კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ეძიე კაცი

„მინი პოდიუმი“ ორ-სამ საათს გაგრძელდა. ბოლოს, როგორც იქნა, გადაწყვიტა, რაც უნდა ჩაეცვა, შესაფერისი ფეხსაცმელი და ჩანთაც შეურჩია და სამკაულიც დააწყო ტრილიაჟზე – ამჯერად, რატომღაც, ვერცხლის განწყობაზე იყო.

საღამომდე კიდევ კარგა ხანი ჰქონდა დარჩენილი. თმასაც და მაკიაჟსაც თვითონ მიხედავდა – არ უნდოდა, ტომასს ეფიქრა, რომ მის გამო იჯდა სალონში რამდენიმე საათი; ისედაც არ უყვარდა ძალიან „პოდიუმურად“ დავარცხნილ-დახატული ქალები, მით უფრო, რომ კლასიკურ ტანსაცმელს სადა ვარცხნილობა და მაკიაჟი უფრო მოუხდებოდა.

ჩაცმა-დახურვის საკითხი რომ მოაგვარა, საათს დახედა. ჯერ 3 საათი იყო, ტომასს კი 8 საათზე უნდა შეხვედროდა რესტორანში. სხვათა შორის, შესთავაზა, ტაქსით მოგაკითხავო, მაგრამ მიამ უარი უთხრა – არ უნდოდა, ჯერ კიდევ უცნობ და, მით უმეტეს, გადამთიელ მამაკაცს მისი მისამართი სცოდნოდა. შეიძლება, ამას დიდი მნიშვნელობა არ ჰქონდა, მაგრამ, ყოველი შემთხვევისთვის, თავი დაიზღვია. თან, გულში მაინც იმას ფიქრობდა, როგორ ეფექტს მოახდენდა იმ თავდაჯერებულ ამერიკელზე, როცა „მარიოტის“ დარბაზში შეაბიჯებდა.

„სანამ ბიჭები კალათბურთიდან დაბრუნდებიან, ცოტა წაძინებასაც მოვასწრებ“, – გაიფიქრა მიამ და დივანზე ბალიში და პლედი დააწყო. თუ სადმე მნიშვნელოვან შეხვედრაზე ან წვეულებაზე მიდიოდა, წასვლამდე აუცილებლად უნდა წაეძინა ერთი საათი მაინც – ეს ჩვევა ბებიამ გამოუმუშავა, პატარაობიდანვე მიაჩვია ამას და, თუ მია გაუძალიანდებოდა – არ მინდა დაძინებაო, ბებია მოთმინებით უმეორებდა ერთსა და იმავეს: „ერთი საათის ძილი აღადგენს ენერგიას, აუმჯობესებს სახის კანის ფერს და უფრო სხივიანს ხდის თვალებს, ეს ყველაფერი ერთად კი უდრის ქალის სილამაზეს. ხომ გინდა, რომ ყველაზე ლამაზი იყო, ბებო გენაცვალოს?!“

ჰოდა, მიაც მიეჩვია. ამიტომ, მორჩილად დაწვა, გვერდით მობილური დაიდო და მშვიდად დაიძინა. მანამდე კი ის გაიფიქრა, რომ გაიღვიძებდა, დედასთვის დაერეკა და ბავშვებთან დარჩენა ეთხოვა.

***

– სალომე, ერთი საათის წინ გოგიტამ დარეკა და შენ გიკითხა, – უთხრა დედამ სამსახურიდან დაბრუნებულ შვილს.

– მართლა?! – ირონიულად შეიცხადა სალომემ, – რა დაემართა, ცუდი სიზმარი ნახა?

– ნუ ხარ შენ ასეთი აუტანელი ხასიათის! – გაბრაზდა ქალბატონი ნანა, – თუ არ დარეკა – არ ვახსოვარ და ფეხებზე ვკიდივარო; თუ დარეკა – ცუდი სიზმარი ნახაო... „ნურც გაფრინდები, ნურც მოფრინდები“ გამოგდის.

– რა გინდა, დედა, რატომ ცდილობ, ნერვები ამიშალო? – გაღიზიანდა სალომე.

