მწვანილი ორგანიზმის უჯრედების აქტიურობას უწყობს ხელს
მთქნარება ადამიანის ორგანიზმზე დადებითად მოქმედებს
მთქნარება დადებით ზეგავლენას ახდენს ადამიანის ორგანიზმზე: ხსნის გულის სარქველებს, აძლევს საშუალებას, შეივსოს ჟანგბადის მარაგი, ააქტიურებს სისხლის მიმოქცევას. მთქნარება ენერგიას ჰმატებს თავის ტვინსა და სხეულს, აუმჯობესებს საცრემლე ჯირკვლების მოქმედებას, ხსნის დაღლილობასა და ნერვულ დაძაბულობას.
მთქნარების პროცესში დუნდება საფეთქლების, ყბის, თავის, სახის, ყელის, კისრის, მხრების, მუცლისა და დიაფრაგმის კუნთები.
მწვანილი ორგანიზმის უჯრედების აქტიურობას უწყობს ხელს
ცოცხალ პოლივიტამინებზე უკეთესი არაფერია. მათ კარგად შეითვისებს ორგანიზმი, თანაც, შემადგენლობის სიმდიდრითაც გამოირჩევა. საჭირო ვიტამინებსა და მიკროელემენტებთან ერთად, ხილი და ბოსტნეული სხვა ძვირფას ნივთიერებებსაც შეიცავს, მთავარია, იცოდეთ, სად იპოვოთ ისინი.
მწვანილი ვიტამინებისა და მიკროელემენტების წყაროა:
კამა შეიცავს 20 პროცენტით მეტ C ვიტამინს, ვიდრე ლიმონი ან ფორთოხალი. მასში ბევრია ბეტა-კაროტინი და სხვა საჭირო ვიტამინები. ამას ემატება 12 მნიშვნელოვანი მიკროელემენტიც;
ნიახური B ჯგუფის ვიტამინების სრულ კომპლექტს შეიცავს. ასევე, სასარგებლოა ოხრახუში და რეჰანი. თითქმის ყველა მწვანილი ამაღლებს ორგანიზმის უჯრედების აქტიურობას.
ნიორი კაპილარულ სისხლის მიმოქცევას აღადგენს და სახის კანზე ზრუნავს.
კომბოსტო შეიცავს B ჯგუფის ყველა ვიტამინს, C ვიტამინს, თუთიასა და მანგანუმს, ასევე, სხვა სასარგებლო ნივთიერებებსაც. კომბოსტო უჯრედების ზრდის ერთ-ერთი საუკეთესო ბუნებრივი სტიმულატორია. მას აღმდგენი და გამაახალგაზრდავებელი თვისებები აქვს.
წიწაკა შეიცავს ნივთიერება კაპსაიტინს, რომელიც სისხლის მიმოქცევას აუმჯობესებს. მასში ბევრია კაროტინი, C ვიტამინი, სილიციუმი, რომელიც აუცილებელია ორგანიზმის საერთო სიჯანსაღისთვის.
გასტრიტის და კოლიტის დროს სვით სააფთიაქო გვირილის ნაყენი
სააფთიაქო გვირილის პრეპარატებს ახასიათებს ტკივილგამაყუჩებელი, ანთების საწინააღმდეგო და ანტისეპტიკური მოქმედება და აძლიერებს რეგენერაციის პროცესს.
მას ხმარობენ ბრონქული ასთმის, რევმატიზმის, ალერგიის, კოლიტების, გასტრიტების, ეგზემის, დამწვრობის სამკურნალოდ, ასევე, როგორც სპაზმოლიტურ, ნაღველმდენ და ოფლის მომგვრელ საშუალებას.
სააფთიაქო გვირილის ყვავილები საუკეთესო საშუალებაა ფიტოთერაპიაში კუჭის ლორწოვანი გარსის მწვავე და ქრონიკული ანთების სამკურნალოდ. მკურნალობის ხანგრძლივობა დაახლოებით 2 თვეა. ის, ასევე, კარგია ანგინის, ღრძილების ანთებისა და ბუასილის დროსაც.
