ფლორის სამყაროში
კითხვა: ჩემმა ლავანდამ მოიწყინა. იქნებ ამიხსნათ, როგორი სინათლე და ტემპერატურაა მისთვის საჭირო?
პასუხი: ლავანდას უყვარს კაშკაშა სინათლე. ის მზის მწველ სხივებსაც კი აიტანს. რაც შეეხება ტემპერატურას, მისთვის იდეალურია 16-18 გრადუსი მთელი წლის განმავლობაში, თუმცა, ზამთარში მინიმუმ 2-3 გრადუსსაც აიტანს.
კითხვა: რა სიხშირით უნდა მოვრწყა მონსტერა?
პასუხი: ზაფხულობით, ზრდის პერიოდში, მონსტერა რეგულარულად მორწყეთ, ზამთრობით კი – პირიქით. გაითვალისწინეთ, რაც უფრო მაღალია ტემპერატურა, მას მით მეტი ტენი სჭირდება, რათა ფოთლებს ბოლოები არ გაუყავისფრდეს.
კითხვა: მინდა პელარგონიუმის შეძენა. როგორ მოვუარო, რომ კარგად გაიხაროს?
პასუხი: პელარგონიუმს აუცილებლად მოაშორეთ ხოლმე დამჭკნარი ყვავილები, მიწა კი რეგულარულად გაანოყიერეთ. თუ გსურთ, რომ მცენარემ კომპაქტური ფორმა მიიღოს, გაზაფხულზე კარგად გაკრიჭეთ. ის ადვილად მრავლდება ტოტების დაფესვიანებით.
კითხვა: ბინაში მაქვს ნემათანტუსი, რომელიც ძალიან პატარაა. მაინტერესებს, რა ზომის შეიძლება გაიზარდოს?
პასუხი: ნემათანტუსი მომცრო, ბუჩქოვანი მცენარეა, თუმცა მისი ტოტები თანდათან იზრდება და ქოთნიდან ან საკიდი კალათიდან 60 სანტიმეტრზე ან უფრო გრძლადაც გადმოეშვება. სიმაღლეში მან, შეიძლება, 35 სანტიმეტრს მიაღწიოს.
კითხვა: ყველაზე მეტად რომელი ადგილი უყვარს კალამონდინს და ვნებს თუ არა მას გარეთ ყოფნა?
პასუხი: თუ ზაფხულში ქარიან ადგილს მოარიდებთ, მას არგებს გარეთ ყოფნა. გაზაფხულსა და შემოდგომაზე კი, სასურველია, ეს მცენარე ღამით გარეთ არ დატოვოთ. მისთვის კარგი ადგილი ზამთრის ბაღია.
კითხვა: როგორ პირობებში ხარობს უკეთ აკალიფა?
პასუხი: აკალიფა ტენიან პირობებში ხარობს, ამიტომ, გირჩევთ, გვერდით კიდევ ორი-სამი აკალიფა ან სხვა მცენარეები მიუდგათ, რათა ლოკალური ტენიანობის მაღალი დონე შეუნარჩუნოთ. სიცხეში ხშირად დაუნამეთ ფოთლები, აქტიური ზრდის პერიოდში კი ხშირად მორწყეთ. ზამთრის თვეებში მორწყვა შედარებით შეამცირეთ, ოღონდ, მიწა ძალიან არ უნდა გაუშრეს.
კითხვა: როგორ მოვუარო კორდილინას?
პასუხი: კორდილინას უყვარს ნათელი ადგილი, ამიტომ, დადგით ძალიან ნათელ ადგილას. დღეში ორი-სამი საათით მწველ მზეში ყოფნასაც აიტანს. ზაფხულში ნიადაგი ტენიანი უნდა ჰქონდეს. თუ ზამთარში ტემპერატურა დაბალია, იშვიათად მორწყეთ და მიწა მხოლოდ ოდნავ დაატენიანეთ. ამ იოლად მოსავლელ მცენარეს მინიმალური ყურადღებაც ჰყოფნის. ძველი, დამჭკნარი-დაჭმუჭნილი ფოთლები მოაშორეთ. ზაფხულობით მიწა რეგულარულად გაანოყიერეთ ბალანსირებული თხევადი სასუქით, რათა ფოთლებმა ფერი შეინარჩუნოს. მცენარისთვის იდეალურია 18-24 გრადუსი ტემპერატურა, თუმცა, თითქმის ნულოვან ტემპერატურასაც გაუძლებს. კარგი იქნება, თუ ამ მცენარეს ზამთრის ბაღში გაზრდით – ასეთ ადგილას უკეთ გაიხარებს.