როგორ წარმოიშვა ქართული გვარ-სახელები
ბაბაჯანაშვილი
გვარის ფუძეა საკუთარი სახელი ბაბაჯანა, რომელიც შედგენილი სახელია.
1721 წელს ლუარსაბ ვარაზაშვილის ყმად მოიხსენიება ბერუა ბაბაჯანაშვილი.
საქართველოში 23 ბაბაჯანაშვილი ცხოვრობს: თბილისში – 8, ლაგოდეხში – 4, გარდაბანში – 3. არიან სხვაგანაც.
ბერძენაშვილი
გვარის ფუძეა ეთნონიმად ქცეული სახელი – ბერძენი; ასევე, გვხვდება მეტსახელი – ბერძენა.
1721 წელს ყმისა და მამულის ნასყიდობის წიგნში მოიხსენიება ვინმე ბერძენა ჯვარშეიშვილი.
1638 წელს მოსე მაღალაძის მიერ თავის განაყოფ სახლთუხუცესის, გიორგი მაღალაძისთვის მიცემულ ყმისა და მამულის ნასყიდობის წიგნში მოიხსენიება ვინმე ბერძენა.
1721 წელს ალგეთში ცხოვრობდა აზნაური ოთარ ბერძენაშვილი, რომელიც სახლთუხუცესი და თავად ამილღაბარ გოსტაბაშვილის მემამულე იყო.
იორდანე ბერძენაშვილი 1843 წელს ცხოვრობდა ყვარელში.
ამავე ძირისაა გვარები: ბერძენიშვილი, ბერძენიძე, ბერძენაძე, ბერძული.
საქართველოში 2 662 ბერძენაშვილი ცხოვრობს: თბილისში – 1 050, ჩოხატაურში – 319, რუსთავში – 146. არიან სხვაგანაც.
აფხაზიშვილი – აფხაზაშვილი
აფხაზი – ტომის აღმნიშვნელი სიტყვაა, აქედან კი მომდინარეობს გვარები: აფხაზი, აფხაზავა, აფხაზიშვილი, აფხაზაშვილი.
„სატომო სახელთაგან ზოგი ისევე წმინდა ფუძით გვხვდება გვარად, როგორც ხელობის აღმნიშვნელი სიტყვები, მაგალითად: აფხაზი, ბერძენი, დვალი, ლაშხი, მესხი, სვანი და ასე შემდეგ“.
„თავადი აფხაზიშვილი – ესენი არიან აფხაზეთიდან მოსულნი, ოდეს იწყეს მამადინობა აფხაზთა. ესენი მოვიდნენ კახეთსა და მეფემან თეიმურაზ მიიღო თავადობისა ხარისხითა აფხაზად წოდებულნი, რომელნიც იწოდებიან აწ აფხაზისშვილებად და უბოძა კარდენახს სახასო მამულნი და ყმანი და მუნ სცხოვრობენ. მუნ ჟამიდან წელსა 1636-სა არიან ერთ სახლად“.
ალგეთში, დვალათას ხევის მარჯვენა მხარეს, ბოღრანეთის სამხრეთით, ხორბუკის აღმოსავლეთ-ჩრდილოეთით, 1654 წელს მოიხსენიება მებატონე აფხაზი.
საქართველოში 151 აფხაზიშვილი ცხოვრობს: თბილისში – 101, გარდაბანში – 28, გურჯაანში – 9. არიან სხვაგანაც.
95 აფხაზაშვილი.
ბაბუხარდია
ამ გვართან დაკავშირებით, ხალხში შემონახულ თქმულებებში, წინაპრებიდან მეხსიერებით გადმოცემული ძალიან ბევრი საინტერესო მასალაა შემონახული.
მაგალითად, ბაბუხარდიათა გვარის შესახებ, ბატონი შალვა ბაბუხარდია ასეთ ინფორმაციას გვაწვდის:
„მეცხრამეტე საუკუნეში, სვანეთში, კერძოდ, მესტიაში, ცხოვრობდა ორი ძმა – გელოვანი. დედ-მამა ადრე გარდაეცვალათ და ბაბუა ზრდიდა. ერთ დღეს, რომელიღაც მეზობელმა ბავშვებს ბაბუა მოუკლა და ობლები მეზობლების ანაბარა დატოვა. როცა ბიჭები წამოიზარდნენ, ერთ-ერთმა მეზობელმა მიანიშნა მათ ბაბუის მკვლელზე – მას თქვენი სისხლი ჰმართებსო. ტრადიციამ თავისი გავლენა მოახდინა ძმებზე და მათ მკვლელის ოჯახის რამდენიმე წევრი მოკლეს, შემდეგ გაიქცნენ იმ ადგილიდან და ერთი ძმა იმერეთს შეეხიზნა, მეორე კი კახეთში გადავიდა. იმერეთში გადასახლებულმა ძმამ ნამდვილი გვარი დამალა და გვარად ბაბუა დაირქვა. ამ თქმულების მიხედვით, მას სოფელში ბაბუხარდი შეარქვეს. გვარმა დროთა განმავლობაში სახე იცვალა და ბაბუხარდია გახდა. კახეთში გადასული ძმა კი გელოვანის გვარით დასახლდა. იქ დღესაც ცხოვრობენ გელოვანის გვარის წარმომადგენლები“.
ბაბუხარდიები დღეს სხვადასხვა ადგილას ცხოვრობენ. ტყიბულის რაიონში არის სოფელი კითხიჯი, რომელიც მთლიანად ბაბუხარდიებით არის დასახლებული; ასევე, ბაბუხარდიები ცხოვრობენ თეთრი წყაროს რაიონის სოფელ ასურეთშიც.
საქართველოში 453 ბაბუხარდია ცხოვრობს: ქუთაისში – 175, ტყიბულში – 113, თბილისში – 69. არიან სხვაგანაც.
აკადემიკოს იაკობ ახუაშვილის მასალების მიხედვით