კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

კაცობრიობის გადასარჩენად

გაგრძელება. დასაწყისი

იხ. „თბილისელები“ N29-38(717) 

***

მეორე დღეს, ზუსტად დათქმულ დროს ვლად რიმსკის ოფისთან გავაჩერე მანქანა. იარაღი სავარძლის ქვეშ კარგად დავმალე და ყოფილი სინაგოგის შენობაში შევედი. კართან რომა აკოინიკოვი დამხვდა. როგორც კი ცარიელი დარბაზი გადავჭერით, მომიბრუნდა და მკითხა:

– იარაღი გაქვს?

– რა თქმა უნდა – არა! – კატეგორიული ტონით ვიუარე.

– მაპატიე, მაგრამ უნდა გაგჩხრიკო! – მივხვდი, ეს ტურა ბოლომდე არ მენდობოდა. პიჯაკი გამისინჯა და რიმსკის კაბინეტში შემიძღვა, რომელიც საკმაოდ დიდი იყო იმისთვის, რომ მხოლოდ კაბინეტის ფუნქცია შეესრულებინა. დივანსა და სავარძლებზე რამდენიმე კაცი იჯდა. თავად „სახალხო ტაძრის“ წინამძღოლი, ფართო მაგიდასთან მჯდომი, სკამიდან წამოდგა და, როცა ხელი ჩამოვართვი, თავიდან ფეხებამდე შემათვალიერა. თვითონ 37-39 წლის იქნებოდა; მაღალი იყო, მხრებგანიერი, ქერა და ხორბლისფერსახიანი. ასპიტის ქვასავით ჭრელი თვალები ჰქონდა და, რომ არა უნდო გამოხედვა, ვლად რიმსკიზე ვიტყოდი, რომ ის საკმაოდ სიმპათიური მამაკაცი იყო.

– ალექსანდრ ორლოვი, ვარვარა ტრავიანსკაიას მეგობარი! – ასე წარმადგინა რომა აკოინიკოვმა თავის მოძღვართან.

– როგორც მითხრეს, წარმოშობით რუსი ხართ, არა? – მკითხა ვლად რიმსკიმ გამართული უაქცენტო რუსულით, როცა მის წინ სკამზე ჩამოვჯექი.

– დიახ, ჩემი წინაპრები ლონდონში სწორედ რუსეთიდან ჩავიდნენ. მეც იქ დავიბადე.

– ძალიან კარგი. აქ რამ ჩამოგიყვნათ?

– გადავწყვიტე, ჩემი წინაპრების სამშობლოში მეცხოვრა.

– ლონდონში ოჯახი არ გაქვთ? – ახლა ჩემი პირადი ცხოვრებით დაინტერესდა.

– არა, მარტოხელა ვარ.

– „სახალხო ტაძარში“ მოსვლა გადაწყვიტეთ? – მკითხა კვლავ და „ჭრელი“ მზერით შემათვალიერა.

– ეს შემთხვევით მოხდა. ვარვარა ანტონოვნას რჩევით თქვენს ქადაგებას დავესწარი და გადავწყვიტე, შემოგიერთდეთ.

– როგორც ვიცი, გინდათ, რომ პირად დაცვაში აგიყვანოთ, ასეა?

– თუ თქვენი სურვილიც იქნება, ამ მოვალეობას თავს გავართმევ! – წარმოვთქვი თავდაჯერებულად.

– თურმე წარსულში მოკრივე ყოფილხართ.

– დიახ. მართალი მოუხსენებიათ.

– თუმცა, ჩემთვის ყველაზე მთავარი ერთგულებაა და მერე – სხვა დანარჩენი.

– ეს ჩემთვის ცნობილია!

– როგორ გგონიათ, შეძლებთ, ერთგულება დამიმტკიცოთ?! – ვლად რიმსკის სიტყვებში შეფარული მუქარა ამოვიკითხე... ნეტავ, რის თქმას ცდილობს-მეთქი, გავიფიქრე... თუმცა არ შევყოვნებულვარ, ისე განვუცხადე...

 – ყველაფრისთვის მზად ვარ!

– სიკვდილისთვისაც?! – ისე გამოსცრა, ტანში ჟრუანტელმა დამიარა და ერთ წამს ისიც კი ვიფიქრე, რომ მათ ჩემ შესახებ ყველაფერი იცოდნენ... მაგრამ ჩემი როლი ბოლომდე უნდა მეთამაშა, ამიტომ მშვიდად მივუგე:

– სიკვდილისთვისაც!

– ესე იგი, იმ ადამიანისთვის, ვისაც თითქმის არც კი იცნობთ, სიკვდილს შეძლებთ?! – მომეჩვენა, რომ მისი პირით სიკვდილის ანგელოზი მესაუბრებოდა.

