კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

კაცობრიობის გადასარჩენად

თხრობა შევწყვიტე, რადგან ნასტიას სახეზე ფერი აღარ ედო, მთელი ტანით ცახცახებდა და თვალს არ მაშორებდა.

– მერე... მერე! – სულის მოთქმა არ მაცალა. მეც განვაგრძე:

– 25 მეტრიც არ ექნებოდა გაცურული, რომ მოულოდნელად დიდი ტალღა წამოვიდა, აიქოჩრა და თავზე გადაევლო... ის მამაცი და ჯიუტი გოგონა წყალმა ყაჩლაპა! ტალღა წინამორბედი ზვირთების მიერ დასველებულ ნაპირს გვარიანად გამოსცდა და გაშლილ პირსახოცებს გადაევლო. მიშველეთ! აღარ ჩანს!.. – კიოდა გამწარებული ქალი და ნაპირს აქეთ-იქით აწყდებოდა. არც დავფიქრებულვარ, ბობოქარ ზღვაში თავით გადავეშვი და ორ წუთში იმ ადგილას ვიყავი, სადაც გოგონა ტალღამ ჩაითრია. ორ-სამჯერ ჩავყვინთე, მაგრამ მღვრიე წყალში ვერაფერი დავლანდე. არ ვნებდებოდი – კვლავ და კვლავ ჩავისუნთქავდი ჰაერს და სტიქიას ვებრძოდი. მეგონა, წყალი დამძიმდა და მეც მკლავები დამეღალა... სამი წუთი მაინც ვიწვალე ასე. მოულოდნელად ფეხზე რბილად რაღაც გამომედო; არ დავიბენი, ჩავყვინთე, ხელებით აქეთ-იქით მოვსინჯე, მოვძებნე და როგორც იქნა – გაუჩინარებულ გოგონას მივაკვლიე. წყლიდან რომ ამოვიყვანე, სულ გალურჯებული იყო და არ სუნთქავდა. მეგონა, დავაგვიანე... მაგრამ შეჯგუფებული ხალხი ვიღაცამ ხელების ქნევით გააპო და დაიძახა – ექიმი ვარ, მიმიშვით! ხელოვნური სუნთქვის ჩატარების მერე გოგონამ ამოახველა და გონს მოვიდა... როცა დავინახე, როგორ გადმოაბრუნეს გვერდზე და გადარჩაო, დაიძახეს, იქაურობას გავეცალე, რადგან ათასი მადლობის მოსმენის გუნებაზე არ ვიყავი.

მას შემდეგ დიდმა დრომ ჩაიარა... გოგონას სახე ჩემს მოგონებებში გაფერმკრთალდა, მხოლოდ მის მკერდთან ამოტვიფრული პატარა პეპელა ჩამრჩა მეხსიერებაში... სწორედ ისეთი, როგორიც შენ გაქვს! – დავამთავრე მოყოლა და ნასტიას შევხედე. ის კი იჯდა და ცრემლები ღაპაღუპით ჩამოსდიოდა ღაწვებზე. ასეთი ემოცია არასდროს განმიცდია – გული გამალებით მიცემდა, ყურში ვგრძნობდი მის პულსაციას. ჭიქა პირთამდე გავავსე და სულმოუთქმელად გამოვცალე.

– შეუძლებელია!.. დაუჯერებელია! – ჩურჩულებდა გრძნობამორეული, –  ნუთუ ის შენ ხარ... ის ბიჭი, რომელმაც სიკვდილს გადამარჩინა?! მთელი ცხოვრება ვოცნებობდი, მენახა, მაგრამ მისი არც სახელი ვიცოდი, არც გვარი და არც სახე! ვერასდროს წარმოვიდგენდი, რომ ოდესმე შევხვდებოდი და შემიყვარდებოდა ის, ვისაც სიცოცხლეს უნდა ვუმადლოდე!

– რა თქვი, ნასტია?! – მეგონა, მომეჩვენა. მაგრამ ნასტია ფეხზე წამოდგა, თვალები შეიმშრალა და დამშვიდებული ხმით მითხრა:

– ჰო, ალექსანდრ, ასეა – მიყვარხარ! მაშინაც მიყვარდი, როცა გეუბნებოდი, ჩვენ შორის ფლირტი დაუშვებელია-მეთქი.

– რას ამბობ, მაშინ თითქმის არც კი მიცნობდი! – მაინც ვერ დავიჯერე, რადგან ვიფიქრე, რომ განცდილმა ემოციამ იმოქმედა მასზე.

– თუ გინდა, ნუ დამიჯერებ, – მიმიხვდა ფიქრს და დაამატა: – გეფიცები, სრულ სიმართლეს გეუბნები...

იმ ღამის გადაგორება ძალიან გამიჭირდა; გამიჭირდა, სასურველი ქალის მხოლოდ მსუბუქი ალერსით შემოვფარგლულიყავი. ბოლოს გადავწყვიტეთ, ცალ-ცალკე ოთახებში დაგვეძინა... „ძილი ნებისა“ ვუსურვე და მისი ოთახიდან გამოვედი. თვითონაც „ღამე მშვიდობისაო“, – დამემშვიდობა... მაგრამ რა მშვიდობიანი ღამე უნდა ჰქონდეს იმ მამაკაცს, ვისაც საყვარელი ქალი 5 მეტრის სიახლოვეს უწევს და თვითონ კი ცარიელ ლოგინში გვერდიდან გვერდზე ბორგავს.