– შენი ნერვების აშლას კი არ ვცდილობ, მინდა, რომ შერიგდეთ. უყვარხარ იმ ბიჭს, შვილი უნდა შენგან და სრულყოფილ ოჯახზე ოცნებობს – რა არის ამაში უჩვეულო და გასაოცარი?

– რა?! – თვალები შუბლზე აუვიდა სალომეს, – თვითონ გითხრა თუ შენ შეთხზე ასე სახელდახელოდ ეს ზღაპარი?

– თვითონ მითხრა. ბოდიშიც მომიხადა და პატიებაც მთხოვა, – კმაყოფილი სახით უპასუხა დედამ.

– მერე, გაგიხარდა და აპატიე?

– დიახაც. შეცდომას ყველა უშვებს, მთავარია, ხვდება თუ არა ამას და როგორ ცდილობს მის გამოსწორებას. თუ ადამიანი ნანობს, რაც ჩაიდინა, უნდა მისცე შანსი, რომ გამოასწოროს, თორემ, მერე ძალიან ინანებ, მაგრამ, უკვე გვიან იქნება – ამას ჩემი გამოცდილებიდან გეუბნები, – ნანას ცრემლით აევსო თვალები.

– შეცდომასაც გააჩნია, დედა. არის შეცდომა, რომლის პატიებაც შეუძლებელია.

– სხვათა შორის, უფალი ადამიანს თვითმკვლელობის გარდა ყველა ცოდვას მიუტევებს, თუკი მოინანია, – შეახსენა დედამ, ხატისკენ გაიხედა და პირჯვარი გადაიწერა.

– ვიცი, მაგრამ, მე ღმერთი არ ვარ, მე ჩვეულებრივი ქალი ვარ, რომელმაც მთლიანად მიუძღვნა ქმარს თავიც, სულიც, გულიც, მაგრამ, იმან რა ქნა?! ყველანაირად გამომიყენა, მომატყუა, სულში ჩამაფურთხა და, რაც მთავარია, მკვლელი გამხადა! – ისტერიკა დაემართა სალომეს, – თქვენ რა გგონიათ, ხმას რომ არ ვიღებ და არაფერს ვიმჩნევ, ყველაფერმა გამიარა და ყველაფერი დამავიყწდა?!

– რა მკვლელი გაგხადა, შვილო, რას ამბობ, გაგიჟდი? – გადაირია ნანა.

– რა მკვლელი და, ორჯერ მაიძულა აბორტის გაკეთება – ჯერ არ ვართ მზად შვილისთვის, ცოტა ფეხზე დავდგეთ და მერე რამდენიც გინდა, გააჩინეო. რა, პირველად გესმის? სხვათა შორის, არც შენ იყავი მაშინ ამის წინააღმდეგი – ჯერ ძალიან პატარები ხართ, შვილებს ყოველთვის მოესწრებითო, – ჩურჩულით თქვა სალომემ და სახე ხელებში ჩარგო.

– მე რა ვიცოდი, რომ ამის მერე ასე მალე გაეყრებოდით? – თავი იმართლა ნანამ, – ან, რომ მეთქვა კიდეც, დამიჯერებდი? შენ ხომ მარტო იმას აკეთებდი, რასაც ქმარი გეუბნებოდა! ვინმეს რამედ გვაგდებდი? მონასავით შეჰყურებდი თვალებში, ყველა ხუშტურს უსრულებდი და მერე უცებ ადექი და სახლიდან გააგდე... არც გათხოვება გიკითხავს ჩვენთვის და არც ოჯახის დანგრევა. ჩემთვის რომ დაგეჯერებინა, ახლა ამ დღეში არ იქნებოდი – შვილიც გეყოლებოდა, კარგი ქმარიც და ნორმალური ოჯახიც გექნებოდა. ვის ჰგავხარ ასეთი ჯიუტი და თავისნათქვამა, ვერ ვიგებ. ნუკა სულ სხვანაირია, ფეხს არ დგამს ჩემთან შეთანხმების გარეშე. არადა, ერთნაირად გაგზარდეთ და, ასეთი განსხვავებულები როგორ გამოხვედით, წარმოდგენა არ მაქვს, – ხელები გაშალა ქალმა და შვილს შეხედა: – ახლა რას აპირებ?

