ძაღლისა და ცოლების გამო დაწყებულ კონფლიქტს კინაღამ მამაკაცი ემსხვერპლა
გულ-მკერდის არეში მძიმედ დაჭრილი ილია ქ-ძე საავადმყოფოში ოჯახის წევრებმა მიიყვანეს. მას გადაჭრილი თოფით ორი ჭრილობა ჰქონდა მიყენებული: ერთი – გულში, მეორე კი – ხერხემალში. ქირურგიული ოპერაციის შემდეგ ექიმებმა დაჭრილი მამაკაცის გადარჩენა შეძლეს, თუმცა, როგორც მოგვიანებით გახდა ცნობილი, დაზარალებული მიყენებული დაზიანებისგან სამუდამოდ დაინვალიდდა.
მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით ოპერატიული ინფორმაცია შევიდა პოლიციის განყოფილებაში. ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებით დადგინდა დანაშაულში ეჭვმიტანილი პირის ვინაობა და ინციდენტის დეტალები, რის შემდეგაც სისხლის სამართლის საქმე მკვლელობის მცდელობის მუხლით აღიძრა. დაჭრილი მამაკაცის ოჯახის წევრებისგან ცნობილი გახდა, რომ ილია ქ-ძეს სხეულის მძიმე დაზიანებები მიაყენა 41 წლის ნოდარ გ-შვილმა, რომელიც სამართალდამცველებმა ცხელ კვალზე დააკავეს.
როგორც საქმის მასალებით გახდა ცნობილი, ორი მამაკაცის დაპირისპირების მიზეზი აღმოჩნდა მონადირის ჯიშის ძაღლი, რომელიც ნოდარ გ-შვილმა ილია ქ-ძისგან 2 000 დოლარად შეიძინა. შეთანხმების მიხედვით, ნოდარ გ-შვილს თანხა ნაწილ-ნაწილ უნდა გადაეხადა, მაგრამ, საბოლოოდ, მან არც თანხა გადაიხადა და არც ძაღლი დაუბრუნა პატრონს. მამაკაცები არალეგალურად აჩხუბებდნენ ძაღლებს და ამ გზით ერთად შოულობდნენ ფულს ფსონებით, რომლებსაც სეირის მოყვარულები დებდნენ და სწორედ ეს გახდა დაპირისპირების მიზეზი. კონფლიქტს დაემატა დაძაბული ურთიერთობა მათ ცოლებს შორის, რომლებსაც, ასევე, ერთად ჰქონდათ პატარა ბიზნესი. გამოძიების მიერ მოწმის სახით დაკითხულმა ილია ქ-ძის მეუღლემ სამართალდამცველებთან განაცხადა, რომ ნოდარ გ-შვილი თავისმა ცოლმა ნინო კ-ავამ წააქეზა.
ამონაწერი ლეილა კ-შვილის ჩვენებიდან:
„ნოდარი და ილია ერთმანეთს ჩვენ, მეუღლეებმა გავაცანით. მე და ნინოს ბავშვები ერთ სკოლაში დაგვყავდა, ჩვენ თავადაც ერთ უბანში ვართ გაზრდილები და ერთმანეთს ბავშვობიდან ვიცნობდით. იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენი მეუღლეები ნადირობითა და ძაღლებით იყვნენ გატაცებულები, ჩვენი მეშვეობით ისინიც დაუკავშირდნენ ერთმანეთს და მალე ძალიან დაახლოვდნენ კიდეც. მე და ნინოს ერთად გვქონდა გახსნილი მეორადი ტანსაცმლის საწყობი, რომლისთვისაც ორივემ ავიღეთ საბანკო კრედიტი. მე ჩემი ვალი ექვს თვეში დავფარე. შემდეგ საქმეები ცუდად წაგვივიდა და საწყობი დავხურეთ. ნინომ კი ბანკში კრედიტის გადახდა ვერ შეძლო და ამაში მე მადანაშაულებდა. რამდენჯერმე მითხრა კიდეც, შენ უფრო მეტს იღებდი მოგებიდან, ვიდრე მე და ამიტომაც დამედო ვალებიო. ამ თემაზე ვერ მოვრიგდით და ერთმანეთს საკმაოდ სერიოზული დაპირისპირებით დავშორდით, რაც სწორედ იმ პერიოდს დაემთხვა, როცა ნოდარმა ჩემი მეუღლის კუთვნილი ძაღლი შეიძინა. ფული ორ თვეში უნდა დაეფარა, მაგრამ, მერე თანხის დაბრუნებაზე საბოლოოდ თქვა უარი; ნინომ კი შემოგვითვალა, ამ თანხას იმ ვალში გიქვითავთ, თქვენ გამო რომ დაგვედოო“.
