ეჭვი ყველაზე მქონდა – ასეთია ჩვენი პროფესია. მაგრამ, რატომ გგონია, რომ ფანტომი მაინცდამაინც შენ მეგონე? – ჰკითხა მერაბმა პესკასელს.

– ჯერ ერთი, იმიტომ, რომ ინტუიცია მკარნახობდა ამას. თანაც, არც სკალებზე წასვლის ამბავი მითხარი, თუმცა, წინა ღამეს ერთმანეთს შევხვდით ძია ასთამურის სახლში და ვილაპარაკეთ; არც ტრასაზე დადებული სარკის ამბავი მოგიყოლია ჩემთვის, რაც მე სრულიად შემთხვევით შევიყტვე – უბრალოდ, ეს ამბავი ჩვენმა თანამშრომლებმა მითხრეს, იმათ, ვინც შენ სოხუმიდან გაგრაში წაგიყვანა. იმ ღამეს, როდესაც მე და შენ ჩემს ოჯახში ვიქეიფეთ და, ჩემდა სამარცხვინოდ, სტუმარი კაცი მარტო გამოგიშვი შუაღამისას.

– არა, ნესტორ, გეშლება, ამჯერად ინტუიციამ გიმტყუნა. რაც შეეხება სკალაზე წასვლას, მე შენ მაშინვე აგიხსენი, რატომაც არ ჩაგაყენე წინასწარ საქმის კურსში. მე რომ წინასწარ მეთქვა ეს შენთვის და იქ ტარკილის გვამი არ დაგვხვედროდა, სასაცილო მდგომარეობაში აღმოვჩნდებოდი, მე კი ეს არ მინდოდა. სარკის ამბავი ხომ, საერთოდ არაა სათვალავში – ვიღაც იდიოტმა რაღაც სისულელე ჩაიდინა და, რა კავშირი აქვს ამას ან ფანტომთან, ან შენთან?

– როგორ, რა კავშირი?

– ჰო, რა კავშირი აქვს სარკეს ამ ყველაფერთან? – მხრები აიჩეჩა მერაბმა და პესკასელს გაოცებით შეხედა.

– შენ რა, მართლა არ იცი, რას ნიშნავს ღამით ტრასაზე დადებული სარკე?

– დაახლოებით ვხვდები ახლა, მაგრამ, შენ მითხარი, რას ფიქრობ.

– ღამით, ტრასაზე რომ სარკეს დაუდებ მძღოლს, თანაც, სოხუმი-გაგრის ტრასაზე, ეს იმას ნიშნავს, რომ მისი დაღუპვა გინდა – ეს „კაგებეს“ მეთოდია და ზუსტად ვიცი. თითქმის დარწმუნებული ვარ, რომ სარკე შენს მოსაკლავად იყო იქ დადებული.

– სიმართლე გითხრა, ამაზე არც მიფიქრია, – იცრუა მერაბმა, – შენ რომ ფანტომი ყოფილიყავი, ხომ არ გადაფრინდებოდი და სარკეს ისე ხომ არ დამიდებდი? იმ ღამეს არც მე ვიყავი ფხიზელი, მაგრამ, შენ ისეთი მთვრალი იყავი, რომ ოთახიდან ოთახში გასვლა გიჭირდა, არათუ ტრასაზე სარკის დადება.

– მაგაში მართალი ხარ, – გაეცინა პესკასელს, – წუხელაც მასეთ დღეში ვიყავი – გზას ძლივს ვხედავდი და კინაღამ ზღვაში გადავიჩეხე.

– ასე რომ, ჩემო ნესტორ, სარკის ისტორია მაინც შემთხვევითობა მგონია.

– არა, მერაბ, არა. თითქმის დარწმუნებული ვარ, რომ სარკე ჯონდო სარიამ დაგიდო. მიხვდა ის დამპალი, რომ კუდზე აჯექი. გამოაშკარავების შეეშინდა და გიჩალიჩებდა.

– ამას ახლა ვეღარ დაამტკიცებ. მთავარია, რომ ფანტომი გაიშიფრა. სამწუხარო ისაა, რომ ის ცოცხალი აღარ არის და ჩვენებას ვერ მოგვცემს.