– რა უნდა დავაპირო, დედა? რადგან შენ დაგირეკა და ბოდიში მოგიხადა, ამიტომ უნდა გავიქცე და კისერზე ჩამოვეკიდო?

– აბა, რა გინდა, ასე მარტომ იარო სიცოცხლის ბოლომდე? რამდენი შეცდომა უნდა დაუშვა ცხოვრებაში? ისე გზრდიდით ორივეს, იდეალური ქალები უნდა გამოსულიყავით, თქვენ კი... – ხელი ჩაიქნია ნანამ, მერე მაცივრის თავიდან სიგარეტი და საფერფლე აიღო და მოუკიდა.

– იცი, რას გეტყვი, დედა? – ძალიან გაღიზიანდა სალომე, – სიმართლე გითხრა, ორგანულად ვერ ვიტან იდეალურ ადამიანებს,  იდეალურთან მიახლოებულებსაც კი, რადგან, იდეალური ადამიანი თეორიულადაც კი არ არსებობს... ვერ ვიტან ყოველთვის მოწესრიგებულ, ყოველთვის მოღიმარ, ყოველთვის ტაქტიან და თავშეკავებულ, ყოველთვის ზრდილობიან, ყოველთვის წესიერ და პატიოსან ვერც ქალს და ვერც კაცს, იმიტომ, რომ ისინი არაბუნებრივები არიან, ხელოვნურები, რადგან, სინამდვილეში, მართლა ასეთები კი არ ბრძანდებიან, თამაშობენ, ყველას ნაცარს აყრიან თვალებში; ამ ყველაფრის უკან კი, დარწმუნებული ვარ, ისეთი ურჩხული და ვამპირი იმალება, ჯოჯოხეთს რომ დაამშვენებს. აი, რაც შეეხება შეცდომებს, დედა, შენგან გამიგია, რომ უშეცდომო ადამიანი არ არსებობს და თავისი წილი შეცდომა ყველამ უნდა დაუშვას – ისე ვერ წავა ამქვეყნიდანო. რა, შენ არ დაგიშვია სერიოზული შეცდომები?

– როგორ არ დამიშვია, – დაფიქრებით თქვა ნანამ და ბოლი ჭერისკენ გაუშვა, – მაგრამ, გამოუსწორებელი შეცდომა არც ერთი არ ყოფილა, ყოველ შემთხვევაში, ვუჯერებდი დედაჩემს, რომ ნაკლები შეცდომა დამეშვა. აი, ნუკა, მაგალითად, მიჯერებს და...

– დედა, გეხვეწები, ნუკას შენ წინაშე მონური მორჩილება მაგალითად ნუ მოგყავს. გეფიცები, თუ არ მეცოდებოდეს შენს ხელში. რაც შემეხება მე, ძალიან გთხოვ, თავი დამანებე და დამაშვებინე ჩემი წილი შეცდომები. სულაც არ მინდა ყველაფერზე ჭკუის სწავლება, არ-მინ-და! გაიგე?

– ჩემს ხელში გეცოდება? რატომ? მე თქვენზე თანგადაყოლილი დედა ვარ და, შეიძლება, რომ შვილისთვის ცუდი მინდოდეს?

– ცუდი კი არ გინდა, მაგრამ, იმდენად აქტიურად ერევი მის ცხოვრებაში, რომ ამხელა ქალი მთლიანად შენზე დამოკიდებული გახადე; მალე, ალბათ, ტუალეტში რომ მოუნდეს შესვლა, იმაზეც შენგან აიღებს ნებართვას და, რაც მთვარია, შენ ამას სწორ საქციელად ჩაუთვლი. მაგრამ, მარტო ნუკა აღარ გყოფნის და ახლა ჩემზე გადმოხვედი.

– შენ რომ არასდროს  მიჯერებდი და არასდროს არაფერს მეკითხებოდი, იმიტომაც გაგექცა ქმარი!

