რატომ აიძულებდა დედა თავის 13 წლის შვილს პროსტიტუციას და რა ბედი ელით მშობლებისთვის ჩამორთმეულ ბავშვებს
მართალია, თავს საუკეთესო მშობლებად მივიჩნევთ, მაგრამ კვლევებმა გამოავლინა, რომ ბავშვთა მიმართ ძალადობის ნაკლებობას არ ვუჩივით. სტატისტიკის თანახმად: ჩვენს ქვეყანაში ბავშვთა უმეტესობა განიცდის ფსიქოლოგიურ და ფიზიკურ ძალადობას და არც ბავშვთა მიმართ სექსუალური ძალადობაა უცხო ხილი, თუმცა სურათი დაახლოებით იგივეა, რაც დასავლურ, ცივილიზებულ ქვეყნებში. რა უფლებები აქვთ საქართველოს 18 წლამდე ასაკის მოქალაქეებს და რა მიიჩნევა, კანონმდებლობით, ძალადობად ბავშვთა მიმართ? – საკითხს ორგანიზაციის, „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ ხელმძღვანელი ანა აბაშიძე განგვიმარტავს.
– რა უფლებებით სარგებლობენ, კანონმდებლობით, საქართველოს 18 წლამდე, ანუ არასრულწლოვანი მოქალაქეები?
– დავიწყოთ იმით, რომ საქართველოს კანონმდებლობა არასრულწლოვნად მიიჩნევს 18 წელს მიუღწეველ ადამიანს. რაც შეეხება უფლებებს: შეიძლება ითქვას, რომ, გარდა სპეციფიკური პოლიტიკური და სამოქალაქო უფლებებისა, როგორიცაა პასიური და აქტიური საარჩევნო ხმის უფლება, ძირითად უფლებებსა და თავისუფლებებში ბავშვები სარგებლობენ იმ სიკეთეებით, რითაც სარგებლობს სრულწლოვანი მოქალაქე.
– როდიდან იწყება ბავშვის უფლებების ათვლა?
– არის ასეთი პრინციპი: იმ მომენტიდან, რაც ბავშვი მოევლინება ქვეყანას, გააჩნია უფლებაუნარიანობა, ერთადერთი გამონაკლისია, რაც გულისხმობს ერთ უფლებას ჩანასახშივე: ეს არის მემკვიდრედ ყოფნის უფლება და არა მემკვიდრის, რადგან მემკვიდრეობის უფლება დამოკიდებულია უკვე დაბადებაზე. სხვა შემთხვევაში ბავშვი უფლებაუნარიანობას იძენს დაბადებისთანავე და სარგებლობს საქართველოს კონსტიტუციით მისთვის მინიჭებული ყველა უფლებითა და თავისუფლებით. განსხვავება სრულწლოვნისგან ის არის, რომ არასრულწლოვანს საკუთარი უფლებების რეალიზებაში ეხმარება მშობელი ან სხვა კანონიერი წარმომადგენელი, რომელიც შეიძლება, იყოს მეურვე ან მზრუნველი. თუმცა არის გამონაკლისი, მაგალითად, პასიური ხმის უფლება, რომელიც 18 წელს ზევითაა განსაზღვრული. სხვა ყველაფერში არასრულწლოვნები და სრულწლოვნები თანაბარი ღირებულებების მქონენი არიან.
– ეს მესმის, მაგრამ, როდესაც მე ვარ იმ ასაკის, რა ასაკისაც ვარ, ვიცი საკუთარი უფლებების შესახებ, ბავშვმა საიდან უნდა გაიგოს თავისი უფლებების შესახებ? ერთია, რომ ბავშვმა უნდა იცოდეს თავისი უფლებები და, მეორე, რომ მოითხოვოს თავისი უფლებების რეალიზება. კანონში არის გათვალისწინებული ეს მომენტი თუ მთლიანად მშობლებსა და მეურვეებზეა მინდობილი?
