დამღუპველი სიყვარული
ჯერი ჰოლანდი მაშინვე მიხვდა, რომ კლიენტი მთვრალი იყო – სასტუმროდან ბარბაცით გამოვიდა და მკერდზე მოზრდილი პორტფელი ჰქონდა მიხუტებული. ტაქსის კარი გამოაღო და ჩაჯდა. ჯერის დასანახავად სძულდა მთვრალი კლიენტები. მათგან პრობლემები უფრო მეტი იყო, ვიდრე სარგებელი და, ამიტომ, ცდილობდა, კონტაქტში საერთოდ არ შესულიყო. კლიენტი ცოტა ხანს ჩუმად იჯდა, მერე კი სლოკინით ჰკითხა:
– შენ რა, მუნჯი ხარ? ტაქსისტებს, ზოგადად, უყვართ ლაპარაკი.
– გააჩნია, როგორ განწყობაზე ვარ. ახლა ჩუმად ჯდომა მირჩევნია. თქვენც გირჩევთ, სერ, წყნარად იჯდეთ, სანამ დანიშნულების ადგილამდე მიგიყვანთ.
კლიენტმა გაოცებისგან პირი დააღო:
– შენ როგორი თავხედი ყოფილხარ... დავურეკავ თქვენს ფირმას და ვეტყვი, ჭკუა გასწავლონ.
ჰოლანდმა მკვეთრად დაამუხრუჭა მანქანა და კლიენტს მიუბრუნდა. თვალებანთებული და მხარბეჭიანი საკმაოდ საშიში შესახედავი იყო.
– ახლავე გადადით აქედან და, სადაც გინდათ, იქ მიჩივლეთ!
კლიენტი დაფრთხა. ჩანთა უფრო მაგრად მიიკრა მკერდზე და ჩაილაპარაკა:
– მიმიყვანეთ სახლში. მაპატიეთ, ცოტა ზედმეტი მომივიდა დალევა. ფეხით ვერ მივაღწევ იქამდე...
ჰოლანდმა ჩუმად დაძრა მანქანა... როცა კლიენტი მანქანიდან გადავიდა, ჰოლანდმა დაინახა, რომ მან სავარძელზე ოცდოლარიანი დააგდო. ხურდა ეკუთვნოდა – ექვსი დოლარი, მაგრამ, კლიენტი უკვე შევიდა წითელი აგურით ნაშენებ, ცოტათი განმარტოებით მდგარ სახლში... ჰოლანდმაც გადაიფიქრა მიბრუნება. ორი წუთის შემდეგ კი რაღაცამ შეაწუხა. უკან მიიხედა და სავარძელზე ის პორტფელი დაინახა, კლიენტს მკერდზე რომ ჰქონდა მიხუტებული... უმისამართოდ შეიგინა და მანქანა შემოაბრუნა... როცა ნახევრად ჩაბნელებული სახლის სადარბაზოს მიუახლოვდა, რევოლვერიდან გასროლის ხმა გაიგონა. აშკარად სახლში გაისროლეს, თანაც ორჯერ. რაღაც ძალამ აიძულა, კარისკენ გადაედგა რამდენიმე ნაბიჯი და ზარი დაერეკა... ფრანგული სარკმლიდან კი დაინახა, როგორ გამოემართა სასტუმრო ოთახიდან კარისკენ ახალგაზრდა ქალი... დამფრთხალი ნელა მოძრაობდა და ჯერის მოეჩვენა, რომ თითქმის საუკუნე გავიდა, სანამ კარს გაუღებდა...
„ღმერთო, რა ლამაზია!“ – სწორედ ეს გაიფიქრა პირველად, როცა კარი გაიღო და ზღურბლზე აღმართულ ქალს შეხედა.
– წეღან აქ მამაკაცი მოვიყვანე, მანქანაში საბუთებიანი პორტფელი დარჩა, უნდა გადავცე. თუ არ შეწუხდებით, დაუძახეთ...