***

შაბათს, 9 საათზე უკვე რიმსკის საცხოვრებელ კომუნასთან ვიყავი. ჩემი „ნისანი“ ეზოში გავაჩერე და „სხვისი ტაძრის“ წინამძღოლის ბრონირებულ „მერსედესში” დიდთავა რომა აკოინიკოვი შევნიშნე, რომელიც საჭესთან იჯდა. შენობაში შევედი და მეორე სართულზე ხის კიბით ავედი. „მოძღვრის“ ოთახის კარზე ფრთხილად დავაკაკუნე. კარი ვლადმა გააღო და – დამელოდე, 5 წუთში გამოვალო, მითხრა. კიბეზე ჩამოსვლისას ვკითხე, თქვენი მძღოლი არსად ჩანს და თქვენს მანქანაში რომა აკოინიკოვი ზის-მეთქი. ვალდებული ვიყავი, მეთქვა, რადგან ნებისმიერი ცვლილება უნდა შემემჩნია, რაც ჩემი დაცვის ობიექტის ირგვლივ ხდებოდა, უმნიშვნელოც კი.

– კუზმა ორი დღით გავათავისუფლე, მძღოლის მოვალეობას რომა შეასრულებს, – მითხრა და გასასვლელში, როგორც წესი, პირველი მე გამატარა. საეჭვო არაფერი შემინიშნავს, „სახალხო მკურნალს“ მანქანის უკანა კარი გამოვუღე და ძველი საკალათბურთო დარბაზისკენ გავემართეთ, სადაც „მამა“ ვლადი შაბათობით საყოველთაო ქადაგებებს ატარებდა.

მისმა სიტყვამ ორ საათს მაინც გასტანა. სიტყვის ბოლოს, როცა ხალხი ფეხზე წამოიშალა, „სახალხო ტაძრის“ წინამძღოლმა ხელი მაღლა შემართა და, ჩვეულებისამებრ, მოწოდებებით დაიწყო, რომელსაც ბრბოც ჰყვებოდა.

– მოვედით, რომ ვიაროთ ღვთისკენ! – დაიყვირა რიმსკიმ.

– მოვედით, რომ ვიაროთ ღვთისკენ! – აგუგუნდა დარბაზიც.

– გავთავისუფლდეთ ამქვეყნიური ვალდებულებებისგან!.. გავერიდოთ შვილს, რომელიც არ გვისმენს!... გავერიდოთ ცოლს, რომელიც არ მოგვდევს!.. გავერიდოთ ქმარს, რომელიც რწმენაში გვზღუდავს!... თუ ურწმუნოს სურს გაყრა, დაე, გაეყაროს, რადგან მშვიდობისკენ მოგვიწოდა ღმერთმა! ამინ!

– ამინ! – დაიგრგვინა მასამაც და ამ სიტყვით დასრულდა რიმსკის კიდევ ერთი ქადაგება, რომელთა მოსმენაც უკვე ისე მქონდა ყელში ამოსული, რომ მის გვერდით დგომას ამ დროს ყველაფერი მერჩივნა. იმ დღეს ყველაზე ცუდად ვიგრძენი თავი. ივლისი იდგა, დახურულ დარბაზში საკმაოდ ცხელოდა, მე კი იძულებული ვიყავი, პიჯაკით ვმდგარიყავი, რადგან უკან, მხარიღლივ გადაკიდებულ ტყავის საზურგეზე, პისტოლეტი მქონდა მიმაგრებული.

კიდევ კარგი, თეთრთავა აკოინიკოვმა მიკროფონში გამოაცხადა, რომ იმ დღეს „განკურნების ცერემონია“ არ ჩატარდებოდა, რადგან „მამა“ ვლადს გადაუდებელი საქმე გამოუჩნდაო. მაგრამ, უკმაყოფილო და დაჟინებული რამდენიმე ათეული კაცი ჩვენს კვალს მაინც გამოჰყვა. გარეთაც 20 კაცამდე უცდიდა. დაინახეს თუ არა, შემოეხვივნენ და არაადამიანური ძალისხმევა დამჭირდა, რომ რიმსკი როგორმე მანქანაში ჩამესვა. ამისთვის ერთი ახმახისთვის მუშტის ჩარტყმაც მომიხდა, რომელიც წინ გადაგვიდგა და არაფრით არ უნდოდა, სულიერი მოძღვრის კურთხევის გარეშე იქაურობას გასცლოდა. როგორც იქნა, ჩვენმა კორტეჟმა – ბრონირებულმა „მერსედესმა“ და სამმა მსუბუქმა ავტომანქანამ, რომლებშიც „წითელი კარვის“ წევრები ისხდნენ, დარბაზიდან გამოსული ხალხის ნაკადი ჩამოიტოვა და ყოფილი სინაგოგის შენობისკენ აიღო გეზი.

ვლად რიმსკის ოფისში, სადაც სახელდახელო საუზმე მოემზადებინათ ელიტჯგუფის წევრ სამ ქალბატონს და მათ შორის ვარვარა ტრავიანსკაიას, ცოტა წავიხემსეთ და რიმგოროდისკენ გავემართეთ სამმანქანიანი ესკორტით.

მთელი გზა ჩუმად ვისხედით. „სახალხო ტაძრის“ წინამძღოლი უკანა სავარძელზე თვლემდე, ეტყობოდა, რომ ხანგრძლივმა სიტყვამ დაღალა და ისვენებდა. რომა აკოინიკოვი საჭეს მდუმარედ მართავადა და, როგორც სჩვეოდა, ღამურასავით ამოკარკლულ თვალებს აქეთ-იქით ატრიალებდა. 4-საათიანი მგზავრობის შემდეგ ტრასიდან ღორღიან გზაზე გადაუხვია. მანქანაში კონდინციონერი ჩართული არ გვქონდა, რადგან ჩაწეული ფანჯრებიდან გრილი, არყის ხეების ამონასუნთქით გაჯერებული ჰაერი შემოდიოდა. მაგრამ, როგორც კი ღორღიან გზაზე გადავუხვიეთ, მტვრის ბუღი ავარდა, ღილაკს დავაწექი და შუშები ბოლომდე ამოვწიე. მერე კონდიციონერის ჩამრთველი მოვძებნე სენსორულ მონიტორზე. რომა აკოინიკოვს ცინიკურად გაეღიმა და გესლიანად მკითხა:

– ხომ არ დაგცხა, ალექსანდრ?