– სამწუხაროა, ძალიან სამწუხარო... – დაეთანხმა  პესკასელი მერაბს, – ეს უკვე გავარკვიეთ, ახლა კი მეორე და მთავარი, ყოველ შემთხვევაში, მთავარი – ჩემთვის.

– კიდევ რამეა, კაცო? – გაეღიმა მერაბს.

– უმთავრესი, ჩემო მერაბ. ჩვენში, ძმებში რომ ხინჯი არ იყოს, ეს მომენტიც უნდა გაირკვეს, – თქვა პესკასელმა, ამოიხვნეშა და დაამატა: – პირველ რიგში, გილოცავ დაოჯახებას და გისურვებ დიდ ბედნიერებას, სიხარულს, სიყვარულსა და გამრავლებას!

– მადლობა, ნესტორ.

– ჩემო მერაბ, – პესკასელმა ოფლი მოიწმინდა, – დარწმუნებული ვარ, იცი, რომ მე თამარი მიყვარდა; რომ მისი ხელის სათხოვნელად ქალბატონ მართასთან მივედი და რომ ამის გამო მე და ცხონებულ სერგის კონფლიქტი მოგვივიდა ერთმანეთში.

– ვიცი, მერე რა?

– მინდა, იცოდე, მერაბ, რომ თამარი ჩემი დაა, შენ კი – ძმა. ალბათ, ამიტომაც არ დამპატიჟე შენს ქორწილში და, ცოლ-შვილს გეფიცები, არ მწყენია.

– არ იფიქრო, რომ ვიეჭვიანე; მეუხერხულა რატომღაც.

– მესმის შენი. მეც ზუსტად ასე მოვიქცეოდი, – გაუღიმა პესკასელმა მერაბს, – ყველაფერი გითხარი, რისი თქმაც მინდოდა და გულზეც მომეშვა. დღეიდან ჩვენში გაურკვევლობა აღარ არსებობს და ძმები ვართ.

– არანაირი გაურკვევლობა. კაცები ვართ და კაცებად დავრჩებით, არაკაცები კი საკადრისს მიიღებენ.

– გაიხარე, მერაბ, ძმაო, – მიუგო ნესტორმა და გამრეკელს გადაეხვია. შემდეგ თავი გააქნია და დაამატა: – ფატის რა ვუყო? ცირას ამბავს რომ გაიგებს, არ გადამერიოს.

– ნესტორ, მინისტრი გეძახის, – უთხრა ოთახში შემოსულმა ოფიცერმა პესკასელს, რომელიც მერაბთან ერთად გარეთ გავიდა.

პესკასელი მინისტრს გამოეჯგიმა და მოკვლევის შედეგები მოახსენა, თუმცა, ფანტომზე სიტყვაც არ დასცდენია და ბოლოს უთხრა:

– ამხანაგო გენერალო, ეს საქმე ორგანიზებულ დანაშაულთან მებრძოლი განყოფილების ქვემდებარეა და მათ მიაქვთ. ნება მიბოძეთ, გადავაბარო!

მინისტრს სულაც არ ეპიტნავებოდა ახალი განყოფილება, რომელიც მხოლოდ ფორმალურად ემორჩილებოდა მას, ფაქტობრივად კი, მისგან დამოუკიდებლად მოქმედებდა და თბილისიდან იმართებოდა. თუმცა, ვერაფერს გააწყობდა ამის წინააღმდეგ და ხმას არ იღებდა. მან პესკასელს გაუღიმა და მიუგო:

– არაფერი მაქვს საწინააღმდეგო, გადაეცით.

– არის, ამხანაგო გენერალო! – ისევ გამოეჯგიმა პესკასელი მინისტრს და აფხაზეთის ორგანიზებულ დანაშაულთან მებრძოლი განყოფილების უფროსისკენ გაემართა, რომელიც მოშორებით იდგა.

მინისტრმა მერაბს ხელი ჩამოართვა, „ვოლგაში“ ჩაჯდა და წავიდა, მერაბი და გულბათი კი პესკასელსა და თავიანთი განყოფილების სოხუმელ კურატორს მიუახლოვდნენ. გამრეკელმა მოუბოდიშა, ლაპარაკი შეაწყვეტინა მათ და თავის ხელქვეითს უთხრა:

– როგორც კი ექსპერტიზის პასუხებიც მოვა, მთელი საქმის ასლები სამინისტროში გადმოგზავნეთ!