– ანუ, ტაქსის მძღოლი ხართ? მომეცით პორტფელი და მე გადავცემ.
– თქვენ მისი მეუღლე ხართ? – ჰკითხა ჰოლანდმა, თან მისი ცქერით ტკბებოდა.
– არა, ოჯახის მეგობარი ვარ. მისი მეუღლე საავადმყოფოშია. მომეცით პორტფელი.
– არა, არ გამოვა. პორტფელი პირადად უნდა გადავცე. თუ არ სცალია, შემოვალ და დაველოდები.
სანამ ქერა ლამაზმანი პასუხის გაცემას მოახერხებდა, ჰოლანდი სახლში შევიდა და სასტუმრო ოთახისკენ დაიძრა. ქალიშვილმა შეჰკივლა და წინ გადაუდგა:
– რას აკეთებთ? ახლავე წაეთრიეთ აქედან!
განრისხებულიც კი ისეთი შეუდარებლად მომხიბვლელი იყო, რომ ჯერიმ იგრძნო, როგორ გაუთბა გულში რაღაც, მაგრამ, მაინც მოახერხა, თავი ხელში აიყვანა...
– მომისმინეთ, ქალიშვილო! გარკვევით გავიგონე, როგორ გაისროლა ამ სახლში ვიღაცამ. ვინ მოკალით?
ქალიშვილი წაბარბაცდა და სავარძელზე დაეცა:
– ღმერთო! ეს უბედური შემთხვევა იყო...
– მოვრჩეთ ამ სპექტაკლს. უბედური შემთხვევა სამი გასროლით? საინტერესოა, რას იტყვის ამაზე პოლიცია.
– ო, არა! ოღონდ პოლიცია არა... მე მხოლოდ თავს ვიცავდი... ვანდერგრიფტი ნამდვილი ურჩხული იყო, ერთი წლის განმავლობაში ძალადობდა ჩემზე... მისი ცოლის მომვლელი და კომპანიონი ვიყავი. მპირდებოდა, ჩემი ცოლი რომ გარდაიცვლება, შენ შეგირთავო, მაგრამ, მე ცუდად ვგრძნობდი თავს მის გვერდით... მძულდა. გადავწყვიტე, წავსულიყავი. მიპოვა და ძალით მომათრია უკან, ჩამკეტა და სადღაც წავიდა. მთვრალი დაბრუნდა, მეცა და მაგიდაზე გადამაწვინა... უჯრიდან რევოლვერი ამოვიღე და ვესროლე... ერთხელ, მეორედ... არ მინდოდა მისი მოკვლა, მაგრამ, სინდისი არ მაწუხებს ამის გამო.
სილამაზე საშიში რამეა. ჯერიც უძღები აღმოჩნდა მის წინაშე.
– ვინმემ იცის, აქ რომ ხართ? – ჰკითხა აცრემლებულ ქალიშვილს.
– არა, არავინ.
– სასწრაფოდ შებრუნდით ოთახში, გაწმინდეთ ყველაფერი, რასაც კი შეეხეთ და წამოდით... რევოლვერიც გაწმინდეთ... მე სახლში წაგიყვანთ... სად ცხოვრობთ?
– ამას რა მნიშვნელობა აქვს. ჩემზე რაც ნაკლები გეცოდინებათ, მით უკეთესი იქნება თქვენთვის.
რამდენიმე წუთის შემდეგ ქალიშვილი ჯერის მანქანაში იჯდა.
– გვამს მალე ვერ იპოვიან... დამშვიდდით, – გაამხნევა ჰოლანდმა.
– მშვიდად ვარ.
– რა გქვიათ?
– ხომ გითხარით, ჩემზე რაც ნაკლები გეცოდინებათ, თქვენთვის უკეთესი იქნება-მეთქი. სილვია დამიძახეთ. შეეცადეთ, აღარსად მნახოთ.