სახლის პირობებში ნაყენი ასეთი წესით უნდა მოამზადოთ: 2 სადილის კოვზი ნედლეული ჩაყარეთ მომინანქრებულ ჭურჭელში, დაასხით 1 ჩაის ჭიქა მდუღარე წყალი. მჭიდროდ დაახურეთ თავსახური და გააჩერეთ დაახლოებით 2 საათის განმავლობაში. შემდეგ გადაწურეთ და დალიეთ თითო სადილის კოვზი, 3-4-ჯერ დღეში, ჭამის წინ.
ანგინის დროს, იგივე ნაყენი, ოღონდ, თბილი, გამოივლეთ ყელში, ღრძილების ანთების დროს კი – პირის ღრუში.
რომელი საკვები გამოირჩევა აღმგზნებ-დამამშვიდებელი ეფექტებით
მცენარეული საკვები მდიდარია უჯრედისით. ის განაპირობებს კუჭ-ნაწლავის ტრაქტის კარგად მუშაობას, იცავს ადამიანის ორგანიზმს ათეროსკლეროზისა და კიბოსგან. მასში არ არის ქოლესტერინი. მაგალითად, სოია თვითონ ამცირებს სისხლში ქოლესტერინის დონეს.
ხილი და ბოსტნეული მდიდარია ვიტამინებითა და მინერალური ნივთიერებებით, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმუნიტეტის შესანარჩუნებლად. ფიტონციდები, რომლებიც მცენარეულ საკვებში შედის, თრგუნავს ნაწლავებში მიმდინარე ლპობის პროცესებს.
არსებობს აღმგზნები და დამამშვიდებელი ეფექტების მქონე საკვებიც. დამამშვიდებელს მიეკუთვნება: ხილი, ბოსტნეული, რძე, კარაქი, მარცვლოვანი კულტურები; ხოლო აღმგზნებია: ხორცი, თევზი, კვერცხი, სანელებლები და ალკოჰოლური სასმელები.
თუ კარგად დააკვირდებით საკუთარ ორგანიზმს, ადვილად მიხვდებით, რომელი საკვები გჭირდებათ.
წიწიბურა პოტენციას ამაღლებს
წიწიბურა ძალიან სასარგებლო საკვებია. მას ადამიანის ორგანიზმიდან გამოაქვს რადიონუკლიდები, ზრდის კუნთების ძალასა და ამტანობას, ამაღლებს პოტენციას, აძლიერებს სისხლძარღვებსა და ნერვულ სისტემას, ეხმარება ნივთიერებათა ცვლას, ხელს უწყობს კუჭ-ნაწლავის ტრაქტის განკურნებას.
წიწიბურასგან მომზადებული „კისელი“ დაგეხმარებათ სისხლძარღვებთან დაკავშირებული პრობლემების მოგვარებაში. ის აქვეითებს ქოლესტერინის დონეს და არეგულირებს წნევას.
მკურნალობისთვის საჭიროა, დღეში ორჯერ – დილით და საღამოს, მიირთვათ 100 გრამი წიწიბურას „კისელი“, რომელიც ასეთი წესით უნდა მოამზადოთ:
3 სადილის კოვზი დაფქული წიწიბურა გახსენით 1 ჩაის ჭიქა ცივ წყალში. ცალკე ჭურჭელში აადუღეთ 1 ლიტრი წყალი და ნელ-ნელა ჩაასხით შიგ გამზადებული მასა. ადუღეთ 10 წუთის განმავლობაში და თან ურიეთ. შეგიძლიათ, მას ცოტა ნატურალური თაფლი და ნიგოზიც ჩაუმატოთ (გემოვნების მიხედვით).