ქალების კონფლიქტში მამაკაცებიც ჩაერთნენ. როგორც გამოძიებისთვის გახდა ცნობილი, ერთ დღეს, სახლში დაბრუნებულ ნოდარ გ-შვილს ცოლი ატირებული დახვდა და უთხრა, რომ ლეილა კ-შვილმა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. ინციდენტს ჰყავდა თვითმხილველები და ნინო კ-ავას სახეზეც ეტყობოდა ფიზიკური ძალადობის კვალი. აღელვებულმა ნოდარ გ-შვილმა ყოფილ პარტნიორსა და მეგობარს დაურეკა და ცოლი სასტიკად გაულანძღა. ამ ინციდენტს მეორე დღეს მამაკაცებს შორის ხელჩართული ჩხუბი მოჰყვა, თუმცა, თვითმხილეველებმა მოჩხუბრები გააშველეს და დააშოშმინეს. იმავე საღამოს, გვიან ღამით, ილია ქ-ძეს ნასვამ მდგომარეობაში მყოფი ნოდარ გ-შვილი მიადგა სახლში.
ამონაწერი მოწმის, მანონ ლ-შვილის ჩვენებიდან: „ილია ჩემი ნათესავია. იმ საღამოს, როდესაც ეს ინციდენტი მოხდა, მასთან ვიყავი სახლში ჩემს მცირეწლოვან შვილთან ერთად. მე არ ვიცოდი, ვინმესთან კონფლიქტი თუ ჰქონდა. როცა კარზე ჩემთვის უცნობმა მამაკაცმა დარეკა, მე და ლეილა ეზოში ვიყავით. იქვე იყო ჩემი 5 წლის შვილიც. ლეილა სახლში შევიდა და ქმარი გააფრთხილა, რომ გარეთ არ გამოსულიყო. ჭიშკართან მდგარი კაცი უშვერი სიტყვებით ილანძღებოდა. ლეილამ თქვა, პათოლოგიური სიმთვრალე აქვსო და კარი არ გაუღო. ნასვამი კაცი ღობეზე ახტა და ისე აპირებდა ეზოში გადმოძრომას. ამ დროს სახლიდან ილიაც გამოვიდა, მამაკაცი ღობეზე ბოლომდე არ იყო გადმოსული – ცალი ფეხი და ხელი ეზოსკენ ჰქონდა, მეორე ხელი და ფეხი კი – ეზოს გარეთ. ილიას დანახვაზე მან ყვირილი დაიწყო, ილია ჭიშკრისკენ წავიდა და ლეილაც უკან გაჰყვა. უცებ თოფის ორჯერ გასროლის ხმა გავიგონე და ილია ძირს დაეცა, ის კაცი კი ღობიდან გადახტა და გაიქცა. გასროლის ხმაზე ეზოში ილიას მეზობლები შემოცვივდნენ და მათი დახმარებით წავიყვანეთ დაჭრილი საავადმყოფოში. ჩემთვის დანაშაულის მიზეზი და დამნაშავის ვინაობა მოგვიანებით გახდა ცნობილი.”
ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების შედეგად, დანაშაულში ეჭვმიტანილი ნოდარ გ-შვილი ცხელ კვალზე, რამდენიმე საათში დააკავეს. გამოძიებამ შემთხვევის ადგილზე აღმოაჩინა თოფი და ცალი ფეხსაცმელი, რომელიც ნოდარ გ-შვილს გაქცევისას დარჩა შემთხვევის ადგილზე. დაკავებულ ნოდარ გ-შვილს ჩადენილი დანაშაულის უარყოფა არც უცდია, მან აღიარა ჩადენილი დანაშაული და თავისი ქმედება აფექტურ მდგომარეობაში ყოფნით ახსნა, რაც არ დადასტურდა. გამოძიების მასალებით, ნოდარ გ-შვილი ილია ქ-ძეს ინციდენტიდან რამდენიმე საათის შემდეგ მიადგა სახლში, თუმცა, მოწმეთა განცხადებით, ის მთელი დღე იმუქრებოდა ყოფილი პარტნიორის მოკვლით. გამოძიებით ისიც დადგინდა, რომ, სწორედ ამ მიზნით გაემგზავრა ის აგარაკზე, სადაც მისი მშობლები ცხოვრობდნენ და სადაც ის ინახავდა სანადირო აღჭურვილობას, მათ შორის – თოფს. ასევე, გაირკვა, რომ მან ინციდენტის დღეს სპეციალურად გაიარა 120 კილომეტრი სანადირო თოფის ჩამოსატანად, რომელიც შემდეგ, ნასვამ მდგომარეობაში მყოფს, შემთხვევის ადგილზე დარჩა. ნოდარ გ-შვილის მეუღლის მიმართ მკვლელობის წაქეზების ბრალდებით სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის დაკისრებას მოითხოვდა დაზარალებული მხარე, თუმცა, სასამართლომ არ გაიზიარა დაზარალებული მხარის ადვოკატის მოთხოვნა, განსასჯელი ნოდარ გ-შვილი კი დამნაშავედ ცნო ჩადენილ დანაშაულში და მას 7 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.