– შენ რა გენაღვლება, ჩემსავით პიჯაკი ხომ არ გაცვია?! – გადავხედე რომას, რომელსაც თხელი საზაფხულო პერანგი ეცვა. კიდევ რამე რომ ეთქვა, ვაპირებდი, მისი ადგილი მიმეჩინა, მაგრამ გაქნილი ტურა იყო, მიხვდა და ხმა აღარ ამოუღია. ნახევარ საათში რიმგოროდში ვიყავით, რომელიც დაახლოებით 9 ათას კვადრატულ მეტრზე იყო გაშენებული. ერთ კვირაში კიდევ ორი კოტეჯი დაესრულებინათ. მშენებარე ქალაქში მხოლოდ მუშები და ვლად რიმსკის მრევლიდან ენთუზიასტები დაგვხვდნენ. „მოძღვარმა“ მშენებლობა დაათვალიერა, მუშებს ინსტრუქციები მისცა და, როცა სამშენებლო მასალები ჩამოიტანეს, თეთრი ტანსაცმელი გამოიცვალა და მათთან ერთად ეზიდებოდა ხის მორებს. ეს ერთგვარი ტაქტიკური სვლა იყო, რომელიც მრევლთან დაახლოებაში ეხმარებოდა. საღამოს რიმსკიმ მუშებთან ერთად ივახშმა და დასასვენებლად ცალკე კოტეჯში მოათავსეს, სადაც მე მისი ოთახის გვერდით, ღია აივანზე მეძინა.

მშენებარე რიმგოროდში ორ დღეს დავრჩით. ვლად რიმსკი კმაყოფილებას ვერ მალავდა – ქალაქი მალე 1 000-ზე მეტ ადამიანს დაიტევსო, გვითხრა წამოსვლისას.

მოსკოვში ორშაბათს, საღამოს დავბრუნდით. „მამა“ ვლადი საცხოვრებელ კომუნამდე მივაცილე და ის-ის იყო, ჩემს მანქანაში გადავჯექი, რომ ნასტიამ დამირეკა.

– მარტო ხარ? – მკითხა ისე, რომ არც მომსალმებია.

– შეგიძლია ილაპარაკო... მოხდა რამე?

– შენ რა, არაფერი გაგიგია?! მთელი დღეა, საინფორმაციოები გადმოსცემენ, რომ ბერმა სერაფიმმა, სავარაუდოდ, თვითმკვლელობით დაასრულა სიცოცხლე.

– რაო?! – ეს შეუძლებელია! ძარღვებში სისხლი გამეყინა და ეჭვმა გამისერა გონება, მაგრამ რომა აკოინიკოვი მთელი ეს პერიოდი ჩვენ გვერდით იყო რიმგოროდში. თუმცა, ეგორ კაზაკოვის თვითმკვლელობის ვერსია აბსურდულად მეჩვენა.

– ორ საათში მიხაილი შენთან ამოვა, დანარჩენს მისგან შეიტყობ.

– შენ როდის გნახავ, ნასტენკა, მომენატრე.

– მამას ვერ დავტოვებ, კლინიკიდან გამოვიყვანეთ. ორ დღეში დაგირეკავ, – მითხრა და ტელეფონი გათიშა.

მიხაილ კირსანოვი ღამის 12 საათზე მოვიდა. ერთმანეთს გადავეხვიეთ და ურთიერთმოკითხვის შემდეგ ვკითხე:

– რა ხდება, მიხაილ, „დევნის ჯგუფში“?

– ახალი დავალება გვაქვს, ალექსანდრ.

– რა დავალება?

– საჭიროა მოქმედებაზე გადავიდეთ!

– მათი აზრით, მთელი ეს პერიოდი რას ვაკეთებდი?

– მოკლედ, ღამის საათებში რიმსკის მობილურზე ამერიკის შეერთებული შტატებიდან, კერძოდ, კალიფორნიიდან, ზარი განხორციელდა. საუბრის ტექსტი გაიშიფრა და დადგინდა, რომ „სახალხო ტაძრის“ წინამძღოლი აგვისტოს მიწურულს ინდოეთში გამგზავრებას გეგმავს. როგორ გგონია, სად მიიწვიეს?

– ალბათ, „შეფთან“...

– ჰო, ჩვენც ასე ვფიქრობთ. ამიტომ, ყოველი ღონე უნდა იხმარო, რომ გამყოლად შენ აგირჩიოს და არა სხვა ვინმე... თუნდაც, რომა აკოინიკოვი.

– გასაგებია, – ვუპასუხე და იმაზე ჩავფიქრდი, თუ როგორ უნდა მომეხერხებინა ეს.

– თუ ეს შანსი ხელიდან გავუშვით, იცოდე, კიდევ დიდხანს მოგიწევს რიმსკის დაცვაში ყოფნა.

– რატომ?

– რატომ და იმიტომ, რომ ქურუმი წელიწადში ან ორ წელიწადში ერთხედ ხვდება თავის მოსწავლეებს, ასე ვთქვათ, მათი უნარიანობის ასამაღლებლად, ანუ, უბრალო ენით რომ ვთქვათ, აკუმულატორებივით ტვირთავს...

