კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რა კატაკლიზმებია მოსალოდნელი საქართველოს ტერიტორიაზე და რამ შეიძლება, გამოიწვიოს მეწყრების გააქტიურება

ბოლო ათეული წელია, გლობალური დათბობის გამო, კლიმატი ჩვენს ქვეყანაში შეიცვალა: გაზაფხული თითქოს დაიკარგა, ზაფხული უფრო ხვატიანი გახდა, ზამთარი გახანგრძლივდა, ნალექების ოდენობამაც მოიმატა, რამაც სტიქიური უბედურებები მოამრავლა: უხვი ნალექი ავტომატურად იწვევს მეწყრული სხეულებისა და ღვარცოფების გააქტიურებას, რომელთა ნაკლებობას ჩვენი ქვეყნის ტერიტორია არ უჩივის. თავის მხრივ, კავკასიონმაც შემოგვიტია, რადგან მყინვარმა დნობა დაიწყო.  როგორ არის შესაძლებელი სტიქიის დარტყმების მინიმიზაცია და რა უსიამოვნო სიურპრიზებს გვიმზადებს საქართველოს მთაგორიანი რელიეფი შეცვლილი კლიმატური პირობების გამო? – გვესაუბრება გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს გარემოს ეროვნული სააგენტოს გეოლოგიის დეპარტამენტის უფროსი მერაბ გაფრინდაშვილი.

 

– რა ფაქტორებმა გამოიწვია ჩვენს ქვეყანაში ბუნებრივი კატაკლიზმების მატება?

– საქართველო, კატასტროფული გეოლოგიური პროცესების გააქტიურების თვალსაზრისით, ერთ-ერთი ურთულესი რეგიონია და ამის უმთავრესი მიზეზია უკიდურესად სენსიტიური გეოლოგიური აგებულება და რელიეფური პირობები. მთაგორიანი ქვეყანა ვართ, სადაც ამ რთული გეოლოგიური აგებულების ქანებზე ვითარდება რთული გეოლოგიური პროცესები. რამდენიმე ფატორი უწყობს ხელს გეოლოგიური პროცესების აქტივიზაციას და მათი ხარისხის მატებას. მოგახსენებთ რამდენიმე ძირითად ფაქტორს: ერთია კლიმატის ცვლილების გამო უხვი ნალექები. უხვი ნალექები ყოველთვის მოდიოდა, მაგალითად, პირობითად, რომელიმე რეგიონში საშუალოდ მრავალი ათეული წლის განმავლობაში მოდის 1 000 მილიმეტრი ნალექი და ეს განაწილებული იყო წელიწადის დროების მიხედვით თანმიმდევრულად, ახლა კი მოდის ერთჯერადად. ანუ, შესაძლოა, 1 000 მილიმეტრი ნალექი მოვიდეს წელიწადში, მაგრამ ერთჯერადად.

– აღარ ნაწილდება?

– დიახ, შესაძლოა, 3-4-ჯერ იმდენი ნალექი მოვიდეს, რომ მთელი წლის მარაგი ამოწუროს, უხეშად რომ ვთქვათ. ამას ემატება ის, რომ ბოლო 20-25 წლის განმავლობაში კავკასიაში და, მათ შორის, საქართველოში გააქტიურდა სეისმური ბიძგები. მიწისძვრა კი, თავის მხრივ, იწვევს მეწყრებს. მაგალითად, რაჭა-იმერეთის 1991 წლის მიწისძვრის დროს კორპუსებში მცხოვრებთაგან არავინ დაღუპულა, ხალხი დაიღუპა მიწისძვრით გამოწვეული მეწყრებით: ერთი სოფელი მთლიანად ჩამარხა მეწყერმა. მაგალითად, სპიტაკის 1988 წლის მიწისძვრამ საქართველოს ტერიტორიაზე მეწყრებისა და ღვარცოფების გააქტიურება გამოიწვია.