– საქართველოს კანონმდებლობით, ბავშვები, მინიმუმ, 14 წლამდე ბოლომდე არიან მინდობილნი მშობლების კეთილსინდისიერებას, მაგრამ არის გამონაკლისებიც. მაგალითად, ჯანდაცვის კანონმდებლობაში ჩაიწერა, რომ ისეთ თემებზე, რომელიც უკავშირდება რეპროდუქციულ ჯანმრთელობას, არ არის აუცილებელი სრულწლოვნის თანხმობა და კანონმდებელმა ბავშვზე გააკეთა აქცენტი.
– მე გავეცანი ბავშვთა ძალადობის მაჩვენებლებს, შედეგი არ არის მთლად სახარბიელო. არსებობს ცალკე ნორმატიული ბაზა, რომელიც იცავს ბავშვებს ძალადობისგან?
– არსებობს ასეთი ნორმატიული ბაზა, ეს არის სამი მინისტრის მიერ დამტკიცებული ბრძანება: ჯანდაცვის, განათლებისა და შინაგან საქმეთა მინისტრების, რომელიც გულისხმობს ბავშვზე ძალადობის შემთხვევაში რეფერირების მექანიზმს. ეს რეფერალი ეხება მხოლოდ და მხოლოდ ძალადობის შემთხვევებს და გამოყოფს ყველა იმ სუბიექტს, რომელიც ვალდებულია, ითანამშრომლოს შესაბამის ორგანოებთან, თუ მიიღო ინფორმაცია, რომ ბავშვი არის ძალადობის მსხვერპლი. ასეთი სუბიექტი, მაგალითად, არის სკოლა, საავადმყოფო, ანუ ყველა დაწესებულება, მიუხედავად მისი სამართლებრივი ფორმისა, რომელიც ბავშვზე კონკრეტულ სიტუაციაში მზრუნველობს.
– ვინ მიმართავს, ვისი მიმართვაა საკმარისი: ბავშვის, ვინმე სხვის?
– თუ რეფერალზე მეკითხებით, არის შემთხვევები, როდესაც ბავშვი თავად ლაპარაკობს ძალადობის შესახებ; არის შემთხვევები, რომ ბავშვის მიმართ სავარაუდო ძალადობაზე ლაპარაკობს თანაკლასელი, მეგობარი, ოჯახის წევრი, თუ ოჯახს გარეთ მოხდა ძალადობა. არ აქვს მნიშვნელობა, ვინ ამბობს ამას, მაგრამ ჩვენ, ასევე, უნდა ვიცოდეთ, რომ სამოქალაქო კოდექსის მიხედვით საქართველოს ყველა მოქალაქე თუ აქვს ინფორმაცია, რომ ბავშვი არის ძალადობის მსხვერპლი, ვალდებულია, მიმართოს სოციალური დაცვის სააგენტოს.
– კანონი როგორ განმარტავს ბავშვთა მიმართ ძალადობას?
– ეს ძალიან კარგი შეკითხვაა, იმიტომ რომ ამ მიმართულებით სერიოზული პრობლემა გვაქვს. ძალადობა განმარტებულია სხვადასხვა კანონში: სისხლის სამართლის კოდექსისთვის ის სხვა რამაა, ოჯახური ძალადობის კანონისთვის ძალადობა სხვა რამაა და რეფერალისთვისაც კონკრეტულადაა განსაზღვრული, როგორი შეიძლება, იყოს ძალადობა, მაგრამ რა არის პრობლემა: გაეროს ბავშვთა კომიტეტმა, რომელიც არის გაეროს ბავშვთა კონვენციის აღმასრულებელი, მიიღო ნომერ მეცამეტე რეზოლუცია, რომლითაც განმარტა, რას ნიშნავს სიტყვა „ძალადობა”. მაგალითისთვის, ჩვენს ქვეყანაში, პირობითად, ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობა არის ქმედება, რაც, შესაბამისად, ბავშვს ძლიერ ტკივილსა და ტანჯვას განაცდევინებს, გაეროს ბავშვთა