– მზად ვარ, არა ერთი ადამიანისთვის, არამედ იმ დიდი იდეისთვის მოვკვდე, რომელსაც ახლახან ვეზიარე! – ცოტა პათეტიკურად გამომივიდა, მაგრამ ეს „შემართება“ ჩვეულებრივი ამბავი იყო რიმსკის ქადაგებით აღტკინებული მასისთვის... თუმცა, არა ჩემთვის. მაგრამ, საბედნიეროდ, ჩემი გადაჭარბებულობისთვის ყურადღება არ მიუქცევიათ.

ვერაფრით ვხვდებოდი, რატომ წამოიწყო სიკვდილსა და თავგანწირვაზე საუბარი ვლად რიმსკიმ. მეგონა, რომ ეს ჩემს შესაშინებლად გაკეთდა. მაგრამ, როცა იქ მყოფებიდან ორი მამაკაცი წამოდგა და კაბინეტი დატოვა, რომა აკოინიკოვმა კი კარადიდან ერთი ჭიქა და მუყაოს ყუთით ყურძნის წვენი გამოიღო – მივხვდი, რომ საქმე ძალიან სერიოზულად იყო და ოდნავ დავიძაბე. თეთრთავამ წვენი ჭიქაში ჩაასხა და ჩემ წინ, მაგიდაზე ხმაურით დადგა. „სახალხო ტაძრის“ წინამძღოლი წამოდგა, ჯიბიდან პატარა ფლაკონი ამოიღო, რომელშიც გაურკვეველი ფერის გამჭვირვალე სითხე ესხა, თავი გაჭირვებით მოხსნა და ერთი წვეთი ჭიქაში ჩაასხა, მერე ცივი მზერით ჭიქისკენ მიმანიშნა. 

– ამ ჭიქაში ახლა ციანიდი ჩავასხი... არცთუ მცირე დოზით. ამას რომ გამოცლით, თუ ძალიან ძლიერი ორგანიზმი არ გაქვთ, მოკვდებით.  თუ დალევთ, თქვენს ერთგულებაში დავრწმუნდები... თუ არადა, აქედან მიბრძანდებით და „სახალხო ტაძრისკენ“ გზას სამუდამოდ დაივიწყებთ!

„აი, თურმე, როგორი ყოფილა „სახალხო მკურნალი“ და „ღვთის რჩეული“ ვლად რიმსკი, ანუ ყოფილი იანის დრიზულისი!“ – გამიელვა გონებაში და გავიფიქრე, რომ, თუმცა ჩემზე გამოცდილი ანესთეტიკებისა და ტრანკვილიზატორების დიდი დოზებიც კი აბსოლუტურად უეფექტო იყო, მაგრამ, ხომ შეიძლებოდა, შხამი მომრეოდა... მაგრამ მერე თავი ავიყვანე, ჭიქა ხელში ავიღე და სანამ პირთან მივიტანდი, კიდევ ერთმა აზრმა გამისერა გონება – იქნებ ეს ცრუმეტყველი ყველაფერს მიხვდა და ჭიქაში სასიკვდილო დოზაზე მეტიც კი ჩამისხა, რათა ასე მომიშოროს თავიდან-მეთქი... ამიტომ ცოტა ხანს შევყოვნდი.

– ხომ არ შეგეშინდათ?! – მკითხა „მამა“ ვლადმა ცინიკური გამომეტყველებით.

„რაც არის, არის, – გავიფიქრე, – უკან დასახევი გზა მაინც არ მაქვს!“ ჭიქა მოვიყუდე და წვენი დიდი ყლუპებით, ერთი ამოსუნთქვით ჩავიყვანე ბოლოში.

ვლად რიმსკი ახარხარდა, იქ მსხდომი სამი მამაკაცი ფეხზე წამოდგა და ღიმილით მომიახლოვდა. ერთ-ერთმა მათგანმა მხარზე დამკრა ხელი და მითხრა: „ახლა ერთ-ერთი ჩვენგანი ხარ!“ დანარჩენები ხელის ჩამორთმევით შემოიფარგლნენ.

– აბა, როგორ ხარ, ალექსანდრ! – მამა ვლადი თავის ადგილს დაუბრუნდა.

– იმ ადამიანის კვალობაზე, რომელმაც ეს-ესაა ციანიდი დალია, არა მიშავს!

რიმსკი კვლავ ახარხარდა.

– ყოჩაღ! – შემაქო, როცა სიცილით გული მოიჯერა. – ახლა კი კარგად მომისმინე: ახლახან შენ მხოლოდ ძილის წამალი მიიღე! დღეს ასე გადავწყვიტე! თუმცა, ციანიდით გამოცდა ეგორ კაზაკოვმაც ჩააბარა და ერთი თვე ლოგინად იყო ჩავარდნილი. იცი, შენ რატომ გაგიმართლა? დასაკარგავი დრო არ მაქვს... თუმცა, არ იცოდი, ჭიქაში რა ესხა. ასე რომ, ხვალ დილიდან აქ გამოცხადდები და შენი მოვალეობის შესრულებას შეუდგები... იარაღს რომან ნიკალაევიჩი მოგცემს. ახლა ყველაფერი შენზეა დამოკიდებული... ჩვენი იდეის გარდა, ყველაფერი უნდა დაივიწყო და იცოდე, მიუხედავად იმისა, რომ შხამით გამოცდა საკმაოდ წარმატებულად ჩააბარე, თვალს არ მოგაცილებ! – ამ სიტყვებით ფეხზე წამოდგა, ხელი გამომიწოდა და მითხრა: – ხვალამდე თავისუფალი ხარ!