– არის, ამხანაგო მაიორო! – გამოეჯგიმა მერაბს სოხუმელი კურატორი, რომელსაც გამრეკელმა ხელი ჩამოართვა და გამოემშვიდობა.

– უკვე მიემგზავრები, მერაბ? – ჰკითხა პესკასელმა გამრეკელს.

– დიახ, ჯერ ლენინგრადში მივფრინავთ, იქიდან კი – თბილისში. თუმცა, ხშირად ჩამოგაკითხავთ ხოლმე, – მიუგო მერაბმა პესკასელს და ხელი გაუწოდა.

ნესტორ პესკასელმა ჯერ ხელი ჩამოართვა მერაბს, შემდეგ გადაეხვია და უთხრა:

– ბედნიერი მგზავრობა, მერაბ. არ დაგვივიწყო!

მერაბი და გულბათი მარგიანის სამსახურებრივი „ვოლგით“ გაემგზავრნენ გაგრაში და გულბათმა მაიორს ჰკითხა:

– რომელ საათზე მიფრინავთ?

– ოთხზე უკვე ადლერში უნდა ვიყოთ, – მიუგო მერაბმა.

– ჯერ თორმეტიც არაა, მოვასწრებთ. მე წაგიყვანთ, – თქვა გულბათმა და მერაბს ჰკითხა, – შენს „ვოლგას“ ვინ წაიყვანს თბილისში?

– ჩემი მოადგილე, კოტე სოხაძე. დღეს ჩამოდის სოხუმში. ჰო, მართლა, გულბათ, იქნებ დახვდე და წამოიყვანო, ჩემებთან დარჩება.

– რაზეა ლაპარაკი, – გაეცინა მარგიანს, – დავხვდები კიდეც და ყალიჩავასთან ისე ვაქეიფებ, რომ არასდროს დაავიწყდება.

– ოღონდ, არ გადააჭარბოთ. ხომ ნახე, რა დღეში იყო ნესტორი.

– ჰოო... – ნესტორის ხსენებაზე სიცილი აუტყდა მარგიანს, – დაოთხილი დადიოდა მაიორი და სამარცხვინოდ გამეპარა სუფრიდან.

– რომელი საათი იყო, სუფრიდან რომ გაგეპარა?

– არ იყო გვიან, ათი... მაქსიმუმ, თერთმეტის ნახევარი.

– ორნი იყავით?

– კი, ორნი. ნესტორი ამიტყდა, ძალიან მშიერი ვარ და ვივახშმოთო. მაგრამ, ხომ იცი, ერთ ბოთლს რომ დაცლი, მერე გეხსნება და, მიდის და მიდის სასმელი.

– გამოდის, რომ ნესტორმა დაგპატიჟა ყალიჩავასთან, თვითონ კი გაგეპარა და სუფრა შენი გადასახდელი გახდა?

გულბათ მარგიანს უხერხულად გაეღიმა და მერაბს უთხრა:

– შენთან დასამალი რა მაქვს და მე მგონი, ყალიჩავა ფულს არ ახდევინებს ნესტორს.

– „მე მგონი” თუ, არ ახდევინებს?

– ალბათ, არ ახდევინებს. ჯიბეზე რომ გავიკარი ხელი, ყალიჩავამ მითხრა – გადახდილია, ჩემი და ნესტორის დუქანი რამ გაყოო.

– ნესტორი რა, დუქნის წილშია?

– ეგ არ ვიცი, მაგრამ, ასე თქვა.

– გულბათ, ძმაო, ხომ იცი, როგორ გენდობი. წილები, ქრთამები და სხვა მსგავსი რამ ჩვენს განყოფილებაში გამორიცხულია. ვინმე რომ ასეთ ამბავში გაებას, ან, თუნდაც ასეთი ინფორმაცია მოვიდეს, უპირობოდ გავაგდებ.

– რას ამბობ, მერაბ, ჩემთან ეს გამორიცხულია, სხვა კი, არ ვიცი, – მიუგო მარგიანმა და ჰკითხა: – როგორ ფიქრობ, ჯონდო სარია მართლა ამდენ მკვლელობას ჩაიდენდა?

