აბორტი – უმძიმესი ცოდვა
წლების წინ ამერიკის შეერთებული შტატების ექიმები ამტკიცებდნენ, რომ ემბრიონში სიცოცხლე იწყება ჩასახვიდან მხოლოდ მეთორმეტე კვირის შემდეგ. სწორედ ამიტომ, ამერიკაში აბორტების უმრავლესობა ორსულობის მეთორმეტე კვირამდე კეთდებოდა (ქვეყანაში აბორტების საერთო რიცხვის 91 პროცენტი). ადამიანის ცნობიერებისთვის ადვილი არაა იმის აღიარება, რომ მომავალი ადამიანი დედის სხეულში მხოლოდ ხორცის ნაჭერია, რომლისგან გათავისუფლებაც ნებისმიერ ქალს ნებაყოფლობით შეუძლია.
ამ პრობლემაზე აქტიურად მუშაობდნენ ექიმები, რომლებიც აბორტებს აკეთებდნენ და ისინიც, ვინც იძულებული იყვნენ, ეთანამშრომლათ მათთან ან, თუნდაც, დუმილით გამოეხატათ თავიანთი თანხმობა. ეს იმიტომ, რომ სიცოცხლე მეტისმეტად წმინდაა, ეს ზოგადსაკაცობრიო ზნეობრივი ცნობიერების საკითხია, ცნობიერება კი უპასუხისმგებლო ქმედებებს ვერ იტანს. მრავალ მეცნიერს აფიქრებდა საქმის ეთიკური მხარე, ამიტომ, სერიოზული კვლევების შედეგად, მათ კარგად გააცნობიერეს, თუ რა გააკეთეს. აბორტის მომხრეთა შორის მრავალი ადამიანი თავად გახდა აბორტის ყველაზე თამამი მოწინააღმდეგე. ასეთ მეცნიერთა შორის იყო ერთ-ერთი ამერიკელი ექიმი, აბორტების სპეციალური კლინიკის ყოფილი დირექტორი, მეან-გინეკოლოგი ბერნარდ ნათანსონი, რომელმაც ორი თვის განმავლობაში 60 ათასი აბორტი გააკეთა! მაგრამ, როდესაც თავისი საქციელის სისწორეს ჩაუღრმავდა, თანამედროვე ტექნიკური საშუალებების (ულტრაბგერა, ემბრიონის გულის ელექტრონული გამოკვლევა, ემბრიოსკოპია, რადიობიოლოგია და სხვა) გამოყენებით გამოიკვლია საკითხი: როგორი სიცოცხლე აქვს ემბრიონს და როდის იწყება მასში ეს სიცოცხლე?
სკრუპულოზური გამოკვლევების შედეგად, ნათანსონი მივიდა ერთ დასკვნამდე და განაცხადა: „დღეს საკითხი იმის შესახებ, რომ ემბრიონი არის ცალკე ადამიანური არსება, მთელი თავისი განსაკუთრებული პირადი თვისებებით, რწმენის საკითხი აღარ არის“. მისმა გამოკვლევებმა დაამტკიცა, რომ ეს უკვე მეცნიერული ჭეშმარიტებაა, რომ ემბრიონი – ჩამოყალიბებული ადამიანური არსებაა. თავისი დასკვნების საფუძვლიანობის დასამტკიცებლად ნათანსონმა 12-კვირიანი ნაყოფის (სამი თვის ჩანასახის) აბორტის ულტრაბგერით კინოგადაღებას მიმართა. ეს ფილმი, რომელსაც „ჩუმი ყვირილი“ ეწოდება, ამტკიცებს, რომ ჩანასახი გრძნობს მუქარას იმ ინსტრუმენტის მხრიდან, რომლითაც აბორტი კეთდება; გრძნობს საშიშროებას და ამას გამოხატავს იმით, რომ:
ა) სწრაფად და შეშფოთებული მოძრაობს;
ბ) მისი გულისცემა 140-დან 200-მდე ხშირდება;
გ) პირს ფართოდ აღებს, როგორც ყვირილისას, უხმო ყვირილისას.
ეს ფილმი ისეთ ძრწოლას იწვევს, რომ, ერთმა ექიმმა, რომელსაც პირადად 10 ათასი აბორტი ჰქონდა გაკეთებული, ფილმის ნახვის შემდეგ შეწყვიტა აბორტების კეთება. ერთმა ფემინისტმა კი, რომელიც ფილმის გადაღებაზე მუშაობდა, საკუთარი თვალით ნანახის ზემოქმედებით, მთლიანად შეცვალა თავისი შეხედულებები... ყოველივე ამის შემდეგ, გვიჩნდება სურვილი, დავსვათ კითხვა: „სად არის შუასაუკუნეობრივი სიბნელე? ვინ არის მისი წარმომადგენელი?“ ყოველ შემთხვევაში, ეს ეკლესიას არ ეხება.