მეორე ნაწილი

იმ დღის შემდეგ, როცა „სახალხო ტაძრის“ წინამძღოლის, ვლად რიმსკის გამოცდა ჩავაბარე და მისი პირადი მცველი გავხდი, ორმა თვემ სწრაფად გაირბინა. დილიდან საღამომდე მის გვერდით ვიყავი, შაბათის ქადაგების შემდეგ კი მშენებარე რიმგოროდში მივდიოდით ხოლმე ორი-სამი დღით. საეჭვო არაფერი შემიმჩნევია და არც მე ვაძლევდი ჩემს „სულიერ მოძღვარს“ ეჭვიანობის საბაბს. ამიტომ თანდათან მისი ნდობით აღჭურვილი პირი გავხდი.

ნასტია კოვალენკოს ნახვა მხოლოდ ერთხელ მოვახერხე, ისიც შუაღამისას, როცა რიმსკი საცხოვრებელ კომუნაში, ანუ ორსართულიან კოტეჯში მივიყვანე, სადაც მასთან ერთად მისი წითელკარველებიც ცხოვრობდნენ.

მიხაილი, თუმცა ბერლინის შტაბ-ბინიდან დაბრუნდა, მაგრამ თვალით არ მინახავს, მხოლოდ ტელეფონით ვესაუბრებოდი, ისიც იშვიათად. ეს იმიტომ კეთდებოდა, რომ ვლად რიმსკის და მის „თვალყურ“ რომას ეჭვი არ აეღოთ. გუმანით ვგრძნობდი, რომ იმ სურიკატა აკოინიკოვს თვალში არ მოვდიოდი და შესაძლებლად მიმაჩნდა, რომ მითვალთვალებდა კიდეც. თუმცა, ვარვარა ანტონოვნას სამ დღეში ერთხელ ვხვდებოდი მის ბინაში, იშვიათად – ჩემთან...

ეგორ კაზაკოვი აღარ გამოჩენილა და არც კი ახსენებდნენ რიმსკის გარემოცვაში...  ეს სიჩუმე, რატომღაც, ავისმომასწავებლად მეჩვენებოდა... მაგრამ ვერ ვაცნობიერებდი, ვის ემუქრებოდა ბედისწერა – წითელკარველებს, მე თუ თვით ეგორს.

ბოლოს, „წითელ კარავში“ კვლავ აღდგენილმა ვარვარა ტრავიანსკაიამ გამომიცხადა, რომ „კომუნაში“ უნდა გადასულიყო საცხოვრებლად და თვალცრემლიანი შემევედრა, ჯობდა, შეხვედრებისთვის მოგვეკლო. მეც ეს მინდოდა, რადგან „შეკვეთილი“ რომანი აღარ გამომდიოდა და, ქალი რისი ქალია – ალბათ სიცივეს მამჩნევდა. ამ ორი თვის განმავლობაში გამუდმებით ნასტიაზე ვფიქრობდი და სულ ის მედგა თვალწინ. ჩვენი შეხვედრის დროს მომეჩვენა, რომ ჩვეულებრივზე მეტად სევდიანი იყო.

დღეები დღეებს მისდევდა და არაფერი იცვლებოდა „მამა“ ვლადის ქადაგებების ჩათვლით, რომელსაც ორატორი მეტი და მეტი აბსურდით ტვირთავდა და გაოცებული ვაკვირდებოდი, როგორ თვალსა და ხელს შუა იზრდებოდა მისთვის თავგადაკლულ ფანატიკოსთა რიგები. ასე გრძელდებოდა, სანამ ერთი უცნაური  ამბავი არ შემემთხვა.

