რა ინფორმაციებს იღებდა სერგო ფარაჯანოვზე ედუარდ შევარდნაძე და ვის ემუდარებოდა ის რეჟისორისთვის ხელი არ შეეშალათ
„ეს არის ჩემი ხალხი, ეს არის ჩემი ქვეყანა და თუკი რამ ხეირიანი გამიკეთებია ამქვეყნად, მხოლოდ მათი რჩევით, მათი გავლენით, მათი თანადგომით, მათი მიბაძვით, მათი სიყვარულით. ისინი ახლაც ჩემში არიან და ალბათ, შორს აღარ არის დრო, როდესაც იქაც ერთად ვიქნებით. მე მათ პირნათელი ვეახლები, ღირსეულ პასუხს გავცემ ყოველ კითხვას და ალალად ვეტყვი: რაც შემეძლო, ყველაფერი გავაკეთე ჩემი ქვეყნისთვის, ჩემი ხალხის სისხლი არ დამიღვრია, მაგრამ რაც ვერ შევძელი, მომიტევეთ, ყველაფერი ჩემზე არ იყო დამოკიდებული“... ორი თვე გავიდა ედუარდ შევარდნაძის გარდაცვალებიდან. ჩვენ უკვე შემოგთავაზეთ სტატია მის პირად ცხოვრებაზე, მის შეხედულებებზე ზვიად გამსახურდიასთან დაკავშირებით და კადრები, თუ რა სცენარით ვითარდებოდა 1992 წლის საქართველოსთვის საბედისწერო მოვლენები. დღეს ედუარდ შევარდნაძის დღიურებიდან კიდევ უფრო საინტერესო ეპიზოდებს გაეცნობით: როგორ იძერწებოდა მისგან პოლიტიკოსი, როგორ დაიწყო მისი ურთიერთობა საბჭოთა კავშირის ლიდერებთან, როგორ გახდა სერგო ფარაჯანოვის ზურგი და რატომ ვერ გადაარჩინა თვითმფრინავის ბიჭები.
„1956 წელს ჩემი ცხოვრების ახალი ხანა დაიწყო. ხშირად მიწევდა ყოფნა მოსკოვსა და სხვა ქალაქებში. გავიცანი ჩემი კოლეგები, საბჭოთა კავშირის რესპუბლიკური და საოლქო კომკავშირული ორგანიზაციების ხელმძღვანელები... მე დამავალეს ქართველ კომკავშირელთა რაზმის მეთაურობა. რამდენიმე თვე ვიცხოვრეთ ყაზახეთის სტეპში. მაშინ პირველად შევხვდი იმ ადამიანებს, რომლებმაც შემდეგ თვალსაჩინო ადგილი დაიკავეს საბჭოთა კავშირის ხელმძღვანელ სტრუქტურებში. ახალ ნაცნობებს შორის იყო მიხეილ გორბაჩოვიც, სტავროპოლის კომკავშირის სამხარეო კომიტეტის პირველი მდივანი, შემდეგ სკკპ ცკ-ს გენერალური მდივანი, საბჭოთა კავშირის პირველი და უკანასკნელი პრეზიდენტი... ერთმანეთი ჯერ კიდევ მოსკოვში, ალკკ ცენტრალური კომიტეტის პლენუმზე გავიცანით. მე მასთან ბევრი რამ მაახლოებდა. ჩვენ ხშირად ვხვდებოდით ერთმანეთს მოსკოვში, თბილისში, სტავროპოლში; ხშირი სატელეფონო ურთიერთობა გვქონდა და თანდათან, ჩვენთვისაც შეუმჩნევლად, ყველაზე იდუმალ ზრახვებს ვუმხელდით ერთმანეთს. მოკლედ, მაშინაც და მერეც, ბევრი რამ გვქონდა საერთო... გორბაჩოვთან მუდმივი შეხვედრები და საუბრები თანამოაზრეთა საუბრებად იქცა – იმ ფუნდამეტად, რომელზეც აშენდა არა მარტო ჩვენი შემდგომი დამოკიდებულებები, არამედ საბჭოთა კავშირის საშინაო და საგარეო ურთიერთობანიც – რადგან წლების შემდეგ ის ქვეყნის პირველი პირი გახდა, კომპარტიის გენერალური მდივანი; მე კი, მისი მიწვევით – საბჭოთა კავშირის საგარეო საქმეთა მინისტრი. ყველგან, სადაც კი ვმუშაობდი, ერთი უმთავრესი პრობლემა მქონდა – პიროვნული და თანამდებობრივი დამოუკიდებლობა, ეს იყო ჩემი ერთ-ერთი მთავარი საზრუნავი. მე, რესპუბლიკის კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის პირველ მდივანს, შემდეგ კი სკკპ ცკ-ს პოლიტბიუროს წევრობის კანდიდატს, ხშირად უმარტივესი საკითხის გადაჭრაც კი არ შემეძლო თუ ცენტრში ქედს არ მოვიდრეკდი. მოსკოვის დაუკითხვავად, მისი ნებართვის გარეშე, ნაბიჯსაც კი ვერ ვდგამდი... ერთი ჩემი ნათქვამი მახსენდება, რომელსაც ჩემი თანამემამულეებმა დიდხანს ვერ მაპატიეს... თავის დროზე გეორგიევსკის ტრაქტატთან დაკავშირებით ვთქვი: საქართველოს მზე ჩრდილოეთიდან ამოვიდა-მეთქი. ერთი ამბავი ატყდა, არადა, ეს იყო ერეკლე მეორის მრჩევლის, სოლომონ ლეონიძის იმ სიტყვების პერიფრაზი, რომლითაც მან ერეკლე მეფე დაიტირა: შენ აირჩიე გზა ჩრდილოეთისა და მზე ჩრდილოეთისა. ეს რუსეთის გასაგონად ვთქვი, რათა საქართველოში შემძლებოდა ბევრი ეროვნული საქმის გაკეთება. ასეთ დროში ვცხოვრობდით: მუდმივი ლავირება მჭირდებოდა ისევ ქართველი ერის, ქართული კულტურის, ქართული ენის გადასარჩენად.
ერთხელ, მოსკოვში ყოფნისას, უკრაინის კომპარტიის ცენტრალური კომიტეტის პირველმა მდივანმა ვლადიმერ სჩერბიცკიმ გამაფრთხილა: უკრაინაში ვინმე თბილისელი ფარაჯანოვი იხდის სასჯელს და შეიძლება, ის ვადამდე ადრე გაათავისუფლონო. ისიც დაამატა, რომ ფარაჯანოვი განსაკუთრებულ აღრიცხვაზეა საკავშირო ორგანოებში და ცალკეული უკრაინელი მოდისიდენტო შემოქმედი მასთან გარკვეულ ურთიერთობაშიაო. ლაპარაკი იყო სერგო ფარაჯანოვზე, შემდგომში მსოფლიოში აღიარებულ დიდ ხელოვანზე. ეს მისი მეორე პატიმრობა იყო... ჩემი მეგობრებისგან ვიცოდი, ვინ იყო ფარაჯანოვი... მე ვენდობოდი ამ ადამიანებს და მართალია, მაშინ პირადად მას არ ვიცნობდი, მიმაჩნდა, რომ უნდა დაბრუნებულიყო საქართველოში და აქ გაეგრძელებინა შემოქმედებითი მოღვაწეობა. საქართველოს უშიშროების სამსახური კატეგორიული წინააღმდეგი იყო მისი დაბრუნებისა, ვიცოდი, რომ ისინი მოსკოვშიც ელაპარაკებოდნენ მაღალ თანამდებობის პირებს... მოკლედ, მალე ფარაჯანოვი თბილისში ჩამოვიდა. თბილისში ჩამოსვლის შემდეგ ფარაჯანოვი მარტო უშიშროების ყურადღების ცენტრში არ იყო, ის ქართველი საზოგადოების ყურადღების ცენტრშიც მოექცა... ჩემთან ფარაჯანოვზე ორი წყაროდან მოდიოდა ინფორმაცია: უშიშროების სამსახურიდან და ჩემი მეგობრებისგან – კინოს, თეატრისა და ლიტერატურის მოღვაწეებისგან. შესაბამის ორგანოებს მიაჩნდათ, რომ ფარაჯანოვის გამოსწორება შეუძლებელი იყო და სწორიც იყვნენ – სერგო არ გამოსწორდებოდა და კიდევ კარგი, რომ არც გამოსწორებულა. ჩემი თხოვნით, საქართველოს კინოსტუდიაში როგორც კინორეჟისორს, სამუშაო მისცეს. მალე უარყოფითი იმპულსები საკავშირო კინემატოგრაფიის კომიტეტიდანაც წამოვიდა. ყველაფერში იგრძნობოდა, რომ საქმე ცუდად დამთავრდებოდა. ისევ საჭირო იყო ჩარევა. მაშინ კომპარტიის საკავშირო ცენტრალურ კომიტეტში პასუხისმგებელ თანამდებობაზე ერთი შედარებით ლიბერალი კაცი, გვარად შაურო მუშაობდა, საქართველოს კულტურაზე დიდად შეყვარებული პიროვნება. დავურეკე და ვთხოვე, ზეგავლენა მოეხდინა საკავშირო კინოკომიტეტზე, ხელი არ შეეშალათ ფარაჯანოვისთვის. ისიც ვუთხარი, რომ მის ქუჩაში ყოფნას, ისევ ჩვენივე მხედველობის არეში ყოფნა ჯობდა... ერთხანს სერგოსთვის ხელი მართლაც აღარ შეუშლიათ. საერთოდ, მოსკოვში შეგუებულნი იყვნენ, რომ საქართველოში შეიძლებოდა იმის გადაღება, დაბეჭვდა თუ დადგმა, რაც სხვაგან, საბჭოთა კავშირში, დღის სინათლესაც ვერ იხილავდა... მაგრამ დავუბრუნდეთ სერგო ფარაჯანოვს, რომლის გარშემო სიტუაცია კვლავ დაიძაბა. 1980 წელს, მოსკოვში, პოპულარული რუსი ბარდისა და მსახიობის, ვლადიმირ ვისოცკის დაკრძალვის შემდეგ, სერგო ფარაჯანოვმა პოეტის სიკვდილში ხელისუფლება დაადანაშაულა. ეს უკვე აშკარა გამოწვევა იყო... ფარაჯანოვთან ახლო ურთიერთობა არ მქონია. სულ ერთხელ ვარ მასთან სახლში ნამყოფი, თბილისის ძველ უბანში, მთაწმინდაზე კოტე მესხის ქუჩაზე... შეიძლება, ახლა ძნელი დასაჯერებელი იყოს, მაგრამ მაშინ საქართველოს უშიშროების მინისტრი ინაური წინასწარ გავაფრთხილე, რომ ფარაჯანოვთან შინ ვაპირებდი მისვლას. მერე ერთი-ორჯერ მასთან კინოსტუდიაშიც ვიყავი. ეგ იყო და ეგ. თავს ბედნიერად ვთვლი, რომ მართალია შეფარვით, მაგრამ მაინც შევძელი კრიზისულ მომენტში მას დავხმარებოდი და თუნდაც კულისებიდან მომეხდინა გავლენა მისი ბედის სასიკეთოდ გადაწყვეტაზე...
... როსტროპოვიჩი, მართლაც უდიდესი მუსიკოსი, ბრწყინვალე პიროვნება და საზოგადო მოღვაწე, ჩემს გონებაში სამუდამოდ ჩაიბეჭდა ერთი სიმბოლური სურათით, რომელიც კონკრეტული პიროვნების ბიოგრაფიას სცილდება... 1991 წლის აგვისტოში, მოსკოვში კონტრევოლუცია გვიტევდა. ჩემს მეგობრებთან ერთად თეთრ სახლში ვიყავი. პირველ სართულზე ერთ-ერთ ოთახში შევედი და ვხედავ როსტროპოვიჩს. სავარძელში ჩასძინებია და კალთაში მისთვის ჩვეული ვიოლონჩელის ნაცვლად, კალაშნიკოვის ავტომატი უდევს, საოცარი სურათი იყო...