გაიძლიერეთ მეხსიერება
მეხსიერების გასაუმჯობესებლად უძველესი დროიდან იყენებდნენ სამკურნალო ბალახებს, რომელთა რეცეპტებსაც ახლა შემოგთავაზებთ:
* 2 სადილის კოვზ დაქუცმაცებულ ასკილს შეურიეთ 1 სადილის კოვზი პიტნა, თირკმლის ჩაი და არყის ხის ფოთლები; ასევე, თითო სადილის კოვზი ოროვანდის ფესვები და გახეხილი სტაფილო. 2 სადილის კოვზ ნარევს დაასხით 1 ჩაის ჭიქა მდუღარე წყალი და გააჩერეთ ნახევარი საათით წყლის ორთქლზე. გააცივეთ, გაწურეთ და დაამატეთ ანადუღარი წყალი საწყისი ოდენობის მისაღებად. მიიღეთ ნახევარი ჩაის ჭიქა ნაყენი სამჯერ დღეში, ჭამის შემდეგ.
* თანაბარი რაოდენობით შეურიეთ ერთმანეთს: დაქუცმაცებული ნეგო, კრაზანა, გვირილა და არყის ხის კვირტები. ჩაყარეთ მინის ჭურჭელში და თავი დაახურეთ. 4 სადილის კოვზ ნარევს დაასხით 2 ჩაის ჭიქა მდუღარე წყალი, გააჩერეთ ნახევარი საათი, შემდეგ გაწურეთ და საღამოს დალიეთ 1 ჩაის კოვზი თაფლით გაზავებული 1 ჭიქა თბილი ნაყენი. დილით შეათბეთ დარჩენილი 1 ჩაის ჭიქა ნაყენი, დაამატეთ 1 ჩაის კოვზი თაფლი და მიიღეთ უზმოზე, ერთი საათის შემდეგ კი შეგიძლიათ, ისაუზმოთ.
ვის ემუქრება ოსტეოქონდროზი და როგორ ავიცილოთ ზურგთან დაკავშირებული პრობლემები
ოსტეოქონდროზი ემუქრება იმათ, ვინც უფრო მეტხანს ზის, ვიდრე მოძრაობს. ზურგთან დაკავშირებული პრობლემები აწუხებთ მათაც, ვისაც მძიმე ფიზიკური სამუშაო აქვთ. ოსტეოქონდროზის განვითარების ალბათობა დიდია ორსულობის პერიოდშიც, ასევე, მნიშვნელოვანია მემკვიდრეობითი ფაქტორიც, ანუ, თუ თქვენს წინაპრებს ჰქონდათ ოსტეოქონდროზი, ხერხემალს გაცილებით მეტი ყურადღება უნდა მიაქციოთ.
არსებობს ადამიანების განსაკუთრებული კატეგორია, რომლებსაც ოსტეოქონდროზით დაავადების საკმაოდ დიდი შანსი აქვთ. ერთ-ერთ ასეთ კატეგორიას განეკუთვნებიან მაღალქუსლიანი ფეხსაცმლის მოყვარული ქალები. მაღალქუსლიან ფეხსაცმელში ფეხი უფრო გრძელი და ლამაზი ჩანს, ამიტომაც, ქალბატონები ხშირად დადიან წვრილქუსლიანი ფეხსაცმლით მთელი დღის განმავლობაში. ამ დროს მთელი დატვირთვა გადადის ტერფის წინა ნაწილზე და ქალი თითქოს თითის წვერებზე დადის, რაც განივი მყესების გადაძაბვასა და გამკვრივებას იწვევს.