– ჯერ ერთი, კი არ გამექცა, მე თვითონ გავაგდე, რადგან, არ შეიძლებოდა იმის პატიება, რაც იმან მე გამიკეთა; მეორეც, რადგან არც მასზე გათხოვება მიკითხავს შენთვის და არც მასთან გაყრა, ანუ, ჩემი ბრალია, რაც დამემართა, თვითონაც რომ გამქცეოდა, ამ ყველაფერს ისევ საკუთარ თავს დავაბრალებდი და არა შენ ან სხვას; ნუკას კი შენ გაუგდე ქმარი სახლიდან და, თან, დარწმუნებული ხარ, რომ სწორად მოიქეცი, არადა, ეს საქციელი ერთ-ერთი ყველაზე გამოუსწორებელი შეცდომაა, რაც კი ოდესმე ჩაგიდენია.

– მაინც, რატომ? – გაბრაზდა ნანა, – მე ნუკა დავიცავი და ძალიანაც სწორად მოვიქეცი. აბა, იმ უზრდელი ხეპრესთვის უნდა შემეჭმევინებინა ხელისგულზე გაზრდილი ბავშვი? არ ვაპატიე, უკადრისად რომ მოექცა ჩემს შვილს. ის ახლა თავისუფალი და ბედნიერია და, ღვთის წყალობით, შეხვდება, ვინმე წესიერ კაცს, რომელიც დააფასებს, პატივს სცემს და თავმოყვარეობას არ შეულახავს – ეს არის მთავარი. მე თვითონ მოვუძებნი მას ისეთ კაცს, რომელიც ჩვენი ოჯახის ღირსი იქნება.

– აბა, ნუკას ჰკითხე, თუ არის ბედნიერი! ავი იყო თუ კარგი, ჩემს დას თავისი ქმარი უყვარდა ისეთი, როგორიც იყო, შენ კი მას სიყვარულის უფლება წაართვი და ახლა არჩევნის უფლებასაც ართმევ. ცდილობ, ორივე დაგვარწმუნო, თავმოყვარეობაა მთავარიო... ვისი თავმოყვარეობა, დედა, პირადად შენი ხომ არა?

– დიახაც, არც ეს არის მეორეხარისხოვანი. მე მან სიტყვიერი შეურაცხყოფა მომაყენა, უფრო სწორად, შემაგინა და ამას არასდროს ვაპატიებ! – ამაყად გამოაცხადა ნანამ.

– მართალია, ცუდად მოიქცა, მაგრამ, როგორც მახსოვს, შენ მოუწყვე პროვოცირება.

– არაფერიც, მე მხოლოდ შენიშვნა მივეცი. შოთიკომ ძალიან კარგად იცოდა, რომ ჩემს სახლში მთვრალი არ უნდა მოსულიყო, თანაც, თავის ლოთბაზარა ძმაკაცთან ერთად, მან კი მაინც გაბედა ამის გაკეთება, – თავის მართლებას შეეცადა ნანა.

– დედა, მხოლოდ შენიშვნა რომ მიგეცა, ესეც არ იქნებოდა შენი მხრიდან სწორი საქციელი, მაგრამ, შენ შენიშვნა კი არ მიეცი, ძმაკაცის თანდასწრებით გალანძღე და დასცინე, ის კი ნასვამი იყო, ვეღარ მოითმინა და შეგაგინა.

– ცოლი თუ უყვარდა, მისი დედისთვის ეს არ უნდა ეკადრებინა!

– მაგრამ, შენც თუ გიყვარს შვილი, ამ მიზეზით არ უნდა დაუნგრიო ოჯახი. რას ერჩოდი იმ ბიჭს, მოვიდა კარგ ხასიათზე, სამივეს ყვავილები მოგვართვა, სიყვარულს გვიხსნიდა...

– შენ ვერ გაგაგებინე ვერაფერი, თორემ, ნუკა სულაც არ მამტყუნებს, პირიქით, მიხვდა, რომ აქამდე მირაჟში ცხოვრობდა, ახლა კი რეალობას დაუბრუნდა და ძალიანაც ბედნიერად გრძნობს თავს.