ასევე, ბუნებრივი კატაკლიზმების გამოწვევის ერთ-ერთი ფაქტორია ადამიანის უხეში ჩარევა ბუნებაში: ვსახლდებით იქ, სადაც არ უნდა დავსახლდეთ; ჩამოვჭრით ფერდობებს, რომლებზეც შემდეგ აქტიურდება მეწყრები და შველას ვითხოვთ. სახლებს ვაშენებთ ჭალა-კალაპოტის ზონებში. არადა ჭალა-კალაპოტის ზონა ნიშნავს, რომ რაღაც პერიოდში ის დაიტბორება, მაშინ, როდესაც იქ საცხოვრებელი სახლი აქვს ადამიანს. საბედნიეროდ, ამ ბოლო პერიოდში ადამიანის უხეში ჩარევის ფაქტორმა უკან დაიწია. თანდათან დაიწყეს სპეციალისტების რჩევების გათვალისწინება.

– 17 მაისს დარიალის ხეობაში რამ გამოიწვია კატასტროფა?

– იქ რამდენიმე ფაქტორი დაემთხვა ერთმანეთს, ეს იყო კლდეზე ორი ტიპის ჩამოქცევა, რაც გადაიზარდა ღვარცოფში. დაახლოებით, 5 მილიონი კუბი მასა მოსწყდა –  ორი მესამედი კლდოვანი მასა იყო, დანარჩენი –  მყინვარულ-თოვლიანი, რომელიც ედო ამ კლდეს. დიდი დახრილობის ფერდობია, ხევამდე მანძილი 10,5 კილომეტრია, დახრილობა –  2 500 მეტრი. იმ დღეებში უხვი ატმოსფერული ნალექები მოვიდა იმ ზონაში, 17 მაისს დაემთხვა რამდენიმე ფაქტორი: რელიეფური პირობები, დიდი დახრილობა, ნალექები, მყინვარის დნობა და არ გამოვიცხავ, რომ, რადგან მყინვარწვერი შედარებით ახალგაზრდაა, შიგნით რაღაც სითბურმა ფაქტორმაც განაპირობა მოწყვეტა. ერთი სიტყვით, მაპროვოცირებელი ფაქტორები დაემთხვა ერთმანეთს. ამის შემდეგ 20 აგვისტოს ისევ განმეორდა სტიქია და თუმცა 10-ჯერ ნაკლები მასა გამოვიდა, ვიდრე 17 მაისს, 10-ჯერ მეტი ზარალი მოგვიტანა. იმიტომ რომ მეორედ ეს ღვარცოფი იყო ქვაწყლიანი მასა და იმუშავა, როგორც სიღრმით და გვერდით ეროზიაზე, ასევე, ტრანზიტზე, ესე იგი, გაიტანა მასალა და შევიდა საბაჟო-გამშვები პუნქტის ტერიტორიაზე. მაშინ, როდესაც 17 მაისის ღვარცოფის მყარი კონსისტენცია ჩაიჭედა და არ გასულა სადმე სხვაგან.

– იყო თუ არა შესაძლებელი ამის ნაწილობრივი პრევენცია?

– ამ მიმართულებით 60 წელია, საქართველოში სამუშაოები მიმდინარეობს. გეოლოგიურ სამსახურს 160-წლიანი ისტორია აქვს, მაგრამ, ამ მიმართულებით, ძირითადად, 60 წლის წინათ დაიწყო ეს კვლევები, შეიქმნა სპეციალიზებული სამსახურები და დიდი ბაზური საფუძვლები, მაგრამ, რადგან პროცესი დინამიკაშია, ბაზური საფუძველი არ არის საკმარისი, რადგან ეს მუდმივად განახლებადი პროცესია. სტიქიური უბედურების კვლევები ორი მიმართულებით მიმდინარეობს: ყოველწლიური გეოლოგიური მონიტორინგი მთელი ქვეყნის მასშტაბით და ფორსმაჟორულ სიტუაციაში ადგილზე გასვლები სიტუაციის შესაფასებლად. ამის შემდეგ დგება საინფორმაციო ბიულეტენი, რომელიც მოიცავს პროგნოზსაც, რასაც გადავცემთ შესაბამის უწყებებს. ბიულეტენში აღნიშნულია ყველა დასახლებული პუნქტი და იქ მოსალოდნელი სტიქიური პროცესები.