– ერთი ან ორი წელი?! – ვერაფერს იტყვი, ძალიან „სასიხარულო“ პერსპექტივაა.

– თანაც, როგორ გგონია, ერთ წელიწადში კიდევ რამდენის გადაბირებას მოახერხებს ჩვენი „მოძღვარი“?

– ძალიან ბევრის.

– ჰოდა, როგორც ხედავ, დრო არ ითმენს „ფესიქიუთთან“ მე მექნება კავშირი და ყოველი შენი ფეხის ნაბიჯი უნდა იცოდნენ, რათა სამომავლო გეგმა შეიმუშაონ.

– საინტერესოა, ვინ დაურეკა კალიფორნიიდან ჩვენს „მჭევრმეტყველს“?

– არ ვიცი, მაგრამ კალიფორნიულ სექტას, რომელიც 5 წლის წინ შეიქმნა, ცუდი რეპუტაცია აქვს და, რომ არა ერთი საბედისწერო შემთხვევა, დიდი ხნის ისტორიაც ექნებოდა.

– რა შემთხვევა? – ვკითხე ჩაფიქრებულ მიხაილს, რომელმაც თავისი საყვარელი სასმელი კონიაკი გადაჰკრა და განაგრძო:

– მოკლედ, ერთ-ერთმა კალიფორნიელმა მოქალაქემ, ტომას ჯოისმა, 1973 წელს შექმნა ახალი მოძღვრება, ეგრეთ წოდებული „სამოციქულო სოციალიზმი“, რომელიც ახლოს იყო ქრისტიანობასთან. მის ოფისთან ყოველთვის უამრავი ხალხი იყო – ადამიანებს მოსწონდათ აღთქმული ქვეყნის იდეა... მიწიერ სამოთხეში ცხოვრებაზე ოცნებობდნენ, რომელსაც ჯოისი გაიანას ამაზონის ჯუნგლებში აშენებდა. მას ჰყავდა გამორჩეული ჯგუფი, რომელიც მართვაში ეხმარებოდა. ქალები, რომლებიც ამ „ელიტაში“ ერთიანდებოდნენ, იდეალისტები იყვნენ და, როგორც ცნობილია, ტომას ჯოისს მათთან სქესობრივი კავშირიც ჰქონდა. ხომ არაფერს გაგონებს, ალექსანდრ? – მოულოდნელად მკითხა მიხაილმა.

– ჰო, პარალელები ძალიან მკაფიოა, – ვუთხარი და მოუთმენლად ვკითხე: – მერე?

– მერე ის, რომ გაიანას ჯუნგლებში  გაშენებულ ქალაქში, რომელსაც ჯოისთაუნი დაარქვეს, ტომასმა თავისი რელიგიურ-სოციალისტური სექტის წევრები დაასახლა. მათ იქ კარგად კვებავდნენ და აცმევდნენ, მაგრამ ჭორები დადიოდა, რომ ურჩებს აწამებდნენ კიდეც. ამის გამოსააშკარავებლად გაიანას ჯუნგლებში ერთ-ერთი კონგრესმენი და „ემ-ბი-სის“ ჟურნალისტები ვერტმფრენით გაემგზავრნენ. მათ აღთქმული ქალაქი დაათვალიერეს, ინტერვიუ აიღეს ტომას ჯოისისგან და, როცა უკან ბრუნდებოდნენ, მათთან მივიდა 16 ადამიანი, რომელთაც ეშინოდათ მამა ტომასისა და იქიდან წამოყვანას სთხოვდნენ. ტომას ჯოისი პარანოიამ შეიპყრო და ადამიანთა უმადურობაზე დაიწყო საუბარი. როცა ჯუნგლებიდან აეროდრომზე ბრუნდებოდნენ, ვერტმფრენთან მათ თავს დაესხნენ ჯოისის შეიარაღებული თანამოაზრენი და ცეცხლი გაუხსნეს ავტომატური იარაღიდან. ყველანი ჩახოცეს – კონგრესმენი, ჟურნალისტები და ის 16 გაქცეული ადამიანიც ზედ მიაყოლეს.

1976 წელი იდგა. გაიანას ჯუნგლებისკენ სპეცდანიშნულების რაზმები და პოლიცია გადაისროლეს. მათ კი ჯოისთაუნში საზარელი სანახაობა დახვდათ: დაახლოებით 913 მკვდარი ადამიანი, მათ შორის კი 219 ბავშვი იყო, რომელთაც ძალადობის ნიშნები არ აღენიშნებოდათ. მკვდრებს შორის ტომას ჯოისიც იყო. როგორც გაირკვა, მან მასობრივი თვითმკვლელობისკენ უბიძგა ხალხს და ხილის წვენში გარეული შხამი დაალევინა. ამ მოვლენას ჯერ კიდევ მეცხრამეტე საუკუნეში უწოდეს „რევოლუციური თვითმკვლელობა“... – მიხაილი თხრობას მორჩა და მკითხა.

– როგორ ფიქრობ, რა ფსიქოლოგიურ ძალას უნდა ფლობდეს პერსონა, რომ ამდენ ადამიანს სიტყვიერი მოწოდებით თვითმკვლელობა აიძულოს?!

მე კი რიმსკის მიერ გამოსაცდელად შემოთავაზებული ციანიდიანი „კოქტეილი“ გამახსენდა და მბოლავი საკრალური ჩხირები...

– როგორც ვხედავთ, ერთი სქემაა.. და ერთი სათავე – ქურუმი! მე ამ ქურუმზე უნდა გავიდე, რადაც უნდა დამიჯდეს!