– გეხვეწები, დაანებე ნუკას თავი, ნუ აქციე შენს მარიონეტად. ის ყველაფერზე თავს გიქნევს და გეთანხმება, მაგრამ, ძალიან უბედურია, რადგან, კაცი, რომელიც უყვარდა და ახლაც უყვარს, გვერდით აღარ ჰყავს და ეს შენი წყალობით მოხდა, დედა! არ მიჯერებდი და იმიტომ დაგემართა ასეო, რომ მეუბნები, ნუკა თუ გიჯერებდა, რით არის ჩემზე უკეთეს დღეში? პირიქით, მე გაცილებით უფრო კარგ მდგომარეობაში ვარ...

– რითი ხარ უფრო კარგ მდგომარეობაში, უფრო გრძელი ენა რომ გაქვს? – გამწარდა ნანა.

– ჰო, თუნდაც მაგით, მაგრამ, უფრო იმით, რომ, მე რაც დამემართა, შემიძლია, მხოლოდ საკუთარ თავს დავაბრალო და არავისზე არ ვიყო გულნატკენი, ნუკა კი ვერ გიბედავს თქმას, რომ შენი ბრალია მისი ცხოვრების არევა და ამით უფრო იტანჯება. შენი რომ არ ეშინოდეს, დღესვე გაიქცეოდა შოთიკოსთან და შეურიგდებოდა. თვითონაც არ გაქვს იოლი ცხოვრება გამოვლილი და, მით უფრო უნდა გაფრთხილებოდი შვილის ოჯახს.

– შენ გაუფრთხილდი შენს ოჯახს? რატომ გააგდე ის ბიჭი სახლიდან, აბორტი რომ გაგაკეთებინა, იმიტომ? მარტო ეს არის მიზეზი? კი ბატონო, შეეშალა, მაგრამ, ამის გამო უნდა მოკლა? თუ გიყვარდა, როგორ შეელიე? – ნანა არ იყო მიჩვეული შვილებისგან ასეთ წინააღმდეგობას, მით უმეტეს – ასეთ თამამ ბრალდებას და, მიხვდა, რომ დამარცხდა. მაინც შეეცადა, იხტიბარი არ გაეტეხა და რაღაც მწარე ეთქვა, მაგრამ უცებ კარზე ზარის ხმა გაისმა.

– ვინმეს ელოდები? – ჰკითხა სალომემ და კარის გასაღებად გაემართა.

– არა, – დაიბნა ქალი და ისევ სიგარეტს წაეტანა, – ალბათ, მეზობელია.

მაგრამ კარში გოგიტა იდგა ვარდების თაიგულით ხელში და იღიმებოდა. სალომეს არყის სუნი ეცა და სახე შეეჭმუხნა. „სიმხნევისთვის დალია“, – მიხვდა მაშინვე. რამდენიმე წამს დამცინავად უყურა ყოფილ ქმარს, მერე ოთახში შებრუნდა და დედას გასძახა:

– დედა! შენთან არიან!

– ვინ არის? – იკითხა ნანამ, თუმცა, ძალიან კარგად იცოდა, ვინც იყო, რადგან, თვითონვე დართო ნება ყოფილ სიძეს, მათთან მისულიყო და სალომესთან შერიგება ეცადა.

– ვიღაც მთვრალი კაცია. დგას ვარდებით ხელში, სულელივით იღიმება და ხმას არ იღებს, – წაიგესლა სალომე.

– ააა... გამარჯობა, გოგიტა. შემოდი, გენაცვალე! რა ქარმა გადმოგაგდო, რამდენი ხანია, აღარ გამოჩენილხარ, სად დაგვეკარგე? – ნანა ისე დაიბნა, აღარ იცოდა, რა ეთქვა და როგორ მოქცეულიყო.

– ჰო, რა ვიცი... დილით რომ დაგირეკეთ და რომ მითხარით, გამოიარეო... – წამოაყრანტალა არანაკლებ დაბნეულმა გოგიტამ და უხერხულად გაჩერდა ჰოლში.

– აჰა, ესე იგი, უკვე მოგილაპარაკებიათ ყველაფერზე, – თვალების მოწკურვით გადახედა სალომემ ორივეს, – ანუ, ჩვენი შერიგება გადაწყვიტე, არა, დედა?!

