რატომ ავიდა ირაკლი შიხიაშვილი ზესხოზე და ვინ ვერ „გადაიბირა” ის ამერიკაში
ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურს ახალი შეფი ჰყავს – ირაკლი შიხიაშვილი ამ პოსტზე ცოტა ხნის წინ ხმაურიანი პერიპეტიების შემდეგ დაინიშნა. პოლიტიკაში ხმაური თითქოს დაებედა: ჯერ კიდევ მაშინ, როცა „ავანსცენაზე“ საკმაოდ რთული ბრძოლის ველიდან დგამდა პირველ ნაბიჯებს, მას სერიოზულ კონკურენტად არ აღიქვამდნენ, თუმცა, მას შემდეგ ბევრი რამ შეიცვალა – სკანდალურ ისტორიებშიც უკვე ისე „გამოიბრძმედა” და ამ ტაიმ-აუტში ვნებათაღელვას ისეთ მწვერვალზე გაერიდა, სადაც არც ქართული პოლიტიკის „ხმა” ესმოდა და არც მასზე აგორებული ამბები.
– ბატონო ირაკლი, ახალ პოსტზე დანიშვნას მოგილოცავთ, თუმცა, ხმაურიან პერიპეტიებს ვერც აქ გადაურჩით. რატომ მაინცდამაინც ვეტერანთა თავკაცობა?
– როცა ამ თანამდებობაზე დანიშვნა შემომთავაზეს, სიხარულით დავთანხმდი – ღმერთმა მომცა საშუალება დავეხმარო იმ ხალხს, ვისი წრიდანაც მე თვითონ ვარ გამოსული. მინდა, ჩემი გამოცდილება და, თუნდაც, პოლიტიკური დივიდენდი, რაც კი გამაჩნია, მოვახმარო ამ ბიჭების, იმ 73 ათასი კაცის პრობლემების გადაჭრას, რომლებიც ვეტერანთა დიდ არმიას მიეკუთვნებიან. როგორც წესი, მეომარი მეგობარს ბრძოლის ველზე არ ტოვებს, მე, რაღაც, თითქოს ისე გამომდიოდა, რომ „გავივაკე,” სადღაც გავდივარ ჩემთვის და ეს ბიჭები არ მაინტერესებს – ასე არაა ცხოვრება. რაც შეეხება ამ აჟიოტაჟებსა და ხმაურს, ამაზე მეგობრებმა მითხრეს, ვაჟას ლექსი მოგერგო – ცუდას რად უნდა მტერობაო. როცა რამეს აკეთებ, მოწინააღმდეგეც ბევრი ჩნდება. სიმართლე გითხრათ, ეს ხმაური უკვე აღარც მიკვირს. შეიძლება ითქვას, რომ ვნებათაღელვა თავიდანვე დამებედა (იცინის) – როცა პოლიტიკაში პირველ ნაბიჯებს ვდგამდი და მაჟორიტარ დეპუტატად ვიყრიდი კენჭს სამგორში, მაშინ სერიოზულ კონკურენტად არავინ აღმიქვამდა. მე არ მქონდა არანაირი ფინანსური რესურსი, ჩემთან ერთად კი კენჭს იყრიდნენ მოქმედი დეპუტატი და ლილოს ბაზრობის დამფუძნებელი (ღმერთმა აცხონოს ის ადამიანი). ამ „მძიმეწონიანთა” კატეგორიაში მე ვინ ვიყავი, თუმცა, ისე მოხდა, რომ „მოქალაქეთა კავშირის” შემდეგ პირველ ადგილზე მე გავედი. რვა ათასზე მეტი ხმა ავიღე და ყველა ხმა ნამდვილი იყო. მე მყავდა ჩემი სამეგობრო, ზუსტად ის ვეტერანი ბიჭები, რომლებთანაც ახლა დავბრუნდი, თუმცა, მათგან შორს არც არასდროს წავსულვარ. მე მათი ენა არასდროს დამვიწყებია, პირიქით, გულისტკივილად მქონდა ის დამოკიდებულება, რაც ვეტერანთა მიმართ იყო. სამწუხარო ისაა, რომ ამ წლებში ვეტერანთა იმიჯს სერიოზულად ებრძოდნენ. დღეს, ქვეცნობიერად, საზოგადოებას მათ მიმართ არ აქვს ისეთი სოლიდარობის გრძნობა, როგორიც ვეტერანებს ეკადრებათ. იმ ბრძოლის შედეგად, ყველას შთააგონეს, რომ ვეტერანი არის მარგინალური ტიპი, ცოტა კრიმინალი, ცოტა მეამბოხე და სახელმწიფოსთვის სახიფათო. მე მინდა, საზოგადოებამ კარგად გააცნობიეროს, რომ ეს ის ხალხია, ვინც ქვეყნისთვის სიცოცხლეს წირავდა.