– ხედავ, რამდენი მსხვერპლი შეიძლება, მოჰყვეს ცრუმეტყველთა ნებაზე მიშვებას?! – ჩაილაპარაკა კვლავ მიხაილმა. მსხვერპლის ხსენებაზე კვლავ ბერი სერაფიმი გამახსენდა და მიხაილს ვკითხე:

– შენც ასე ფიქრობ, რომ ეგორ კაზაკოვი მოკლეს?

– რა თქმა უნდა! ის მოკლეს და ხელში „ბრაუნინგი“ ჩაუდეს. როგორ გგონია, ადამიანი, რომელსაც თვითმკვლელობა აქვს გადაწყვეტილი, პირველ ტყვიას მკერდში დაიხლის და მეორე, საკონტროლო გასროლით შუბლს გაიხვრეტს?

– ჰო, ამას მხოლოდ ბრიყვი დაიჯერებს... მაგრამ, რომა აკოინიკოვზე ეჭვი არ მაქვს, ის მთელი ორი დღე რიმგოროდში ჩვენთან ერთად იყო.

მიხაილი ჩაფიქრდა და მცირე ფიქრის შემდეგ ჩაილაპარაკა:

– არ ვიცი, ვინ მოკლა ეგორ კაზაკოვი, მაგრამ ის კი ვიცი, ბერი სერაფიმის სიკვდილი ვის აძლევდა ხელს...

– რა თქმა უნდა – ამ წყეულ სექტანტებს! – დავეთანხმე და გულში დავიფიცე, რომ ყველაფერს ვიღონებდი, რათა ამ ჭირის სათავემდე როგორმე მიმეღწია.

***

ორშაბათს ვლად რიმსკი ყოფილი სინაგოგის შენობაში მდებარე მის კაბინეტში შევაცილე, გამოვედი და, როგორც ყოველთვის, მოსაცდელში, სავარძელში ჩავეშვი. თავში მხოლოდ ერთი აზრი მიტრიალებდა, როგორ მომეხერხებინა, ვლად რიმსკისთვის ყველაზე თავგამოდებული და მისი მარჯვენა ხელი, რომა აკოინიკოვი ჩამომეშორებინა... რადგან, თუ ასე გაგრძელდებოდა, ინდოეთში რიმსკი სწორედ მასთან ერთად გაემგზავრებოდა. ფიქრში გართულმა დავინახე, რომ ამ ფიქრის „ობიექტიც“ გამოჩნდა და „სახალხო ტაძრის“ წინამძღოლის ოთახში შეაბიჯა. ცოტა ხანში იქიდან რიმსკის ხმამაღალი ლაპარაკი შემომესმა.

„ოჰო, – გავიფიქრე, – მგონი განგება თვითონ აგვარებს ჩემს პრობლემას!“ 

მერე საუბარი კვლავ მიჩუმდა. მაგრამ 5 წუთის შემდეგ ვლად რიმსკის ყვირილი და ყრუ ბრახუნის ხმა შემომესმა. სწრაფად წამოვდექი და კარი დაუკაკუნებლად შევაღე. რიმსკის პირისპირ მჯდომი რომა აკოინიკოვი დაუფარავი ბრაზით მომაჩერდა.

– შენ აქ ვინმემ მოგიხმო?! – მკითხა რისხვით.

– ჭკუას მოუხმე! – უკმეხად მივუგდე, მივედი, სკამი გამოვწიე და ჩამოვჯექი,  – ჩემი ვალია, მამა ვლადი დავიცვა... თუ საჭირო იქნება, შენგანაც კი.

რომა აკოინიკოვმა ვლად რიმსკის გადახედა. მან კი თანხმობის ნიშნად თავი დაიქნია და საუბარი ხმადაბლა, მაგრამ მკაცრად გააგრძელა:

– კარგად იცი, რომ არავისთან ალიანსი არ მჭირდება, მით უმეტეს, კრიმინალებთან!

– მაგრამ, მამაო... – აკოინიკოვი შეყოვნდა, კვლავ მე გადმომხედა და ძალდატანებით განაგრძო: – ამით მეტ მხარდაჭერას შევიძენთ და, რაც უფრო მეტი მეგობარი გვეყოლება, მით ძლიერები ვიქნებით.

– უკვე გითხარი, რიმგოროდი მხოლოდ ჩვენი ერთგული მრევლისთვის არის ღია. მით უმეტეს, დახურულია ის ბოლშევიკ-რევოლუციონერების მიერ შექმნილი ქურდული სამყაროსთვის!

– სულ რაღაც ორი დღით, მამაო! – ხვეწნაზე გადავიდა აკოინიკოვი.

– არც ერთი საათით და არც ერთი წუთით! – რიმსკიმ მაგიდას მუშტი დასცხო და ფეხზე წამოიჭრა.

„აი, თურმე რა ბრახუნი მომესმა. ეტყობა, საქმე სერიოზულადაა. ძალიან კარგი!“ – გავიფიქრე და ის-ის იყო, რომა აკოინიკოვმა კვლავ პირი გააღო რაღაცის სათქმელად, რომ წამოვდექი და რომას ბრაზით დავაჩერდი:

– შენ რა, ვერ გაიგე, მამა ვლადმა რა თქვა?! ადგები და გახვალ, თუ მე გაგიყვანო?! 

რომა აკოინიკოვმა იმ ლეშისმჭამელი მტაცებლის თვალებით შემომხედა, რომელსაც წინიდან მძორი ააცალეს. წამოდგა და რიმსკის კაბინეტი ჩქარი ნაბიჯით დატოვა.

