როგორ იყოფა სვანეთში ქონება და რატომ ამაყობს ამით სოსო ჯაჭვლიანი
ბოლოს მაინც იქამდე მივედით, რომ „სვანები ბრილიანტები არიან“... მართალია, სრულიად ქართველ ერს გვარიანი „გაშლიფოვკება“ სჭირდება, მაგრამ, სანამ შეგვიძლია, უცხო ქვეყანაში თოთხმეტჯერ დავაკვრევინოთ საქართველოს ჰიმნი, ყველაფერი დაკარგული ჯერ კიდევ არ არის... სოსო ჯაჭვლიანი ფიქრობს, რომ მომავალი, ჩვენი შვილების თაობა, ჩვენზე გაცილებით უკეთესი ქართველები იქნებიან...
სოსო ჯაჭვლიანი: ძალიან მაგარ თემაზე ვსაუბრობთ: „ეროვნება – ქართველი“! ჩემთვის ქართველობაზე ლაპარაკი ძალიან სერიოზულიც არის და იუმორით გაჟღენთილიც... შეიძლება, ეთიოპიელი იყოს ყველაზე დიდი ქართველი. თბილისის მფარველი ანგელოზი არის აბო თბილელი. რატომ? თბილისელებმა რატომ აირჩიეს არაბი თავისი დედაქალაქის მფარველად? ტყუილად არ იზამდნენ ამას – ასე მიაგეს მას პატივი ქართული საქმის კეთებისთვის და საქართველოსთვის თავგანწირვისთვის. ამიტომაც, არა აქვს მნიშვნელობა, წარმოშობით იქნება ქართველი თუ არა, მთავარია, სული გქონდეს ქართული, საქართველო გტკიოდეს და ქმედებითაც იყო ქართველი.
მეგრელი ამბობს – ქორთუ მოიყვანა ცოლად, ანუ, ქართველი მოიყვანა ცოლადო, მაგრამ, ამით იმის დამტკიცება უნდა, რომ თვითონ უფრო მაგარი ქართველია. სვანის გაბრაზება თუ გინდა, უნდა ჰკითხო – შენ სვანი ხარ? ის გიპასუხებს – ჰო, სვანი ვარ! მერე თუ ეტყვი – უი, მე ქართველი მეგონეო, გააფრენს ამაზე – ვინ არ არის ქართველიო (იცინის). ყველაზე მაგარი ქართველობით ტრაბახობს კახელიც, იმერელიც, გურულიც... ცოლი გურული მყავს და სულ ვეუბნები, თქვენს მთავრებს, გურულებსა და ვარდანიძეებს, სვანური გენეტიკა რომ ჰქონდათ, სვანები რომ იყვნენ, არ იცით-მეთქი? სვანებს ჩაგვაბარეს გურულები და ჩვენ გმწყემსავდით-მეთქი. თუ გინდათ, ისტორიულად ჩაეძიეთ და, ნახავთ, რომ ეს ასეა.
ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყანა არის საქართველო და არის მისი მიწის განსაკუთრებულობაში რაღაც სიმართლის მარცვალი. ამ მიწას სხვანაირი გამოსხივება აქვს აშკარად, ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე. ასხივებს ისეთ რაღაცას, რომელიც მაგრად მოქმედებს ადამიანებზე და სხვანაირებს ხდის მათ – ვისაც აქ გაუვლ-გამოუვლია, უცხოვრია, დედა, მამა ან ბებია-ბაბუა ჰყავს ქართველი, სხვანაირია – ჩვენს მეზობელ ხალხებს ვგულისხმობ. ჩვენ და სომხები ხომ სულ ვხუმრობთ ერთმანეთზე. იყო ასეთი მოჭადრაკე – ტიგრან პეტროსიანი. მსოფლიოს ჩემპიონი რომ გახდა, სომხებმა ატეხეს ერთი ამბავი – ჩვენი თანამემამულეა, ჩვენი... ჩვენი... ჩვენიო... არადა, თბილისში იყო დაბადებული და გაზრდილი. მაგრამ, ამაში არ არის საქმე – როცა წააგო, ასე გამოაცხადეს: „ვოსპიტამნიკ დომა პიონეროვ გოროდა ტბილისიო“ (იცინის).
