რას დააჭერინებდა ხელში ქართლის დედას „მძიმე კაცი“ და რომელ ქართულ ტრადიციას მიიჩნევს ის სიყალბედ და მარაზმად
ჩვენი რუბრიკის პირველი სტუმარია „ტაბულას“ ჟურნალისტი, გადაცემის – „მძიმე კაცთან“ წამყვანი, დავით კოვზირიძე. ზოგიერთი მისი მოსაზრება შეიძლება, სადაო და მიუღებელიცაა მავანთათვის. თუმცა, მკითხველისთვის ინტერესმოკლებული არ უნდა იყოს, თუ როგორია „მძიმე კაცი“ ჩარჩოს გარეშე, გთავაზობთ მასთან ინტერვიუს.
– ჟურნალ „თბილისელებს“ კითხულობთ?
– იმედია, რომ ამიერიდან წავიკითხავ. მე თითქმის არ ვეცნობი ქართულ პრესას.
– არაობიექტურები ვართ?
– ობიექტური მედია საერთოდ არ არსებობს. არ შეიძლება, რომ სუბიექტები ობიექტურები იყვნენ. ყველა მედიას თავისი პოზიცია აქვს. ზოგს ლანძღავ, ზოგსაც – არა. ასეა მთელ მსოფლიოში. ყველა მედია სუბიექტურია, დაწყებული „სიენენიდან“, „ობიექტივით“ დამთავრებული.
– კარგი ჟურნალისტი ხართ?
– კლასიკური გაგებით, რასაც რეპორტიორი ეწოდება, მე არ ვარ ჟურნალისტი და ჟურნალისტიკა არ მისწავლია. უფრო პუბლიცისტი ვარ, რადგან მთელი ცხოვრებაა, ვწერ. არც ჩემი გადაცემაა კლასიკური ჟურნალისტიკის ნიმუში. მე მაინტერესებს ადამიანები, რომლებსაც საზოგადოება იცნობს და მინდა, ხალხს ისეთებად გავაცნო, როგორებიც სინამდვილეში არიან.
– მერე, გამოგდით?
– მე, მგონი, კი.
– „მძიმე კაცს” რატომ გიწოდებენ?
– ეს სახელი მეგობრებმა შემარქვეს. თუმცა, მე სულაც არ მიმაჩნია, საკუთარი თავი მძიმე კაცად. ხალხი კი იმიტომ მიწოდებს „მძიმე კაცს,” რომ ფიქრობენ, მძიმე კითხვებს ვუსვამ ჩემს რესპონდენტებს. ჩემი კითხვები კი სრულიად არაა მძიმე გულწრფელი ადამიანებისთვის. სამწუხაროდ, საქართველოში ძალიან ცოტაა გულწრფელი.
– თქვენ თვითონ თუ ხართ გულწრფელი?
– ვფიქრობ, ვარ.
– მაშინ, გულწრფელად მიპასუხეთ, რატომ დასიცინით ქართულ ტრადიციებს?
– მაინც, რომელს?
– მაგალითად, ქართულ სუფრას, თამადის ინსტიტუტს.
– თამადობა ქართული ტრადიცია არ არის. სუფრის გაძღოლის წესი კი მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში არსებობს. თუმცა, მათ იქ თამადა არ ჰქვიათ. საქართველოში დამკვიდრებული თამადობა კი მახინჯი ტრადიციაა. თუმცა, ისეთ სუფრებზეც ვყოფილვარ, სადაც თამადისგან დიდი სიამოვნება მიმიღია. მაგრამ, ეს ჩვენში იშვიათობაა. ოთხმოცდაცხრამეტ პროცენტზე მეტი კი, ქართულ სუფრაზე თამადობა მარაზმია, იაფფასიანი სპექტაკლი და სიყალბე.
– თქვენს საყვარელ კითხვას დაგისვამთ: თვითონ რას დააჭერინებდით ხელში ქართლის დედას?
