როცა ქალს უყვარს...
თიკომ ამოიოხრა და ვიწრო, მოკლე კაბა მუხლისთავებისკენ ჩამოიქაჩა... ის ვიღაც ბეჟანი უკვე ათი წუთი იყო, რაც ალოდინებდა. გუშინ საღამოს ლენუკამ დაურეკა და გააფრთხილა, ბეჟანი გელოდება და არ დააგვიანო. კარგად მოემზადე, შენ რომ იცი, ისე; უნდა მოეწონო... შენი იმედი მაქვს და არ დამაღალატოო. ნერვები ეშლებოდა, როცა იმაზე ფიქრობდა, ბეჟანისთვის თავი რომ უნდა მოეწონებინა...
– თქვენ ხართ თიკო? – მოესმა მამაკაცის შემპარავი ხმა და თავი ასწია. კაბინეტის ღია კარში საშუალო სიმაღლის, საფეთქლებთან ოდნავ თმაშევერცხლილი მამაკაცი იდგა და უღიმოდა. პირველი, რაც მაშინვე შეამჩნია და ჯეროვნადაც დააფასა, ბეჟანის უზადო კოსტიუმი და გემოვნებით შერჩეული ფეხსაცმელი იყო. გაიფიქრა, ნეტავი, ბეჟანი ვინ დაარქვაო და კეკლუცად წამოდგა ფეხზე.
– დიიახ, – გაწელა სიტყვა და ხელი გრაციოზულად გაუწოდა.
– ლენოჩკა მელაპარაკა თქვენ შესახებ, მაგრამ, არ უთქვამს, ასეთ მშვენიერ ქმნილებასთან თუ მექნებოდა საქმე... სამსახურს ეძებთ, ხომ?..
თიკო დაიბნა. რა ეთქვა, არანაირ სამსახურს არ ვეძებ, ლენუკას ახირების შესასრულებლად ვარ აქ მოსულიო?! ამიტომ, რაც ენაზე მოადგა, ის წამოროშა:
– იცით, რაშია საქმე? მინდა, მეტი ვიცოდე საკუთარი შესაძლებლობების შესახებ, ადამიანები გავიცნო, ურთიერთობები დავამყარო... ერთფეროვნება მბეზრდება ხოლმე და...
– ვიცი, ვხვდები... მეც ზუსტად თქვენნაირ თანამშრომელს ვეძებდი. ძალიან გამიმართლა. ლენუკასთვის მადლობის მეტი არაფერი მეთქმის. შემობრძანდით, კაბინეტში ვისაუბროთ. ყავასაც ახლავე მოგვიტანენ...
„აჰა, ესე იგი, ყავის მომდუღებელი უკვე ჰყავს. საინტერესოა, მე რა თანამდებობას მიმზადებს. მართლა დამლაგებლობას ხომ არ მიპირებს?“ – გაიფიქრა თიკომ და გემოვნებით მოწყობილი კაბინეტი კმაყოფილი ღიმილით შეათვალიერა.
– კარგი გარემოა თქვენთან, საქმიანი...
– მოგწონთ? მიხარია. თქვენს აზრს ჩემთვის დიდი მნიშვნელობა აქვს. რატომ გეღიმებათ, ჩემი არ გჯერათ?
– პირიქით, – გაიბადრა თიკო, – არ მოველოდი, აქ ასეთი გარემო თუ დამხვდებოდა და, სიმართლე გითხრათ, ცოტას ვყოყმანობდი კიდეც, მოვსულიყავი თუ არა, როცა ლენუკამ დამირეკა...
– ანუ, შეიძლებოდა, არ მოსულიყავით? – კაცის ხმაში შეშფოთებამ გაიჟღერა.
– მთავარი ის არის, რომ მოვედი, – თიკო ხალისიანად აკისკისდა. თანდათან სულ უფრო მოსწონდა ბეჟანი, რომელიც უკვე აშკარად ეფლირტავებოდა.
– ჰო, გეთანხმებით... აი, ყავაც მოგვიტანეს.
– ბატონო ბეჟან, საქმეზე ხომ არ გადავიდეთ? – ჰკითხა უცებ თიკომ. ბეჟანს თითქოს ცივი წყალი გადაასხეს – მისი აღტკინება ერთბაშად ჩაცხრა და მოიწყინა.
– მე კი თქვენთვის ჩემი საფირმო კოქტეილის მომზადებას ვაპირებდი...
