მაფიის შვილობილი
გაგრძელება. დასაწყისი
იხ. „თბილისელები“ N28-38(717)
„ჩემი ვაჟკაცი, საცოდავი მამა, – იმეორებდა მერაბი და თვალებიდან ღაპაღუპით ჩამოსდიოდა ცრემლები, – ტანჯვაში, უპატრონოდ, ცხრა მთას იქით ამოხდა სული და ძაღლივით დამარხეს. მანძულიას ნაშიერო, თუ ცხოვრობ ამქვეყნად, შენც იმ დამპალი თესლიდან ხარ აღმოცენებული, როგორც შენი მშობელი და მიფრთხილდი! კაცი ხარ თუ ქალი, სადაც არ უნდა იყო, მოგძებნი და ისე ამოგხდი სულს, როგორც ეს მამაშენმა გაუკეთა მამაჩემს. არ დაგინდობ და, ისეთ დღეში ჩაგაგდებ, რომ სიკვდილი მოგენატრება“.
მერაბ გამრეკელი ამ მონოლოგს დაუსრულებლად იმეორებდა, თან დიდი სისწრაფით მიაქროლებდა „ვოლგას“. ავტოინსპექტორები ნომრით ცნობდნენ თავიანთ კოლეგას და, სიჩქარის გადაჭარბების მიუხედავად, მის გაჩერებას არც ცდილობდნენ. გორს რომ უახლოვდებოდა, ერთ-ერთი სოფლის გადასახვევიდან, მოულოდნელად გამოვარდა ველოსიპედზე მჯდარი ბავშვი. ბავშვამდე ორმოცდაათიოდე მეტრი იყო დარჩენილი. საათში ას ოცი კილომეტრით მოძრავ „ვოლგას“ სულ რაღაც წამ-ნახევარი სჭირდებოდა ამ მანძილის გასავლელად და ბიჭის გასატანად. მერაბისგან ხელმარცხნივ, შემხვედრი მიმართულებით, ტანკების კოლონა მოემართებოდა – ისინი სასწავლო პოლიგონიდან ბრუნდებოდნენ თავიანთ ნაწილში. პირველ ტანკამდეც ორმოცდაათი მეტრი აშორებდა „ვოლგას“ და, მერაბს მკვეთრად მარცხნივ რომ შეეტრიალებინა საჭე, შუა ტრასაზე გამოვარდნილ ველოსიპედისტ ბავშვს ასცდებოდა, მაგრამ, ტანკს შეასკდებოდა და ისე გაბრტყელდებოდა, როგორც მატარებელგადავლილი ხუთკაპიკიანი. დრო არ ითმენდა. გადაწყვეტილება წამის მეასედში იყო მისაღები. ან სხვა უნდა მოეკლა მერაბს, ან თვითონ უნდა მომკვდარიყო. მაიორმა მეორე ვარიანტი აირჩია: მარცხნივ აიღო საჭე და ორივე ხელი მაგრად ჩასჭიდა, რომ არ გაჰქცეოდა. „ვოლგამ“ მოხდენილი მანევრი გააკეთა, მანქანა ბავშვს ასცდა, შემდეგ ოდნავ მარჯვნივ გადაუხვია, გასწორდა და ტანკების კოლონას დიდი სისწრაფით, მილიმეტრებში ჩაუქროლა. მერაბმა სიჩქარე დააგდო და ერთი კილომეტრი ისე გაიარა. მერე „ვოლგა“ გზის პირზე გააჩერა, თავი ხელებში ჩარგო და სიმწრისგან ატირდა... „მამა, მამა, ჩემო ვაჟკაცო მამა...“ – იმეორებდა მილიციის გმირი მაიორი და ნერვებს ვერ იოკებდა. მერაბი ასეთ მდგომარეობაში დაახლოებით ოცი წუთის განმავლობაში იმყოფებოდა. შემდეგ დამშვიდდა. სახეზე წყალი შეისხა. სული მოითქვა და გზა განაგრძო.
საღამოს 9 საათი სრულდებოდა, გაგრაში რომ შევიდა. ის თამარის ოფიციალური საქმრო იყო და თავისუფლად შეეძლო, ანჩაბაძეების სახლში დარჩენილიყო, თანაც, თამარიც ძალიან ენატრებოდა. მიუხედავად ამისა, პირველად მამობილს სცა პატივი და ძია ასთამურის სახლისკენ გაემართა.
– ხომ გითხარი, ძია ასთამურ, ჯერ აქ მოვა-მეთქი. წააგე სანაძლეო და მერაბი დღეს ჩვენთან დარჩება, – უთხრა თამარმა გოლიათ მეტყევეს, როდესაც მერაბი სახლში შევიდა. საცოლე მაიორს კისერზე ჩამოეკიდა.
– მართალი ხარ, წავაგე, – ხალისიანად მიუგო ასთამურმა თამარს, – მაგრამ, ჯერ იყავით, მომენატრა მერაბი, თანაც, მინდა, ერთად ვივახშმოთ.
თერთმეტს გადაცილებული იყო, როდესაც მერაბი და თამარი ასთამურისგან წამოვიდნენ.
– მოდი, სოჩაში წავიდეთ, – შესთავაზა თამარმა მერაბს.
– ჯერ სახლში მივიდეთ და ქალბატონი მართა გავაფრთხილოთ, – მიუგო მერაბმა.
– დედა წინასწარ გავფრთხილე. ასე მითხრა, – თუ გინდათ, დილამდე ისეირნეთ, მაგრამ მერაბი დალილი იქნება და დროზე მოიყვანე სახლშიო. დაღლილი ხარ?
– ძალიან მომენატრე, – მიუგო მერაბმა თამარს და „ვოლგა“ სოჭისკენ გააქროლა.