– ყოველკვირა სხვადასხვა რამეს. მაგალითად, ერთ ხელში საათს, რომელიც ყოველ ერთ საათში მთელი თბილისის გასაგონად იყვირებს – ი-მუ-შა-ვეთ! მეორეში კი – ნეველის ძვალს, რომელიც საქართველოში ჩამოასვენეს.
– ღმერთი არ გწამთ?
– ჩემის აზრით, არ არსებობს ადამიანი, რომელსაც რაღაცის არ სწამდეს და არ აქვს მნიშვნელობა, მას ღმერთს დაარქმევ, თუ – ჯემალის...
– როგორ ფიქრობთ, არსებობს ღმერთი და, როგორია ის თქვენს წარმოდგენაში?
– ადამიანში ღმერთი ყოველთვის ისეთად რჩება, როგორსაც ბავშვობაში წარმოიდგენს. ყველას ჰგონია, რომ ცაში არის წვერებიანი კაცი. ასაკში რომ შედიხარ, წარმოდგენა გეცვლება. ღმერთი, როგორც ასეთი, ერთი ტიპი, არ არსებობს. ღმერთი სხვადასხვანაირია. მე ჩემი ღმერთი მყავს, შენ – შენი, მუსლიმანებს – თავისი... მე იმას კი არ ვამბობ, რომ იესო და მუჰამედი ერთმანეთისგან განსხვავდება. უბრალოდ, ადამიანებს სხვადასხვა შეხედულება, სხვადასხვა ინტელექტი აქვთ და ამ თემაზე სხვადასხვა აზრი გააჩნიათ. მთელი ცხოვრებაც ისაა, რომ გაიგო, თუ რა არის ღმერთი. ის შეიძლება იყოს სიკეთე, იმედი და ასე შემდეგ...
– ყოვლისშემძლე რომ იყოთ, რას იზამდით?
– ბოროტებას მოვსპობდი. გავაქრობდი იმ ადამიანებს, ვისაც სხვისი ცუდი უხარია, ვისაც სხვისი წარმატების შურს.
– საკმევლის სუნი მოგწონთ?
– არ მიმიქცევია ყურადღება. სხვა რამეების სუნი უფრო მიყვარს – კიტრის, პომიდვრის, ჩაქაფულის... მიყვარს მარიხუანას სუნი.
– ესე იგი, ნარკოტიკის?
– როგორ შეიძლება, რომ მარიხუანა ნარკოტიკი იყოს (მანახვებს ლურჯი „გალუაზის“ კოლოფს)? შეხედე, აწერია – კლავს. და, მაინც ყველგან იყიდება. მარიხუანა კი არ კლავს და აკრძალულია.
– მარიხუანას ლეგალიზაციის მომხრე ხართ?
– მე ვარ მარიხუანას დეკრიმინალიზაციის მომხრე. დაუშვებელია, რომ ოცდამეერთე საუკუნეში ადამიანი ბალახის მოწევისთვის დაიჭირონ. უკვე „გაერომაც“ მოუწოდა საქართველოს პარლამენტს, რომ მარიხუანას დეკრიმინალიზაციის კანონი მიიღოს.
– ბევრი სხვადასხვა ორგანიზაცია სხვადასხვა რჩევებს გვაძლევს და ყველას თუ დავუჯერეთ, ალბათ, ერთსქესიან ქორწინებებსაც დაგვაკანონებინებენ. ეს კი ჩვენს ტრადიციებს ეწინააღმდეგება და რა აზრის ხართ ამის თაობაზე? ემხრობით მას?
– ამ თემაზე საქართველოში მსჯელობა ძალიან რთულია. მე ელტონ ჯონი არ მიყვარს, მაგრამ მაგალითად მოვიყვან. მე მისი შემოქმედება მაინტერესებს და ჩემი საქმე არაა, ის ქალზე დაქორწინდება თუ კაცზე. ტრადიცია აქ არაფერ შუაშია. საქართველოში ხომ არსებობენ გეები, თანაც საკმაოდ მრავლად. ისინი გეებად იბადებიან და რა ვქნათ, დავხვრიტოთ?
