პიკე კატალონიის დამოუკიდებლობას უჭერს მხარს
პიკე კატალონიის
დამოუკიდებლობას უჭერს მხარს
„ბარსელონისა” და ესპანეთის ნაკრების ტიტულოვანი მცველი, ჟერარდ პიკე, კატალონიის ესპანეთისგან გამოყოფის მომხრე აღმოჩნდა. პიკემ კატალონიის პრეზიდენტის, არტურ მასას მოსაზრებას დაუჭირა მხარი, რომ კატალონია დამოუკიდებელი სახელმწიფო უნდა გახდეს. „ჩვენ გვყავს საუკეთესო პრეზიდენტი და მას მხარი უნდა დავუჭიროთ,” – ასეთი სიტყვებით მოიხსენია პიკემ არტურ მასა. ცნობილია, რომ, კატალონიის ესპანეთისგან გამოყოფის შემთხვევაში, ჟერარდ პიკეს გადაწყვეტილი აქვს, კარიერა ესპანეთის ნაკრებში განაგრძოს, მიუხედავად იმისა, რომ კატალონიას დამოუკიდებელი ნაკრები უკვე ჰყავს და არაოფიციალურად რამდენიმე მატჩიც აქვს ჩატარებული.
„ჩელსის” ახალი სპონსორი
მომავალი წლიდან ლონდონის „ჩელსის” ახალი სატიტულო სპონსორი ეყოლება. ტექნიკურ გიგანტ „სამსუნგს” 2015-2016 წლების სეზონზე უმსხვილესი ავიაკომპანია „თურქიშ ეირლაინსი” ჩაანაცვლებს. რომან აბრამოვიჩის გუნდთან „სამსუნგი” 2005 წლიდან თანამშრომლობს და გუნდის უკანასკნელი დროის წარმატება სწორედ მის სახელთან ასოცირდება. შეგახსენებთ, რომ მიმდინარე სეზონიდან ახალი ტიტული კიდევ ერთ ინგლისურ კლუბს, „მანჩესტერ იუნაიტედსაც” შეეცვალა – გუნდი მაისურზე „შევროლეს” ლოგოთი ასპარეზობს.
„ლეგოს” კონსტრუქტორით აწყობილი სტადიონი
ბრიტანელმა ფეხბურთის ქომაგმა სტივ რიქსმა საყვარელი გუნდის საშინაო არენის მინი-ასლი ააწყო. „ლეგოს” სათამაშო კონსტრუქტორის დახმარებით, მან სამ კვირაში მოახერხა საფეხბურთო კლუბ „ნორვიჩის” სტადიონის – კეროუ როუდის აწყობა, რასაც 2 000 ცალი „ლეგოს” კუბიკი დასჭირდა. ახლო მომავალში კეროუ როუდის „ლეგოს” ვერსია საქველმოქმედო აუქციონზე გაიყიდება.
მენი პაკიაოს ახალი პროფესია
ცნობილი მოკრივე, მსოფლიოს ჩემპიონი მენი პაკიაო, საკალათბურთო კლუბ „კია სორენტოს” მოთამაშე-მწვრთნელად დაინიშნა. ახლად შექმნილი კლუბი ახალი სეზონიდან ფილიპინების ჩემპიონატში დაიწყებს ასპარეზობას. მიუხედავად იმისა, რომ მოკრივე პაკიაოს კალათბურთში მწვრთნელად მუშაობის არანაირი გამოცდილება არ გააჩნია, კლუბის ხელმძღვანელობა ფიქრობს, რომ ისინი ამ გზით მოიზიდავენ მაყურებელს. ცნობისთვის, პაკიაო კალათბურთს ამერიკაში ვარჯიშის დროს, სამოყვარულო დონეზე თამაშობდა, პროფესიულ დონეზე კი მას ჯერ არ უთამაშია და, სხვა ფილიპინური კლუბების მოთამაშეების მტკიცებით, ცნობილ მოკრივეს ნამდვილი ჯოჯოხეთი ელოდება.