საქართველოს ისტორიის ოთხტომეული გამოვიდა ახლახან. კიდევ გადავიკითხე, მაინტერესებდა, როგორ აღწერდნენ ჩვენი ჟამთააღმწერლები მოვლენებს. „სავარაუდოდ, დაახლოებით” – ასე იწყებენ ფაქტზე საუბარს, ანუ, მტკიცებით ფორმას ერიდებიან; სომეხი კი გეტყვის: „ვოტ, ეტომუ კამნიუ, მილიონ ჩეტირესტო ლეტ, ვოსემ მესიაცევ, შესტ დნეი... ია, ეტო ტოჩნო ზნაიუ“... – ეს არის განსხვავება, რაც, ერთი მხრივ, კარგია, მეორე მხრივ – სასაცილო. ქართველები ვართ „ფანტიაშვილები”, რაც ზოგჯერ კი დიდი პლუსია, ზოგჯერ უზარმაზარი მინუსი. ფანტიაშვილობა საკუთარ თავშიც ხშირად დამიჭერია.
– ქართული სუფრა?
– ქართული სუფრა ახლა ყოველგვარ ზღვარს გადადის და ზოგჯერ ღრეობისა და ფარისევლობის არენად იქცევა. ვამბობდი, კლუბი უნდა შევქმნა, სადაც სუფრაზე ითქმევა სიმართლე, სიმართლე და მხოლოდ სიმართლე. რატომ?! – გეტყვით მაგას. ქართული სუფრის წესია, რომ თამადამ ყველა იქ მყოფი ერთნაირად დალოცოს. რა არის ამაში ცუდი? – მოგახსენებთ: ბავშვისთვის მამა ყველაფერია, ყველაზე დიდი ავტორიტეტი, ყველაზე მაგარი ვინმე... ის ჰგონია დაუმარცხებელი და, რა ხდება? – მამა ზის სუფრასთან, თამადა კი კარგ კაცსაც და ცუდ კაცსაც ერთნაირად ლოცავს, ერთნაირი ეპითეტებით ამკობს. შედეგად, ბავშვში ქვეცნობიერად იღვიძებს პრინციპი: „აა, ესე იგი, ყველაფერი მოსულა.” რა მნიშვნელობა აქვს, ვინ კარგია და ვინ ცუდი? შანსი მიეცემა და ისიც ასე მოგექცევა. ჩემი აზრით, ამან ითამაშა დიდი როლი ქართველის ფარისევლად ჩამოყალიბებაში. თუმცა, ეკლესიურად ეს მართალია – ნაძირალა ისე უნდა დალოცო, რომ თვითონვე სახტად დაჩრეს, გაუკვირდეს და შერცხვეს, იფიქროს გამოსწორებაზე. ასეთი რაღაც ჩვენს მეზობლებში, იგივე სომხეთში, აზერბაიჯანში არ ხდება. მე არ ვიცი, შეიძლება, ჩვენი ქვეყანა ასეთმა უკიდურესობებმა მოიყვანა აქამდე. ხომ იცით, რკინა რამდენიც გინდა იმდენი ყრია, ბრილიანტი კი ძალიან ცოტაა, ბრილიანტი მაინც ბრილიანტია.
– ანუ, იქამდე მივედით, რომ ქართველები ყველაზე მაგრები ვართ?
– არა, ბრილიანტი სხვა ერებშიც ბევრია, განურჩევლად ყველაში და არაფრით ვართ ვინმესგან განსხვავებულები. როცა იტყვი, მე ყველაზე მაგარი ვარო, იქ „დაგერხევა“.
– ქართველი მამაკაცების სისუსტის შედეგი ხომ არ არის ის სიტუაცია, რაც დღეს ქვეყანაშია? ბევრი კარგი ღირსება დაკარგა ქართველმა კაცმა.
– მე გეტყვით, რატომ დაკარგა – ის როლი დაკარგა თითოეულმა, რომელიც ადამიანს ენიჭება. შვილებიც ჰყავთ, შვილიშვილებიც, მაგრამ, მაინც მშობლებზე არიან ჩამოკიდებული. შვედეთში, მაგალითად, ასეა: იქ ახალგაზრდა რომ იწყებს მუშაობას და ხდება სრულწლოვანი, იღებს ბინას, თანაც – ყველა. მათი მშობლები საპენსიო ასაკს რომ მიაღწევენ, არიან მდიდრები: ყველაზე ძვირფასი მანქანები ჰყავთ, მაგარი სახლებიც აქვთ, მაგრამ, შვილებს არაფერს უტოვებენ – შვილი წავიდეს და თვითონ შექმნას თავისი ცხოვრება და კეთილდღეობაო. ჩვენ რას ვაკეთებთ? გახსოვთ, კომუნისტების დროს ქართველი რით ამაყობდა? ქვეყანას რომ ძარცვავდა და შვილს, დებილს, ინსტიტუტში ფულით მოწყობილს, დიდ ქონებას რომ უტოვებდა. შვილი რომ დებილი გამოსვლოდა, იმაში იხდიდნენ ფულს. იმ კომპლექსისგან რომ თავისუფლდება ადამიანი, შვილებს ქონება დაუტოვოს, ქვეყანაზე სხვანაირად იწყებს ფიქრს. იცით, როდის იცხოვრებს ჩვენი მომავალი კარგად? – ძარცვით ნაშოვნ ფულს კი არა, აწყობილ, მდიდარ ქვეყანას რომ დაუტოვებ – მაშინ შენი მომავალი ბედნიერი იქნება და საამურად იცხოვრებს. ერთი ბინა ამ შვილს... მეორე – იმ შვილს... მანქანა – ამას, მეორე მანქანა და აგარაკი – იმას... იყო სუფრაზე ტრაბახი: ენაცვალოს მამა ჩემს შვილს, ისღა მაკლია, მუშაობით თავი მოიკლას, ამას ვუტოვებ და იმას ვუტოვებო... და ამას ის შვილები ისმენდნენ. იმიტომაც გამოშტერდა თაობაც და სიტუაციაც.