კომიტეტის განმარტებით კი, ფსიქოლოგიურ ანუ ემოციურ ძალადობას განეკუთვნება, მაგალითად, ბავშვის მიმართ დამამცირებელი სიტყვების გამოყენება, დამაკნინებელი სახელების შერქმევა, ფავორიტიზმიც კი ძალადობის ერთ-ერთი ფორმაა. მაგალითად, ძალადობაა, როდესაც ბავშვს საგანმანათლებლო მიზნებისთვის არ აქვს შესაბამისი ტანსაცმელი, წიგნები და ასე შემდეგ… თუ ბავშვს აშინებენ 2-ანის დაწერით, ანუ ძალიან დაწვრილებითაა აღწერილი და დეტალურადაა განმარტებული. მათი ასეთი ქმედებები ძალადობად ჩათვალეს და მოუწოდეს მონაწილე სახელმწიფოებს, რომ თავიანთი კანონმდებლობა შეცვალონ იმგვარად, რომ ბავშვის მიმართ ძალადობის დეფინიცია იყოს იმაზე ფართო, ვიჟრე ჩვენი ტიპის ქვეყნებშია, თუმცა ჩვენთვის დღეს ფიზიკური ძალადობა გამოიხატება ჯანმრთელობის დაზიანებით, ემოციურია ძალადობა, რომელიც უტოლდება ტანჯვას, სექსუალური ძალადობა კი მეტნაკლებად განმარტებულია სისხლის სამართლის კონდექსით. ანუ გაეროს სტანდარტს ჩვენი კანონმდებლობა ვერ პასუხობს, ამიტომ, როდესაც განაცხადია ძალადობის ფაქტზე, თუ არ არის აშკარა ისეთი კრიტერიუმები, როგორიცაა სხეულის დაზიანება, ძლიერი ტკივილის განცდა და ასე შემდეგ, მაშინ სამართლადამცველი უწყებისა და სოციალური სამსახურის წარმომადგენლები ვერ ადგენენ, რომ იყო ძალადობა ბავშვის მიმართ. ბუნებრივია, რაც უფრო მსუბუქია ძალადობის ფორმა, სანქციაც მსუბუქი უნდა იყოს. მაგრამ ფაქტი ერთია, სანქციის მიუხედავად, მოვლენას უნდა დაერქვას სწორი სახელი, ერთი პრობლემაა, როდესაც ბავშვი ვერ მიდის სკოლაში, იმიტომ რომ არ აქვს წიგნი, მაგრამ მეორეა, რა არის ამის მიზეზი: სუბიექტურია ეს თუ ობიექტური.
– გასაგებია, რით ხელმძღვანელობს სამართალდამცველი, მაგრამ რეაგირების რა მექანიზმი აქვს სოციალური მომსახურების სააგენტოს? ვთქვათ, დადგინდა, რომ ბავშვზე განხორციელდა ფსიქოლოგიური ძალადობა, რა ხდება შემდეგ?
– გააჩნია ხარისხს, თუ ძალადობა მძიმე ფორმითაა: თუ სექსუალურ ძალადობაზე აქვს ეჭვი სოციალურ სამსახურს, ის დაუყოვნებლივ მიმართავს შინაგან საქმეთა სამინისტროს ან პროკურატურას, მაგრამ, თუ აღმოაჩინა, რომ მშობლები არ ასრულებენ თავიანთ მოვალეობას, წერს დასკვნას და არის რამდენიმე ვარიანტი: შეუჩერონ მშობლის უფლება; შეუზღუდონ მშობლის უფლება და ყველაზე რადიკალური ფორმაა მშობლის უფლების ჩამორთმევა. სოციალურ სამსახურს შეუძლია, მიმართოს სასამართლოს და ასეთი მშობლის მიმართ ზემოჩამოთვლილი ღონისძიებების გატარება მოითხოვოს.
– თუ ყოფილა ასეთი შემთხვევები?
– რა თქმა უნდა. ერთი შემთხვევა მახსენდება ახლო წარსულიდან: ეს იყო მშობლის მიერ პროსტიტუციაში შვილის ჩართვის მცდელობა.
– ბავშვი რა ასაკის იყო?