– პოლიტიკური დივიდენდებიო, ბრძანეთ. ამბობენ, რომ აღარც პოლიტიკური დივიდენდები გაქვთ და აღარც პოლიტიკური ქულები. რას გერჩით „ოცნების” პოლიტიკური ელიტა, მათ შორის – ვიცე-პრემიერი?
– გააჩნია, ვის რა ჰგონია ქულა და დივიდენდი. როცა რამეს ვაკეთებ, იმიტომ არ ვაკეთებ, რომ ვინმეს გავეპრანჭო, თავი მოვაწონო და ყელმოღერებულმა ვიარო; მე ამას იმიტომ ვაკეთებ, რომ ასე მიმაჩნია სწორად. შეიძლება, ვცდებოდე, მაგრამ, რასაც ვაკეთებ გულით უნდა ვაკეთო. 24 საათი იმას მაძახებენ, პრემია აიღოო, მე პრემია არ ამიღია, მთელი პრემია, ბოლომდე, ბერი ანდრიას ფონდში მივიტანე იმ ბავშვებისთვის, ვისაც დახმარება სჭირდებოდა. იქ ბევრმა აიღო პრემია, მაგრამ, ზოგმა წაიღო ფონდში, ზოგმა – არ წაიღო. ღმერთმა ყველას მშვიდობაში მოახმაროს ის ფული, ხშირად ისინი უფრო მეტს ყვირიან, შიხიაშვილმა პრემია აიღოო, ვისაც ის ფული ფონდში არ წაუღია – ეტყობა, საკუთარ თავთან უნდათ გამართლება. რაც შეეხება იმას, რომ მე მერჩიან – ვინ მერჩის? ვინ თქვა, რომ „ოცნების” პოლიტიკური ელიტა მერჩის? ჩემი და კახის შეხვედრა ყოველთვის არის ძალიან გულთბილი; ერთმანეთთან ნორმალური და კარგი ურთიერთობა გვაქვს. მე კარგად ვიცი, საიდანაც მოდის ხოლმე ეს ხმები – „ნაციონალური მოძრაობიდან” წამოსულ დეზინფორმაციას არ წამოვეკიდები. მათ მიაჩნიათ, რომ შიხიაშვილი მოღალატეა, თუმცა, თვითონაც იციან, რომ მე მოღალატე არ ვარ. მე, მათგან განსხვავებით, ხალხს და ქვეყანას არ ვღალატობ და ამის აღიარება არ შეუძლიათ. დღეს ჩემი მიზანი „ნაციონალებთან” დებატები და რამის მტკიცება კი არ არის, ჩემი მიზანია, ვეტერანების შესახებ ზუსტად ის იცოდეს საზოგადოებამ, რასაც ისინი იმსახურებენ და მერე თვითონ საზოგადოება გახდება მათ მიმართ სოლიდარული. ჩვენს მომავალ თაობას სჭირდება მაგალითები – კარგი მაგალითები! იცით, „ნაციონალური მოძრაობა” ვეტერანებს რას სთავაზობდა? სიღარიბის ზღვარს მიღმა პროგრამაში ჩაგსვამთ და ვეტერანთა დეპარტამენტს გავაუქმებთო. ბიჭებმა ამაზე უარი თქვეს. რა გამოდის – მე ვიბრძოლე ჩემი სამშობლოსთვის და მე გავღატაკდი?! მომავალ თაობას რას ვუტოვებთ – მამაჩემი, თავდადებული გმირი უდრის ღატაკს?! სიღარიბის ზღვარს მიღმა პროგრამა ხომ ჩვენს სულიერებას, ქვეყნის დაცვასა და სიცოცხლისუნარიანობას აღარიბებს! ესაა სულში ჩაფურთხება, მეტი კი არაფერი.
– ბევრს საუბრობენ თქვენი და ზვიად ყანჯარაშვილის მეგობრობაზეც, რომელსაც თქვენს მფარველად მიიჩნევენ. სად და როგორ დაიწყო თქვენი მეგობრობა?