გეტყვით, რითი ვტრაბახობ მე: მამა მყავდა სამხედრო კომისარი. სამხედრო კომისრები ფულთან ასოცირდებოდნენ. მამაჩემი უპატიოსნესი ადამიანი იყო და ასეთს ვერავინ ვერაფერს იტყვის მასზე; თუ იტყვის, დაამტკიცოს და კონვერტირებული ვალუტით დავუბრუნებ უკან. ჯარში რომ ვიყავი, მაშინ, როცა მამაჩემი რაიონის სამხედრო კომისარი იყო, ჩემი ძმაც, სამხედრო მფრინავი, გაუშვა ჯარში. ჯარი არ იყო?! მფრინავობას სწავლობდა. 12 წლის რომ ვიყავი, ველოსიპედის ყიდვა მინდოდა და თორმეტი წლის ბავშვმა „კაჩეგარად“ დავიწყე მუშაობა. კიდევ რითი ვტრაბახობ, იცით? პარლამენტის წევრი ვარ, ჩემი შვილი არქიტექტურის ფაკულტეტზე სწავლობს და თან მიმტანად მუშაობს ბარში – აი, ამით ვტრაბახობ, ასეთი ქართველი მინდა მე, ყველამ რომ აკეთოს თავისი საქმე! ვარლამ არავიძის არ იყოს, ზოგი ბოზობს, ზოგი ქურდობსო... არავის ცხოვრება არავისი საქმე არ არის. ღირებულებების დეფიციტია, მაგრამ, ამას კიდევ არა უშავს, მთავარია, ყველამ უნდა აკეთოს თავისი საქმე. ძალიან კარგი ახალგაზრდობა გვყავს. რომ ამბობენ, რაღაც დაიკარგაო... არაფერი არ დაუკარგავთ მათ, არაფერი... 16 წლის ბიჭებთან ვიჯექი სუფრასთან და მათ გამახსენეს სუფთა, ადამიანური ღირებულებები... წეღან რომ მკითხე, ჩვენ რა ბრილიანტები ვართო? არა! მაგრამ, ყველა ერში დევს ბრილიანტი. შეიძლება, „გასაშლიფოვკებელი“, დაუმუშავებელი, ჭუჭყიანი, მაგრამ, მაინც, ბრილიანტი – ბრილიანტია...
– ანუ, ერთი კარგი „შლიფოვკა” გვჭირდება?
– აუცილებლად. ჩვენ ერთმანეთს არ ვიცნობთ კარგად – ამის დეფიციტია. კახელსა თუ სვანს თავიანთი საზომით ზომავენ, ისე, რომ არაფერი იციან არც კახელზე და არც სვანზე. სვანეთში იმხელა კულტურაა!.. ერთ მაგალითს მოვყვები მხოლოდ, როგორ იყოფა ქონება სვანეთში – ნებისმიერ იურიდიულ კანონებს აჯობებს თავისი სიმართლით: მამას ჰყავს ოთხი ვაჟი და უნდა გაუყოს ქონება. ამას ისე აკეთებს, გასაჩივრებას აღარ ექვემდებარება, გენიოსების მოგონილია. მამა ეუბნება უფროს ვაჟს – გაყავი ქონება ოთხ ნაწილადო. ისიც ყოფს, მაგრამ, პირველად ქონების ერთ-ერთ ნაწილს ირჩევს უმცროსი, მერე – დანარჩენები და, მხოლოდ ბოლოს იღებს უფროსი იმას, რაც დარჩება. ხვდები, რაშია ამ წესის გენიალურობა? უფროსმა არასდროს არ იცის, რომელი ნაწილი შეხვდება, რაც დარჩება, ის არის მისი. თუ პრეტენზიას გამოთქვამს, მამა ეტყვის – შვილო, შენ არ გაყავიო? ამიტომ, თავი უნდა მოიკლას და თანაბრად გაყოს.