თამარი უჩვეულოდ თამამად იქცეოდა: მერაბს ეხუტებოდა და წელზე ხელს ხვევდა. მიუხედავად ამისა, მაიორს გონებაშიც არ გაუვლია, მიღებული ტრადიციის ზღვარს გასცდენოდა და კოცნაც კი არ უცდია; მეტიც, ჯერ ღამის ორი საათიც არ იყო, რომ თამართან ერთად გაგრაში დაბრუნდა, რამაც გოგონა გაანაწყენა კიდეც.
– მერაბ, შვილო, როგორ ხარ? – გადაეხვია მართა სასიძოს და სახლში შეიყვანა. თამარის გაბუტულ სახეს რომ შეხედა, გაეცინა და მერაბს უთხრა:
– ასე მითხრა, სოჩაში მთელი ღამე ვისეირნებთო და, ასე ადრე რომ მოიყვანე, ალბათ, იმიტომაა გაბუტული, ხომ?
მერაბმა სასიდედროს ღიმილით, უხმოდ დაუქნია თავი.
– დავიღალე და დავწვები, – გამოაცხადა თამარმა და საძინებლისკენ გაემართა.
მერაბს გაეღიმა. გაეღიმა მართასაც და ქალიშვილს მიაძახა:
– ღამე მშვიდობისა, თამარ, ტკბილ ძილს გისურვებ!
თამარი უხმოდ შევიდა საძინებელში, მართამ კი მერაბს უთხრა:
– ვახშამი გაწყობილი მაქვს. წამოდი, სამზარეულოში გავიდეთ. ერთი ბოთლი წითელი ღვინო მაქვს და ცოტას მეც დავლევ.
სასიძო და სასიდედრო მაგიდას მიუსხდნენ და ვახშამსა და ღვინის სმას შეუდგნენ.
– თამადა მე ვიქნები, – თქვა მართამ, ღვინით სავსე ჭიქა ასწია და მერაბი ადღეგრძელა: – გაგიმარჯოს, შვილო, გაიხარე! შენი თავი ღმერთმა გამოგვიგზავნა...
სამზარეულოში მოღიმარი თამარი შემოვიდა. მერაბის გვერდით მოკალათდა და თქვა:
– უჩემოდ ქეიფობთ?
– გელოდებოდით. ვიცოდი, რომ მოხვიდოდი. ერთი ჭიქა წითელი ღვინო მოგიხდება. მერაბი ადღეგრძელე და დალიე, – უთხრა მართამ თავის ქალიშვილს და ღვინით სავსე ჭიქა მიაწოდა.
თამარმა საქმრო ადღეგრძელა, ღვინო დალია და მერაბს ისეთი ალერსიანი მზერა მიაპყრო, რომ მაიორი უხერხულობისგან წამოწითლდა.
გვიანი ვახშამი რომ დაასრულეს, დილის ოთხი საათი სრულდებოდა. მართამ სასიძოს ლოგინი გაუშალა. დედა-შვილმა მას ძილი ნებისა უსურვა და დასაძინებლად გავიდნენ. დაწვა მერაბიც, მაგრამ, კარგა ხანს არ დაეძინა. ის კვლავ რობერტ მანძულიაზე ფიქრობდა და შურისძიების სურვილი კლავდა. შემდეგ დამშვიდდა და ჩაეძინა.
მეორე დილით მართამ გაშლილი სუფრა დაახვედრა ახალგაღვიძებულ მერაბსა და თამარს. სამივემ ერთად ისაუზმა, შემდეგ კი დანიშნულებმა ზღვისპირას გაისეირნეს. სახლში რომ დაბრუნდნენ, ასთამური დახვდათ. ისადილეს და ოთხივე სოხუმში გაემგზავრა სპექტაკლზე დასასწრებად.
„რომეო და ჯულიეტას“ პრემიერამ ანშლაგით ჩაიარა, დიდი წარმატებით დასრულდა და დარბაში შეკრებილი ხალხი ნახევარი საათის განმავლობაში უკრავდა ტაშს. გაგრაში რომ დაბრუნდნენ, ჯერ ასთამური მიიყვანეს სახლში, შემდეგ შინისკენ გაემართნენ და უკანა სავარძელზე მოკალათებულმა თამარმა თქვა:
– რა მშვენიერი ამინდია. სოჩაში ხომ არ გავისეირნოთ?
– დაგავიწყდა, შვილო, რომ მერაბი ქუთაისში მიემგზავრება? სანამ ჩვენ წავალთ-წამოვალთ, გათენდება კიდეც და ცოდოა, დაისვენოს, – უთხრა მართამ ქალიშვილს.
მერაბს ხმა არ ამოუღია. ამის გამო თამარი გაიბუტა, მაგრამ მართამ უთხრა:
– ნუ მიწყენ, შვილო, მაგრამ, რომ არ გითხრა, არ შეიძლება. ამ ბოლო დროს ძალიან შეგეცვალა ხასიათი და ჭირვეულობ. ასე არ შეიძლება. ნუ გავიწყდება, რომ მილიციელის ცოლი უნდა გახდე და ბევრი რამის მოთმენა მოგიწევს. ისე ვერ იცხოვრებ, როგორც ჩვეულებრივი ადამიანების ცოლები ცხოვრობენ. ყოველთვის იქ ვერ წახვალ და იმას ვერ გააკეთებ, რაც შენ მოგინდება. მერაბი ხალხის უსაფრთხოებას ემსახურება. მტკიცე ზურგი სჭირდება და ეს როლი შენ უნდა შეასრულო. ექიმი იყო ცხონებული მამაშენი, მაგრამ, მერაბივით, ისიც ხალხს ემსახურებოდა და, შენსავით რომ კაპრიზობა დამეწყო, რა გამოვიდოდა?
– მამაჩემის ბედი ღმერთმა აშოროს მერაბს, – თქვა გაბუტულმა თამარმა. მართას კი გაეღიმა და დაამატა:
– თუმცა, თავიდან მეც ვბრაზობდი ხოლმე. ერთხელ ისე გავმწარდი, რომ ჩემს ოთახში ჩავიკეტე, ავტირდი და არავის ვიკარებდი.
– რატომ? ეგ ამბავი რომ არ ვიცი? – გამოცოცხლდა თამარი.
მართას გაეღიმა და თქვა:
– ახალდაქორწინებულები ვიყავით. მამაშენმა შვებულება აიღო და მოსკოვში ვაპირებდით გამგზავრებას. თვითმფრინავის ბილეთებიც უკვე ჯიბეში გვედო და ჭკუაზე არ ვიყავი სიხარულისგან. გამგზავრების წინა დღეს მამაშენი სასწრაფოდ გამოიძახეს სამსახურში. უკან რომ დაბრუნდა, მითხრა:
– მართა, ძვირფასო, სასწრაფოდ სვანეთში უნდა გავფრინდე. ვერტმფრენი მელოდება და ორი წუთით შემოვირბინე სახლში, რათა ეს შენთვის მეთქვა, რომ არ გენერვიულა. ერთი იქაური დათვმა დატორა და სასწრაფო ოპერაცია აქვს გასაკეთებელი.
– მერე, მოსკოვი? – ამოვილუღლუღე მე.
– მოსკოვში ხომ ხვალ საღამოს მივფრინავთ. ხვალ დილით დავბრუნდები, – მომიგო მან, მაკოცა და წავიდა.
მამაშენი ერთი კვირის შემდეგ დაბრუნდა. თან, ის დათვის დატორილი სვანი ჩამოიყვანა და სოხუმის საავადმყოფოში დააწვინა. თურმე, ძლივს გამოჰგლიჯა ის კაცი სიკვდილს. იქ კი იმიტომ დარჩა, რომ იმ მაღალმთიან სოფელში ექთანიც კი არ ჰყავდათ და ვერავინ მოუვლიდა. ნაოპერაციები ავადმყოფის გადმოფრენა კი არ შეიძლებოდა. ღამეებს თვითონ უთევდა, საწოლიდან არ შორდებოდა და გადაარჩინა.
– რომ დაბრუნდა, რა გითხრა? – ჰკითხა თამარმა.
– თავზე ხელი გადამისვა, მაკოცა და მომიბოდიშა.
– მაშინვე შეურიგდი?
– არც არასდროს გავბუტულვარ. ძალიან მიყვარდა, თანაც, კეთილ საქმეს ემსახურებოდა. საკმარისი იყო, ის დამენახა, მისი ხმა გამეგონა, ან შემხებოდა, რომ სიმშვიდით ვივსებოდი.
– მოსკოვში გაემგზავრეთ? – დაინტერესდა მერაბი.
– ცოტა მოგვიანებით გავემგზავრეთ და კარგი დროც გავატარეთ. ბედნიერი, ძალიან ბედნიერი ვიყავი, – ნაღვლიანად თქვა მართამ, შემდეგ გაიღიმა და დაამატა: – ახლაც ბედნიერი ვარ. თქვენ რომ გიყურებთ, გული სიხარულით მევსება და ძალები მემატება.
სახლში შუაღამისას დაბრუნდნენ, მსუბუქად ივახშმეს და დასაძინებლად დაწვნენ. დილის ხუთის ნახევარი იყო, მერაბს რომ გაეღვიძა. ადგა და ჩაიცვა. შემდეგ ფრთხილად გამოვიდა ოთახიდან, რომ მართა და თამარი არ გაეღვიძებინა. თუმცა, მართა უკვე ფეხზე იყო, თანაც საუზმეც გამზადებული ჰქონდა და მერაბი მაგიდასთან მიიპატიჟა:
– მოდი, შვილო, ისაუზმე და ისე წადი.
მერაბს არ შიოდა, მაგრამ, სასიდედროს ხათრი არ გაუტეხა და ისაუზმა. შემდეგ ეზოში ჩავიდა. მართამ მანქანამდე მიაცილა. ამ დროს ხალათში გამოწყობილი თამარი გამოჩნდა და საქმროს უთხრა:
– გამოუმშვიდობებლად მიდიოდი?
– შენი გაღვიძება არ მინდოდა, – მიუგო მერაბმა, – დაიძინე. საღამოს ჩამოვალ და სოჩაში გავისეირნოთ. ნახვამდის, წავედი.
მაიორი მერაბ გამრეკელი ქუთაისის თეატრთან რომ მივიდა, პოდპოლკოვნიკი ნოდარ შავიძე უკვე იქ ელოდებოდა.
– დილა მშვიდობისა, ნოდარ. დიდი ხანია, მელოდები? – ჰკითხა მერაბმა შავიძეს.
– გაგიმარჯოს. ათი წუთიც არაა, – მიუგო შავიძემ, – დაიძარი და უკან გამოგყვები.
მერაბი და ნოდარი ათ წუთში მივიდნენ დანიშნულების ადგილზე. ქუთაისის მილიციის სამმართველოს თანამშრომლები წინასწარ იყვნენ გაფრთხილებულები და ახალ უფროსს ეზოში დახვდნენ ჩამწკრივებულები. მაიორმა და პოდპოლკოვნიკმა გვერდიგვერდ გააჩერეს „ვოლგები“, მანქანებიდან ერთდროულად გადმოვიდნენ და შენობის შესასვლელისკენ გაემართნენ. მილიციელებმა მხედრული სალამი მისცეს ახალმოსულებს, მერაბმა და ნოდარმაც სალმითვე უპასუხეს. გამრეკელი წამით შეყოვნდა და მილიციელებს უთხრა:
– ზუსტად ორმოცდახუთ წუთში მილიციის უფროსის კაბინეტში გელოდებით განყოფილების უფროსებსა და მათ მოადგილეებს. არ დაიგვიანოთ. ცხრა საათზე ვიწყებთ თათბირს.
მაიორი წინ წასულ შავიძეს კართან წამოეწია და ისინი ერთად შევიდნენ შენობაში. სამორიგეოსთან მათ ნოე ბუცხრიკიძე შემოხვდათ, რომელიც კიბეებზე აპირებდა ასვლას. მერაბმა ის გააჩერა და, ჯერ ხელი ჩამოართვა, შემდეგ კი უთხრა:
– გამარჯობა, ნოე, როგორ ხარ?
– გაგიმარჯოს, ბატონო მერაბ. ფიქრებში ვიყავი გართული და ვერ შეგამჩნიეთ. როგორ ბრძანდებით?
– არა მიშავს, – მიუგო მერაბმა. შემდეგ ნოდარ შავიძეზე მიუთითა, რომელიც ყურადღებით ათვალიერებდა ნოეს და უთხრა: – გაიცანი. ეს ნოდარ შავიძეა, თქვენი ახალი უფროსი.
ნოე მხედრულად გამოეჯგიმა პოდპოლკოვნიკს. სალმითვე უპასუხა ნოდარმაც. შემდეგ ხელი ჩამოართვა და უთხრა:
– მერაბმა ძალიან გაქოთ. იმედია, მომავალშიც ასე გააგრძელებთ.
– დიახ, ამხანაგო პოდპოლკოვნიკო! ძალებს არ დავზოგავთ, რომ ჩვენი მოვალეობა პირნათლად შევასრულოთ.
– ლეიტენანტო, ცხრა საათზე ჩემს კაბინეტში გელოდებით თათბირზე.
– ამხანაგო პოდპოლკოვნიკო, არ შეიძლება, რომ თათბირს არ დავესწრო და მოგვიანებით გამოვცხადდე?
– რატომ, მოხდა რამე?
– ოპერაციას ვატარებთ, უნდა გავიდე და ცხრისთვის უკან დაბრუნებას ვერ მოვასწრებ. ბიჭები უკვე ადგილზე არიან. ჩასაფრება მოვაწყვეთ და მე მელოდებიან.
– კაბინეტში ავიდეთ და მომახსენეთ, რა ხდება, – უთხრა შავიძემ ნოეს, მერაბი წინ გაატარა, რომ გზა ეჩვენებინა და ბუცხრიკიძესთან ერთად უკან გაჰყვა მაიორს.
მისაღებში რომ შევიდნენ, მათ ტუტრუცანა შეეგება და შავიძეს უთხრა:
– რაფრა იქნება, უფროსო, ჩემი საქმე, მიშობთ და ახალი სეკრეტარშა მოგყავთ თუ დავრჩე პოსტზე?
ტუტრუცანას სტატუსის შესახებ შავიძეც ინფორმირებული იყო და გულში გაეცინა, ტუტრუცანას კი კოპებშეკრულმა უთხრა:
– თქვენი მოვალეობა შეასრულეთ და როცა დამჭირდებით, გიხმობთ.
– აბა, ნოე, თქვი, რა ხდება, – უთხრა შავიძემ ბუცხრიკიძეს, როდესაც კაბინეტში შევიდნენ.
ლეიტენანტმა გამრეკელს შეხედა და თქვა:
– ბატონო მერაბ, 5 სექტემბერს, თქვენ რომ თბილისში გაემგზავრეთ, მეც სახლში წავედი. ძალიან დაღლილი ვიყავი და მეძინებოდა. ღამის პირველ საათზე დედაჩემმა გამაღვიძა და მითხრა, ნონა მიხელაშვილს შენთან სასწრაფო საქმე აქვსო. ნონა „ბენო ურიას“, იგივე ბენიამინ ხუხაშვილის მეუღლეა. ხუხაშვილი აფთიაქარია, მთელი ქუთაისი იცნობს და ჭომაზე ცხოვრობენ. ნონამ მომიყვა, რომ წინა დღით მისი შვილი, მიხეილი გაუტაცებიათ. იმავე ღამეს კი ოთხი კაცი ბენო ურიას აფთიაქში მისულა და უთქვამთ, რომ, თუ ის 8 სექტემბერს, ანუ დღეს, დილის 10 საათზე, მათ ნახევარ მილიონ მანეთს არ მისცემს, მის შვილს მოკლავენ. ბოროტმოქმედებს უთქვამთ, ჩვენ თვითონ მოვალთ დათქმულ დროს და ფული გაამზადე. თუ მოგვატყუებ ან მილიციაში განაცხადებ, შენი შვილის თავს „პასილკით“ გამოგიგზავნითო. აფთიაქარს ცოლისთვის აუკრძალავს ჩვენთან მოსვლა, ნონა კი ჩემთან მოვიდა და დახმარება მთხოვა. ის დედაჩემს იცნობს და, გაუგია, რომ დამაწინაურეს. მე იმავე ღამეს შევხვდი ბენო ურიას და ოქმის გარეშე დავკითხე. თავიდან ის ყველაფერს უარყოფდა და კინაღამ თავისი ცოლი მოკლა, შემდეგ კი ყველაფერში გამომიტყდა და მითხრა, ფულის ნაწილი უკვე ვისესხე, ნაწილსაც მომიტანენო. ბენოსთან ლაპარაკს რომ მოვრჩი, დავემუქრე: თუ ცოლს ხელით შეეხები ან ბოროტმოქმედებს შეატყობინებ, რომ მილიცია ყველაფრის საქმის კურსშია, იცოდე, ციხეში ამოგალპობ-მეთქი.