– დაახლოებით, 12-13 წლის. თავად დედაც ამ საქმიანობას ეწეოდა. ამის შესახებ გაიგო სოციალურმა სამსახურმა, დაწერა დასკვნა, რაც დაამტკიცა სასამართლომ და მშობელს ჩამოართვეს მშობლის უფლება.
– გასაგებია, რომ მშობელს, თუ ჯეროვნად არ მოიქცევა, ჩამოართმევენ ან შეუჩერებენ მშობლის უფლებას, მაგრამ შემდეგ რა ბედი ეწევა ბავშვს? ვის ეკისრება მისი აღზრდა? ბავშვთა სახლს გადასცემენ?
– ამ მიმართულებით სერვისების შეთავაზების მრავალფეროვნების პრობლემაა. დღეს გაუმჯობესდა ვითარება, თუმცა ახლო წარსულში იყო ერთადერთი ალტერნატივა – ბავშვთა სახლები. დღეს უკვე არსებობს რამდენიმე სერვისი, რაც დადებითად შეიძლება, შეფასდეს: პირველი ეს არის მცირე საოჯახო ტიპის სახლები, რომლებმაც ჩაანაცვლა ბავშვთა დიდი სახლები; მეორე – ბავშვი შეიძლება, წავიდეს მინდობით აღზრდაში, მამობილის და დედობილის ინსტიტუტი გაგიგიათ, ალბათ. სახელმწიფო ხელშეკრულებას აფორმებს ოჯახთან და ამაში უხდის თანხას.
– რა თანხაა?
– როგორ ვიცი, 400 ლარი ჯანმრთელი ბავშვისთთის და 600 ლარი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვისთვის. როგორც მითხრეს, ამ თანხებს ზრდიან. ასევე, არსებობს კიდევ სხვა სერვისი – რეინტეგრაცია, როდესაც ბავშვი არის დაწესებულებაში, ოჯახში იყო პრობლემები, სახელმწიფომ იმუშავა და ბავშვს შეუძლია, დაუბრუნდეს ბიოლოგიურ ოჯახს. მაგრამ ეს მიმართულება კიდევ უფრო ნაკლებადაა მხარდაჭერილი. რეინტეგრაციის პროგრამას აფინასდებდნენ 90 ლარის ოდენობით, მაგრამ, ჩემი ინფორმაციით, ეს მონეტარული დახმარება შეწყვეტილია და თუ არ ვცდები, გადავიდნენ არამატერიალურ დახმარებაზე.
– რა ხდება ყველაზე ხშირად მშობლისთვის შვილის მუდმივად ან დროებით ჩამორთმევის საფუძველი?
– ძალიან ბევრი საფუძველი აქვს მშობლის უფლების ჩამორთმევას, საინტერესოა არა ის, თუ რის საფუძველზე ხდება მშობლის უფლების ჩამორთმევა, არამედ უფრო საინტერესოა, რის საფუძველზე უნდა ხდებოდეს და არ ხდება. მაგალითად, მშობლის უფლების ჩამორთმევის საფუძველია, თუ ის ბავშვს ჩართავს ანტისაზოგადოებრივ საქმიანობაში, ანუ მათხოვრობა-მაწანწალობაში. მაგრამ ყველამ კარგად ვიცით, რამდენი ბავშვი მათხოვრობს ქუჩაში, მაგრამ ვერც ერთ შემთხვევას ვერ ასახელებს სახელმწიფო, რომ დაადგინა მშობლის მხრიდან ბავშვის მიმართ ამ უფლების დარღვევა, მისი მაწანწალობა-მათხოვრობაში ჩაბმა და განახორციელა ის ქმედებები, რაც მას ევალება სამოქალაქო კანონმდებლობით. ამას იმიტომ არ ასახელებენ მშობლის უფლების ჩამორთმევის საფუძვლად, რომ დღეს ქუჩაში მცხოვრები ბავშვები არ არის პრიორიტეტული. არის უწყებები, რომლებიც მიიჩნევს, რომ ქუჩაში მომუშავე ბავშვი არ არის ძალადობის მსხვერპლი. არადა, რა თქმა უნდა, არის და ეს მითითებულია ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშშიც.