როგორ დაკარგეს ნათესავებმა ერთმანეთი და როგორ ეძებს ბაბუა შვილიშვილებს საქართველოდან უკრაინაში
ოლეგ მშვენიერაძე (ბაბუა) ეძებს 10 წლის ნატაშა და 9 წლის ოლეგ მშვენიერაძეებს.
ისტორია: ვეძებ ჩემს შვილიშვილებს – დაახლოებით 10 წლის ნატაშა და 9 წლის ოლეგ მშვენიერაძეებს. მე ჩემი შვილიშვილები არასდროს მინახავს, რადგან ჩემი შვილი უკრაინაში დაქორწინდა და იქ გაუჩნდა ორი შვილი – გოგო და ბიჭი. შემდგომ ჩემი ვაჟი მეუღლეს გაშორდა და საქართველოში დაბრუნდა. შარშან ის ავად გახდა – მას მძიმე სენი შეეყარა და გარდაიცვალა, ჩვენ კი დავკარგეთ მის შვილებთან კავშირი. სამწუხაროდ, მათი ზუსტი მისამართი და ამჟამინდელი ადგილსამყოფელი ჩვენთვის უცნობია, ძალიან გთხოვთ, დამეხმარეთ შვილიშვილების მოძებნაში. გიგზავნით ჩემი ბიჭისა და მისი ყოფილი მეუღლის (ნატაშას და ოლეგის დედის) ფოტოებს. თქვენი დიდი იმედი გვაქვს.
ჟურნალისტის შენიშვნა: ეს ისტორია გადაცემულია ჩემი უკრაინელი დამხმარის დაკარგულების ბაზაში. დიდი იმედი მაქვს, რომ დაკარგული ნატაშასა და ოლეგის პოვნა როგორმე მოხერხდება.
– გვიამბეთ თქვენი ისტორია, როგორ დაკარგეთ ერთმანეთი თქვენ და თქვენმა შვილიშვილებმა?
– ჩემი ვაჟი, ბესიკ (ბესარიონ) მშვენიერაძე 1999 წლიდან იმყოფებოდა უკრაინაში, ქალაქ კიევში. იქ მან გაიცნო უკრაინელი გოგონა – ანია, რომლის გვარიც, სამწუხაროდ, არ მახსოვს. იმ პერიოდში ანია იყო დაახლოებით 19-21 წლის. 2003-2004 წელს ისინი საცხოვრებლად კიევიდან ანიას მშობლიურ მხარეში, ქალაქ ლუბნიში გადავიდნენ (ქალაქი ლუბნი ლუბენსკის რაიონში, პოლტავის მხარეშია), იქ ოფიციალურად დაქორწინდნენ და 1 წლის შემდეგ მათ შეეძინათ გოგონა – ნატაშა, ხოლო კიდევ ერთ წელიწადში – ბიჭი, რომელსაც ჩემი სახელი, ოლეგი დაარქვეს. 2007 წელს ანია და ბესიკი ოფიციალურად გაშორდნენ ერთმანეთს, თუმცა, ჩემი შვილი კვლავ განაგრძობდა ცხოვრებას ლუბნში. 2008 წელს ბესიკი იქიდან დეპორტირებულ იქნა ქალაქ ლუბნის მილიციის სამმართველოს მიერ. როგორც ჩემი ვაჟისგან ვიცი, განქორწინების შემდეგ ანია ხელმეორედ გათხოვდა – ის თავის თანაკლასელს გაჰყვა ცოლად. სამწუხაროდ, არც მისი სახელი და გვარი ვიცით. ჩემი შვილიშვილებიც, რა თქმა უნდა, დედასთან დარჩნენ. შემორჩენილი მაქვს ანიას ბავშვობის ფოტო, სადაც ის დაახლოებით 3-5 წლის უნდა იყოს. თუკი ის ნახავს თავის ფოტოს, მაშინვე გამოგვეხმაურება. იმედი მაქვს, თქვენ შეძლებთ, როგორმე დაგვეხმაროთ ამაში. ჩემთვის ცნობილია ასევე 2003-2008 წლებში ანიას საკონტაქტო ტელეფონის ნომრები, რომლებზეც ამჟამად სრულიად უცხო ადამიანები გვპასუხობენ და ანიას ვერანაირად ვერ ვპოულობთ. ძალიან მინდა ჩემი შვილიშვილების პოვნა და სიცოცხლეში ერთხელ მაინც ნახვა.
– თქვენს შვილს თუ უცდია მათთან დაკავშირება?
– ჩემი ბიჭი შარშან, 11 ივლისს, მძიმე ავადმყოფობით გარდაიცვალა. მან ვერ მოასწრო, დაეტოვებინა ჩემთვის ანიასა და ბავშვების საკონტაქტო მონაცემები. ყველაფერი, რაც მე ანიას შესახებ ვიცი, არის ის, რომ ის სამხედრო მოსამსახურის შვილი იყო და დაბადებულია უკრაინაში (მამა გარდაცვლილი ჰყავს). იმ პერიოდში კი, ანუ, 2003-2008 წლებში, ის ბებიასა და დედასთან ერთად ცხოვრობდა. მას ჰყავს უფროსი ძმა და ბიძა, რომელიც იმ წლებში ლუბნის მილიციის განყოფილებაში მუშაობდა. იმედი გვაქვს, ანია და მისი მეუღლე (მათი პოვნის შემთხვევაში) წინააღმდეგი არ იქნებიან, რომ შევხვდეთ ჩვენს შვილიშვილებს, გულში ჩავიკრათ ისინი და მოვეფეროთ. მე პირადად მინდა, მადლობა გადავუხადო ანიას მეუღლეს, რომელმეაც მძიმე ტვირთი აიღო თავის თავზე და ზრდის ორ ბავშვს.
– როგორ ფიქრობთ, ანიას პოვნის შემთხვევაში, ის თუ დაგვთანხმდება, რომ დაგაკავშიროთ ერთმანეთს?
– შეიძლება, ეს მოულოდნელი ამბავი არასასიამოვნო სიურპრიზი აღმოჩნდეს ანიასთვის, მაგრამ, თუ იპოვით მას, გადაეცით, რომ წელიწადზე მეტია ბესიკი ცოცხალი აღარ არის და მათ არანაირი პრობლემა არ შეექმნებათ ამ მხრივ. ბესიკის შვილებმა უნდა იცოდნენ მათი წარმომავლობა, რომ მათ ჰყავთ მეორე ოჯახი საქართველოში: ბებია, ბაბუა, ახლო ნათესავები, რომლებიც ეძებენ მათ. ამჟამად რთული მდგომარეობაა უკრაინაში. თუკი ჩვენ ხმას მივაწვდენთ ჩვენს დაკარგულ შვილიშვილებს, დიდი სიამოვნებით დავეხმარებით მათ მატერიალურად და ყოველმხრივ.
თუ გაქვთ რამე ინფორმაცია ამ ისტორიის შესახებ, ან თუ გსურთ, თქვენც გაგიწიოთ დახმარება დაკარგული ახლობლის მოძებნაში, დაგვიკავშირდით: 239-23-52; 239-23-53; 593 22-04-31. დარეკეთ საღამოს, 6 საათის შემდეგ. E-mail: tbiliselebi2001@yahoo.com.