– კარგი, რა, სალომე! თუნდაც ასე იყოს, რა არის ამაში ცუდი, ვერ ვხვდები, – თქვა ნანამ და გოგიტას მიუბრუნდა: – ოთახში შემოდი, შვილო, დავსხდეთ და დავილაპარაკოთ.

გოგიტა ბარბაცით შევიდა, თაიგული ჟურნალების მაგიდაზე დადო და თვითონ სავარძელში ჩაჯდა.

– ყავას ხომ დალევ? – მაშინვე შესთავაზა ნანამ.

– ამას ახლა „ბორჯომი“ ურჩევნია – კარგად გამოიყვანს პახმელიაზე, – სალომე მეორე სავარძელში მოკალათდა და გოგიტა დამცინავად შეათვალიერა, – შენ არ იცოდი, რომ შენი ყოფილი სიდედრი მთვრალ კაცებს სახლში არ უშვებს?

– სალომე! – ხმა გაიმკაცრა ნანამ, – ელემანტარული ტაქტი იქონიე!

– ამასთან ვიქონიო ტაქტი? ესეც ხომ მთვრალია, რატომ შემოუშვი სახლში? თუ, მარტო შოთიკოსთვის არ შეიძლებოდა, ნასვამი მოსულიყო? რით დაიმსახურა ასეთი პრივილეგიები ამ ვაჟბატონმა?

– სალომე, გოგიტას უნდა, რომ შეგირიგდეს... და, მეც მინდა, რომ ერთად იყოთ. ამიტომ დავრთე ნება, აქ მოსულიყო. დაწყნარდი, მშვიდად დაილაპარაკეთ, აპატიეთ ერთმანეთს, რაც საპატიებელია და შერიგდით. ჯერ ახალგაზრდები ხართ და, შეგიძლიათ, ყველაფერი თავიდან დაიწყოთ...

– ვითომ არც არაფერი მომხდარა, არა? – შეაწყვეტინა შვილმა, – რაც საპატიებელი არ არის, იმას რა ვუყოთ? ან, ამან მე რა უნდა მაპატიოს, მე გავაჩინე სხვისგან შვილები?

– რა შვილები? – ვერ მიხვდა ნანა.

– შენ თვითონ ეტყვი თუ მე ვთქვა? – მიუბრუნდა სალომე ყოფილ ქმარს, – სიმართლე გითხრა, არც არასდროს ვიტყოდი ამას ხმამაღლა, მაგრამ, რადგან გეყო თავხედობა, რომ ჯერ დედაჩემთან დაგერეკა და მერე შესარიგებლად თუ საპატიებლად მოსულიყავი, იძულებული ვარ, ვთქვა, უფრო სწორად, გკითხო: როგორ არიან შენი შვილები?

გოგიტა სკოლის მოსწავლესავით გაწითლდა და თავი ჩაღუნა. ნანა იჯდა მათ წინ და გაოგნებული უყურებდა ხან ერთს, ხან – მეორეს, ბოლოს, როგორც იქნა, დაუბრუნდა მეტყველების უნარი და ჩურჩულით ჰკითხა ყოფილ სიძეს:

– შენ რა, ცოლ-შვილი გყავს?!

გოგიტა ისევ დუმდა და თვალს ვერ უსწორებდა მასპინძლებს.

– ამას რას ეკითხები, ჩემი არ გჯერა? – განაგრძო სალომემ, – ცოლისა რა მოგახსენო – არ ვიცი, ხელი მოაწერა თუ არა იმ ქალთან, მაგრამ, შვილები ნამდვილად ჰყავს, თანაც – ორი; თან, იცი, როდის გაუჩნდა? ერთი – ერთი თვით ადრე, სანამ პირველ აბორტს გამაკეთებინებდა; მეორე კი – ჩემი მეორე აბორტიდან ერთ კვირაში. მე კი მეუბნებოდა, ჯერ ძალიან ახალგაზრდები ვართ, ჯერ მზად არ ვართ, ჯერ კარგად დავდგეთ ფეხზეო... ასე არ იყო?