– ძალიან სამწუხაროა, რომ საზოგადოებას 73 ათასი კაცის პრობლემა უფრო ნაკლებად აინტერესებს, ვიდრე ჩემი და ზვიადის მეგობრობა (იცინის). ჩვენ ერთმანეთი საერთო მეგობრის წყალობით გავიცანით და დავმეგობრდით 2001 წელს. მაშინ ტელევიზორების ქარხნის დირექტორის მოადგილე ვიყავი და, არც მე და არც ზვიადს პოლიტიკასთან არანაირი შეხება არ გვქონდა. ჩვენი მეგობრობა პოლიტიკურ კონიუნქტურაში არც არასდროს ჩამჯდარა, მე მეგობრობა სხვანაირად მესმის. იმის შემდეგ ზვიადი ჩემთვის უახლოესი მეგობარი გახდა. ჩვენ ბევრი გვაქვს საერთო – კაცს რომ შეხვდები, ან იმწუთში გიყვარდება და ძმაკაცდები, ან, ორასი წელიც რომ გავიდეს, იმასთან ურთიერთობის სურვილი არ გაგიჩნდება. მე ბევრი მეგობარი მყავს, რომლებიც მე მგვანან და რომლებთანაც ბევრი მაქვს საერთო; არიან ისეთებიც, რომლებიც მე საერთოდ არ მგვანან, მაგრამ, მათში ზუსტად ის მიყვარს, რაც მე მაკლია. ბევრმა, შეიძლება, არც იცის, მაგრამ, ზვიადი არის მაღალი დონის მენეჯერი, არასდროს მიდის კომპრომისზე უსამართლობასთან და ძალიან უყვარს თავისი ქვეყანა. ჩვენ ერთმანეთს პატივს ვცემთ და გვიყვარს, როგორც მეგობრებს უნდა უყვარდეთ ერთმანეთი. მეცინებოდა, როცა ვუყურებდი კადრებს: მე – სათვალით, თითქოსდა ოდიოზური ტიპი და, იქვე, ზვიადის ფოტოები მეუღლესთან ერთად – თითქოსდა მონსტრები ვართ, მაგრამ, დაკვეთა იყო ასეთი და, სხვა რა გზა ჰქონდათ?!
– ბატონო ირაკლი, გასცლოდით ამ პოლიტიკას და გეცხოვრათ მშვიდად, არ გერჩივნათ?
– მე მიყვარს ეს ადამიანები, მიყვარს ჩემი ქვეყანა, ჩემი ოჯახი, სამეგობრო, ამ სიყვარულით ვცხოვრობ და, რატომ უნდა გავცლოდი ამ ყველაფერს? სიყვარული და გულგრილობა ერთად ვერ ძოვს. სიმშვიდე არის ორი მეტრი ერთ მეტრზე და ოთხი ფიცარი. სანამ ცოცხალი ხარ, ცოცხალი უნდა იყო, ბრძოლებსაც უნდა გაუძლო და ბრძოლები უნდა დაიწყო კიდეც. თუ შენი მამოძრავებელი ძალა სიყვარულია, ყველაფერი გამოგივა, მაგრამ, თუ რამეს იმიტომ აკეთებ, რომ მარტო შენთვის გინდა მოსაქაფად, მაშინ, ვერაფერსაც ვერ დაიწყებ, დეფიციტი გაგიჩნდება და დაიღლები. ამას ინტერვიუსთვის კი არ ვპოზირებ, ამას ვეუბნები ყველას, ვისთანაც ურთიერთობა მაქვს. მე არ მომითხოვია, გინდა თუ არა, აქ უნდა ვიყო-მეთქი, მაგრამ, როდესაც შემომთავაზეს ეს სამსახური, ვთქვი თანხმობა, რადგან, ჩავთვალე, რომ ეს არის საჭირო და გასაკეთებელი საქმე.
– პენსიაზე გაუშვესო, ესეც ითქვა. თქვენი აქტიური ხასიათისთვის ეს სამსახური მართლა პენსია ხომ არაა?
– არა, ეს არაა პენსიაზე გასვლა. აქ რომ საქმე არ იყოს გასაკეთებელი, მაშინ მართლა პენსიაზე ვიქნებოდი, მაგრამ, მე წეღანაც გითხარით, თუ რამდენად ბევრი საქმე გვაქვს და რამდენი სირთულე გვიდგას წინ. ჩემი მთავარი მიზანია, შეიცვალოს დამოკიდებულება იმ ხალხის მიმართ, ვინც თავისი ქვეყნის გმირია, ღირსება და პატივი დაუბრუნდეთ მათ. გმირების გამოგონება არ გვჭირდება, გმირები გვყავს, მხოლოდ მათი დანახვა და გაცნობა გვჭირდება. დაე, იფიქროს, ვისაც რა უნდა. მე არ ვარ ის ტიპი, ვინც გაფაციცებული აკვირდება, მასზე ვინ რას იტყვის.
– „გამოიბრძმედეთ”?