– როგორი უნდა იყოს ნამდვილი ქართველი მამაკაცი?
– იდეალური მამაკაცი უნდა იყოს თავშეკავებული. პატივს უნდა სცემდეს საკუთარ ოჯახს, ადამიანებს. არ უნდა იყოს „ჟმოტი“. არ უნდა იყოს მშიშარა. არ უნდა სვამდეს ბევრ ღვინოს და უნდა ზრუნავდეს საკუთარ გარეგნობაზე.
– ფეხბურთი არ უნდა უყვარდეს?
– კი.
– გიყვართ ფეხბურთი?
– მიყვარს. მე სპორტული ჟურნალისტი ვარ და ჩემი მოღვაწეობა გაზეთ „სარბიელში“ დავიწყე. შემიძლია ვთქვა, რომ ყველაზე კარგად რაც მესმის, ესაა ფეხბურთი.
– „რეალი“ თუ „ბარსა“?
– „ბარსა“.
– საყვარელი ფეხბურთელი, ალბათ, მესი?
– არა, ინიესტა.
– გიყვარს ქართული ხელოვნება? კინო, მუსიკა?
– ქართული ფილმები მიყვარს, მაგრამ ძველი. ახალი ქართული კინემატოგრაფი კი არ მომწონს. განსაკუთრებით კი ის უნიჭო კომედიები, რომელშიც არ დავასახელებ და, ცნობილი ქალბატონი მონაწილეობს. თუმცა, იმასაც ვიტყვი, რომ ახალმა ქართულმა კინომ კრიზისი დაძლია და რამდენიმე ფილმი სერიოზულ ფესიტვალებზეც კი მოიწონეს. ზოგადად კი, ნიჭი გვაქვს. ჩვენში დევს ეს კოდი და მარტო ის რად ღირს, რომ გვყავდა ოთარ იოსელიანი, ელდარი... და ასე შემდეგ.
– მუსიკაზე რას იტყვით? რატომღაც მგონია, რომ ირაკლი ჩარკვიანი უნდა მოგწონდეთ.
– არ ვგიჟდები, მაგრამ მომწონს. ძალიან ნიჭიერი კაცი იყო. ვფიქრობ, რომ მან „რეაქტიულ კლუბთან“ ერთად, რევოლუციური ნაბიჯები გადადგა და საზოგადოება შეანჯღრია. სწორედ ამიტომაა ის დასაფასებელი.
– პოლიტიკა გაინტერესებთ?
– ზომიერად.
– როგორი უნდა იყოს ქვეყნის მმართველი?
– მთავარი ხალხია და არა მმართველი. თუ ხალხმა არ იმუშავა, მმართველი ვერაფერს გახდება. მაგალითისთვის გეტყვით: ერთი წელია, ჩვენი ტელევიზია ეძებს იმ ორგანიზაციასა თუ ფირმას, რაც გინდათ დაარქვით, ვინც დღეში ერთხელ, შესაბამისი გასამრჯელოს ფასად, ოცდაათ კაცს ოფისში ნორმალურ საჭმელს მოგვიტანს. მაგრამ ვერ ვიპოვეთ. ივლიან ერთი თვე, შემდეგ კი ხან თმა აღმოჩნდება ჩვენ მიერ შეკვეთილ საჭმელებში და ხან რა... ეს კი იმას ნიშნავს, რომ ნორმალური მუშაობა ეზარებათ. თავის მოვალეობას გულგრილად ეკიდებიან და რა შუაშია აქ მმართველი? ხალხი უნდა გამოსწორდეს.
– მიშა თუ ბიძინა?
– არც ერთი...