– ბატონო ბეჟან, განსაკუთრებულ ყურადღებას იჩენთ ჩემი პერსონის მიმართ. მე კი მინდა, ვიცოდე, რისი გაკეთება მომიწევს.
– ძალიან მონდომებული ხართ და ეს კარგია... კოქტეილს კი მე ყველას არ ვთავაზობ.
– მესმის და ვაფასებ თქვენს სტუმარმასპინძლობას, გულწრფელად გეუბნებით, მაგრამ, ბოროტად ვერ ვისარგებლებ.
– კარგი. გეტყვით, რაც მაინტერესებს. სამსახურში მიღებული ხართ. თანაშემწე მჭირდება და, ვფიქრობ, ამ ვაკანსიაზე თქვენზე უკეთესს ვერავის მივიღებ.
– თქვენი თანაშემწე? – თიკომ გაოცებით ასწია წარბები, – კი მაგრამ, რა უნდა გავაკეთო?
– მე ძალიან დატვირთული გრაფიკი მაქვს. ბევრი სტუმარი ჩამომდის და თქვენ უნდა დამეხმაროთ – დახვდეთ, დააბინავოთ. მძღოლიც გეყოლებათ და კიდევ დაგეხმარებით რაღაცეებში. ჰო, ალბათ, გაინტერესებთ, ანაზღაურება რამდენი გექნებათ... დასაწყისისთვის ათას ორას ლარზე გაგიფორმებთ კონტრაქტს – ხელზე აიღებთ ამდენს, მერე ვნახოთ...
თიკომ ყურებს არ დაუჯერა – ასეთ შემოთავაზებაზე ვერც იოცნებებდა. თავი ხელში აიყვანა, სიხარული რომ არ გამოემჟღავნებინა. გუნებაში ლენუკას მადლობა შეუთვალა და დანაზებული ხმით იკითხა:
– რამე არასწორად რომ გავაკეთო? თქვენი სტუმრები, ალბათ, უცხოელები არიან.
– დიახ, უცხოელები არიან, პოსტსაბჭოთა ქვეყნებიდანაც მყავს პარტნიორები. საკმაოდ სერიოზული კომპანია ვართ. ჩვენს აშენებულ ბინებზე დიდი მოთხოვნაა. ალბათ, მივლინებებში მოგვიწევს წასვლა... ერთი სიტყვით, მოსაწყენად ნამდვილად არ გეცლებათ, მეც არ დავუშვებ ამას...
თიკოსთვის უკვე ყველაფერი გასაგები იყო. ეს კაცი აშკარად „აბამდა“, მაგრამ, ისიც აღმოაჩინა, რომ ცოტათი მოსწონდა კიდეც ეს ამბავი. კარგად გავერთობიო, იფიქრა, ხელფასმა ხომ, საერთოდ, აღაფრთოვანა.
– როდის შემიძლია, შევუდგე მუშაობას?
– ხვალიდანვე. დარწმუნებული ვარ, ყველაფერს შესანიშნავად გაართმევთ თავს. კოქტეილზე ისევ უარს მეუბნებით?
– სხვა დროს იყოს. საჭესთან ვარ და...
– თუ მხოლოდ ეგ არის პრობლემა, თქვენი მანქანა აქ დატოვეთ, სადგომზე და სახლში ჩემი მძღოლი წაგიყვანთ. დილითაც მოგაკითხავთ...
– მადლობელი ვარ, მაგრამ, დღეს არანაირად არ გამოვა. მეგობარს უნდა გავაუარო.
– აა, ლენუკას, ხომ? – სიცილით დაუქნია თითი ბეჟანმა, – რა ხართ ეს ქალები... უკვე ვიცი, რაზეც ილაპარაკებთ და, იმედი მაქვს, ჩემთვის კეთილ სიტყვას არ დაინანებთ. კარგი, ხვალ გელოდებით.
ბეჟანმა თიკო კარამდე მიაცილა, ხელზე აკოცა და დიდხანს უყურებდა მიმავალს...
***
ლენუკამ სავარძელში ფეხმორთხმით მოიკალათა, ყავა ნეტარებით მოსვა და თიკოს მიაშტერდა.
– მიდი, დროზე მოყევი, მოგეწონა ბეჟანი? გაუგეთ ერთმანეთს? რა უნდა გააკეთო?