– დიახ. მე ის ადამიანი ვარ, რომელსაც აწუხებს მიზანი და ვეგუები იმას, რომ, თუ ბრძოლაა, დარტყმებიც იქნება. ამ დარტყმებს არ დაგიდევთ, მთავარია, მიზანთან მივიდე. ადამიანურად, რა თქმა უნდა, რთულია საკუთარ თავზე ამდენი რამ გაიგონო. ამ ქალაქში დავიბადე, გავიზარდე, უამრავი მეგობარი მყავს და ამ ხალხმა კარგად იცის, ჩემი სიმართლე. 16 წლის ვიყავი, როცა ჩე გევარას ისტორია წავიკითხე. კაცმა იმდენი გადაიტანა და, როცა გაეროს ტრიბუნაზე გამოსულს ამერიკელმა ჟურნალისტმა ჰკითხა, რა ძალამ შეგაძლებინათ გაუსაძლის პირობებში, ჯუნგლებში, ტყვიებისთვის გაგეძლოთ ყველაფრისთვისო, მან ერთი სიტყვით უპასუხა – სიყვარულმაო. სიყვარულია ის, რაც ამ ყველაფერს გაგაძლებინებს. კიდევ ერთ ისტორიას გიამბობთ: როცა გამგებლის მოადგილე ვიყავი, რამდენიმე უსახლკარო ოჯახს თავშესაფარი გადავეცით – ეს ბინები გადამალული ჰქონდათ სახლმმართველებს. გამიხარდა, რომ კარგი საქმე გავაკეთე და ბავშვები გაყინვას გადაურჩნენ, მაგრამ, მერე დაიწყეს ლაპარაკი, შიხიაშვილმა თითოეულ ოჯახს 5-5 ათასი დოლარი გამოართვაო. ადამიანურად მეწყინა ეს ამბავი, გული დამწყდა. მამაოს მოვუყევი და მითხრა: შემთხვევით, ილია ჭავჭავაძეზე მეტი ხომ არ გაგიკეთებია, კაცს ტყვია დაახალესო. მე იდეალების კაცი ვარ, ასე რომ, ეს ხმაური ჩემ ირგვლივ ბევრს არაფერს ცვლის; უფრო მეტიც, ეს ყველაფერი უფრო ავსებს ჩემს ცხოვრებას. ჩემი ოჯახი შეჩვეულია ამ პერიპეტიებს, ჩემმა მეუღლემ ჩემთან ერთად ბევრი სირთულე გადაიტანა ამ წლებში. მასაც თავისებურად მოუწია ყოფნა იმ ბრძოლებში, რაც საქართველოს ისტორიის ბოლო წლებში იყო. მე ერთადერთი რამის შემრცხვება მის წინაშე: ღალატისა და გაქცევის – ის არ გაჰყოლია კაცს, რომელიც გარბის.
– მის საყვედურებს მაშინაც არ იღებთ, როცა თქვენს თავზე შავი ღრუბლები გროვდება?
– არა, ასეთ დროს მით უმეტეს ცდილობს საერთოდ არ მელაპარაკოს, სახლში ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ბავშვთან, გაბრიელთან მშვიდად ვიყო. ახლა უკვე პატარა შვილიშვილიც გყვავს, პაპა ვარ. ამ პატარა ციცქნა კატომ სულ თავდაყირა დააყენა ყველაფერი, ისეთი საყვარელია; ყველაფერი მრგვალი აქვს. მისი და 5 წლის ბიძის ურთიერთობასა და ჟღურტულს რომ ვუყურებ, ჩემზე ბედნიერი არავინაა. სახლში რომ შევდივარ და კარს რომ შევიკეტავ, გარედან „ხმაური” აღარ შემოდის. ტელევიზორში მარტო კარგ გადაცემებს ვუყურებ – მთელი ჩემი დღე საინფორმაციო პროგრამაა და კიდევ საინფორმაციო მინდა?! (იცინის) სხვათა შორის, ამ აჟიოტაჟს სულ არ უმოქმედია, ეს ორი თვე ძალიან კარგად გამოვიყენე – ვნახე დიდი ხნის უნახავი მეგობრები; ისინი ამერიკაში ცხოვრობენ და ხშირად ვერ ახერხებენ აქ ჩამოსვლას. სულ ჩემს „გადაბირებას” ცდილობენ ხოლმე იქით, სულ ამერიკისკენ მექაჩებიან. ჩავედი კიდეც, მაგრამ, ოთხ-ხუთ დღეში უკან გამოქცევაზე ვიყავი; სამ დღეში წუწუნი დავიწყე – იქ ზესხო არაა. ახლა მე და ჩემმა მეგობრებმა ერთად მოვიარეთ ჩვენი ქვეყნის კუთხე-კუნჭული, ალპინისტების ბანაკშიც ვიცხოვრე, ზესხოზეც ავედი. ფიზიკური ძალა მერჩის – გარეგნობაზეც ხომ მეტყობა? არ ვუშინდები სიმაღლეებს. შატილში რომ ახვალ, ქვა რომ იყოს ისიც შეტოკდება. იქ აღარც ის გახსოვს, „რუსთავი 2” შენზე რას ყვება, და არც ის, თუ როგორ „გამკობენ” ვიღაც-ვიღაცეები და ამაზე უკეთესი მალამო იარებისთვის არ არსებობს (იცინის).