– მერე, რატომ არ მითხარი თავის დროზე? – აღშფოთდა ნანა, – ახლა, სამი წლის შემდეგ უნდა ვიგებდე ჩემი ოჯახის თავის მოჭრას და ჩემი შვილის დამცირებას? და, ამის შემდეგ ბედავ და შერიგებას ითხოვ? – მოუბრუნდა ყოფილ სიძეს, – ახლავე წაბრძანდი ჩემი სახლიდან! – ნანა წამოდგა და თითი კარისკენ გაიშვირა.

– ახლა ხომ გაიგე, დედა, რატომაც გავაგდე? სამწუხაროდ, ეს ყველაფერი ძალიან გვიან შევიტყვე, როცა უმცროსი შვილი უკვე ორი წლის ჰყავდა და, გული იმაზე მწყდება, რომ დამატებით კიდევ ორი წელი ვადებილებინე თავი.

გოგიტა უხმოდ ადგა და ნაცემი ძაღლივით გავიდა. სალომემ მაგიდაზე დადებულ ვარდებს დაავლო ხელი, სადარბაზოში გავარდა, ყოფილ ქმარს, რომელიც მძიმე ნაბიჯებით ჩადიოდა კიბეებზე, მთელი ძალით ესროლა და მიაძახა:

– ეს ცოცხი დაგრჩა! წაიღე, რამეში გამოგადგება!

გოგიტამ მექანიკურად აიხედა ზემოთ. სწორედ ამ დროს მოხვდა თაიგული სახეში და ვარდების ეკლებმა კანი დაუკაწრა.

– თქვენი დედაც!.. – შეაგინა ქალებს ხმამაღლა და სადარბაზოდან გავიდა. ნანა გულშემოყრილი მიესვენა სავარძელში, სალომემ კი ფანჯრიდან გადაიხედა და დაინახა, როგორ იწმენდდა სახიდან სისხლს ცხვირსახოცით გოგიტა და ბოროტი კმაყოფილებით ჩაილაპარაკა:

– კიდევ კარგა ხანს გემახსოვრება დღევანდელი ვიზიტი, ნაბიჭვარო!... – მერე ატირებულ ნანასთან მივიდა, მის წინ დაიჩოქა, კალთაში თავი ჩაუდო და სთხოვა: – დედა, გეხვეწები, მომეფერე, ბავშვობაში რომ მეფერებოდი, ისე...

აცრემლებულმა ნანამ წამოაყენა შვილი, ამხელა ქალი კალთაში ჩაისვა და გულში ჩაიხუტა.

– თქვენ მოგიკვდეთ დედა, რა დღეში მყავხართ ორივე, – სლუკუნით თქვა და მის მკერდში სახეჩარგულ და კატასავით გატრუნულ სალომეს ისე შემოაჭდო ხელები, თითქოს ვინმე წართმევას უპირებდა. 

ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში სალომემ პირველად იგრძნო, როგორ ძალიან ჰყვარებია დედას და გული აუჩუყდა.

***

მიას ერთი სული ჰქონდა, გაეგო, რა საქმე ჰქონდა კატოს, ამიტომ, ძლივს გაძლო შაბათამდე. რომ მივიდა, ქეთა, რუსა და ლიკაც იქ დახვდნენ. გაუხარდა, როცა ნახა, რომ კატო მივარდნილ მდგომარეობაში არ დახვდა.

– კაფეში აღარ მივდივართ, აქ ვილაპარაკოთ, – კატომ ოთხი ყავა და სიგარეტი შემოიტანა, – დღეს მეტი არავინ მოვა.

– ლიანა როგორ არის? – ჰკითხა მიამ.

– სამზარეულოში ტრიალებს. ხომ იცი, რა ტიპია, არავის დაანახვებს თავის დარდს.

– ჰო, მაგარი ქალია. შენ რას შვრები, ცოტათი არ გამოიდარე?

– ჰო. რაღაც მაქვს ჩაფიქრებული და, მაინტერესებს, თქვენ რას მეტყვით, – პირდაპირ საქმეზე გადავიდა კატო, – ძალიან ბევრი ფიქრის შემდეგ, გადავწყვიტე, სუფრა გავაკეთო და გაგას ეგრეთ წოდებული ძმაკაცები დავპატიჟო...