ოსტეოქონდროზი ხშირად უვითარდებათ ნევრასთენიულ ქალებს. ზოგჯერ ასეთი პაციენტები აღნიშნავენ, რომ, როგორც კი რამეზე ინერვიულებენ, მაშინვე ეწყებათ ზურგში ტკივილი. მართლაც, სტრესი ამ დაავადების პროვოცირებას იწვევს, განსაკუთრებით კი – კისრის მალების ოსტეოქონდროზის დროს. საქმე ის არის, რომ ხერხემალთან გადის ტვინის მკვებავი სისხლძარღვები. მალთაშუა დისკების წანაცვლებისას ხდება ამ სისხლძარღვებზე ზეწოლა და ფერხდება ტვინის სისხლმომარაგება. ავადმყოფს ეწყება თავის ტკივილი, თავბრუხვევა, შედეგად კი უვითარდება დეპრესია, შიში, ხოლო შემდგომში ყველაფერი ჩაკეტილ წრეზე მოძრაობს: კისრის კუნთების დაჭიმვა იწვევს ტკივილსა და დეპრესიას, დეპრესია კი – უსიამოვნებებს.
ოსტეოქონდროზის პროფილაქტიკა მცირე დროს მოითხოვს, მკურნალობა კი – გაცილებით მეტს.
ეცადეთ, არ ასწიოთ მძიმე საგნები მოხრილ მდგომარეობაში, აჯობებს, ჩაიმუხლოთ. ასეთ დროს ძირითადი დატვირთვა მოდის ფეხის კუნთებზე. თუ მძიმე ტვირთს ეზიდებით, არ დაგავიწყდეთ, ხშირად გადაიტანოთ ხელიდან ხელში. ასეთ დროს არ შეიძლება ტანის მკვეთრი შებრუნება რომელიმე მხარეს.
თუ დიდხანს დგახართ ფეხზე, მაგალითად, ტრანსპორტში, ეცადეთ, დაძაბოთ მუცლისა და კუდუსუნის მიმდებარე კუნთები – ამგვარად შეამცირებთ ხერხემლის გადატვირთვას. თუ არის ამის საშუალება, მიეყრდენით კედელს.
ეცადეთ, ხშირად დაჯდეთ და მიეყრდნოთ საზურგეს. ჯდომისას ფეხები უნდა წვდებოდეს იატაკს, ან, უმჯობესია, შემოაწყოთ პატარა სკამზე ისე, რომ მუხლები თეძოსთან შედარებით ოდნავ მაღლა გქონდეთ.
დაიძინეთ მაგარ საწოლზე. საწოლი უნდა იყოს ხის განიერი დაფა, რომელზეც უნდა დააფინოთ თხელი ლეიბი.
გაუფრთხილდით ხერხემალს, ერიდეთ დაცემასა და დარტყმას.
არ გაცივდეთ, რადგან, ზოგჯერ კუნთები გადაციებაზე რეფლექსური სპაზმით რეაგირებს, მათი შეკუმშვა კი მალის წანაცვლებას იწვევს, რაც ტკივილის მიზეზი ხდება. ასეთ შემთხვევაში მოდუნება შეუძლებელია, რადგან ტკივილი აძლიერებს სპაზმს.
მოიშორეთ ზედმეტი წონა. ზედმეტი კილოგრამები ისევე ძლიერად აზიანებს ხერხემალს, როგორც ტრავმა ან ხშირი დატვირთვა.
შეასრულეთ სპეციალური ვარჯიშები. დილით, საწოლიდან ადგომისას, ცოტა ხნით დაეკიდეთ ძელზე – ეს განტვირთავს ზურგის კუნთებს. დადექით „ოთხზე“, ზურგი კატასავით გამოზნიქეთ, შემდეგ დაწექით იატაკზე და ფეხებით გააკეთეთ „ველოსიპედი“.
დაჯექით სწორად და თავით შემოხაზეთ ციფრები 0-დან 9-მდე და შემდეგ – პირიქით.
ოსტეოქონდროზის დროს სპორტის საუკეთესო სახეობაა ცურვა. ის ავითარებს იმ კუნთებს, რომლებიც საჭიროა ხერხემლის გასამაგრებლად, ასევე, მთლიანად ხსნის დატვირთვას მალთაშუა დისკებზე.