კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ განწმენდენ შვილები მშობლებს ცოდვილი მდგომარეობისგან და რა ცოცხალი კავშირი არსებობს ჭირისუფლებსა და მათ გარდაცვლილებს შორის

აღზრდა დიდ გავლენას ახდენს ადამიანზე, თუმცა, აღზრდასთან ერთად მნიშვნელოვანია, რა გარემოში უწევს მას ცხოვრება, ყოფნა. ხშირად, როცა ვინმეს მშობლები საზოგადოებისთვის მიუღებელი წესებით ცხოვრობენ, მათ შვილებსაც წინასწარ აძლევენ იმავე შეფასებას და მათ დისკრედიტაციას ახდენენ. როგორია ამ ყველაფრისადმი ეკლესიის დამოკიდებულება, ამის შესახებ გვესაუბრება ვაკის წმიდა გიორგის სახელობის ეკლესიის წინამძღვარი, მამა საბა (ბიკაშვილი): 

 

– მამაო, აღზრდა ადამიანზე დიდ გავლენას ახდენს. თუმცა, დიდი მნიშვნელობა აქვს იმ გარემოსაც, რომელშიც ის იზრდება. აღზრდა ადამიანს ცვლის, გარდაქმნის და, გარკვეულწილად, აყალიბებს მის ზნეობრივ ტემპერამენტს, აზიარებს ისეთ განწყობასთან, რომელიც მთელი ცხოვრება გაჰყვება. 

–  ბავშვი პატარაობიდან როგორც აღიზრდება, მეტი ალბათობაა, მან თავისი ცხოვრებაც ასევე გააგრძელოს. თუ ოჯახში მშობლები არიან მოწოდების დონეზე – ბავშვებს ზრდიან კეთილსინდისიერად, ზნეობრივად (რელიგიაზე უკვე აღარ ვსაუბრობ, რადგან ეს, თავისთავად, აუცილებელია), ისინი გარკვეულ როლს თამაშობენ ბავშვის მომავალი ცხოვრების ფორმირებაში. თუ დავაკვირდებით ორ განსხვავებულად აღზრდილ ადამიანს, მათ ცხოვრებას, განათლებას, ძალიან დიდ სხვაობას აღმოვაჩენთ. ერთი შეხედვით, შეიძლება, ორივე ერთნაირი იყოს, მაგრამ, მათი ქცევა, მოძრაობა, გადაადგილებაც კი, სხვადასხვანაირი იქნება, შინაგან, სულიერ ძალებსა და მიდრეკილებებზე აღარაფერს ვამბობ. ის, რომელიც არ არის კარგად აღზრდილი, გარკვეულწილად, გაუნათლებელიც არის და მისი გრძნობები, მოქმედებები უხეში და მოუქნელია კარგად აღზრდილ და განათლებულ ადამიანთან შედარებით. ეს უკანასკნელი უფრო დახვეწილია, თუმცა, იმის თქმა არ მინდა, რომ განათლებულ ადამიანში არ არის ბრძოლები, ვნებები და მანკიერებები. უბრალოდ, ის ამ ყველაფერს უფრო კარგად ებრძვის, გონებით მოქმედებს – ჯერ ფიქრობს და მერე დგამს ნაბიჯებს. რა თქმა უნდა, განათლება ძალიან მნიშვნელოვანია – ის განსაზღვრავს ადამიანის წარმოდგენებს, მსოფლმხედველობას, ზნეობრიობას, მაგრამ, უპირველესია. აუცილებელია შვილების აღზრდა ქრისტიანული პრინციპებით, ისევე, როგორც ზნეობრივი, ადამიანური პრინციპებით. 

– ხშირად ამბობენ, რომ ახალდაბადებულ ადამიანზე გადმოდის პირველქმნილი ცოდვა; ისიც გამიგია, თითქოს ადამიანი საკუთარი მშობლების ცოდვების გამო ისჯება. ეს რამდენად შეესაბამება სიმართლეს? 