იმ საღამოსაც ვლად რიმსკი საცხოვრებელ კოტეჯამდე მივაცილე და მისი ბრონირებული „მერსედესის“ მარკის მანქანიდან ჩემს „ნისანში“ გადავჯექი, რომელსაც იმ კოტეჯის ეზოში ვტოვებდი ხოლმე. ის-ის იყო, უნდა დამეძინა, რომ შორიახლო ტაქსი გაჩერდა და ვარვარა ანტონოვნა გადმოვიდა. საბედნიეროდ, ვერ შემნიშნა, ორსართულიანი ხის სახლის შესასვლელში ისე გაუჩინარდა. ეს ქალი ამ დროს აქ რას აკეთებს? – გავიფიქრე და გადავწყვიტე, დავლოდებოდი და მეთვალთვალა. მანქანა ეზოდან გამოვიყვანე და ქუჩის ბნელ მონაკვეთში „ჩავუსაფრდი“. დაახლოებით ერთი საათი გავიდა, მაგრამ ვარვარა არ გამოჩენილა. „ეტყობა, ძველი რომანი ახალი ძალით განახლდა“, –  დავასკვენი ბოლოს და გამახსენდა, როგორი განსაკუთრებული სითბოთი ექცეოდა „სულიერი მოძღვარი“ „წითელ კარავში“ გაწევრიანებულ ორ ქალბატონსაც. ამ მელას, მგონი, ერთდროულად სამ ქალთან აქვს სასიყვარულო ურთიერთობა-მეთქი, გავიფიქრე და მანქანის დასაქოქად გასაღებს წავეტანე თუ არა, რომა აკოინიკოვის თეთრი თავი გამოჩნდა – დამფრთხალი სინდიოფალასავით იგრძელებდა კისერს, გარემოს ზვერავდა და ფრთხილად გადაადგილდებოდა. გუმანით მივხვდი, რომ რაღაცას ხლართავდა და, როცა თავის ძველისძველ „ოპელში“ ჩაჯდა და დაქოქა, გადავწყვიტე, უკან მივყოლოდი. ასეც მოვიქეცი და ისეთი დისტანცია დავიკავე, რომ არ შევემჩნიე. „ოპელი“ მოსკოვის ცენტრალურ ქუჩაზე გავიდა. ერთი-ორჯერ მანქანების კოლონაში თვალთახედვის არედან დამეკარგა. სიჩქარეს მოვუმატე და შევამჩნიე, რომ ძველმა „ოპელმა“ სოლიანკას ქუჩისკენ გადაუხვია. მეც მივყევი. მცირე ხანს იარა, მოედანს წრე დაარტყა და კრასნოხოლმსკაიაზე გავიდა. ჩემს გასაკვირად, აკოინიკოვმა ეკლესიის თუ მონასტრის შორიახლოს გააჩერა მანქანა და კვლავ არემარეს დაზვერვით ღვთის სახლისკენ აიღო გეზი. გაკვირვებას გასაქანი არ მივეცი, მანქანა მოშორებით დავაყენე და კისერწაგრძელებულ სურიკატას ავედევნე. მაგრამ, რომა აკოინიკოვი ტაძრის ეზოში არ შესულა. მაღალ ღობეს ამოეფარა და ცხაურიანი კარიდან მონასტრის ეზოში თვალთვალი განაგრძო. სამი შავად ჩაცმული ღვთის მსახური გავარჩიე სიბნელეში. ისინი იდგნენ და რაღაცაზე საუბრობდნენ. ოდნავ წინ წავიწიე და ბერებს დავაკვირდი... განცვიფრებისგან ლამის წამოძახილი აღმომხდა, როცა ერთ-ერთმა მათგანმა ეგორ კაზაკოვის ხმით დაილაპარაკა. „აი, თურმე ვის უთვალთვალებს ეს ტურა!“ – ხესთან გადავინაცვლე, ამოვეფარე და დაველოდე, რა მოხდებოდა. ღვთის მსახურებმა საუბარი დაასრულეს, ორმა მათგანმა მონასტრის ეზო დატოვა, ხოლო მესამე – ეგორ კაზაკოვი – უკან, მონასტერში შებრუნდა. ვხედავდი, როგორ იდგა კიდევ ცოტა ხანს ჩასაფრებული რომა აკოინიკოვი ღობესთან, მერე უხმაუროდ გამობრუნდა, მანქანაში ჩაჯდა და მობილურით ვიღაცას დაურეკა. ორწუთიანი საუბრის შემდეგ, რომა იქაურობას გაშორდა. მე კი ცოტა ხანს კიდევ ვიდექი ნანახით გაკვირვებული, მერე მოულოდნელი გადაწყვეტილება მივიღე და მონასტრისკენ გავემართე. ტაძარში თამამად შევაბიჯე, რადგან ვიცოდი, რომ რომა აკოინიკოვი მე არ მითვალთვალებდა, სხვა „საზრუნავი“ ჰქონდა. საკურთხეველთან მაღალი ბერი იდგა და ხმადაბლა ლოცულობდა.

– მამაო! – ჩემი ხმა ზარივით გაისმა ცარიელ ტაძარში.

ელდანაკრავივით შემობრუნდა. მის თვალებში გაკვირვება და მოულოდნელობა ერთდროულად ამოვიკითხე.

– ეს შენ ხარ?! – შევატყვე, ოდნავ გაბრაზდა.

– დიახ, მე ვარ! – ვუთხარი და მისკენ ნელი ნაბიჯით წავედი.

– ნოვოსპასკის მონასტერში რამ მოგიყვანა?! თუმცა ვხვდები... ახლა რაღა უნდა იმ ცრუმეტყველს?

– რიმსკის არ გამოვუგზავნივარ! – თავი გავიქნიე, თუმცა მაინც უნდოდ შემომხედა.

– გავიგე, ჩემი ადგილი დაგიკავებია...

– მართალია.

– აქ რატომ მოხვედი, ჩემგან რა გინდა?!