ზემოთ გორბაჩოვი ვახსენე. ჩვენ ორივე ვგრძნობდით და ვსაუბრობდით კიდეც ამაზე, რომ საბჭოთა კავშირის შექმნაში თავიდანვე იყო ჩადებული გადაულახავი წინააღმდეგობანი... წარსული უნდა დაგვეძლია, ისტორიული ფასეულობანი უნდა გადაგვეფასებინა. როგორ? 70-იან წლებში მე ეს არ ვიცოდი. დავიწყე გამოსავალის ძიება – თუნდაც მხოლოდ ეკონომიკური, თუნდაც მხოლოდ ერთი რაიონის მასშტაბით: საქართველოს რეგიონის – აბაშისა და ქალაქ ფოთის გახმაურებული ეკონომიკური ექსპერიმენტები მაქვს მხედველობაში... საქართველოში ერთ-ერთი ჩამოსვლის დროს, გორბაჩოვი აბაშაში წავიყვანე ერთი გამრჯე გლეხის კაცის, ომის ინვალიდის ფერმაში. გაგიჟდა გორბაჩოვი, მისი ძროხები რომ ნახა. არ სჯეროდა, რომ ყველაფერი ეს ამ ერთი კაცის საკუთრება იყო. ბალახი კოლხეთში ბევრი და რძიანია – უთხრა გლეხმა გორბაჩოვს, – პროდუქციის ოთხმოც პროცენტს სახელმწიფო ყიდულობს, ოცი პროცენტი მე მრჩებაო. გორბაჩოვმა გადმომხედა და მითხრა: ხომ იცი, რომ ამის გამო შეიძლება მოგხსნან. თუ კარგი საქმისთვის მომხსნიან, მომხნან, – ვუპასუხე. საბჭოთა კავშირის მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარემ ალექსი კოსიგინმაც მოისურვა საკუთარი თვალით ენახა რაში იყო საქმე. ბიჭვინთაში შვებულება დაუმთავრდა, მთხოვა: საქართველო დამათვალიერებინე. თუ ხვალ დილით აქ იქნები, ერთად ვიმოგზაუროთ და დარწმუნებული ვარ, ბევრ სიანტერესო რამეს ვნახავთო... ორსაათ-ნახევარი ვისეირნეთ ლიკანის შესანიშნავ პარკში, სტალინზე მელაპარაკა, ბერიაზეც ბევრი ისაუბრა... მსოფლიოში საუკეთესო ხალხმა და ამ საუკეთესო ქვეყანამ ასეთი გველი როგორ შობაო?! სეირნობის დროს კოსიგინმა ყურადღება მიაქცია ერთ-ერთი ლამაზი შენობის, რომანოვების სახლის კედელზე უადგილო ადგილას მიჭედებულ დიდ ლურსმანს – რა არისო. არ ვიცი-მეთქი. თანამშრომელს დავუძახე და მან განგვიმარტა: აქ თავის დროზე, სტალინი რომ ისვენებდა, ჩაქუჩი და ლურსმანი მომატანინა, მერე ჩააჭედა და ქუდი დაჰკიდა. სეირნობისას აქ ჰკიდებდა ქუდს და უქუდოდ სეირნობდაო. ბევრი იცინა კოსიგინმა და გვითხრა: ძალიან გთხოვთ, ხელი არ ახლოთ ამ ლურსმანს. რომ ვკითხე, აქამდე რატომ არ ამოაძრეთ-მეთქი, მიპასუხეს, გვეშინოდაო. თუ არ ვცდები, ის ლურსმანი დღესაც იქ არის. რამდენადაც ვიცი, ერთი ასეთი ლურსმანი იქვე, ლიკანში საწერ მაგიდაზეცაა მიჭედებული, ისიცი ქუდის დასაკიდად...
პოლიტიკოსის ერთ-ერთი უპირველესი მოვალეობა კონფლიქტების დროულად აღკვეთა და განმუხტვაა, იქნებ ამიტომაც მახსენდება ის კონფლიქტები, რომლის მოგვარებაც ვერ შევძელი. მახსენდება არა მხოლოდ საკუთარი მარცხის, არამედ იმ ტკივილის გამოც, რომელიც მათ მოუტანეს ქვეყანას, საზოგადოებას, კონკრეტულ ადამიანებს... ერთ-ერთი ასეთი კონფლიქტური სიტუაცია თვითმფრინავის ბიჭებს უკავშირდება. მისი მოგვარება გარკვეული ეტაპის შემდეგ გასცილდა ჩემს უფლებამოსილებას და სიტუაციას. მთლიანად მოსკოვი აკონტროლებდა. როცა კონფლიქტში მესამე ძალაა ჩართული, იმ კონფლიქტის ჩაქრობა ძალზე ძნელი, ხშირად შეუძლებელიცაა. თბილისის აეროპორტიც მოსკოვის ქვედანაყოფი იყო... მართალია, მაშინ ბევრმა მომმართა თხოვნით, სასიკვდილო განაჩენი ამეცილებინა მათთვის, ვინც გადარჩა, მაგრამ უძლური აღმოვჩნდი – მე აღარაფერი შემეძლო. არაფერი შემეძლო, როგორც თანამდებობის პირს და როგორც მოქალაქეს... ვერ შევძელი, ისინი დამერწმუნებინა, შეგუებოდნენ დამარცხებას და ჩაბარებულიყვნენ, ვერ შევძელი... მოვლენებს მე აღარ ვმართავდი... ეს ჩემი მარცხი და მოუშუშებელი ტკივილია!“