რა მსხვერპლზე მიდიოდა თაკარა მზეში წოლით სოფო ბედიას საყვარელი მამაკაცი და როდის გეგმავენ ისინი ესქსტრავაგანტური ქორწილის გადახდას
როგორც მომღერალი სოფო ბედია ამბობს, გასული ზაფხული მისთვის ყველაზე განსხვავებული და ბედნიერი იყო, რადგან, საყვარელ მამაკაცთან და შვილთან ერთად მოახერხა დასვენება. ის თბილისში დაბრუნების შემდეგ გაორმაგებული ძალით შეუდგა მუშაობას. დღეს ჩვენი მკითხველი შეიტყობს, თუ როდის გეგმავს სოფო ქორწილის გადახდას, რატომ არ ჩქარობს სასიყვარულო ურთიერთობის დაკანონებას თავის რჩეულთან, მიშა მესხთან და რის გამო არ ჩაიცვამს თეთრ საქორწინო კაბას.
სოფო ბედია: პენსიონერული არაფერი მიყვარს და მთელი ცხოვრება ძალიან აქტიური ვარ. ზაფხულში კი მიყვარს დასვენება, რადგან, მთელი წელი ორ რესტორანში ყოელდღიური მუშაობა და დაძაბული რეჟიმი ძალიან მღლის. სულ ვოცნებობ, როდის მოვა ზაფხული, მაგრამ, ისე მალე გავიდა, ისევ მის მოსვლაზე რომ უნდა დავიწყო ფიქრი, უკვე, წინასწარ, ვნერვიულობ (იცინის). წელს შვილთან ერთად ბორჯომში ვისვენებდი, შემდეგ – ბათუმსა და ქობულეთში – ერთი სიტყვით, ისე გავატარე ზაფხულის სეზონი, როგორც მინდოდა. სხვათა შორის, ზაფხულთან გამოსამშვიდობებლად, ბათუმში, კლუბში დავგეგმე სოლო კონცერტი 25 აგვისტოს და, ულამაზესი, გემრიელი საღამო გამოვიდა. დასვენებულს, ძალიან მომინდა და მომენატრა სიმღერა, თან, როგორც გითხარით, პასიურობას ვერ ვიტან და, ალბათ, ამიტომაც გადავწყვიტე ამ საღამოს გამართვა და მაქსიმალურად დახარჯვა (იცინის). რაც ჩემს საყვარელ საქმეს ეხება, არ მეზარება. რაც არ უნდა გათანგული და დაღლილი ვიყო, სიმღერა ყოველთვის მიხარია.
– თქვი, ბორჯომში, ბათუმსა და ქობულეთში დავისვენეო. ამ დროს შენი საყვარელი მამაკაცი სად იყო?
– რასაკვირველია, ჩემ გვერდით! ერთი წუთითაც კი არ ვყოფილვართ მე და მიშა ცალ-ცალკე.
– სოფო, იცი, რა მიკვირს? სულ ერთად ხართ და, რატომ არ ჩქარობთ ურთიერთობის დაკანონებას, რატომ აგვიანებთ?
– როგორ არა, ყველაფერი გადაწყვეტილია, უბრალოდ, რაღაც-რაღაცეების დალაგებას ველოდებით. საჩქარო არაფერია, შეყვარებულობის პერიოდით ვტკბებით ჯერ. თან, გვინდა, ქორწილი ექსტრავაგანტურად ჩატარდეს. ახალი ცხოვრების დაწყება ორიგინალურად გვინდა ორივეს და, ვნახოთ; იმედია, როგორც ჩვენ გვინდა, ისე გამოვა ყველაფერი.
– ესე იგი, თეთრი კაბის ჩაცმას აპირებ?
– თეთრი საპატარძლო კაბა არ მიყვარს, ალბათ, სპილოსძვლისფერზე გავაკეთებ არჩევანს. ვფიქრობ, ისეთი ქორწილი მექნება, როგორზეც ვოცნებობ და, როცა იქნება, ხომ იქნება! (იცინის) ეს ზაფხულიც განსაკუთრებული იყო იმით, რომ ჩემს შვილთან და საყვარელ მამაკაცთან ერთად ვიყავი დასასვენებლად, ენერგია აღვიდგინე და ახლა გაორმაგებული ძალით შევუდგები მუშაობას.
– ესე იგი, გაორმაგებული ენერგიით დაბრუნდი თბილისში?
– დასასვენებლად წასული, არ ვიჯექი სახლში და არ ვკითხულობდი წიგნებს; ჩემთვის დასვენება დილით ზღვა, მზე და რუჯის მიღება, საღამოს კი – სეირნობა და „გაჯაზებაა” (იცინის). ძალიან მიყვარს ზაფხულის რუჯი და საღამოობით მეგობრებთან ერთად გართობა, რაც წელს ნამდვილად არ მოვიკელი.
– მერე, მთელი დღე თაკარა მზეში ზღვის ნაპირას წოლა და რუჯის მიღება მამაკაცებს რომ არ უყვართ, მიშა როგორ უძლებდა?