– მომათქმევინე სული, – თიკომ ფეხსაცმელები და ხელჩანთა შემოსასვლელში დაყარა, დივანზე ჩამოჯდა და ნეტარებით გაიზმორა:
– უჰ, დავიღალე. ვერ ვიტან მაღალ ქუსლებსა და ვიწრო ქვედაბოლოებს...
– ისე, ძალიან მოგინდომებია, კარგად გამოიყურები, – ტუჩები მოწონებით მოპრუწა ლენკუამ, – გადარიე ბეჟანი?
– შენ იცინი და, უკვე მეფლირტავება... ისე, კარგი ტიპია, რომ არ ველოდი, ისეთი... რატომ არ მითხარი, ასეთი სიმპათიური თუ იყო?
– ვინ, ბეჟანი? მართლა სიმპათიურია? შენ ასე ფიქრობ? ხომ არ მოგეწონა და შეგიყვარდა?
– ჰმ, ძალიან გამხიარულდი. ახლა მე მკითხე, რა ვქნა. მინდა-არ მინდა, უნდა დავიწყო მასთან მუშაობა, რაც დიდად არ მხიბლავს – ამდენი თავისუფალი დრო კი აღარ მექნება!
– ნუ წუწუნებ. ყავის მოდუღებას რა უნდა.
– რა? ყავის მოდუღება? ძალიან გეშლება და საერთოდ არ აფასებ ჩემს შესაძლებლობებს, – ამაყად განუცხადა თიკომ და მრავალმნიშვნელოვნად გაუღიმა.
– მოიცა, ამით რისი თქმა გინდა... ბეჟანს ხომ არ უნდა ვეჩხუბო? გოგო, რა გაცინებს, მართლა დამლაგებლობა შემოგთავაზა? მოვკლავ მაგას!
– თავი დაანებე ბეჟანს. სხვათა შორის, საკმაოდ სწორად მიხვდა, რა მინდოდა ყოველთვის და, ისეთი რაღაც შემომთავაზა, რაზეც მთელი ცხოვრება ვოცნებობდი...
– თიკო, ნუ დამაწყვიტე ნერვები!
– კარგი, გეტყვი – თავის თანაშემწედ ამიყვანა... ვოტ!
– მოიცა, ეგ რას ნიშნავს? – დაბნეული მზერა მიაპყრო ლენუკამ მოღიმარ თიკოს.
– ვაიმე, რა ვერ გაიგე? არ იცი, დიდი და წარმატებული მმართველის თანაშემწეობა რას ნიშნავს? მის კომპანიებს, ინვესტორებს უნდა შევხვდე; მივლინებებში ვიარო; მძღოლიც მომემსახურება და, საერთოდ, ხვალიდან ახალ ცხოვრებას ვიწყებ. იცი, ხელფასი რამდენი მექნება? ათას ორასი ლარი და ეს – დასაწყისისთვის...
ლენუკამ ტუჩები აიბზუა:
– შენ ხომ არ დაგავიწყდა, რისთვის მიგიყვანე მანდ? რაღაც, ძალიან ხარ აღფრთოვანებული... იცოდე, იმედი არ გამიცრუო.
– კარგი რა, ლენუკა, ნუ იცი ხოლმე „პრაზნიკის” ჩაშხამება. ხომ უნდა მოვირგო ჩემი როლი, პირდაპირ ხომ არ მივუვარდები იმ ქალს – გამიცანი და დამიმეგობრდი-მეთქი? თანაც, მომწონს, ჩემი ფული რომ მექნება.
– ეს „ჩემი ფული“ რას ნიშნავს, აქამდე არ გქონდა ფული? რაღაც, არ მახსენდება, ამ საკითხზე დაგეწუწუნოს.
– ფული ბევრი და ზედმეტი არასდროს არის – ეს ერთი და, მეორეც – სიახლეები, თანაც, პოზიტიური სიახლეები, ყოველთვის სასიამოვნოა.
– მე კი გეუბნები, შენი მთავარი ამოცანა არ დაგავიწყდეს-მეთქი. დრო ახლა გვაქვს, სანამ კოტე აქ არ არის.
– ჰო, მართლა... დაგირეკა ქმარმა? როგორ არის სანდრო?
– დამირეკა, როგორ არა... – წყენით ჩაილაპარაკა ლენუკამ, – თუ მე თვითონ არ დავურეკე, არც გაახსენდება, რომ მათი ამბავი მაინტერესებს.