– რატომ, ძალიან პატივნაცემი ხარ ყველასგან და მადლობა გინდა, უთხრა? – უცებ აფეთქდა მია.

– არა, ბოლომდე მათქმევინე... შენც იცი, გაგა გადაყოლილი იყო თითოეულ მათგანზე, მაგრამ, როცა თვითონ გაუჭირდა, უფრო სწორად, როცა კვდებოდა და იცოდნენ, რომ მის გადასარჩენად ძალიან დიდი თანხა იყო საჭირო და ჩვენ ეს თანხა არ გაგვაჩნდა, ერთი წამლის ფული არავის მოუწოდებია, მიუხედავად იმისა, რომ არც ერთს ისე არ უჭირდა, ასი ლარი მაინც გაემეტებინა; თუმცა, გამეტებაშიც არ არის საქმე, მათ უმრავლესობას გაგას ვალი ჰქონდა – ზოგს ათასი დოლარი, ზოგს სამი ათასი, ზოგს ხუთი ათასი – ეს, რაც მე ვიცი თან, იმ დახმარებებს არ ვგულისხმობ, სუფთა ვალზე ვლაპარაკობ, მაგრამ, ყველა გაიტრუნა და გაისუსა, არც ერთმა არ ინამუსა, ვალი მაინც დაებრუნებინათ, რომ, იქნებ, იმით მაინც შეგროვილიყო თანხის რაღაც ნაწილი... გარდა ამისა, იმ დღიდან, რაც გაგა ავად გახდა და კაპიკ-კაპიკ ვაგროვებდი ფულს, ყველა გაოცებული მეკითხებოდა: კი მაგრამ, მეგობრები არ ჰყავს? ასეთ დროს სამეგობრო კისრულობს ხოლმე თანხასო. ეს სიტყვები კიდევ უფრო მიკლავდა გულს და შეურაცხყოფილიც ვიყავი, რადგან, ვინც ჩემს ქმარს არ იცნობდა, ცხადია, ეჭვი გაუჩნდებოდა – ეტყობა, არ დაიმსახურა და იმიტომ მიატოვეს ძმაკაცებმაო.

რამდენჯერ ვთხოვე გაგას, უკვე ძალიან ცუდად რომ იყო, მაშინ – იმათ მაინც დაურეკე, ვისაც შენი ვალი აქვს და უთხარი, მოგიტანონ, ამაზე მეტი საჭიროება როდისღა გვექნება-მეთქი. თავიდან მეუბნებოდა, დარეკვა რა საჭიროა, ეტყობა, არ აქვთ, თორემ, ხომ იციან, რა მდგომარეობაშიც ვარ და, რომ ჰქონდეთ, თვითონ მოიტანდნენო; ბოლოს კი, უკვე ძალიან ცუდად რომ იყო, მითხრა: ფული მოიტანონ კი არა, ხომ ხედავ, სანახავადაც არავინ მოდის, ტელეფონითაც არავინ მკითხულობსო; მერე თვალები დახუჭა და პირველად და უკანასკნელად თქვა – ეტყობა, არასწორად ვიცხოვრეო... – კატომ ტირილი დაიწყო, მერე ცოტა სული მოითქვა და განაგრძო: – შენ ხომ კარგად მიცნობ, მე ძალიან ბევრი რამის პატიება შემიძლია, მაგრამ, ღმერთი არა ვარ, რომ ყველას აბსოლუტურად ყველაფერი ვაპატიო... შეიძლება, ის საჭირო თანხა და იმაზე მეტიც რომ მოეტანათ მის მეგობრებს, მაინც ვერ გადაგვერჩინა, მაგრამ, ვერც ერთს ვერ ვაპატიებ, ჩემს გულში, რა თქმა უნდა, იმ ტკივილსა და იმედგაცრუებას, რაც ჩემმა გაგამ თან წაიღო... – კატო ხმამაღლა ატირდა.

გაგრძელება შემდეგ ნომერში

скачать dle 11.3