– ჩემი და ჩემი ოჯახის მტერი ხომ არ ვარ, დეგენაცვლე, – მითხრა ბენომ, – კარგი იყო, რომ ეს ამბავი თქვენს ყურამდე არ მოსულიყო, მაგრამ, რადგან ყველაფერი იცით, ისე მოვიქცევი, როგორც მეტყვით.
ერთი სიტყვით, ამხანაგო პოდპოლკოვნიკო, ბენო ურიამ ერთ-ერთი ბოროტმოქმედი იცნო და დანარჩენებიც დაწვრილებით ამიწერა. სამნი ქუთაისელები არიან: ბიძაშვილები – ვალიკო და ვარლამ შენგელიები და ნუგზარ ბებია; ერთი კი – სამტრედიელია, ვინმე უშანგი პატარაია.
– ესე იგი, პატარაია, ხომ? – გაიმეორა შავიძემ, მერაბს გადახედა და ნოეს ჰკითხა: – ბოროტმოქმედების ვინაობა როგორ დაადგინე?
– სამტრედიაში გამომძიებლად ვმუშაობდი და ერთ-ერთი საქმის ძიებისას იმ პატარაიას მეზობელს, ინფორმაციის სანაცვლოდ, ციხე ავაცილე. ბევრი არაფერი ჰქონდა დაშავებული და, რომ იტყვიან, „დავავერბოვკე“. პირველად სწორედ მისგან შევიტყვე უშანგი პატარაიას შესახებ. მაშინ ის ციხეში იჯდა, ახლა ერთი თვის გამოსულია. ჰოდა, ის ჩემი „დავერბოვკებული“ მოვძებნე და სწორედ მან მითხრა დანარჩენი ბოროტმოქმედების ვინაობაც. ის ბიჭი ნუგზარ ბებიას იცნობს და, შენგელიებთან ერთად, ორჯერ სამტრედიაში ჩასულა ციხიდან ახალგამოსულ პატარაიასთან. იმ ბიჭისა და ბენო ურიას აღწერილობები ერთმანეთს ერთი-ერთში ემთხვევა და შენგელიებზე ამ გზით გავედით. სამივე ქუთაისელი მეთვალყურეობის ქვეშაა. უშანგი პატარაია კი არ ჩანს და ამიტომ არ ავიყვანეთ ქუთაისელები. ჩემი ვარაუდით, ოთხივე ერთად მივა დღეს აფთიაქართან და ბანდიტებს ჭომაზე დავაპატიმრებთ.
– პრინციპში, სწორი გადაწყვეტილებაა, – უფრო თავისთვის ჩაილაპარაკა ჩაფიქრებულმა შავიძემ და თქვა: – პატარაია რომ ფულის ასაღებად თვითონ არ მოვიდეს, მაშინ?
– ესეც ნაფიქრი მაქვს, ამხანაგო პოდპოლკოვნიკო. ამ შემთხვვაში, დანარჩენ ბანდიტებს „კუდზე დავასხდებით” – ვფიქრობ, რომ ისინი პატარაიასთან მიგვიყვანენ და აყვანის ოპერაციას ადგილზე ჩავატარებთ.
– სხვა გზა არ არის, – თქვა ჩაფიქრებულმა შავიძემ, საათს დახედა და გამრეკელს უთხრა:
– ცხრას თხუთმეტი წუთი უკლია. ბანდიტებთან შეხვედრამდე საათი და თხუთმეტი წუთი რჩება. წავედით, მერაბ.
– წავედით, – მიუგო მაიორმა პოდპოლკოვნიკს.
– იარაღი გაქვს?
– მაქვს.
შავიძემ პისტოლეტი შეამოწმა და, რომ დარწმუნდა, წესრიგში იყო, წამოდგა და მერაბს უთხრა:
– როგორ გგონია, მოვა ჩუქჩა შეხვედრაზე?
– ძნელი სათქმელია. ჩვენ ყველაფრისთვის მზად უნდა ვიყოთ – ხომ იცი, რა ნაგლი და დაუნდობელია.
– მაგას რა დამავიწყებს. მოკლედ, წავედით. თათბირს მოგვიანებით ჩავატარებთ და მეც მოგვიანებით წარმადგენ.
ნოე ბუცხრიკიძე მშვიდად უსმენდა მერაბსა და ნოდარს და, მიხვდა, რომ ისინი კარგად იცნობდნენ სამტრედიელ ბანდიტ უშანგი პატარაიას, მეტსახელად „ჩუქჩას“ და გამრეკელს ჰკითხა:
– უშანგი პატარაია ადრე დაჭერილი გყავთ?
– ჰო, ცხრა წლის წინ მე და ნოდარმა ავიყვანეთ ნახალოვკაში. ძებნილი იყო და შეიარაღებული წინააღმდეგობა გაგვიწია. პოდპოლკოვნიკი მკლავშიც კი დაჭრა.
– ისტორიები – მერე. გავედით, – თქვა შავიძემ და კარისკენ გაემართა. მერაბმა თვალი ჩაუკრა ნოეს და ორივე ნოდარს გაჰყვა.
მისაღებში რომ გავიდნენ, პოდპოლკოვნიკმა ტუტრუცანას უთხრა:
– ყველანი გააფრთხილეთ, რომ თათბირი გადაიდო და მოგვიანებით ჩატარდება, რომ დავბრუნდები, მაშინ.