– წარმოგიდგენია! – ვლად რიმსკი აღშფოთებას ვერ მალავდა და ოთახში ბოლთის ცემას მოჰყვა, – კანონიერი ქურდების „კონგრესისთვის“ თუ რაღაც შეხვედრისთვის რიმგოროდის კოტეჯები მოითხოვა, თანაც 2-3 დღით! ეს რომ ვინმემ შეიტყოს, მორჩა... ჩვენი მრევლის თვალში ჩვენი იმიჯი დაეცემა! 

– კი მაგრამ, რომა აკოინიკოვს რა კავშირი აქვს კანონიერ ქურდებთან? – გაკვირვება ვერ დავმალე.

– როგორც ვიცი, ის ავადსახსენებელი ცნობილი ქურდი, გოშა არანჟევი, მისი ბიძაშვილია.

როცა ვლად რიმსკის კაბინეტიდან გამოვედი, რომა აღარსად დამილანდავს, სადღაც გაუჩინარდა. სამაგიეროდ, ვარვარა ანტონოვნა მოვიდა და, სანამ „მამა“ ვლადის ოთახში შევიდოდა, შეშფოთებული სახით წამჩურჩულა:

– ალექსანდრ, ვიცი, ეგორი ვინ მოკლა! დღეს საღამოს რამეს მოვიმიზეზებ და სახლში დაგელოდები.

– მოვალ, – მეც გადავუჩურჩულე და მართლაც, ღამის 11 საათზე ვლად რიმსკი კოტეჯამდე მივაცილე, ჩემს მანქანაში გადავჯექი და დაახლოებით 12 საათზე მეტრო „სპორტივნაიასთან“ ვიყავი. ჩემი „ნისანი“ თოთხმეტსართულიან შენობასთან, ავტოსადგომზე გავაჩერე და სადარბაზოში შევედი. ლიფტთან ახალგაზრდა ქალ-ვაჟი იდგა, ამიტომ არ შევჩერებულვარ და მეხუთე სართულზე ფეხით ავედი. თეთრად შეღებილ კარზე ზარი ორჯერ გაბმულად დავრეკე. ბინიდან ჩამიჩუმი არ ისმოდა, თუმცა სათვალთვალო ჭრილში სინათლე დავლანდე. ცუდი წინათგრძნობა დამეუფლა და რატომღაც კარის სახელური დავწიე. ის ღია იყო. ზღურბლთან შევჩერდი, ვერ გადამეწყვიტა, შევსულიყავი თუ არა... მაინც გადავადგი ნაბიჯი და ვარვარას დავუძახე. არავინ მიპასუხა. მისაღებში სინათლე ენთო. პირდაპირ შევედი და ადგილზე გავხევდი – ვარვარა იატაკზე პირქვე ეგდო. ვიფიქრე, ცუდად ხომ არ არის-მეთქი, სასწრაფოდ მივვარდი და გადმოვაბრუნე. თვალები გახელილი დარჩენოდა... ყელთან არტერიაზე თითები მივადე – არ უფეთქავდა... ის მკვდარი იყო. ზაფრამ მთელ ტანში დამიარა. „მახეში გამაბეს!“ – გავიფიქრე, წამოვდექი და იქაურობა სწრაფად დავტოვე. როგორ მივედი სადგომთან, აღარ მახსოვს, ფრუნზენსკაიაზე გავედი და მანქანა მდინარე მოსკოვის სანაპიროზე გავაეჩერე; გადავედი და გახურებული შუბლი მდინარიდან მონაქროლ გრილ ჰაერს შევუშვირე. შოკის მდგომარეობამდე ცოტაღა მაკლდა. „ეს ვინ გააკეთა, ან რატომ?! – ეს კითხვები მიტრიალებდა თავში: ვის რაში სჭირდებოდა ამ ქალის სიკვდილი? იქნებ ვარვარა შემთხვევით შეესწრო საუბარს, რომელიც არ უნდა მოესმინა და ამის გამო მოიშორეს... მაგრამ ვინ, ვინ იყო ის... ალბათ, იგივე პიროვნება, ვინც ეგორ კაზაკოვი მოკლა“. ვარვარას ბინაში ნანახი დაწვრილებით აღვიდგინე. ქალს ძალადობის კვალი არ ეტყობოდა, არც ხელჩართული ბრძოლის ველს ჰგავდა იქაურობა; პირიქით, მაგიდაზე ორი ჭიქა, ხილით სავსე ვაზა და შოკოლადის გახსნილი ბომბონერი ეწყო... ჰო... კიდევ ხილის წვენი გრაფინით... ის მოწამლეს! – გამიელვა თავში და ეს ერთადერთ სარწმუნო ვერსიად მივიჩნიე. რაც უნდა იყოს, მკვლელს ვარვარა ანტონოვნა ახლოს იცნობდა, რადგან კარი გაუღო და გაუმასპინძლდა კიდეც.

ერთსაათიანი ფიქრისა და განსჯის შემდეგ გადავწყვიტე, ჩემი მისია საფრთხეში არ ჩამეგდო, მომხდარის შესახებ არავისთვის არაფერი მეთქვა და მოვლენების განვითარებას დავლოდებოდი.

***

სამშაბათიდან ჩვეულებისამებრ შევუდექი ჩემი მოვალეობის შესრულებას, თითქმის არაფერი მომხდარა. ორი დღე ისე გავიდა, ვარვარა ტრავიანსკაია არავის უხსენებია... ისე კი ძალიან მაკვირვებდა. რომა აკოინიკოვს რამდენჯერმე პირისპირ შევეჩეხე, ვითომც აქ არაფერიო, მომესალმა და თავისი გზა განაგრძო. ამან უფრო გაამძაფრა ჩემი ეჭვები, მაგრამ არაფერი შემიმჩნევია, სახეზე გულგრილობის ნიღაბი მქონდა აფარებული.

