პატარების დიდი კომპლექსები
ანუ ორივენიცა
ვიდრე ჩვენ იმაზე ვდავობთ, ევროსაბჭოს საპარლამენტო რეზოლუციით, ბოლოს და ბოლოს, შეგვაქეს თუ დაგვტუქსეს (ისე, ერთიცა და მეორეც – ), მაგალითად, ამ ორგანიაზციაში აზერბაიჯანის დელეგაციის მეთაურმა სამედ სეიდოვმა ევროსაბჭოს იქით მოუწოდა კრიტიკისაგან თავის შეკავებისკენ (ორგანიზაციის წევრ ქვეყნებში საკუთარ იმიჯზე დაფიქრდითო).
ასეთი მკვეთრი განცხადება კი ბ-ნმა სეიდოვმა მას შემდეგ გააკეთა, რაც ასამბლეის სხდომაზე გამართული დისკუსიისას ითქვა, რომ აზერბაიჯანის ხელისუფლება ადამიანის უფლებებს არღვევს.
ჩვენმა მეზობლებმა გამოცდილი ტაქტიკა აირჩიეს (თავდასხმა საუკეთესო თავდაცვააო) და მიკიბვა-მოკიბვის გარეშე განაცხადეს (მომყავს ციტატა): „თქვენ ამბობთ, რომ აზერბაიჯანში ადამიანის უფლებების დაცვასთან დაკავშირებული სიტუაცია არადამაკმაყოფილებელია, მე კი გეტყვით, რომ არადამაკმაყოფილებელი სწორედ თქვენი მოქმედებაა...“
არადამაკმაყოფილებლად კი ბ-ნმა სეიდოვმა ჩვენი ევროსაბჭოელი პარტნიორები შემდეგის გამო შეაფასა: „განა ევროსაბჭომ არ მისცა რეკომენდაციები საქართველოს სიტუაციის გაუმჯობესების მიზნით? საქართველომ ყველაფერი გააკეთა, შეასრულა ის, რასაც ითხოვდით, საბოლოო ჯამში კი ტერიტორიები დაკარგა... უკრაინამაც ყველა თქვენი რეკომენდაცია შეასრულა, ამის სანაცვლოდ კი უბედურებაში აღმოჩნდა, დაკარგა ტერიტორია და ათასობით ადამიანის სიცოცხლე... იგივე შეიძლება ითქვას მოლდოვასთან დაკავშირებითაც“.
ხოლო გამოსვლა რიტორიკული კითხვით დაასრულა: „რატომ გგონიათ, რომ აზერბაიჯანთან მიმართებით თქვენი რეკომენდაციები წარმატებულ შედეგამდე მიგვიყვანს?!“
ბუნებრივია, მე არ მაქვს პასუხი ამ კითხვაზე, თუმცა, თუ ჩვენს ჩრდილოეთით დაწყებულ საბჭოთა „რიმეიქს“ გავიხსენებთ, აშკარაა, ევროპის იქით გზა არ გვაქვს (იმისდა მიხედვით, ნახევრად დაგვაკმაყოფილებს თუ სრულად), რაც უნდა ჭეშმარიტებას ღაღადებდეს ჩვენი მეგობარი აზერბაიჯანის წარმომადგენელი ევროსაბჭოს მაღალი ტრიბუნიდან.