– სა მიხვალთ, უფროსო, საქეიფოდ? – ჰკითხა ტუტრუცანამ შავიძეს, რადგან, კუტუბიძის დროს მიჩვეული იყო ასეთი კითხვების დასმას და ინსტინქტურად წამოსცდა. რამდონია ხშირად დილიდანვე მიდიოდა ხოლმე საქეიფოდ.
შავიძემ უხმოდ შეუბღვირა მდივანს და გავიდა. ტუტრუცანამ კი ფანჯრიდან გადაიხედა და შავიძის „ვოლგით“ მიმავალ მილიციელებს რომ მოჰკრა თვალი, ჩაილაპარაკა: „მოვა ახლა თვრალი, მიხმობს და მეტყვის რამდონიასავით: რაფრა კარგი და ლამაზი ხარ, ჩემო გოგოო, არა, არა, ყველა კაცი ერთნაირია და ყველას ის უნდა შენგან“.
ჩუქჩას აყვანის ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა და ნოე ბუცხრიკიძის განყოფილების თანამშრომლებმა ერთი გასროლის გარეშე შეიპყრეს ოთხივე ბანდიტი. ჩუქჩა პირადად მალხაზ ჯიბუტმა აიყვანა. ხელბორკილები დაადო და პისტოლეტი აართვა. მალევე იპოვეს და გაათავისუფლეს აფთიაქარის შვილიც, რომელიც ერთ-ერთ სარდაფში ჰყავდათ გამომწყვდეული ბოროტმოქმედებს.
შუადღე ახალი დამდგარი იყო, როდესაც ოპერაციის მონაწილეები მილიციის სამმართველოში დაბრუნდნენ და ბანდიტები მოიყვანეს. შავიძემ ნოეს ხელქვეითები ეზოში, პლაცზე დაამწკრივა და თითოეულ მათგანს პირადად გადაუხადა მადლობა, ბუცხრიკიძეს კი უთხრა:
– ცალ-ცალკე საკნებში გამოამწყვდიეთ. აზრზე მოვიდნენ და მოგვიანებით ჩავატაროთ საგამოძიებო მოქმედება. თხუთმეტ წუთში კი თათბირზე გელოდები.
მერაბს შავიძის წარსადგენად თხუთმეტი წუთი დასჭირდა. შემდეგ, მილიციის ახალი უფროსის ნებართვით, ნოე წაიყვანა და ძმები ბეშქენაძეების სათითაოდ ამოყვანა დაავალა. ჯერ უფროს ძმას ელაპარაკნენ, შემდეგ – უმცროსს. თავდაპირველად ჯიმშერს ისტერიკა დაემართა, როდესაც გაიგო, როგორ გააცურა ის გამრეკელმა, ბოლოს კი დამშვიდდა და მერაბს უთხრა:
– რაც იყო იყო, ბოლო-ბოლო, თქვენი საქმე გააკეთეთ, მაგრამ, პირობას მაინც ნუ დააღრვევთ და ბოლომდე ნუ გამაბოზებთ.
– მე ასე არ ვფიქრობ. თქვენ, უბრალოდ, ჩემს ფანდზე წამოეგეთ და ნებაყოფლობით არავინ დაგიბეზღებიათ, თუმცა, დაურ ბუთბა ნამდვილად იმსახურებს ამას, – უთხრა მერაბმა ჯიმშერ ბეშქენაძეს და დაამატა: – რაც შეეხება პირობასა და შეთანხმებას, ჩვენ მას არასდროს დავარღვევთ, თუ, რა თქმა უნდა, თქვენ არ დაარღვიეთ ის. შეგიძლიათ, წახვიდეთ, მაგრამ, ძველი ცხოვრება სამუდამოდ დაივიწყეთ და პატიოსან გზას დაადექით. პირობით სასჯელს მიიღებთ და ამით დავუსვათ წერტილი თქვენს ცუდ ცხოვრებას.
– როდის გამიშვებთ?
– ახლავე.
– ჯემალს რა მოელის?
– ჯემალი ციხეში ჩაჯდება, მაგრამ, მასაც მინიმალურს მისცემენ, – თქვა გამრეკელმა და დაამატა: – კიდევ ერთი, ჯიმშერ: აქედან რომ გახვალთ, ყურადღებით იყავით. გამორიცხული არ არის, რომ დაურ ბუთბამ თქვენთან კონტაქტი სცადოს. გახსოვდეთ, ის ძალიან საშიში, ვერაგი ბოროტმოქმედია და არავის დაგინდობთ. კარგი იქნება, თუ სამი-ოთხი კვირით სადმე წახვალთ, ასე ვთქვათ, „ფსკერზე დაწვებით“.
– მერე, ჯემალი? მას ხომ პატრონობა უნდა?
– ჯემალს ციხემდე არავინ განახვებთ და ეს არცაა საჭირო. მას ჩვენ ავუხსნით ყველაფერს. თქვენ კი ჩემი რჩევა გაითვალისწინეთ. შევთანხმდით?
– შევთანხმდით, – მიუგო ჯიმშერ ბეშქენაძემ გამრეკელს და დაამატა: – ზემო იმერეთში ავალ, იქ ჩემი შორეული ნათესავი ცხოვრობს და მასთან გავჩერდები.
ჯიმშერ ბეშქენაძის გათავისუფლების პროცედურა ნახევარ საათში დასრულდა. მერაბმა და ნოემ მას ხელი ჩამოართვეს, წარმატება უსურვეს და გაუშვეს. ამასობაში 3 საათი შესრულდა. მერაბმა სიგარეტი გააბოლა და ნოეს უთხრა:
– გილოცავ, ძმაო! სულ რაღაც ოთხი დღის დანიშნული ხარ და უკვე წარმატებას მიაღწიე. ბედი გწყალობს.
– გმადლობთ, ბატონო მერაბ. თქვენ რომ არა, ახლაც უმუშევარი ვიქნებოდი.
– მაგრამ, შენ რომ არა, ქუთაისში დღესაც რამდონია იბოგინებდა და უარესი ბარდაგი იქნებოდა, – მიუგო მერაბმა და საათს დახედა: – დიდი დრო გასულა. უნდა გავემგზავრო. გაგრაში ვიქნები, ამ ტელეფონზე (მაიორმა ბუცხრიკიძეს ანჩაბაძეების ბინის ტელეფონი დაუტოვა) და, თუ რამე საგანგებო მოხდა ან დაგჭირდი, დამირეკე. 14 სექტემბერს კი თბილისში, საღამოს 8 საათზე, რესტორან „არაგვში“ მოდი ჩემს ქორწილში. ცოლი მომყავს და დაპატიჟებული ხარ.
– მე, ბატონო მერაბ? უხერხულია... – დაიბნა ნოე ბუცხრიკიძე.
– ლეიტენანტო, წინააღმდეგობა არ გაბედო, იცოდე. ეს ბრძანებაა და უსიტყვოდ უნდა შეასრულო, – ხუმრობით დაუქნია თითი მერაბმა ნოეს და დაამატა: – ცოლი ან საცოლე არ გყავს?
– საცოლე მყავს. სულ მალე დაქორწინებას ვაპირებთ.
– რა ჰქვია?
– თამარი.
– ჩემს საცოლესაც თამარი ჰქვია. ჰოდა, შენ და თამარს გელოდებით ჩემს ქორწილში. ნოდარ შავიძე უკვე გაფრთხილებული მყავს და ერთად ჩამოხვალთ, ის წამოგიყვანთ. ახლა კი ჩემს თამართან წავედი. ნახვამდის, – უთხრა მერაბმა ნოეს, გადაეხვია და გაგრაში გაემგზავრა.
მერაბისა და თამარის ქორწილამდე მნიშვნელოვანი არაფერი მომხდარა. ამიტომ, მაიორმა ეს დრო სულ თამარს მიუძღვნა და დანიშნულები შავიზღვისპირეთში მოგზაურობდნენ მერაბის „ვოლგით“. ქორწილებმაც ბრწყინვალედ ჩაიარა – ორი დღე გადაბმულად იქეიფეს და სუფრებს გენერალი კოტე თავართქილაძე თამადობდა. მოადგილეობას კი მას სოხუმის თეატრის მთავარი რეჟისორი უწევდა. 18 სექტემბერს ორივე ახალდაქორწინებული წყვილი აფხაზეთში დაბრუნდა. ლია და მერაბ მხეიძე სოხუმში დასახლდნენ, ლიას მამიდის ბინაში, თამარი და მერაბ გამრეკელი კი გაგრაში დარჩნენ და თაფლობის თვე ანჩაბაძეების სახლში გაატარეს. მართა, ხელი რომ არ შეეშალა ცოლ-ქმრისთვის, დროებით ასთამურ შამბასთან გადავიდა საცხოვრებლად. თუმცა, გოლიათ მეტყევესთან ერთად თითქმის ყოველდღე აკითხავდა სიძესა და ქალიშვილს.
– ძალიან ბედნიერი ვარ, მერაბ. უზომოდ მიყვარხარ, – უმეორებდა ხოლმე თამარი მერაბს და ეხუტებოდა.
მაიორის შვებულება დასასრულს უახლოვდებოდა. 29 სექტემბერს წყვილი თბილისში გამგზავრებას გეგმავდა, რადგან, პირველ ოქტომბერს სამსახურში უნდა გასულიყო.
– მიყვარხარ, მერაბ, ძალიან მიყვარხარ, – უთხრა ახალგამოღვიძებულმა თამარმა ქმარს, როდესაც მერაბმა მას ლოგინში ყავა მიუტანა. შემდეგ კედლის კალენდარს შეხედა და ნაღვლიანად დაამატა, – რა მალე გადის დრო, ზეგ უკვე მივემგზავრებით.
– ისევ ჩამოვალთ. ყავა დალიე, თორემ, გაცივდება, – ალერსიანად მიუგო მერაბმა თამარს, გააბოლა და დაამატა: – დღეს შენთვის სიურპრიზი მაქვს.
– რა სიურპრიზი? – გახალისდა თამარი.
მაიორმა მეუღლეს ბილეთები აუფრიალა და უთხრა:
– აი, ეს სიურპრიზი.
– ეს რა არის?
– ბილეთები.
– რა ბილეთები? თქვი, მერაბ. ნუ მაწვალებ.
– ამ საღამოს ლენინგრადში მივფრინავთ, ორ ღამეს საუკეთესო სასტუმროში გავატარებთ და იქიდან პირდაპირ თბილისში ჩავფრინდებით. ჩვენს „ვოლგას“ კი ჩემი მოადგილე, კოტე სოხაძე წაიყვანს, რომელიც ხვალ ჩამოვა აქ. ასე რომ, მოემზადე, ძვირფასო, ხუთი საათისთვის ადლერის აეროპორტში უნდა ვიყოთ, ექვსზე კი მივფრინავთ.
– მერაბ, საყვარელო! – წამოიძახა გახარებულმა თამარმა და ქმარს კისერზე ჩამოეკიდა.
ამ დროს ქუჩიდან გულბათ მარგიანმა დაიძახა. მერაბმა ის სახლში შემოიპატიჟა, მისაღებში შეეგება და ჰკითხა:
– ხომ მშვიდობაა, გულბათ?