– მხოლოდ ის მინდა გითხრა, რომ რომა აკოინიკოვი გითვალთვალებს. წეღანაც აქ იყო. მომეჩვენა, რომ კარგი განზრახვა სულაც არ აქვს.

გოლიათმა ბერმა დაკვირვებით შემათვალიერა, მოკლე წვერზე ხელი ჩამოისვა და გაეღიმა.

– გაფრთხილებისთვის გმადლობ!.. თუმცა ღვთის განგებას ვერავინ გაექცევა.

– მიკვირს, აქ რომ გხედავ, – არ დავმალე ჩემი გაოცება.

– რატომ? წელიწად-ნახევარი ეშმაკის მსახური ვიყავი და მინდა, ცოდვები მოვინანიო, – მის სახეზე გულწრფელი სინანული ამოვიკითხე და ვკითხე:

– დიდი ხანია, ამას მიხვდი, ეგორ?

– მამა სერაფიმე! – გამისწორა შეცდომა და განაგრძო: – საკმაოდ... მაგრამ ცდუნება მქონდა – მინდოდა, ცოდვილი ვარვარასთვის მეცოცხლა, გამენებივრებინა... კეთილი განზრახვა მამოძრავებდა. ეს დიდი შეცდომა იყო... მაგრამ იქნებ ახლა შენც ეს გინდა?

– ამ „მიზნისგან“ ძალიან შორს ვარ, მამაო სერაფიმ!

– კარგია, კარგი მიზნები თუ გაქვს... მე ორ თვეს მორჩილად ვიყავი. სულ ორი დღეა, ბერად მაკურთხეს და სახლი მომცეს. ხედავ, რა მოკლე დროა? მაგრამ, თუ ღირსეულად იღვაწებ – დაგიფასდება!

– ამას რატომ მეუბნები, მამაო?

– თავიდანვე ეჭვი მქონდა, შენ ის არ ხარ, ვისადაც თავს ასაღებ.

– ასე რატომ ფიქრობ?

– შენნაირები და ჩემნაირები ადვილად სამართავნი არ არიან და იმიტომ! 

– გმადლობ ამ სიტყვებისთვის, მაგრამ...

– მაგრამ გიკვირს, არა?

– დიახ. იმ კაცისგან ამ სიტყვების მოსმენა, ვისაც თავი გაუტეხე, ცოტა უჩვეულოა.

მამა სერაფიმს გაეღიმა.

– კარგია, რომ ასე მოხდა... იქნებ სწორედ ამან მომცა ბიძგი, რომ ბოროტებას გავრიდებოდი... კიდევ რამის თქმა ხომ არ გინდა... უნდა ვილოცო!

– არა, სულ ეს არის, რის თქმასაც ვაპირებდი. დამლოცე, მამაო!

– ღმერთმა დაგლოცოს, შვილო!

გამოვტრიალდი და გასასვლელისკენ გავემართე, გზაში მისი ხმა წამომეწია:

– ადვილად არავის ენდო!

მივხვდი, საკუთარი თავიც იგულისხმა... შევჩერდი და მივბრუნდი.

– ღვთის მსახურს ვენდობი, მამაო.

– ეს ცოტა უცნაურად მეჩვენება იმ კაცისგან, ვისაც რიმსკის „საკმეველი“ აქვს ნასუნთქი.

გავხევდი. გამახსენდა, რომ ყოველი ქადაგებისას რიმსკის რჩეულები გრძელ, არომატულ ჩხირებს ახრჩოლებდნენ, რომლებსაც გამაბრუებელი სურნელი ჰქონდა. ეს კი რაღაც რიტუალის ნაწილი მეგონა აქამდე...

– ღვინო სვი, ბევრი ღვინო... სუფთა და წითელი! – გამაწყვეტინა ფიქრი კვლავ მოძღვრის სიტყვებმა.

გარეთ გამოსულს, განუწყვეტლივ ეგორ კაზაკოვის, ანუ მამა სერაფიმის სიტყვები მიტრიალებდა თავში. „აი, თურმე, რატომ იხრჩობოდა ღვინოში რიმსკის პირადი მცველი“, – მხოლოდ ახლა ჩავწვდი ამ საიდუმლოს.

როგორც კი საჭეს მივუჯექი, მობილური მოვიმარჯვე და ნასტიას დავურეკე.

– გისმენ, ალექსანდრ!

– ნასტია, შენი ნახვა მინდა... რაც შეიძლება ჩქარა!

– კლინიკაში ვარ. მამა იყო ცუდად, გუშინ დავაწვინეთ...

– რომელ კლინიკაში ხარ, ხომ არაფერი გჭირდება, წამოგიღებ?

– არაფერი... მამა უკვე კარგად არის, გამოსვლას ვაპირებდი. „ამერიკულ სამედიცინო ცენტრში“, შმიდტოვსკის სამში გამომიარე.

– დამელოდე, მალე მოვალ!

მანქანას სწრაფად ვმართავდი და კლინიკამდე რაც შემეძლო, მოკლე დროში მივედი. ნასტია შესასვლელთან დამხვდა.