– გოგოს რომ არ აძლევენ სვანები ქონებას?
– გოგომ სხვა გვარი უნდა გაამრავლოს და ამიტომ იმას არ სვამდნენ ქონების წილში, მაგრამ, ატანდნენ მზითევს – ძალიან კარგად ატანდნენ, რისი საშუალებაც ჰქონდათ...
უამრავი ქართული სიტყვის მნიშვნელობა მხოლოდ სვანურით იშიფრება. ისეთი სიტყვები, სულ რომ გესმით, მაგრამ, არსს ვერ ხვდებით. მაგალითად – „ქორწილი.” ხომ ვერ ამიხსნით მის მნიშვნელობას? სვანი სვანს რომ ელაპარაკება და ეტყვის ქორწილი, მას ასე ესმის – „ქორ“ არის სახლი და „წილი” – წილია... ქალიც სახლის წილს დებს და კაციც, სახლის წილია ეს. სვანურად წყალს ჰქვია „ლიცი“, აქედან არის სიტყვა „ლიცლიცი”. ვიჯექი და წინ წყალი ლიცლიცებდაო... ღორს სვანურად ეძახიან „ხამ“ – აქედან მოდის „ხამი კაცი” – ღორიაო, რა!.. ასე რომ, გაგვიფრთხილდით სვანებს (იცინის) – ბრილიანტებს.
ვილნიუსში, სწორედ იმ დარბაზში, სადაც სამიტი გაიმართა და ქართველებს „შალახო” დაგვიკრეს, მსოფლიო ჩემპიონატი ჩატარდა მკლავჭიდში და თოთხმეტჯერ დავაკვრევინეთ ნაკრებმა საქართველოს ჰიმნი. ამ დროს, მკლავჭიდელებს დაფინანსება გვაქვს ნული ლარი. ზომიერების გრძნობა გვაკლია ქართველებს და საქმის ერთგულება. გამოვლენ, დადგებიან და იწყებენ: „დღევანდელი პლურალიზმის დროს, არ გვინდა მენტორული ლაპარაკი, თორემ, სტაგნაციაში ჩავარდება საზოგადოება და ლავირებას ვერ გაუკეთებს საღ აზრებს... საღი აზრების იმპლიმენტაცია რომ მოხდეს, ამისთვის საჭიროა”... – ვუსმენ და ვფიქრობ: ჩემს ენაზე მელაპარაკე, შენი დედაც... ან აქეთ იყავი, ან იქით, რას ტრიალებ...
– პარლამენტშია ასე?
– სამწუხაროდ, ყველგან ასეა და პარლამენტშიც. როცა ვატყობ, ამ კაცისგან არაფერი გამოდის, მე ვამბობ პირდაპირ – წადი, შენი დედა-მეთქი. ასეთები ვართ სვანები... ქართველობაც არის ძალიან ძნელი... უცებ რუსლან მიქაბერიძის ერთი ფუნაგორია გამახსენდა: „გასწრება არის ძალიან ძნელი, წინ როცა მიჰქრის „დაცუნი“ და უკან მოგაძაგძაგებს „ზაპოროჟეცი“ კაცური“. „ზაპოროჟეცის“ მდგომარეობაში რომ იყოს ქვეყანა, რა გვიჭირს...
ზურა ქაფიანიძე ამბობდა, ხუთი ათასი წლის ისტორია აქვს ღვინოსა და სადღეგრძელოსო მე ვეუბნებოდი – არა, სამი ათასი, სამი ათას ხუთასის-მეთქი. ხუთასი წლის ისტორიაც რომ ჰქონდეს, ხუთასი წელი ადამიანი სადღეგრძელოთი გეუბნება, წესიერად მოიქეციო და შენ მაინც ასე უწესოდ იქცევი, რა დონის „გამოსირებული“ ხარ... მარადიული მარტო ის ღირებულებებია, რომლებიც მორალით არის აღჭურვილი. თუ ეს არ არის, მაშინ ჩემთვის კანონი ნულის ტოლი ხდება... მარადიული არის უფალი და სამშობლო, დანარჩენი ყველაფერი წარმავალია... გულწრფელობას ვუსურვებ ყველა ქართველს. მოკლემეტრაჟიანი ფილმის სცენარზე კონკურსი გამოცხადდა პირველ სიყვარულზე. ყველამ გოგოსა და ბიჭის სიყვარულზე დაწერა. მე კი დავწერე: ჩემი პირველი სიყვარული ველოსიპედი იყო და პირველად მუშაობაც იმიტომ დავიწყე, რომ მეყიდა-მეთქი. ჩემმა სცენარმა გაიმარჯვა – გულწრფელი იყო და იმიტომ...