ადამი და ევა
ქალები და კაცები...
საყვარელ მამაკაცთან დიდხანს და ბედნიერად რომ იცხოვრო, კარგად უნდა გაიცნო ის და, ისიც დაინახო, რა განასხვავებს მას შენგან. დიახ, ძლიერი სქესი ჩვენ არ გვგავს – ეს ფაქტია. შეიძლება, ამაში ქრომოსომების რაოდენობაა „დამნაშავე“ ან ჰორმონები... ასეა თუ ისე, ყოველგვარი მითებისა და სტერეოტიპების გარეშე...
* ქალები სამჯერ უფრო მეტს ლაპარაკობენ, ვიდრე კაცები. ამას მეცნიერული ახსნაც აქვს – ქალის ტვინის ის ნაწილი, რომელიც საუბრისა და მოსმენის იმპულსებზეა პასუხისმგებელი, 12 პროცენტით უფრო დიდია, ვიდრე კაცის, ანუ, რაც მეტად უხვსიტყვიანია ქალი, მით უფრო ჯანმრთელი ფსიქიკის არის ის (საუბარი არ არის პათოლოგიებზე).
* შურისმაძიებელი ორივეა – ქალიც და კაციც, მაგრამ ასეთ დროს ქალს სპონტანურობა ახასიათებს – მოქმედებს ემოციისა და გულის კარნახით. კაცი ჯერ ყველაფერს კარგად აწონ-დაწონის, ყველა მოსალოდნელ შედეგს გაითვალისწინებს, გეგმას დასახავს და მხოლოდ ამის მერე დაიწყებს შურისძიებას.
* ქალი და კაცი განსხვავებულები არიან სტრესთან მიმართებაშიც: ქალს მაშინვე „ჩაერთვება“ ხოლმე ემოცია და იწყებს ტირილს, აქტიურდება და იწყებს ქმედებას; მამაკაცი ჯერ მოწევს სიგარეტს, მერე პირველივე შემხვედრზე „გამოუშვებს“ ორთქლს და, შეიძლება, ამან დეპრესიაშიც ჩააგდოს. აქტიურ ქმედებებზე ლაპარაკიც ზედმეტია.
* ქალი უფრო ხშირად უდგება საკუთარ გარეგნობას კრიტიკულად, ვიდრე მამაკაცი. კაცებს საკუთარ პერსონაზე გადაჭარბებული წარმოდგენა აქვთ.
* მამაკაცს საკმაოდ მახვილი სმენა აქვს, მაგრამ, როცა რამის გაგონება არ უნდა, „არ ესმის“ – ეს მათი იმუნიტეტია ქალების ზედმეტი ლაპარაკისგან დასაცავად.
მთავარი ვარ... მე!
ბედნიერებას ვერ პოულობენ ის ქალები, რომლებსაც საკუთარი თავის რწმენა აკლიათ და არ სჯერათ, რომ დასახულ მიზანს მიაღწევენ. მოქმედება... მუდმივად განახლებისკენ სწრაფვა... ახლისა და ღირებულის კეთება... ხელისშემშლელი გარემოებების წინააღმდეგ ბრძოლა და გამარჯვების სიხარულის განცდა – თუ ქალს ეს ყველაფერი შეუძლია, ის აუცილებლად გამარჯვებული იქნება.
წუწუნი მხოლოდ გვაფერხებს და წინსვლაში გვიშლის ხელს. დავიწყოთ იმით, რომ უნდა ვიპოვოთ საყვარელი საქმე. როცა საყვარელ საქმეს აკეთებ, ანუ, იმით ხარ დაკავებული, რაც თქვენთვის საინტერესო და სასიამოვნოა, არც ავად ხდები, არც სიძნელეები გაშინებს და სტრესიც არ გემუქრება. ყოველ შემთხვევაში, ყოველდღიურად სიხარული მეტი გექნებათ, ვიდრე უსიამოვნება და ეს უკვე დიდი პოზიტივია. იფიქრეთ იმაზე, რომ საკუთარი თავი უნდა გიყვარდეთ და ეს არ არის ეგოიზმი. „მთავარი ვარ მე!“ – იმას ნიშნავს, რომ ახლობლების ფასიც კარგად იცით და, ისიც გესმით, რომ თქვენ ერთმანეთს სჭირდებით. დრო თანაბრად და გონივრულად გაანაწილეთ. დასვენებაც აუცილებელია, გართობაც, შოპინგიც, სალონიც და გასეირნებაც. გულმა ქალაქგარეთ გაგიწიათ? – ნუ იტყვით ამ პატარა სიხარულზე უარს. გადადეთ საქმე და თამამად გაეშურეთ სიამოვნების მისაღებად. დარწმუნებული იყავით, რომ საქმეს, რომელიც სულ ცოტა ხნით გადადეთ, პოზიტივით დამუხტული გაცილებით უკეთ გაართმევთ თავს. იზრუნეთ საკუთარ ჯანმრთელობაზე. ჰაინე ამბობდა – ერთადერთი სილამაზე, რომელსაც მე ვიცნობ და ვაღიარებ, ჯანმრთელობააო და ეს ლიტონი სიტყვები არ არის. რთულია, იყო ლამაზი, თუ ჯეროვნად არ ზრუნავ ჯანმრთელობაზე. არავითარი ჭარბი წონა! მოუვლელი კანი, გამოუძინებლობა და სიარულის ცუდი მანერა – ეს ყოველგვარ ხიბლს დაგიკარგავთ... ანუ, მთავარი ხარ შენ! – გახსოვდეთ ეს და იზრუნეთ საკუთარ თავზე!