–  არსებობს ასეთი გაგება: როდესაც ადამიანი ინათლება წმიდა სამების სახელზე, მას მაშინ მიეტევება ეს ცოდვა. ვერ ვიტყვით, რომ ეს არასწორი გაგებაა, უბრალოდ, ამ საკითხის არასწორი ინტერპრეტაცია ხდება, ეს აზრი არასწორად არის ჩამოყალიბებული. რადგან ქრისტიანობა ასწავლის, რომ ჩვენ არ მოგვეკითხება მშობლების ცოდვა, ასევე, არ მოგვეკითხება ადამისა და ევას ცოდვები. ადამიანი შინაგანად სჩადის ამას, რადგან, თავად არის შემოქმედების მთავარი ობიექტი; ამიტომ, ცუდს აკეთებს თუ კარგს, ცუდისკენ მიიხრება თუ კარგისკენ, ყველაფერს თვითონ აკეთებს, მას ამას ღმერთი არც ავალდებულებს, არც აძალებს. ღმერთი სიყვარულია, ის არავის სჯის, არავის უბიძგებს ცოდვისკენ – შენ ეს ჩაიდინე და მერე გახდები კარგიო, რა თქმა უნდა, ეს ასე არ არის. ზოგადად, ადამიანის ბუნებითი მდგომარეობა არ არის ცოდვიანობა. როდესაც ადამისა და ევას დაცემის შემდეგ პირველქმნილი ცოდვა შემოვიდა კაცობრიობაში, ადამიანი დაემორჩილა ცოდვას და მთელი კაცობრიობა მოკვდავი გახდა. თუმცა, პირველცოდვის გაგება განსხვავებულია როგორც აღმოსავლეთის, ანუ ჩვენს ეკლესიაში, ასევე დასავლეთის – ლათინურ, კათოლიკურ ეკლესიებს შორის. წარმოვიდგინოთ, ადამიანი დაიბადოს ამქვეყნად და ისე ცხოვრობდეს, საერთოდ არ სცოდავდეს, მაგრამ ის მაინც დაისჯება, ოღონდ, წინაპრების, ანუ ადამისა და ევას შეცოდებებით. ამ საკითხის მართლმადიდებლური გაგება ემიჯნება დასავლურ, კათოლიკურ, პროტესტანტულ გაგებას. ჩვენი ეკლესიის მამები ამბობენ: გასაგებია, რომ შესცოდეს ადამმა და ევამ. მათი მეშვეობით ადამიანებში, მათ შთამომავლობაში შემოვიდა ცოდვა; მაგრამ, ჩვენ, ანუ შთამომავლები, ამაში არ ვართ დამნაშავენი. სწორად რომ გავიგოთ, ცოდვა პიროვნული, ინდივიდუალურია, თუმცა, ერთია, როცა შენ სცოდავ საკუთარ თავში და ეს არავის  ეხება, მაგრამ, ასევე, არის ცოდვა, რომელიც ყველას ეხება – ერთი ამბობს და სხვებს გადაეცემა. ეს დაბრკოლების ერთ-ერთი სახეა. ცოდვა პიროვნული მდგომარეობაა, თუმცა ის, შეიძლება, ერთი ადამიანიდან რამდენიმეზე გავრცელდეს და ეს იმ ერთის ბრალია, რომელიც სცოდავს და არა იმათი, ვისზეც ეს ცოდვა გადავიდა. ადამიანი თავის ჩადენილ ცოდვაზე, აგებს პასუხს და არა წინაპრების ცოდვებზე. ყველა უდიდესი საეკლესიო მოძღვარი, რომელიც შეხებია ამ თემას, ამტკიცებს, რომ ჩვენ ჩვენი წინაპრების ცოდვები არ მოგვეკითხება. ეს არა მხოლოდ ახალაღთქმისეული, ქრისტიანული სწავლებაა, არამედ, მანამდეც, ძველ აღთქმაშიც იყო ამ საკითხზე საუბარი. უფალი ამბობს: მე არ განვიკითხავ შვილს მამის ცოდვების გამო თუნდაც იმიტომ, რომ შვილი ასრულებს ყველა ჩემს მცნებას, იმ რჯულს, რომელიც მე დავუდგინე, იმ კანონებს, რომელიც მე მივეცი. ასე რომ, შვილი მართალია ჩემ წინაშე და არ დაისჯება, მამის გამო არ დავსჯი მას და შვილის ცოდვების გამო არ დავსჯი მამას, ანუ,  ყველა ადამიანი თავისი ცოდვების გამო ისჯება, მას არც ღმერთი სჯის, არც ეშმაკი და, მით უმეტეს, სხვა ადამიანის ცოდვების გამო არ ისჯება. შვილებზე არ გადმოდის მათი წინაპრების ცოდვები, მაგრამ ადამიანებზე აისახება თავისი წინაპრების ცხოვრება. საზოგადოებაში ხშირად არის გავრცელებული მოსაზრება, რომ, თუ ამ ადამიანის მამა იყო მკვლელი, ცუდი ადამიანი, ესე იგი, შვილიც ცუდი იქნება; ან, თუ დედა ჰყავდა მრუში, ამიტომ, ისიც მრუში უნდა იყოს. რა თქმა უნდა, ეს არასწორი შეხედულებაა; ეს იმას არ ნიშნავს, რომ ჩვენც მათი მსგავსნი გავხდეთ, ისე გავაგრძელოთ ცხოვრება, როგორც ისინი ცხოვრობდნენ. თუ ისინი იყვნენ ცოდვაში და ისე გავიდნენ ამქვეყნიდან, მათ სახელზე უნდა ვაკეთოთ ბევრი სიკეთე, ვილოცოთ და ეს არა მხოლოდ ჩვენ წაგვადგება, არამედ, მათაც.

– ამ შემთხვევაშიც დიდი მნიშვნელობა აქვს აღზრდას, შვილებისთვის სწორი მაგალითის მიცემას, რჩევას, ოღონდ, არა მათ ცხოვრებაში ხშირად მკაცრად ჩარევას, ისე, როგორც დღეს ხდება ხოლმე. 

– უფალი ღვთისკენ, სარწმუნოებისკენ ნაბიჯის ძალით გადადგმას არ ითხოვს. ის გველოდება, ყველას მოგვიწოდებს, მაგრამ, ამ ნაბიჯს ვინ როდის და როგორ გადადგამს, ეს უკვე ადამიანის გადასაწყვეტია. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ჩვენი შვილები პიროვნებები არიან. რა თქმა უნდა, მათზე გარკვეული უფლებები გვაქვს, რადგან, ჩვენი შვილები არიან, მაგრამ, ეს იმას არ ნიშნავს, ბოლომდე ჩავერიოთ მათ ცხოვრებაში, აზროვნებაში, თავისუფლებაში. თავად უფალი არ აბრკოლებს ადამიანს თავისუფალ არჩევანში, თუმცა, აჩვენებს ორ გზას: ერთი ცხონებისკენ მიდის, მეორე – წარწყმედისკენ. ასე რომ, ყველა მშობელმა უნდა გაითვალისწინოს: კი არ უნდა დააძალოს შვილს ლოცვა, ეკლესიაში სიარული, არამედ, საკუთარი ქცევით მისცეს მას მაგალითი. მშობელი, რომელიც ბავშვს აძალებს, იმარხულოს, ილოცოს მასთან ერთად, დაესწროს წირვას, მიუხედავად იმისა, შეუძლია და სულიერად მომწიფებულია თუ არის, აქვს თუ არა ამის სურვილი, რა თქმა უნდა, არასწორად იქცევა. ეს შემდეგში გამოიწვევს ამ ადამიანის ჩამოშორებას სარწმუნოებისგან.  მშობელი უნდა ზრუნავდეს საკუთარ შვილზე, მაგრამ, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ბოლომდე ჩაერიოს მის პირად ცხოვრებაში. შვილისგან არ უნდა მოითხოვოს სრული დამორჩილება, ის არ უნდა ჩაერიოს მის პირად ცხოვრებაში, არ შეზღუდოს მისი თავისუფალი ნება. აღზრდის დროს მთავარია, ბავშვი გაიზარდოს დამოუკიდებელ ადამიანად. ის უნდა შეეჩვიოს დამოუკიდებელ აზროვნებასა და გადაწყვეტილებების მიღებას, დამოუკიდებელ ცხოვრებას. ვინც მშობლებზე ბოლომდე დამორჩილებულნი გაიზარდნენ, უკვე გაზრდილნი, გადაწყვეტილებას დამოუკიდებლად ვეღარ იღებენ და საზოგადოების სრულყოფილი წევრებიც ვეღარ ხდებიან. ლოცვა, მართლმადიდებლობა, ზნეობრივ-ქრისტიანული ცხოვრება კარგია, მაგრამ, თუ ეს შენი ნების წინააღმდეგ ხდება, ამას სარწმუნოებისადმი რადიკალური მიდგომა, თავს მოხვევა ჰქვია, რასაც უფალი არ ითხოვს ჩვენგან. 

 

скачать dle 11.3