– ემთხვევა?

– სამწუხაროდ, ემთხვევა.

– თუ ემთხვევა, რატომ არის ზარალი, როგორც წესი, ასეთი დიდი?

– ეს ერთ-ერით უმნიშვნელოვანესი საკითხია. საქართველოში სხვადასხვა მასშტაბის 50 000-ზე მეტი მეწყრული უბანია, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ყველგან კატასტროფაა მოსალოდნელი.

– საქართველოს ტერიტორიის რა მოცულობას ფარავს საშიში გეოლოგიური პროცესები?

– საქართველოს ტერიტორიის 60-70 პროცენტია დაფარული საშიში გეოლოგიური პროცესებით. აქ არის როგორც დაუსახლებელი, ისე დასახლებული ტერიტორიები. გარდა მეწყრული სხეულებისა, გვაქვს 3  000 ღვარცოფული წყალსადინარი: ხევი და მდინარე. აქაც სხვადასხვა მასშტაბის. იმის თქმა მინდა, იმდენად რთული, ბევრი და მასშტაბური პროცესი გვაქვს საქართველოში, რომ არათუ ჩვენი შესაძლებლობის, გაცილებით მდიდარ ქვეყნებსაც კი გაუჭირდებოდათ ამის პრევენცია. ვიცოდით, რომ დევდორაკის ღვარცოფი გამოვიდოდა, ვიცოდით, რას დააზიანებდა, რადგან ის პერიოდული აქტივაციით ხასიათდება, მაგრამ არ ვიცოდით და არ ვიცით დრო. თუმცა გეტყვით, რომ ბოლო პერიოდში ინფრასტრუქტურის სამინისტრო და მუნიციპალიტეტები ძალიან ბევრ უბანზე ახორციელებენ პრევენციულ სამუშაოებს.

– როგორც ვიცი, არის შემთხვევები, რომ მდინარის სათავის გაწმენდამ და თხრილების დასუფთავებამ შეიძლება, თავიდან აგვაცილოს საკმაოდ დიდი ზიანი.

– ჩვენ, გეოლოგებს, ფიზიკურადაც გვიმუშავია. მაგალითად, რაჭაში სახლებს ცლიდნენ მოსალოდნელი ღვარცოფის გამო, გამოვიყვანეთ ადამიანები სახლებიდან, მათთან ერთად ავიღეთ ნიჩბები ხელში, მიმართულება მივეცით ღვარცოფულ ნაკადს და სახლები გადარჩა. ხანდახან ძალიან მარტივი მეთოდებითაა შესაძლებელი პრევენცია. 2007 წელს სამეგრელოში მილიონობით ლარის ზარალი მივიღეთ, რამდენიმე სახლი წაიღო მდინარემ და ეს მხოლოდ იმიტომ, რომ საწრეტი არხები იყო გასაწმენდი. თავიანთი ეზოს წინ რომ 50-50 მეტრი გაეწმინდათ, ეს ამბავი არ დაემართებოდათ.

– მაგრამ ვიღაცამ ხომ უნდა უთხრას ეს მოსახლეობას ან თავად მოსახლეობამ იკითხოს?

– კახეთის ერთ-ერთი სოფლიდან წერილებს სწერდნენ ჯერ გამგეობაში, შემდეგ –   თბილისში, გვიშველეთ, სარწყავი წყალი გადაიკეტაო. არადა ორი კუბი მიწა იყო ჩასული სარწყავ ავზში, ნიჩბებით სამი კაცი საათ-ნახევარში გაწმენდდა.