– რა მოუვიდა მამაშენს? – ვკითხე, როცა მანქანაში ჩაჯდა.

– ბოლო დროს გული აწუხებს...

– ალბათ, შენ გამოც ნერვიულობს.

– ჩემ გამო რატომ უნდა ინერვიულოს? – შევატყვე, ოდნავ იწყინა.

– არ ვიცი, მაგრამ, მე რომ მყავდეს ასეთი ლამაზი ქალიშვილი და შენსავით მარტოდმარტო დადიოდეს, მეც ვინერვიულებდი.

– რას გულისხმობ? – ვითომ ვერ მიხვდა, რაზე გადავკარი.

– კარგად იცი, რასაც.

– გათხოვებას აღარ ვაპირებ!

– ძალიან ცუდი! ნებისმიერ ქალს გვერდით მამაკაცი სჭირდება, ვინც მასზე იზრუნებს.

– ძალიან გაცვეთილი სიტყვებია, ბევრჯერ მომისმენია.

– ნებისმიერი ჭეშმარიტების გამომხატველი ფრაზა გაცვეთილია იმიტომ, რომ ხშირად იმეორებენ... მაგალითად, ასეთი ფრაზა ავიღოთ: არ ღირს გულგატეხილობა, თუ პირველად არ გაგიმართლებს.

ნასტიას გაეღიმა, არაფერი მიპასუხა და მცირე პაუზის შემდეგ მკითხა:

– რამე ახალია?

– ჰო... ეგორ კაზაკოვს უთვალთვალებენ.

– რატომ?

– ალბათ იმიტომ, რომ ნოვოსპასკის მონასტერში ღვთის მსახურია და ეს ფაქტი რიმსკის ძალიან არ აძლევს ხელს.

– რა თქმა უნდა, მას ხომ ჩრდილი მიადგება მრევლის თვალში, როგორც სულიერ წინამძღოლს.

– ახლა ჩემთან ავიდეთ, თითქმის 14 საათია, არაფერი მიჭამია... ასე მგონია, შამფურზე წამოცმულ ერთ მთლიან ხბოს შევჭამ... დანარჩენს შინ გეტყვი.

– ხორცისმჭამელები არ მიყვარს, – ნასტიამ ირიბად შემომხედა.

– მე კი ვეგეტარიანელებს ვუყურებ ირიბად.

– ხედავ, როგორ განვსხვავდებით? – გაეღიმა და ახლა თბილი მზერა შემავლო.

– კარგია, რომ არ მგავხარ.

– სახლში ხორცი გაქვს? – რამეს მოგიმზადებ.

– ახლა სამზარეულოში ტრიალისთვის გვიანია, ჯობია, რამე მზა ვიყიდო, –  ვუთხარი და მანქანა სუპერმარკეტთან შევაჩერე.

– შენ რა წამოგიღო? – ვკითხე, სანამ გადავიდოდი.

– რაიმე სალათა, უმჯობესია სოკოსგან იყოს..

რაც შემეძლო, სწრაფად ავარჩიე კერძები, კონტეინერებში შევაფუთინე და ნახევარ საათში უკვე შინ ვიყავით. ნასტიამ კერძები თეფშებზე გადმოალაგა, დანა-ჩანგალი დააწყო და მაგიდასთან მოიკალათა.

– რას დალევ, ნასტია?

– შავ ღვინოს! – არც დაფიქრებულა, ისე მიპასუხა.

– ოჰო, როგორც ვხედავ, რიმსკის „საკმევლის” ანტიდოტის შესახებ შენც გცოდნია...

– ვერ ვხვდები, რაზე ლაპარაკობ? – განცვიფრებული მომაჩერდა.

– იმაზე, რის თქმასაც დღეს შენთვის ვაპირებდი; იმედია, „კოსმოპოისკის“ თანამშრომლებსაც დააინტერესებს – რიმსკის სურნელოვანი ჩხირების საიდუმლო გავიგე.

– რა საიდუმლო? – ნასტია ცნობისმოყვარეობისგან დაიძაბა.

– ის, რომ მათ რაღაც საიდუმლო ნივთიერებისგან ამზადებენ, რომელსაც ადამიანის ფსიქიკაზე ზემოქმედება შეუძლია და შესაძლოა, ეს იყოს კიდეც ის ერთადერთი მიზეზი, რომლითაც ვლად რიმსკიმ, ანუ იანის დრიზულისმა, ამდენი ხალხის გაბრიყვება მოახერხა.

– საშინელებაა! – ჩაილაპარაკა ნასტიამ.

– გეთანხმები... და, რომ ამ საშინელებაში ყურებამდე არ ჩაეფლო, შავი ღვინო უნდა სვა... რაც შეიძლება დიდი რაოდენობით. აი, რატომ იყო კაბანი ასეთი დაუმორჩილებელი და თავნება! მე კი ვერაფრით ვხსნიდი რუსი კაზაკოვის სამხრეთელებისთვის ასე საყვარელი სასმლით გატაცებას...