– შენ როგორ ფიქრობ? – კითხვა შეუბრუნა მერაბმა.

– გამორიცხული არაფერია, მაგრამ, ეჭვი მეპარება.

– ფაქტები რომ საპირისპიროზე მეტყველებს?

– ეგ მართალია, მაგრამ, მაინც არ მჯერა.

– რატომ?

– არ ვიცი. უბრალოდ, არ მჯერა და მომკალი, – თქვა გულბათმა და მცირე პაუზის შემდეგ დაამატა, – შეიძლება, იმიტომ, რომ ჯონდოსთან ახლო ურთიერთობა მქონდა.

– ნესტორიც ახლობლობდა სარიასთან?

– არა მარტო ნესტორი, ჯონდოსთან ყველა კარგად იყო.

ჯონდო სარიას ფანტომობის არც მერაბ გამრეკელს სჯეროდა, მაგრამ, ამ თემაზე საუბარი შეგნებულად აღარ გააგრძელა და გულბათს უთხრა:

– კოტე თავართქილაძეს საკავშირო მინისტრმა დაურეკა და ჩვენი განყოფილების მუშაობის გამო პირადი მადლობა გადაუხადა, მე კი თქვენ გიხდით მადლობას.

– ჯერ სამადლობელი არაფერი გაგვიკეთებია, მერაბ. თუმცა, თავს არ ვზოგავთ და, მზად ვართ, თავიც კი შევწიროთ ჩვენს საქმეს, – გულწრფელად მიუგო მარგიანმა მერაბს და არ დაკვირვებია, რომ მაიორმა შეგნებულად შეცვალა სალაპარაკო თემა.

– ძალიან მწყდება გული, რომ აქედან მივემგზავრები, თუმცა, იმედია, მალე დავბრუნდები. ყოველ შემთხვევაში, სამსახურში ნებისმიერ საბაბს გამოვიყენებ აფხაზეთში სამივლინებოდ, – უთხრა მერაბმა გულბათს. ამასობაში გაგრის მთავარი ქუჩა გაიარეს და მარგიანმა „ვოლგა“ ანჩაბაძეების სახლთან გააჩერა.

– მერაბ, შვილო, რა მოულოდნელად გადაგიწყვეტიათ ლენინგრადში გამგზავრება, – უთხრა მართამ სიძეს, – ისე შევეჩვიე თქვენს აქ ყოფნას, რომ, არ ვიცი, მარტო რა გამაძლებინებს.

– ნუ დარდობთ, ქალბატონო მართა, ხშირად გესტუმრებით ხოლმე, – მიუგო მერაბმა სიდედრს და თავზე აკოცა, შემდეგ ასთამურისა და გულბათისკენ გაიშვირა ხელი და დაამატა, – თანაც, ძია ასთამური და გულბათიც ხომ აქ არიან; არც ლია და მერაბი დაგივიწყებენ.

– კარგი, რა, დედა, – ჩაერთო თამარი, – თუ ასე განიცდი ჩვენს გამგზავრებას, საერთოდ არ მოვიცვლი აქედან ფეხს.

– ნუ სულელობ, თამარ! რას ჰქვია, ფეხს არ მოიცვლი? დედა ვარ, ორივე მიყვარხართ და,  მინდა, რომ ხშირად გხედავდეთ. ეგ სიტყვები კი აღარ გაიმეორო. სადაც შენი ქმარი გეტყვის, იქ წახვალ და ისე მოიქცევი, როგორც მას მოესურვება, – თქვა მართამ და დაამატა, – მერაბ, გულბათ, სუფრა გაშლილი მაქვს და ვისადილოთ.

სადილს რომ მორჩნენ, გამგზავრების დროც მოვიდა. ცოლ-ქმარი მართამ და ასთამურმაც გააცილეს ადლერამდე და, მანამდე არ მოიცვალეს ფეხი აეროპორტიდან, სანამ თვითმფრინავი არ გაფრინდა.