იყავი შეყვარებული!
ქალისთვის მამაკაცის აღფრთოვანებული მზერა ყველაფერია – ის ქალს ბევრად უკეთ აღავსებს ენერგიითა და სიხარულით, ვიდრე ნებისმიერი წამალი... ხანგრძლივი კოცნაობისას წუთში 26 კალორია იწვება და ეს საუკეთესო დიეტაა. კიდევ ერთი: ფიზიკურ ტკივილს ამცირებს და შიშსა და დაძაბულობას ხსნის საყვარელ ადამიანთან ხელიხელჩაკიდებული დგომა – ეს დამტკიცებულია. კიდევ უფრო დიდი ძალა აქვს ჩახუტებას – ის გულ-სისხლძარღვთა დაავადებების რისკსაც კი ამცირებს.
საკმარისია, შეგიყვარდეთ, რომ (მით უფრო, თუ ეს სიყვარული ორმხრივი იქნება), არა მხოლოდ დიდ სიხარულსა და ბედნიერებას იგრძნობთ, ავადაც რომ იყოთ, გამოჯანმრთელდებით. ეს მარტო ფსიქოლოგიური კი არა, ფიზიოლოგიური რეალობაც არის: უმჯობესდება სისხლის მიმოქცევა, რეგულირდება პულსი, ორგანიზმი უფრო აქტიურდება, შესაბამისად, უმჯობესდება იმუნიტეტი და, რაც მთავარია, ახალგაზრდავდებით და ეს არ არის მითი... სიყვარულს კი ხშირად მოჰყვება ქორწინება და ოჯახი. სხვათა შორის, სოკრატე – დიახ, სწორედ ის ბერძენი ფილოსოფოსი სოკრატე – ამბობდა: გულახდილები რომ ვიყოთ, ქორწინება ბოროტებაა, მაგრამ, აუცილებელი ბოროტებაო. არც ის იფიქროთ, რომ ქორწინება კლავს სიყვარულს – არა! თუ ამ გრძნობას გაუფრთხილდებით, ის დიდხანს გაგილამაზებთ ცხოვრებას; თანაც, გათხოვილი ქალი თავს უფრო დაცულად გრძნობს, დაქორწინებული მამაკაცი კი რეგულარულად იკვებება, რეგულარული აქვს სექსიც და, საერთოდაც, მოწესრიგებული რეჟიმით ცხოვრობს, რაც მისი ჯანმრთელი, ხანგრძლივი ცხოვრების გარანტია. გარდა ამისა, განებივრებულია სიურპრიზებით, რომანტიკული, გემრიელი ვახშმით...
მზრუნველი, შეყვარებული ცოლი მუდმივად უწყობს ხელს ქმრის განვითარებასა და სრულყოფას. ცოლ-ქმარი, რომლებიც სახლიდან გასვლის წინ ერთმანეთს ჰკოცნიან, უფრო პროდუქტიულები არიან სამსახურში და მინიმუმ 5 წლით მეტსაც ცოცხლობენ...
გიყვარდეს სიხარული...
არასოდეს იფიქროთ იმაზე, რომ თქვენთვის სიხარული მიუღწეველი ოცნებაა. სიხარულის უფლება აქვს ყველას, ნებისმიერ ადამიანს და, შეუძლებელი არაფერია. ფსიქოლოგები ამტკიცებენ, რომ, თუ სიხა რულს შეიყვარებ, ის შენი მუდმივი თანამგზავრი იქნება. მაგალითად, რატომ არ შეიძლება, ყურში მუდამ საყვარელი მუსიკა ჟღერდეს და სასიამოვნო მოგონებები გახალისებდეთ?!
საქმის კეთებისას, მგზავრობისას, იფიქრეთ მხოლოდ პოზიტივზე. მოიზიდეთ სიხარული და ის სულ თქვენთან იქნება. ერთხელ თუ შეძლებთ ამას, მერე აღარ გაგიჭირდებათ. წაიცეკვეთ კიდეც საყვარელ მუსიკაზე – ფიზიკური აქტივობა, მით უფრო, სასიამოვნო მელოდიის თანხლებით, ერთიორად გაზრდის თქვენს სასიცოცხლო ტონუსს. სიმღერაც ძალიან დიდი პოზიტივია, ამიტომ, ხშირად წაიღიღინეთ. კარგი მუსიკის მოსმენა აუმჯობესებს არა მარტო განწყობას, არამედ მადასაც; ააქტიურებს და, იმავდროულად, ასვენებს გონებას, აწესრიგებს მის მუშაობას და აუმჯობესებს მეხსიერებას; მოკლედ, მუსიკა სიხარულის თანმხლებია. საერთოდაც, ყველაფერი მხოლოდ თქვენზეა დამოკიდებული: გინდათ, იყოთ გახარებული და ბედნიერი? მაშინ, დააფასეთ ის, რაც გაქვთ. კარგად მიიხედ-მოიხედეთ გარშემო და დარწმუნდებით, რომ სიხარულისთვის უამრავი მიზეზი გაქვთ. ის თქვენთან არის და, არც არსად წავა, თუკი თავად არ დააფრთხობთ მას...