მეფური წარმოშობისა და ებრაული გენის მქონე ბრიტანელი პოლიტიკოსი
დევიდ უილიამ დონალდ კემერონი, გაერთიანებული სამეფოს მოქმედი პრემიერ-მინისტრი და კონსერვატიული პარტიის ლიდერი დაიბადა ლონდონში, 1966 წლის 9 ოქტომბერს.
მამის მხრიდან მისი დიდი ბაბუა, ემილ ლევიტა, ებრაელი იყო. იგი მანჩესტერში გერმანიიდან 1850 წელს გადავიდა, ბრიტანული მოქალაქეობა კი მხოლოდ 1871 წელს მიიღო. მუშაობდა „ჩერტერედ ბანკის” დირექტორად ინდოეთში, ავსტრალიაში და ჩინეთში; კამერონის დედის წინაპარი კი ინგლისის მეფის, ვილჰელმ მეოთხისა და მისი ფავორიტის – დოროთი ჯორდანის შთამომავალი იყო.
* დევიდი 7 წლიდან ბერქშირში, ვინკფილდის კერძო სკოლაში სწავლობდა და ხელოვნებით იყო დაინტერესებული. შემდეგ წარჩინებით დაამთავრა ოტონის კოლეჯი და ოქსფორდის უნივერსიტეტი, სადაც შეისწავლა პოლიტიკა, ფილოსოფია და ეკონომიკა. სწორედ ოქსფორდში გაიცნო მან ლონდონის ახლანდელი მერი ბორის ჯონსონი, სახელმწიფო ხაზინის კანცლერი ჯორჯ ოსბორნი და სხვა ახლა უკვე კარგად ცნობილი პირები.
* უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ კემერონმა მუშაობა დაიწყო კონსერვატიულ პარტიაში; ეხმარებოდა ჯონ მეიჯორს საზოგადოების წინაშე წარმოსათქმელი სიტყვის მომზადებაში; იყო დიდი ბრიტანეთის ფინანსთა მინისტრის მრჩეველი; შვიდი წლის განმავლობაში მუშაობდა შინაგან საქმეთა სამინისტროში და დიდი ბრიტანეთის ერთ-ერთი უდიდესი მედიაკომპანიის საბჭოში.
* დევიდ კემერონი არჩევნებში პირველად 1997 წელს სტაფორდიდან წარადგინეს, თუმცა დამარცხდა; 2001 წელს თემთა პალატაში მოხვდა უიტნიდან; 2005 წელს, გორდონ ბრაუნის მთავრობის ხელმძღვანელის პოსტიდან წასვლის შემდეგ, მან დედოფლისგან მიიღო წინადადება მთავრობის ფორმირების შესახებ.
* სწორედ დევიდ კემერონმა, პირველად დიდი ბრიტანეთის ისტორიაში, ჩამოაყალიბა კოალიციური მმართველობა, რომელიც ლიბერალ-დემოკრატებისგან შედგებოდა. 43 წლის კემერონი კი, 1812 წლის შემდეგ (42 წლის გრაფი ლივერპული), ქვეყნის ყველაზე ახალგაზრდა პრემიერ-მინისტრი გახდა.
* კემერონი დაქორწინებულია არისტოკრატული წარმოშობის სამანტა გვენდოლინ შეფილდზე და ჰყავს სამი შვილი – ორი გოგონა და ვაჟი. სხვათა შორის, მეორე გოგონას სახელში შედის იმ სოფლის დასახელება, სადაც კემერონების ოჯახს უყვარს დასვენება.
* 2010 წლის 5 ოქტომბერს მან ბოდიში მოუხადა თავის ამომრჩევლებს, რომ ვერ შეძლო, მთლიანად შეესრულებინა თავისი დაპირება ბავშვთა სოციალური დახმარების გაცემის შესახებ.
* 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დროს კამერონი მსოფლიოს მოუწოდებდა, შემოეღოთ სანქციები რუსეთის წინააღმდეგ და შეეჩერებინათ მისი წევრობა „დიდ რვიანში”.
* დევიდს მოსწონს საჭმლის მომზადება, გატაცებულია ტენისით, ცხენოსნობით, ნადირობით, ფეხბურთით; გულშემატკივრობს საფეხბურთო კლუბ „ასტორ ვილას“. პრემიერობამდე სამსახურში ველოსიპედით დადიოდა, 2006 წელს კი ამხილეს, რომ მისი ნივთები მძღოლს ავტომობილით გადაჰქონდა.
* დიდხანს ლაპარაკობდნენ კემერონზე, როდესაც მან ამერიკელ ტელეწამყვანს, ლეტერმანს ბრიტანეთის ისტორიის შესახებ დასმულ ელემენტარულ კითხვებზე ვერ გასცა პასუხი.
* 2012 წლის სექტემბერში პრემიერ-მინისტრის საიტზე გაჩნდა ინფორმაცია: „სამსახურებრივი მოვალეობის არადამაკმაყოფილებელი შესრულებისთვის, მღრღნელების წინააღმდეგ ბრძოლის სამსახურის უფროსის „თანამდებობიდან ჩამოაქვეითეს” კატა „ლარი”, რომელმაც ამ თანამდებობაზე ყოფნისას, ანუ 6 თვის განმავლობაში, მხოლოდ ერთი თაგვი დაიჭირა; ამ თანამდებობაზე კი დაინიშნა კატა „ფრეია”, რომელიც მანამდე კანცლერ ჯორჯ ოსბორნთან იმავე „თანამდებობაზე” მუშაობდა.
* 2013 წელს დევიდ კემერონი საქველმოქმედო ვიდეოკლიპში ეპიზოდურ როლში გადაიღეს.