მოძღვარი გვირჩევს
კითხვა: ჩემ გარშემო არიან ადამიანები, რომლებიც კეთილებიც არიან, გაჭირვებულებსაც ეხმარებიან, თუმცა, ეკლესიაში არ დადიან. როგორ დავეხმაროთ ასეთ ადამიანებს, რომ ტაძარში მივიდნენ?
პასუხი: ეცადეთ, რომ ასეთ ადამიანებს შეაგონოთ ეკლესიაში სიარულის აუცილებლობა. მაგრამ თუ რამდენიმე მცდელობის შემდეგ ისინი არ მოგისმენენ, ნუ გააღიზიანებთ. ილოცეთ მათთვის. მოვა დრო, როდესაც თავად გადაწყვეტენ ეკლესიაში მისვლას. ყოველი ადამიანის ცხოვრებაში დგება წუთი, როდესაც მას ღმერთთან მისვლის სურვილი უჩნდება.
კითხვა: ადამიანი, რომლის ვალიც მქონდა, გარდაიცვალა. ამას ძალიან განვიცდი. როგორ მოვიქცე?
პასუხი: ფული დაუბრუნეთ მის ახლობლებს. თუ მას ახლობელი არ დარჩენია ან უცხოეთში ცხოვრობენ და ზუსტად არ იცით მათი საცხოვრებელი, მაშინ ეს ვალი შეჭირვებულ ადამიანებს გადაეცით ან ეკლესიას შესწირეთ.
კითხვა: ვმუშაობ კათოლიკურ სკოლაში და ბავშვებს ხელოვნებას ვასწავლი. ცოდვად ხომ არ მეთვლება უცხო აღმსარებლობის გარემოში მოღვაწეობა?
პასუხი: ეკლესია საარსებო წყაროს მოძიებას არ კრძალავს, მით უმეტეს, თუ ბავშვებს სიყვარულს, სათნოებასა და ხელოვნებას ასწავლით. ოღონდ, ნუ გაიზიარებთ უცხო აღმსარებელთა ცხოვრების წესს და ხშირად იარეთ მართლმადიდებლურ ტაძარში.
კითხვა: მაქვს ნათლობის სამი ჯვარი. შეიძლება თუ არა, ისინი გადავანო და ერთი გავაკეთო?
პასუხი: ეს კატეგორიულად დაუშვებელია. ატარეთ ერთ-ერთი ჯვარი, დანარჩენი კი სათუთად შეინახეთ.