– თუ არის ცნობილი, რომელი მეწყრული სხეულებია ყველაზე საშიში?

– პირველად ამდენი წლის განმავლობაში წელს რიონის აუზში სამ დიდ მეწყრულ სხეულზე ადრეული გაფრთხილების სისტემა დავამონტაჟეთ, რაც საშუალებას გვაძლევს, შევიტყოთ მეწყრის გადაადგილება მილიმეტრებითაც კი. ასევე, საგარეჯოს ხევზე, თვალთხევზე, სადაც ღვარცოფის საშიშროებაა, გვინდა ანალოგიური სისტემის დამონტაჟება. ასევე, ორი მონტაჟდება მდინარეებზე დურუჯსა და ქაბალზე. ჩვენ ამის გამოცდილება არ გვაქვს, პოლონელები გვასწავლიან, ტრენინგებს ატარებენ, რომ სამომავლოდ უკვე თავად შევძლოთ მონტაჟიც და შესაბამისი კადრებიც გვყავდეს. ეს ადრეული შეტყობინების სისტემა ზარალს ვერ აგვაცილებს თავიდან, მაგრამ, სამაგიეროდ, მსხვერპლი იქნება მინიმიზებული. ასევე, ძალიან მასშტაბურია დევდორაკის ღვარცოფი. ტექნიკური დავალება მოვამზადეთ, რამდენიმე დასავლელი პარტნიორი გამოგვეხმაურა, უნდა ჩამოვიდნენ და ადგილზე გაეცნონ ვითარებას, იმიტომ რომ სხვადასხვა ტიპის ღვარცოფს სხვადასხვანაირი აპარატურა სჭირდება. პრემიერის სარეზერვო ფონდიდან უკვე გამოიყო თანხა დევდორაკის ღვარცოფზე ადრეული შეტყობინების სისტემის დასამონტაჟებლად.

– ძვირი ღირს?

– საკმაოდ, 300 000 ევრო. ამ აღჭურვილობის დამონტაჟების შემდეგ, ონლაინ რეჟიმში ვხედავთ პროცესებს, წამიერად იკეტება შლაგბაუმები, იქ მყოფი ადამიანები შედიან უსაფრთხო ადგილებზე, ასეთი ადგილები უკვე შევარჩიეთ. როდესაც 20 აგვისტოს განმეორდა ტრაგედია, შეტყობინება მოხდა და ხალხის გამოყვანა მოესწრო, ორი ადამიანი, რომელიც, სამწუხაროდ, დაიღუპა, გვირაბში იყო. ამ სისტემების დამონტაჟება წინგადადგმული ნაბიჯი იქნება ჩვენი ქვეყნისთვის.

– ჩრდილო კავკასიაში როგორაა საქმე, ჩვენთან რატომ არის უფრო ხშირი სტიქიის შემოტევები?

– ჩვენთან უფრო ხშირია, ადრეც ასე იყო. მაგალითად, სამხრეთ კავკასიის სხვა ქვეყნებში ნაკლებადაა მეწყრები, აზერბაიჯანში ღვარცოფებია საინგილოს ზოლში, მეწყრები ნაკლებად. სომხეთში კი მიწისძვრებია აქტიური. ერთი სიტყვით, მეწყრებითა და ღვარცოფებით პირველ ადგილზე ვართ როგორც სამხრეთ, ისე ჩრდილოეთ კავკასიაში. წელს პირველად, 23 წლის განმავლობაში, დავიწყეთ მონიტორინგი მიწისქვეშა მტკნარ წყლებზე. თავდაპირველად, უნდა ვიცოდეთ, რა გვაქვს, პერსპექტივაში, რამდენი წყალი დაგვჭირდება, თუმცა, ძირითადად, ეს განახლებადი რესურსია, მაგრამ გონივრულად უნდა ამოღება: თუ შემოდის 100 კუბი, 50 კუბზე მეტის ამოღება არ შეიძლება, იმიტომ რომ ეს დააზიანებს და დაარღვევს ბალანსს.