– მერე, დაურეკე, რას ელოდები?
– ვაცდი ჯერ... ილაპარაკოს მამა-შვილმა. წარმომიდგენია, რა ხდება მათ შორის. სანდრო უკან არ დაიხევს – როცა რამე ძალიან უნდა, შეუვალია: კოტეც გადაირევა... მოკლედ, რა... – ხელი ჩაიქნია ლენუკამ, – მაგ კაცის ვერაფერი გავიგე. ან, ასე უცებ რატომ გავარდა, ან რატომ დათვრა... რას დავაბრალო, არ ვიცი... შენი იმედიღა მაქვს, რა... როგორმე მალე უნდა გამირკვიო ყველაფერი.
– ჰო, მესმის, მაგრამ, ხვალვე ხომ ვერ დავეტაკები, დრო დამჭირდება.
– ვაიმე, შენ ახლა ბეჟანთან ფლირტში არ გაერთო და საერთოდ არ გადაგავიწყდე, თანაც, თუ მივლინებებში ივლი და ოფისში არ იქნები, თამრიკოს როგორ გაიცნობ და დაუმეგობრდები? – აწუწუნდა ლენუკა.
– მოვახერხებ რაღაცას, ნუ ვიშვიშებ, ძალიან გთხოვ. აჯობებს, შენს შვილს დაურეკო და გაიგო, იქ რა ხდება.
ლენუკამ თავი გააქნია:
– არა, მოცდა მირჩევნია. ხვალ დავურეკავ... უყურე ბეჟანს?! ესე იგი, ეგრევე არშიყი დაგიწყო, ხომ? რომ ჰკითხო, ჩემზე გიჟდება... საზიზღარი! – გაბრაზდა ერთბაშად.
– ნუ, „მეარშიყება” – ძალიან ხმამაღალი ნათქვამია. მე ვიტყოდი, თავაზიანობა გამოიჩინა და მსუბუქად წამეფლირტავა... შენ რა, ხომ არ ეჭვიანობ? – გადაიკისკისა თიკომ.
– არა, გოგო, მაგრამ, რაღაცნაირად მეწყინა, – გაეცინა ლენუკასაც, – მეუბნებოდა, ისე მიყვარხარ, ცოლს შენ გამო გავცილდიო.
– ანუ, ცოლი არ ჰყავს? – მოუთმენლად იკითხა თიკომ და მაშინვე ინანა, რადგან ლენუკამ წყრომით დაუბრიალა თვალები:
– შენ ახლა უკე მაფიქრებ, ხომ არ გინდა, ცოლად გაჰყვე? მერე, ის შენი რაინდი რას გეტყვის? თუ, ბეჟანი უკეთესი ვარიანტია?
– რანაირი ლაპარაკი იცი, ცოლად გაყოლა რა შუაშია? ისე, უბრალოდ ვიკითხე.
– შენ იცი, თაყვანისმცემელი არ ამახიო... – გაიცინა ლენუკამ და სიგარეტს მოუკიდა, – ყავას ხომ დალევ? სალათაც გააკეთა მარიკამ. წავალ, ვეტყვი, სუფრა გაშალოს.
– უარს არ ვიტყვი, ამასობაში მომშივდა. იცი, რა მინდოდა, მეკითხა? კოტე როცა არ არის, ეგ თამრიკო სამსახურში მაინც დადის?
– მგონი, ჰო... სიმართლე გითხრა, ზუსტად არ ვიცი. იქ არ მიხვალ? შენ თვითონ ნახავ. ჰო, მართლა, სამსახურში როდიდან გადიხარ?
– ხვალიდან. მალე უნდა წავიდე სახლში და მოვემზადო. ადრე მომიწევს ადგომა – პირველივე სამუშაო დღეს ხომ არ დავაგვიანებ?!
– ოჰო, შენ უკვე შეიფერე თანამდებობა. ფრთხილად იყავი, ძალიან არ შეხვიდე როლში... – ირონიულად ჩაიცინა ლენუკამ და სიგარეტის ნამწვი საფერფლეზე დაასრისა...
***
კოტემ ბარგი დადო და ბინა შეათვალიერა:
– არა უშავს, კარგად მოწყობილხარ... გამარჯობა, ტომი! მე კოტე ვარ, სანდროს მამა...