ახალდაქორწინებულებმა ორი რომანტიკული დღე გაატარეს ნევისპირა ქალაქში და შთაბეჭდილებებით სავსე დაბრუნდნენ თბილისში. მერაბის დედამ ღვიძლი შვილივით მიიღო თამარი და თავს ევლებოდა. მერაბი სამსახურში გავიდა, ჩვეულ საქმიანობას შეუდგა და ცდილობდა, ადრე მისულიყო ხოლმე სახლში, მაგრამ, ყოველთვის ვერ ახერხებდა. როდესაც იგვიანებდა, თამარი და დედა მას ფეხზე ხვდებოდნენ და მანამდე არ წვებოდნენ, სანამ მას არ დააპურებდნენ.

მაიორ გამრეკელის განყოფილება დღითი დღე იკრებდა ძალებს, უფრო და უფრო მეტ წარმატებებს აღწევდა და ოქტომბრის მიწურულს ის მოსკოვში, საკავშირო სამინისტროში გამოიძახეს.

– მინისტრი გიბარებს საგანგებო ოპერატიულ თათბირზე და სამი დღე მოსკოვში იქნები, – აცნობა მერაბს გახარებულმა კოტე თავართქილაძემ, – ყოჩაღ, შვილო! ნამდვილად არ მეგონა, ასე მოკლე დროში ასეთ წარმატებას თუ მიაღწევდი.

– ეს წარმატება მთელი ჩვენი განყოფილების, მისი თითოეული წევრის დამსახურებაა, ძია კოტე და რა თქმა უნდა, თქვენიც, – გულწრფელად მიუგო მერაბმა გენერალს.

მინისტრს ესიამოვნა გამრეკელის სიტყვები. გაუღიმა, თავისი სავარძლისკენ გაიშვირა ხელი და უთხრა:

– ეს სავარძელი შენ გელოდება და, აბა, შენ იცი, წინსვლის ტემპი არ დააგდო!

 მერაბს არაფერი უთქვამს, გაეღიმა, მინისტრს დაემშვიდობა და კაბინეტიდან გავიდა.

საყვარელ ადამიანთან სამი დღით განშორების ამბავს თამარი ენთუზიაზმის გარეშე შეხვდა, თუმცა, ცდილობდა, რომ ეს არ გამოეხატა და მეუღლეს უთხრა:

– თავს გაუფრთხილდი, ძვირფასო და მალე ჩამოდი.

– სამ დღეში დავბრუნდები. აბა, შენ იცი. არაფერზე იდარდო, – მიუგო მერაბმა, ჯერ დედას აკოცა, შემდეგ მეუღლეს და მოსკოვში გაემგზავრა.

საკავშირო შინაგან საქმეთა მინისტრმა ორდღიანი ოპერატიული თათბირი ჩაატარა, რომელიც ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლას მიეძღვნა. თათბირს ყველა საბჭოთა რესპუბლიკის განყოფილების უფროსი ესწრებოდა. ღვაწლმოსილმა, გამოცდილმა მინისტრმა, რომელიც გენერალ-პოლკოვნიკის ჩინს ატარებდა და საბჭოთა მილიციის შექმნის სათავეებთან იდგა, განსაკუთრებული ხაზგასმით აღნიშნა საქართველოს წარმატებები და მერაბს ფეხზე ადგომა სთხოვა. შეკრებილებს შორის მაიორი მერაბ გამრეკელი ასაკითაც და წოდებითაც ყველაზე ახალგაზრდა იყო. მინისტრმა ხელი გაიშვირა მისკენ და კოლეგებს უთხრა:

– ამხანაგებო! ეს ახალგაზრდა კაცი, მაიორი მერაბ გამრეკელი, სულ რაღაც ოცდარვა წლისაა. ზოგიერთ თქვენგანს, ისევე, როგორც მე, შვილიშვილად გვერგება, დანარჩენებისთვის კი შვილის ტოლია. თავის სამშობლოში, საქართველოში, მან ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის ეფექტური სამსახური ჩამოაყალიბა და დიდ წარმატებებს მიაღწია. გთხოვთ, მიჰბაძოთ მის მაგალითს!

