სა-უცხო-ო დოკუმენტი
ანუ ვის რა უმუშავებს
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ თავის რეზოლუციაში მოგვიწოდა, ყოფილებს მთლად კანონის მთელი სიმკაცრითაც ნუ დაერევით, იმიტომ რომ, გვაშფოთებს, ემანდ, პოლიტიკური დევნა არ იყოსო, ამიტომაც დაგვიბარეს – გამჭვირვალედ იმოქმედეთო (რაც მიუთითებს, რომ ძველებს ისევ კარგად უმუშავებთ პიარი, ახლები კი ფიქრობენ, რომ საქმემან შენმან უნდა გამოგაჩინოს, რის იმედზე ყოფნაც ოცდამეერთე საუკუნეში, თუნდაც, ამ რეზოლუციით თუ ვიმსჯელებთ, არ შეიძლება, რადგან დასავლეთშიც მხოლოდ თვალი ჭამს და სვამს).
ხოლო, რაკი პიარიც კარგად უმუშავებთ და სამოქმედო გეგმაც, სავსებით ბუნებრივია, აწ დაპატიმრებული ყოფილი მაღალჩინოსნების ადვოკატებმა (სხვათა შორის, აი, იმ ადვოკატებმა, რომლებიც წინა ხელისუფლების ბობოლები იყვნენ და აინუნშიც არ აგდებდნენ ევროსაბჭოს რეკომენდაციებს, ვინაიდან, მიაჩნდათ, რომ მოსაკლავი უნდა მოიკლას) მოსამართლეს საქმისთვის ევროსაბჭოს ასამბლეის რეზოლუციის დართვა მოსთხოვეს.
და თუმცა ბრალდებამ ტანზე შემოიხია (ისე, ჯობდა უტყუარი მტკიცებულებები გაემრავლებინათ), რეზოლუციას საქმესთან კავშირი არ აქვს და, საერთოდაც, მხოლოდ რეკომენდაციააო, მოსამართლემ სხვაგვარად განსაჯა (და, ბოლოს და ბოლოს, ეს მხოლოდ მისი სინდისის საქმეა). სახელდობრ, ბრძანა: „დოკუმენტი საკმაოდ გავლენიანი ორგანიზაციის მიერ არის მიღებული და ვინაიდან უშუალოდ არიან ნახსენები ბრალდებულები, არ არსებობს წინაპირობა რომ იგი საქმეს არ დაერთოს“, ანუ, უცხო კვლავაც სა-უცხო-ოაო. –
როგორც უნდა იყოს, რეზოლუციაში ნათქვამია: „ორი წლის შემდეგ ყოფილი მმართველი პარტიის თითქმის ყველა მაღალჩინოსანი დაპატიმრებულია, წაყენებული აქვს ბრალდებები ან გამოძიების ქვეშაა.“
ხოლო, თუ წაყენებულ ბრალდებებს გავიხსენებთ, შეუიარაღებელი თვალითაც ნათელია, რომ საკუთარ ჩინოვნიკებს მიწიდან ამოიღებდნენ, მათ შესახებ იმის მეათედიც რომ გაეგოთ, რისთვისაც ჩვენი ყოფილები სასჯელს ელიან. და თუმცა, მე არ ვიცი, არის თუ არა სულხან-საბას „სიბრძნე სიცრუისა“ ევროსაბჭოელთა სამაგიდო წიგნი, ჩნდება ეჭვი, რომ, იგავური ლომივით, პოზაში ჩამდგარან (აბა, ჩემს შვილს ხომ არ მოვაჭრი თავსო)?! –