– გელოდებოდით! – ხელი ჩამოართვა ტომასმა და გაეღიმა, – ზუსტად ასეთი წარმომედგინეთ.
– მართლა? საინტერესოა, ისეთს რას გიყვებოდა სანდრო ჩემ შესახებ, რომ წარმოდგენაც კი შეგექმნა? – თქვა კოტემ და სანდროს მიუბრუნდა, – ბიჭო, რა კარგი მეგობარი გყავს. ამის ხათრით მაინც არ გინდა ირლანდიაში დარჩენა?
– მაგაზე მერე ვილაპარაკოთ, ვახშმის შემდეგ. დედა როგორ არის?
– ლენუკაზე მეკითხები? თითქოს დედაშენს არ იცნობდე – დადის მაღაზიებში, ფლანგავს ჩემს ფულს და ამქვეყნად არაფერი ადარდებს.
– ასე ნუ ლაპარაკობ დედაზე. მე ვადარდებ.
– ჰო, შენ კი ადარდებ, ნამდვილად. წამოსვლა უნდოდა, დარჩი-მეთქი და ცოტა გამიბრაზდა. მის გარეშე ჩვენ უკეთ დავილაპარაკებთ. უნდა ვიცოდე, რას აპირებ.
– ხომ გითხარი, რასაც ვაპირებ – ლონდონში მინდა გადასვლა სასწავლებლად. გადაწყვეტილია უკვე ეს ამბავი, – გადაჭრით და მტკიცედ მიუგო სანდრომ.
კოტემ წარბის აწევით შეხედა შვილს:
– ასეთი ტონით ლაპარაკს არ გირჩევ, რა ულტიმატუმია და რა უაზრო სიჯიუტე? მე არგუმენტები მჭირდება, რატომ აღარ გინდა აქ და გინდა იქ. რამე პრობლემა გაქვს?
– არა, პრობლემა არ მაქვს.
– კარგი, ეს გავიგე. ახლა ტომასს უთხარი, სადმე ნორმალურ რესტორანში წაგვიყვანოს, რომ გემრიელად ვივახშმოთ და დანარჩენზე მერე ვილაპარაკოთ.
სანდრომ ტომასს უთარგმნა კოტეს ნათქვამი. ტომასმა ხელები მოიფშვნიტა:
– უკვე ვშიშობდი, რომ ამას აღარასდროს მეტყოდი. რომელ რესტორანში წავიდეთ თუ ჩვენი პაბი აჯობებს? მამაშენს რა უყვარს?
– რა ვიცი... კოტე, ტომასი კითხულობს, მამაშენს რა უყვარსო.
– ყველაფერი მიყვარს, რაც გემრიელია.
– მაშინ შემწვარი კანჭები მივირთვათ და საუკეთესო ლუდი დავლიოთ. ჰა, რას იტყვი?
– წავიდეთ, კარგი აზრია, – მხრები აიჩეჩა სანდრომ და კოტეს მიუბრუნდა: – ჩვენ დავდივართ ხოლმე, კარგი პაბია, მოგეწონება.
– პაბი? სენდვიჩებზე არ გადამატაროთ, არ ვარ მე მაგის კაცი, – შეიჭმუხნა კოტე.
– არა, მაგარი კანჭი აქვთ და საუკეთესო ლუდი, მოგეწონება.
– კარგი, ტანსაცმელს გამოვიცვლი, მოვწესრიგდები და წავიდეთ, – კოტე ადგა. ჩანთას ხელი მოჰკიდა და მეორე ოთახში გავიდა.
– შენ დეაზე არაფერი წამოგცდეს, – მომენტით ისარგებლა და მეგობარი გააფრთხილა სანდრომ.
ტომასმა მხრები აიჩეჩა:
– ვერ ვხვდები, დასამალი რა არის, მით უმეტეს, რომ სერიოზულად ფიქრობ იმ გოგოზე. ასე მამაშენი დარწმუნდება, რომ შეყვარებული ხარ და უფრო ადვილად დაითანხმებ ლონდონში გადასვლაზე.
– არა... მე უკეთ ვიცნობ მამაჩემს, ჯერ არ მინდა, დეას შესახებ რამე იცოდეს. შევთანხმდით?
– ეს შენი გადასაწყვეტია. შევთანხმდით, – თავი დაუქნია ტომასმა.
გაგრძელება შემდეგ ნომერში