თათბირზე გამოცხადებული შესვენების დროს მერაბს ყველა კოლეგა პირადად გაეცნო. ისინი თავად მიდიოდნენ მასთან, ეცნობოდნენ და წარმატებას ულოცავდნენ. მინისტრის დავალებით, მერაბი ოცწუთიანი სიტყვით გამოვიდა თათბირზე და სისტემაში მის მიერ დანერგილ ინოვაციებზე ილაპარაკა. თათბირის მეორე დღე რომ დასრულდა, საბჭოთა კავშირის შინაგან საქმეთა მინისტრმა მერაბ გამრეკელი თავის კაბინეტში მიიწვია და ერთი საათის განმავლობაში ერთი ერთზე ესაუბრა. ღვაწლმოსილმა გენერალმა დეტალურად გამოჰკითხა მაიორს მისი საქმიანობის შესახებ და თავისი ბიოგრაფიის რამდენიმე ეპიზოდიც უამბო – გენერალ-პოლკოვნიკი ლენინთან იყო შეხვედრილი. ამით ძალიან ამაყობდა და ამ ისტორიის მოყოლა უყვარდა.

– თქვენმა მინისტრმა ძალიან გაქოთ და, ვხედავ, რომ არ შემცდარა. ძალიან სასიამოვნო იყო თქვენი გაცნობა და მომავალშიც არაერთხელ შევხვდებით ერთმანეთს. ახლა ის მითხარით, რამე ხომ არ გჭირდებათ დამატებით? – ჰკითხა მან მერაბს.

– არა, ამხანაგო გენერალ-პოლკოვნიკო, ყველაფერს გეგმურად ვიღებთ, – უთხრა მერაბმა მინისტრს და დაამატა: – თქვენთან პირადი თხოვნა მაქვს.

– თქვით, გისმენთ.

მერაბი მოკლედ მოუყვა მინისტრს მამამისის შესახებ და ბოლოს უთხრა:

– როგორც ვიცი, რობერტ მანძულიას საქმე უშიშროების კომიტეტის არქივში ინახება. არ შეიძლება, რომ მას გავეცნო?

– ბუნებრივი სურვილია, – თქვა მინისტრმა, „ვეჩეს“ ყურმილს დასწვდა. „კაგებეს“ თავმჯდომარეს დაელაპარაკა და, რომ დაასრულა, მერაბს უთხრა:

– როგორც ვიცი, ხვალ საექსკურსიო დღე გაქვთ და საღამოს ბრუნდებით თბილისში.

– დიახ, ამხანაგო გენერალო-პოლკოვნიკო!

– ექსკურსია სხვა დროისთვის გადადეთ. დილის ცხრა საათზე კი უშიშროების კომიტეტის მისაღებში მიდით – თქვენს სახელზე საშვი იქნება დაშვებული და არქივში ჩაიგყვანენ.

– გმადლობთ, ამხანაგო გენერალ-პოლკოვნიკო! – თქვა მერაბმა და მინისტრს გაუღიმა.

– ნახვამდის. წარმატებებს გისურვებთ. მომავალ შეხვედრამდე. კოტე მომიკითხეთ პირადად, – უთხრა მინისტრმა მერაბს, ხელი ჩამოართვა და კაბინეტიდან გამოისტუმრა.

სასტუმროში დაბრუნებულ მერაბს კარგა ხანს არ დაეძინა და მამაზე ფიქრობდა. მას წინ ედგა გატანჯული, ტუბერკულოზით დაავადებული, გაყინული მამის სახე და ისე აუჩუყდა გული, რომ თვალები ცრემლით აევსო. ხოლო, როდესაც ჩაეძინა, კვლავ მამა დაესიზმრა. ის შველას სთხოვდა შვილს, რადგან ვიღაც უსახური შავფორმიანები მას უფსკრულისკენ მიათრევდნენ, რომ გადაეჩეხათ. მერაბი უკან დაედევნა მათ და ცდილობდა, მამის გამოწვდილი ხელისთვის ხელი ჩაევლო და გადაერჩინა, მაგრამ, ვერ შეძლო და შავფორმიანმა უსახურებმა ის უფსკრულში გადაჩეხეს... ამ დროს მერაბს გამოეღვიძა, კანკალებდა და ოფლში ცურავდა. მან ნებისყოფა მოიკრიბა, ადგა, შხაპი მიიღო, ჩაიცვა და ძერჟინსკის მოედნისკენ გაემართა.

გაგრძელება შემდეგ ნომერში

скачать dle 11.3