– საოცარია! – ნასტია ჩაფიქრდა. – ნეტავ, საიდან მოაქვს ეს ნივთიერება ვლად რიმსკის?

– აი, ამის გაგება კი იმას ნიშნავს, რომ ძაღლის თავი აღმოვაჩინეთ, ანუ ის რვათვალა ობობა, რომელიც ქსელის შუაგულში ზის და პერიოდულად რიმსკისნაირებს ჩეკავს. 

ნასტიამ ორი ლუკმა ძლივს გადაყლაპა, ღვინო დააყოლა და შეფიქრიანებულმა მითხრა:

– ეს რა გაუფრთხილებლობაა, ალექსანდრ, რიმსკის ყოფილ პირად მცველთან მაინც არ უნდა გაგემჟღავნებინა შენი საიდუმლო.

– კარგი რა! რუსული ცნობილი გამოთქმის არ იყოს: „ვინც არ რისკავს, ის არც შამპანურს სვამს!“ ასე რომ, ამ მცირე რისკით საკმაოდ მნიშვნელოვანი ინფორმაცია მოვიპოვე. თანაც, ბავშვობიდან პატივისცემით ვეპყრობოდი ბერებს. ვიცი, რომ მამა სერაფიმი ჩემს საიდუმლოს არავის გაუმხელს. იმასაც თუ გავითვალისწინებთ, რომ ის ახლა ობიექტური თუ სუბიექტური გარემოებების გამო, მტრად იქცა იმ პერსონისთვის, ვისაც ადრე საკუთარი სიცოცხლის ფასად იცავდა, უნდა ვივარაუდოთ, რომ ჩვენს საიდუმლოს გამჟღავნება არ უწერია.

– ლოგიკურია, – ჩაილაპარაკა ნასტიამ და ღვინის ჭიქა ფსკერამდე გამოცალა. – ძალიან ჭკვიანი ხარ, ალექსანდრ.

– ვიცი, ძვირფასო. ეს პირველი თბილი სიტყვებია, რომლებიც შენი ლამაზი ბაგიდან მოვისმინე... თუმცა, ემოციებს არ ავყვები, იქნებ ეს ღვინის ბრალია.

– ჰო, „ბორდო” საუკეთესო ღვინოა ღვინოებს შორის.

– ეს ცოტა საკამათო თემაა, – მივუგე და გავიფიქრე, რომ ჩემთვის ყველაზე საუკეთესო ღვინო, რომელიც კი ოდესმე დამილევია, ციცქა იყო... ჩვენებური, ქვემოიმერული.

– ამ დღეებში გადავიღალე... მინდა, ცოტა მოვდუნდე, – ჩაილაპარაკა ნასტიამ და ცარიელი ჭიქა ჩემკენ გამოსწია.

– თუ ასეა, კიდევ დაგისხამ, – ვუთხარი და ჭიქა შევუვსე.

– შენ, შენ რატომ არ სვამ?

– მართალია, ალკოჰოლი არ მერევა, მაგრამ შინ ხომ უნდა მიგიყვანო, „გაიმ“ რომ გამაჩეროს და ტესტი ჩამიტაროს, ხომ ჩამომართმევენ მართვის მოწმობას?!

– ამაღამ აქ დავრჩები! – წარმოთქვა ნასტიამ და ისე გაწითლდა, თითქოს დანაშაულზე წაასწრეს.

– ხომ არ მომეჩვენა?! – ყურებს არ დავუჯერე და ალბათ, სიხარულით ამიციმციმდა თვალები, რადგან ნასტიამ სწრაფადვე დააყოლა: – ძალიანაც ნუ გიხარია, შენს ოთახში არ დავიძინებ!

– კარგი, როგორც გინდა, თუმცა ეს არც მიფიქრია! – მოვიტყუე, რადგან მაშინვე ნასტიას გაშიშვლებული, სრულყოფილი სხეული დამიდგა თვალწინ. თუმცა თავი იმით დავიმშვიდე, რომ იმ ღამეს მარტო არ ვიქნებოდი და არც ვარვარას „მსუყე“ სხეულის მოფერება მომიწევდა, რაც უკვე გულს მირევდა.

– ჩვენთან დეიდა ჩამოვიდა კალუგიდან სტუმრად. დედა მარტო არ იქნება, – ნასტიას სიტყვები თავის მართლებასავით ჟღერდა, – თანაც, არავინ იტყვის: „აი, ჩვენი მეზობელი ნასტია კოვალენკო ღამის 3 საათზე ვიღაცამ „ჯიპით“ მოიყვანა!“..

– ჯერ არ მეძინება, იქნებ ტელევიზორს ვუყუროთ და რაიმე საინტერესოზე ვისაუბროთ, – ვუთხარი და წამოვდექი.

– კარგი, – ნასტიამ თეფშები დარეცხა და მისაღებში გავედით. ტიტას ფორმის ორი ჭიქა და ღვინის ახალი ბოთლი გამოვიღე.

– კარგი გემოვნება გაქვს – საუკეთესო ღვინოა, თითქოს ჟოლოს არომატი გაჰკრავს და ენას სასიამოვნოდ აშრობს... კარგი დასალევია.