– საშინელებაა: მიწის ზემოთ გვალვაა, მიწის ქვემოთ კი არტეზიული წყლებია და ვერ ვიყენებთ.

– 10 ჭაბურღილზე გამოვაცხადეთ ტენდერი, 5 უკვე დავამონტაჟეთ და უკვე 15 ჭაბურღილი გვექნება აყვანილი კონტროლზე. ჩვენ ძალიან მდიდარი ქვეყანა ვართ წყლით, მაგრამ არასწორად ვიყენებთ. ჩეხები რომ ჩამოვიდნენ, ლამის ცრემლი მოერიათ, ამხელა სიმდიდრე გაქვთ და ვერ იყენებთო.

– ამბობენ, რომ არტეზიულმა წყლებმა დაიწიაო, მართალია?

– მთელ საქართველოში დაიწია წყლის დონემ გვალვების გამო. მიწისქვეშა წყლების უმთავრესი მკვებავია მყინვარები და მოსული ნალექები. მყინვარების დნობის რეჟიმი დაირღვა: დასავლეთ საქართველოს მყინვარები წელიწადში 10-15 მეტრით იხევს უკან, ანუ დნება, აღმოსავლეთ საქართველოში –  8-10 მეტრით. ჩვენი დიდი მდინარეების მკვებავი მყინვარები და წვიმებია. მაგრამ მოდის თავსხმა წვიმები, რის გამოც წყალი ვერ აღწევს გრუნტში, რომ ჩაიჟონოს და წყაროების სახით გამოვიდეს ქვედა ზონებში. ტყეების გაჩეხვის გამო წყალი ზედაპირული ნიაღვრების სახით მოდის, ამიტომ ჩადის მდინარეში, მდინარე კი გადის ან საზღვრის გარეთ, ან ჩაედინება ზღვაში. ამდენად, მართალია, მიწისქვეშა წყლები განახლებადი რესურსია, მაგრამ მთლად განახლებადიც არ არის, თუ ზემოდან არ მიეშველა. ეს რეჟიმიც დარღვეულია და აუცილებელია მისი შესწავლა. გასული საუკუნის 60-ან წლებამდე აკრძალული იყო არტეზიული წყლების სარწყავად გამოყენება, მაგრამ გვალვამ გადაახმო კახეთი და მოსკოვმა გამოსცა დადგენილება, რის შემდეგაც გაიბურღა მთელი კახეთი და ბევრი ჭაბურღილი დაიდგა. სწორედ ეს ჭაბურღილებია მიტოვებული, საიდანაც წყალი მოედინება და, სანამ მდინარემდე ჩავიდოდეს, წარმოუდგენელი სიღრმის ხრამებს აჩენს, ნაყოფიერი ნიადაგი გამოჰყავს მწყობრიდან. წელს დავიწყეთ ამ ჭაბურღილების ინვენტარიზაცია, საიდანაც ახლა არამიზნობრივად იღვრება ეს წყალი. თვითდინებით ამოდის წყალი და რეცხავს ნიადაგს. ინვენტარიზაციის შემდეგ აღვადგენთ იმ ჭაბურღილებს, რომლებსაც იყენებს მოსახლეობა, რომელიც ტყუილად იღვრება ალაზანში, დავლუქავთ. მიწისქვეშა წყლების გამოყენების პროექტი ძალიან საინტერესოა, მაგრამ ჩვენ გვაქვს მოძველებული ინფორმაცია –  გასული საუკუნის 70-80-ანი წლების, ამიტომ ჯერ უნდა დავადგინოთ, რა გვაქვს, რამდენია ზედმეტი, თავდაპირველად, ჩვენი მოსახლეობა უნდა დაკმაყოფილდეს 50-წლიან პერსპექტივაში და ამის შემდეგ უნდა ვაქციოთ ის შემოსავლის წყაროდ.

 

скачать dle 11.3