– არც მიშას უყვარს თაკარა მზეში სანაპიროზე რუჯის მიღება, მაგრამ, საყვარელი ქალისთვის მსხვერპლი გაიღო (იცინის). ძალიან ბედნიერი ქალი ვარ და ბედისწერისაც მჯერა, რადგან, მის გარეშე ადამიანის ცხოვრებაში არაფერი ხდება. ბედისწერა ხან ჭკუას გვასწავლის შექმნილი სიტუაციით და ხან ბედნიერებას გვჩუქნის; ის გვეხმარება, როგორ უნდა გადავდგათ გააზრებული ნაბიჯები ცხორებაში. ის მოვლენები კი, რაც ჩემს ცხოვრებაში მოხდა, ვფიქრობ, უნდა მომხდარიყო და ჭკუაც უნდა მესწავლა ბევრ რამეში. იმაზე მწყდება გული, რომ, შემეძლო, წარსულში უფრო მეტად ბედნიერი ვყოფილიყავი, თუმცა, ახლა ვარ ბედნიერი და ამისთვის ღმერთს მადლობა. ჯობს გვიან, ვიდრე არასდროს (იცინის). წარსულში რომ დამაბრუნონ, რაღაც-რაღაცეებს შევცვლიდი, მაგრამ, შვილს ვერ დავთმობ. უამრავი ჭორი და სისულელე იწერებოდა ჩემზე ერთი წლის წინ, ქმარს რომ გავშორდი; ახლა კი, რაც მიშასთან ერთად ვარ, მსგავსი არაფერი გამიგია. ხალხმა მოიჭორავა კი არა, გადაიჭორავა, მაგრამ, რაც უნდათ, ის იფიქრონ, მე არ ვწუხდები. ყველაფერმა გაიარა და ცხოვრება დალაგდა – მთავარი ესაა.
– მეც შევიტყვე ერთი ჭორი და, მინდა, შენთან გადავამოწმო: გავიგე, რომ მიშასთან ერთად უცხოეთში აპირებ ახალი ცხოვრების დაწყებას. ასეა?
– ეს ჭორი არ არის, გეგმაში გვაქვს; უფრო სწორად, კარგი იდეაა (იცინის). თუ რამეს დავაპირებთ, არ დავმალავთ და ყველა გაიგებს. უცხოეთში რომ მეტი გასაქანი და მეტი შანსია ცხოვრებისა და კარიერის ასაწყობად ფაქტია. ზოგადად, კარგი იქნება ჩვენი მომავლისა და ახალი ცხოვრებისთვის, თუ წავედით. ჯერჯერობით მართლა არ მაქვს გადაწყვეტილი, სად მინდა წასვლა, მაგრამ, რომელი ქვეყანაც კარგად მიმიღებს და დამაფასებს, იქ წავალ. საქართველოში კატეგორიულად არ ვიღებ მონაწილეობას კონკურსებში, აი, უცხოეთში კი სიამოვნებით ვცდიდი ბედს. ვოკალურად გამოვცადო ჩემი თავი კონკურსზე და ქულები ვაწერინო ჩემთვის არაკომპეტენტურ ჟიურის – ეს ჩემთვის მიუღებელია. არავის ეწყინოს, ეს მხოლოდ ჩემი სუბიექტური აზრია და მე ჩემს თავზე ვლაპარაკობ. თან, არც იმ ასაკში ვარ და არც იმ დამწყებ კატეგორიას მივეკუთვნები, რომ სცენაზე შემაფასონ – ეს არც ამბიციური განცხადებაა და არც ვინმეს შეურაცხმყოფელი. მიმაჩნია, რომ პროფესიონალი მომღერალი ვარ და არ მინდა თავის გამოცდა საქართველოს მუსიკალურ კონკურსებზე. აი, უცხოეთში, შეიძლება მივიღო მონაწილეობა კონკურსში, სადაც ჟიურიც კომპეტენტურია და, ასე თუ ისე, არც, მიკერძოებას აქვს ადგილი. საკუთარ თავზე ისედაც ყოველდღე ვმუშაობ და, ვცდილობ, შემოქმედებითად უფრო გავიზარდო.
– ანუ, მიგაჩნია, რომ საქართველოში ვერ გაფასებენ როგორც შემოქმედს?
– არა, უბრალოდ, ჩვენთან ყველაფერი ერთ ადგილზეა გაჩერებული, არც კონცერტები იმართება და, თუ მომღერალი არ დადგა კლუბის ან რესტორნის სცენაზე, ისე შემოსავალი არ ექნება, ან, ფულიანი „მფარველია” საჭირო. რა ვქნა, გამოუსწორებელი ოპტიმისტი ვარ, არასდროს ვფიქრობ ცუდზე, იმედი მაქვს, ყველაფერი გამოსწორდება და კარგისკენ შემობრუნდება. თქვენ წარმოიდგინეთ, ადრე კონცერტები ხშირადს ტარდებოდა, მაგრამ, გარკვეული „კლანები” გვბლოკავდნენ ზოგიერთ მომღერლებს; ახლა „კლანები” აღარ არიან, მაგრამ, კონცერტებიც აღარ იმართება. ამას ვგულისხმობ, როცა ვამბობ, შემოქმედი ადამიანები დაჩაგრულები არიან საქართველოში, უცხოეთში კი მეტი გასაქანია-მეთქი. თუმცა, დღეს თუ სადმე ჩატარდა რამე ღონისძიება და კონცერტი, ყოველთვის მეძახიან, მეც სიამოვნებით ვიხარჯები სცენაზე ჩემი ხალხისთვის და ამით ბედნიერი ვარ.