ხუთშაბათს საღამოს ნასტია კოვალენკომ დამირეკა; თუმცა მასთან ყოფნის სურვილი მკლავდა, მაგრამ მთელი ნებისყოფა მოვიკრიბე და ვუთხარი, საქმე სერიოზულადაა, ამ დღეებში თვითონ დაგირეკავ-მეთქი. შევატყვე, ეწყინა, მაგრამ – კარგიო, მითხრა.

პარასკევს, დილით, ვლად რიმსკის ოფისში ორი სამართალდამცველი მოვიდა, საბუთები მოვთხოვე და, როცა დავრწმუნდი, ნამდვილად მილიციელები იყვნენ, ჩემი დაცვის ქვეშ მყოფის კაბინეტში შევუშვი. მივხვდი, საქმე ვარვარას მკვლელობას ეხებოდა. მათი საუბრის შინაარსი ვერ გავიგე, მხოლოდ, როცა რიმსკიმ ის ორი კაბინეტიდან გამოაცილა, შეწუხებული სახით გადმომილაპარაკა:

– ვარვარა ანტონოვნა მოკლეს! ორი დღე ყოფილა ბინაში მკვდარი... მეზობელს უნახავს.

– მოძღვარო, ეს როგორ უნდა მომხდარიყო? ვარვარა ვის უნდა მოეკლა?! – შეშფოთებული სახე მივიღე და შევეცადე, გამერკვია, ვისზე ჰქონდათ ეჭვი.

– წარმოდგენა არ მაქვს, ალექსანდრ. არა მგონია, ეს ვინმე ჩვენიანს ჩაედინა, – თქვა და გუნებაწამხდარი, კაბინეტში ჩაიკეტა.

რატომღაც გავიფიქრე, რომ ვლად რიმსკიმ, მართლაც, არ იცოდა, ვინ იყო ვარვარა ანტონოვნას მკვლელი... სამაგიეროდ, ის იცოდა, ვინ მოკლა ბერი სერაფიმი. შესაძლოა, ეჭვობდა კიდეც რამეს... მაგრამ, ვარვარას მკვლელი რომც სცოდნოდა, დარწმუნებული ვიყავი, არავითარ შემთხვევაში არ გაამხელდა, რადგან მას ეს ფაქტი ხელს არ აძლევდა.

მისაღებში კონდიციონერი არ იყო, სიცხემ შემაწუხა, პიჯაკი გავიხადე, დივანის საზურგეს თავი მივაყრდენი და მკვდარივით ჩამეძინა ორი ღამის უძინარს.

როცა თვალი გავახილე, 5 საათი ხდებოდა. ოფისის დარბაზი ნელ-ნელა ივსებოდა ხალხით. 6 საათზე რიმსკის სავსე დარბაზში შევყევი. ქადაგების გუნებაზე არ ჩანდა და „სახალხო მკურნალმა“ თავის სიტყვას მხოლოდ 45 წუთი მოანდომა. როცა მსმენელები წავიდნენ, ვლად რიმსკიმ ელიტჯგუფის 10 კაცი თავის კაბინეტში დაიბარა, მე კი მისაღებში ვუცდიდი. მივხვდი, საიდუმლო თათბირი ვარვარას მკვლელობას ეხებოდა. ერთი სული მქონდა, როდის გავთავისუფლდებოდი, რომ იმ კოშმარული ღამის შემდეგ ცოტა გონება მომეკრიბა და შინ კარგად დამესვენა. მაგრამ რიმსკიმ მხოლოდ 11 საათისთვის ინება საცხოვრებელ კომუნაში დაბრუნება.

უჩვეულო სიცხე იყო, ნიავი არ იძვროდა. კორპუსის სადგომზე გავაჩერე მანქანა, გადავედი და სადარბაზოსკენ გავემართე. ეზოში კაციშვილის ჭაჭანება არ იყო. ცოტა უჩვეულოდ მომეჩვენა, რომ სადარბაზოში ბნელოდა. ვიფიქრე, ალბათ, ნათურა გადაიწვა-მეთქი და ის-ის იყო, ლიფტის ღილაკს მივაჭირე თითი, რომ კიბეზე ჩამომავალი ნაბიჯების ხმა მომესმა, სიბნელეს ლანდი გამოეყო და პირდაპირ ჩემ წინ აიტუზა.

– ლიფტი არ მუშაობს? – ეს სიტყვები, თუმცა სრულიად ნეიტრალური კონტექსტის შემცველი იყო, მაგრამ მათში შეფარული მუქარა ამოვიკითხე, ამიტომ ხელი, ყოველი შემთხვევისთვის, ზურგს უკან დაკიდებული იარაღისკენ გავიპარე... მაგრამ მაშინვე შუბლზე ცივი ლითონის შეხება ვიგრძენი და იმ უცნობმა კბილებში გამოსცრა: ხელები მაღლა, თორემ შუბლს გაგიხვრეტ!

გონებაში გამიელვა, რომ შემეძლო ელვისებური მოძრაობით მისთვის ხელი ამეკრა, თანადროულად იარაღი მომემარჯვებინა და გასროლა მომეხდინა, ვიცოდი, ამას მოვახერხებდი, მაგრამ ამ დროს უკან კიდევ ვიღაცები ამომიდგნენ და ახლა ზურგზე ვიგრძენი მკვრივი საგანი. მივხვდი, თითიც რომ გამენძრია, სიცოცხლეს საფრთხეში ჩავიგდებდი და ხელები მაღლა ავწიე.