– იცით, რომ ძალიან ლამაზი ხართ?
ქალიშვილიმა ამოიოხრა და თავი გადააქნია:
– არა, თქვენ მხოლოდ გეჩვენებათ, რომ ლამაზი ვარ. აქ გამიჩერეთ..
– აქ სახლები არ არის...
– გამიჩერეთ! – თითქმის უბრძანა ქალიშვილმა და ჰოლანდიც დაემორჩილა, თუმცა, შორს არსად წასულა, შორიახლოს გაჩერდა. როგორც კი სილვიამ სხვა ტაქსი გააჩერა, უკან გაჰყვა და დაინახა, რომელ სახლში შევიდა... მეორე დღეს, საღამოს, იქ იყო. ამ ქალისკენ რაღაც უხილავი ძალა ეწეოდა. პირველივე ბინის კარი შეღებული იყო და მან ოქროსფერ მაისურსა და მოკლე შორტში გამოწყობილი სილვია დაინახა...
– თქვენ აქ რა გინდათ, – შეცბა ქალიშვილი, – მითვალთვალებდით?
– დიახ. იმიტომ, რომ შენი ნახვა მინდოდა... რას იტყვი, ერთად რომ ვივახშმოთ? შევეცდები, ყველაფერი დაგავიწყო.
ქალიშვილმა ხელები აიქნია:
– წადი, წადი აქედან და დამივიწყე... ფული გინდა? თუ გინდა, ფულს მოგცემ, ოღონდა, ქედან უკანმოუხედავად უნდა წახვიდე...
– სილვია, მომისმინე...
– მას ლუარა ჰქვია, – ჰოლანდი შემობრუნდა, – მის წინ ბრგე, უხეშნაკვთებიანი ახალგაზრდა კაცი იდგა, ხელში რევოლვერით, – შენ ხომ გითხრეს, უკან არ დაბრუნებულიყავი... გინდა, სიმართლე იცოდე? კარგი, გეტყვი, მაგრამ ეს იქნება ბოლო სიმართლე, რომელსაც შენს სიცოცხლეში გაიგონებ. ის იდიოტი მე მოვკალი. მანამდე მოვასწარით და მისი ფულის დიდი ნაწილი ჩავიჯიბეთ. მეტსაც გეტყვით, სილვია დაოსტატებულია მდიდარი და სულელი მამაკაცების გაყვლეფაში – მას ეს კარგად გამოსდის. ჯობდა, ჩვენ შესახებ საერთოდ არაფერი გცოდნოდა... მშვიდობით...
ერთადერთი ტყვია ჰოლანდს პირდაპირ გულში მოხვდა; მეორე, საკონტროლო – შუბლში...
– იმ ღამესვე უნდა მოგვეკლა, ვანდერგრიფტთან ერთად და იქვე დაგვეტოვებინა, მაშინ პოლიცია იფიქრებდა, რომ მათ ერთმანეთი დახოცეს. ახლა გვამის მოშორება იოლი არ იქნება. თუ ჩვენ შესახებ მოუყვა ვინმეს, მაშინ, ასი პროცენტით „დამწვრები“ ვართ.
ქალიშვილმა თავი გადააქნია და სევდიანი სახით დააშტერდა ჰოლანდის უსულო სხეულს.
– მგონი, მართლა შევუყვარდი... ჩვენ შესახებ მოუყვა? არა, ჩემ შესახებ შეეძლო, მოეყოლა, მაგრამ, დარწმუნებული ვარ, რომ ეს არ გაუკეთებია... თუმცა, გამორიცხული არაფერია.
– გეყოფა სენტიმენტები... მოხვეტე შენი ძონძები და წავიდეთ აქედან. ჩვენი წასვლა უფრო შეუმჩნეველი იქნება, ვიდრე ამხელა გვამის გატანა...
– მგონი, მართლა შევუყვარდი... – ჩუმად გაიმეორა ქალმა.