– „ჩეპეა“, მერაბ. ათი წუთის წინ სამსახურში მივედი და სოხუმიდან დარეკეს. რკინიგზის სამხრეთ გადასარბენთან რომ სახლებია, ერთ-ერთ მათგანში სამი გვამია აღმოჩენილი.
– ვისი გვამებია?
– ერთი დაურ ბუთბას ცოლია, დანარჩენი ორი კი – არ ვიცი, მორიგემ თქმა ვერ მოასწრო, კავშირი გაწყდა. მე იქ მივდივარ და, შენც ხომ არ წამოხვალ? არ შეგაწუხებდი, მაგრამ, რადგან ბუთბას ცოლზეა ლაპარაკი, ვიფიქრე, მერაბს ვეტყვი-მეთქი.
– სწორადაც მოიქეცი. აქ იყავი, ხუთ წუთში მოვალ და წავიდეთ, – უთხრა მერაბმა გულბათს და საძინებელში შევიდა.
– რა მოხდა, საყვარელო? – იკითხა თამარმა.
– სოხუმში უნდა წავიდე, ძვირფასო. რაღაც მოხდა და მალე დავბრუნდები, შენ კი მოემზადე, – მერაბმა თამარს აკოცა. საათს დახედა და დაამატა, – ცხრის ნახევარია. მაქსიმუმ ორზე აქ ვიქნები. შენ კი დედას დაურეკე და უთხარი, რომ მივფრინავთ.
– კარგი, გელოდები, – უხალისოდ მიუგო თამარმა და მეუღლეს ნაღვლიანი მზერა გააყოლა.
გულბათი და მერაბი კაპიტნის „ვოლგაში“ ჩასხდნენ და მარგიანმა მანქანა ადგილიდან მოწყვიტა.
– მაინც, რა უნდა მომხდარიყო? – ჰკითხა მერაბმა გულბათს.
– წარმოდგენა არ მაქვს და მეც ძალიან მაინტერესებს, – მიუგო გულბათმა, – დაურ ბუთბას ცოლი ვის ან რატომ უნდა მოეკლა? ბევრი მტერი კი ჰყავს იმ კაციჭამიას, მაგრამ მისი შიშით მის ცოლს ვერავინ შეეხებოდა, ასეთი ადამიანი ნამდვილად არ მეგულება ამქვეყნად.
– თვითონ დაური ხომ არ მოკლავდა?
– დაური? – გაოცდა მარგიანი.
– ჰო, დაური.
– არა მგონია, მერაბ. ბანდიტია, მანიაკი ხომ არა. ცოლს რას ერჩოდა?
– ეჭვიანობის ნიადაგზე.
– გამორიცხულია. ჯერ ერთი, მისი ცოლი პატიოსანი ქალი იყო; თანაც, მასეც რომ არ ყოფილიყო, დაურის შიშით მის ცოლს ვინ მიეკარებოდა? არა, აქ რაღაც სხვა ამბავი უნდა იყოს.
– ბუთბას ცოლი იმ სახლში ცხოვრობდა?
– არა, – მიუგო გულბათმა, – სოხუმში ცხოვრობდა, მაგრამ, სხვაგან. უფრო სწორად, ბუთბების სახლში, დაურის ძმასთან, ლორიკთან ერთად. ლორიკი ხომ გახსოვს?
– კი. დურბინდით რომ დადის და ამბობს, დომარის მკვლელს ვეძებო.
– ჰო, სწორედ მაგასთან ერთად.
– ლორიკი ხომ არ იზამდა ამას?
– არა, რას ამბობ! არ მგონია.
– აბა, რა უნდა მომხდარიყო? მაშინ, გამოდის, რომ რაღაც შემთხვევითობასთან გვაქვს საქმე, – თქვა მერაბმა, – ისე კი ძალიან საეჭვოა ის ფაქტი, რომ ბუთბას ცოლი სხვაგან მოკლეს. თუ ბუთბებთან ცხოვრობდა, სხვაგან რა უნდოდა?
– მაგაში კი მართალი ხარ. აქაური წესებით, ქალი მარტო არსად მიდის ქმრის გარეშე, რომ არავინ იჭორაოს. მით უმეტეს, დაურის ცოლი არ იზამდა ამას.
– ერთი სიტყვით, მივალთ და გავიგებთ. ასე კი მარჩიელობა გამოგვდის, – თქვა მერაბმა და გაჩუმდა.
შემთხვევის ადგილს რომ მიუახლოვდნენ, მერაბმა და გულბათმა უამრავ მილიციელს მოჰკრეს თვალი, რომლებიც ჭიანჭველებივით ფუსფუსებდნენ. იქვე იდგა აფხაზეთის შინაგან საქმეთა მინისტრისა და სოხუმის მილიციის სამმართველოს უფროსის მანქანები. გულბათმა „ვოლგა“ მოშორებით გააჩერა და მილიციელები ფეხით გაემართნენ შემთხვევის ადგილისკენ. ერთ-ერთმა რიგითმა მარგიანი რომ დაინახა, გამოეჯგიმა. გულბათმა კი ჰკითხა:
– რა მოხდა, ვინ მოკლეს?
– დაურ ბუთბა, მისი ცოლი და ჯონდო სარია, ამხანაგო კაპიტანო! – მკვირცხლად მიუგო რიგითმა გულბათს.
მარგიანმა იფიქრა, მომეყურაო და რიგითს უთხრა:
– ბუთბა, მისი ცოლი და მესამე ვინ თქვი?
– ჯონდო სარია, უფროსო, – გაუმეორა რიგითმა.
– ვინ ჯონდო სარია?
– ექსპერტი რომ იყო, უფროსო, გეცოდინებოდათ იქნება. ხუმრობა იცოდა მაგან.
გაგრძელება შემდეგ ნომერში