– გაჩხრიკე! – უბრძანა იმ პირველმა, რომელიც კიბიდან ჩამოვიდა.

– გავასუფთავე! – მიიღო პასუხად და იარაღი და მობილური ამომაცალა.

– ხელები უკან შეუკარით! – კვლავ პირველი თავდამსხმელის ხმა გაისმა.

ხელებზე რაღაც წებოვანი ლენტი, უფრო სკოჩი, დამახვიეს და სადარბაზოდან გამიყვანეს. სამნი იყვნენ – ერთი უკან მომყვებოდა, ორნი – აქეთ-იქიდან. იარაღის ლულა ახლა გვერდზე მქონდა მოდებული... ასე „საპატიოდ“ მიმიყვანეს „ბეემვეს“ მარკის მანქანასთან და ხელისკვრით შემაგდეს სალონში. მანქანა დიდი სისწრაფით დაიძრა.

– ვინ ხართ, ბიჭებო და რა გინდათ?! – ვკითხე, როცა მანქანა მოსკოვის გარეუბანს გასცდა.

– მოკეტე, შენი...! – შემაგინა წინ მჯდომმა, რომელმაც შუბლზე იარაღი მომადო და უკან მჯდომებს უბრძანა – თავზე შლემი ჩამოაცვით!

შავი, სქელი და მჭიდრო ნაქსოვი ნაჭერი კისრამდე ჩამომაცვეს... ვეღარაფერს ვხედავდი. გონებაში აზრები ერთმანეთში მერეოდა – ნეტავ, ვინ არიან, ნუთუ გამშიფრეს-მეთქი... თანაც, რიმსკის საიდუმლო თათბირი გამახსენდა. მაგრამ, „სახალხო ტაძრის“ წინამძღვრისთვის საეჭვო და ირიბი არაფერი შემიმჩნევია... „ნუთუ ამას რამე კავშირი აქვს ეგორისა და ვარვარას მკვლელობასთან?!“– ვფიქრობდი და ერთი სული მქონდა, როდის შევიტყობდი, სად მივყავდი და რა უნდოდათ.

ჩემი ვარაუდით, საათ-ნახევარი მაინც ვიარეთ ტრასაზე. მერე ჯანჯღარით მივხვდი, რომ მანქანა ოღროჩოღრო, მოუწყობელ გზაზე გავიდა. დაახლოებით ორსაათიანი მგზავრობის შემდეგ, როგორც იქნა, გავჩერდით. მანქანიდან გადამათრიეს, სადღაც შემიყვანეს და შლემი მომხსნეს. ოთახი ყურადღებით მოვათვალიერე – სადღაც ძველ, რუსული სტილის, მოუწყობელ „ხატაში“ ვიყავი. მაგიდას, რომელზეც არაყი, დაჭრილი ძეხვი და შავი პური ელაგა, ერთი ჭაღარა მამაკაცი ეჯდა და დაკვირვებით მიყურებდა. ოთახს ძლივს ანათებდა 25 ან 40-ვატიანი ნათურა.

– ჩემი იარაღი მომეცი! – ჩემმა ერთ-ერთმა თავდამსხმელმა მეორეს მიმართა. ამ უკანასკნელმა მძიმედ ამოიღო „მაკაროვის“ პისტოლეტი და მიაწოდა. პირველმა, დაბალმა და უშნო ახალგაზრდა კაცმა, რომელმაც რაღაცით ვირთხა მომაგონა, ოთახი დატოვა. მივხვდი, „დასაზვერად“ გაუშვეს.

ორნი, ისინი, ვინც იმ ქოხში მიმიყვანეს, იქვე დარჩნენ.

– დაჯექი! – მიბრძანა მაგიდასთან მჯდომმა, ასაკოვანმა თმაჭაღარამ, რომელიც ასე, 60 წლის უნდა ყოფილიყო და შეიძლება – უფრო მეტისაც.

მეც მის წინ, მოშორებით მდგომ ხის სკამზე ჩამოვჯექი.

– აი, ამ დამპლის იარაღი! – შავგვრემანმა და გამხდარმა, ზურგში მოხრილმა ტიპმა იმ ასაკოვანს მაგიდაზე ჩემი „გლოკი“ დაუდო.

– მაშ, ეს შენ ხარ ის ინგლისელი, იმ სექტანტს რომ იცავს?! – მკითხა და თვალი თვალში გამიყარა. – ესე იგი, შენ ჩაშალე საქმე, არა?!

– არ მესმის, რაზე ლაპარაკობთ? – მივუგე მშვიდად და მზერა გავუსწორე.

– აი, ახლა რო ცოცხლად გაგატყავებ, მერე გაიხსენებ, შენი დედაც..! – წამოხტა ის, რომელიც ბნელ სადარბაზოში კიბიდან დამესხა თავს.

– გოშა, ადგილზე დაჯექი! – გაისმა კვლავ ჩემ წინ მჯდომის ხმა.

გოშაო! – უცბად გონება გამინათდა და აზრები თავისთავად დალაგდა: გამახსენდა ვლად რიმსკისა და რომა აკოინიკოვის საუბარი. ნუთუ ეს გოშა არანჟევია, იმ სურიკატას ბიძაშვილი?! – ყურადღებით დავაკვირდი იმ აგრესიულ პერსონას და აღმოვაჩინე, რომ, მართლაც წითური თმა ჰქონდა. მივხვდი, რომა აკოინიკოვმა გამაბა მახეში!

– რა, სასამართლო ხომ არ უნდა მოვუწყოთ, დავბრიდოთ და ეგ იქნება! – ამ სიტყვებით სკამს დაუბრუნდა წითური.

გაგრძელება შემდეგ ნომერში

скачать dle 11.3