– ჰო, გემოვნებას არ ვუჩივი... ღვინოებსა და ადამიანებშიც კარგად ვერკვევი.

– ხვალ ვარვარას არ ხვდები? – მკითხა და, ჩემს გასაკვირად, მის თვალებში წამით გაელვებული ეჭვი დავლანდე.

– საინტერესო რამეზე ვისაუბროთ-მეთქი, რომ გითხარი, ვარვარა ანტონოვნა არ მყავდა მხედველობაში. თანაც, კარგად იცი, რომ მასთან საქმის გამო ვიყავი.

– შე „საწყალო“, რამხელა მსხვერპლი გაიღე! – ირონიით მოექცა ტუჩები.

– ნასტენკა, მგონი, მართლა სასმელი მოგეკიდა. ჯობია, აღარ დალიო, მეწყინა მისი უადგილო ხუმრობა.

– არა, მართლა, მითხარი – ვარვარა მოგწონს? – მკითხა და გამომცდელად შემომხედა.

„მგონი, ეჭვიანობს, – გამკრა გუნებაში, – არა, ნამდვილად ეჭვიანობს“.

– ვარვარა ის ქალი არ არის, ვინც თავს დამაკარგვინებს.

– როგორი უნდა იყოს „ის ქალი“, ვინც თავს დაგაკარგვინებს?

– ნატიფი აღნაგობის, გრძელი, მაღალი ფეხებით, სავსე მკერდით, აბრეშუმივით ნაზი კანით და მეტყველი თითებით... შავი თმა და შავი თვალებიც თუ ექნება...

– სულ ეს არის? – გაეღიმა, რადგან მისი გარეგნული მონაცემები აღვწერე.

– არა, მე ჭკვიანი, თავშეკავებული, პრინციპული, ცოტა მელანქოლიური ქალები მომწონს. სასურველია, განათლებულიც იყოს.

ნასტია წამოდგა, სინათლე გამორთო, გვერდით მომიჯდა და მხარზე ჩამომეყრდნო.

– იცი, ალექსანდრ, დავიღალე...

ნასტენკა შეუბრალებლად მომხიბვლელი იყო... თეთრი, უზადო კანი ტელევიზორის შუქზე მართლაც აბრეშუმივით უელავდა. არცთუ სქელ, მაგრამ კოხტად მოყვანილ ბაგეზე ვნება ცეცხლს მიფიცხებული კატასავით თვლემდა...  თავი ვეღარ შევიკავე, თავი ავუწიე და ტუჩებში ვაკოცე. ისიც დამყვა. ხელით მისი ღილები მოვძებნე, ნელ-ნელა შევუხსენი, ბლუზა მხრებზე გადავუცურე და მკერდისკენ ჩავეპარე კოცნით. უცბად, მარცხენა მხარეს, მკერდთან ახლოს ტატუს მოვკარი თვალი – ეს პეპელა, პატარა, ლურჯად და მწვანედ მოხატული ფრთებით – სად მინახავს?!

– რა მოხდა, ალექსანდრ?! – ნასტია წამოდგა, სწრაფად გაისწორა ბლუზა, ღილები შეიკრა და შუქი აანთო, – მაპატიე, მართალი იყავი, სასმელი ბევრი მომივიდა.

– მე კი არ მინდა, რომ ამით ვისარგებლო და ხვალ დილით შენს სახეზე წყენა ამოვიკითხო, –  წამოვდექი და ფანჯარასთან მივედი.

ნასტია გაბუტულივით ჩამოჯდა სავარძელზე, თავი ხელებს შუა მოიქცია და ჩაილაპარაკა: 

– არ უნდა დავრჩენილიყავი! უკანასკნელი ქარაფშუტასავით მოვიქეცი.

– თავს ნუ იდანაშაულებ, ყველაფერი ჩემი ბრალია... სიმართლეს გეტყვი: თავს ვერ შევიკავებდი, რომ არა ერთი მოგონება...

– რა მოგონება?! – ნასტიამ სწრაფად წამოსწია თავი და ხელები მუხლისთავებზე დაიწყო.

– იმ ზაფხულს ზღვაზე ვისვენებდი, –  წამოვიწყე მძიმედ, – მაშინ 22 წლისაც არ ვიქნებოდი. დილით ამინდი აირია, ტალღები ზვირთებად იქცა და შუადღის შემდეგ ზვირთები შტორმად გადაქცევას ლამობდნენ. მე კი ძალიან მიყვარს აღელვებულ ზღვაში გაცურვა... როცა მაღალი ტალღებია, წყალი უფრო მიზიდავს, ექსტაზში მაგდებს, ადრენალინით მავსებს... უფრო აზარტული ვხდები. შუადღისას პლაჟზე გავედი. ტყვიისფერი ღრუბლებით მოქუფრული ცა ზღვას შავად ღებავდა... ქაფიანი ტალღები ნაპირს წალეკვით ემუქრებოდა... თუმცა კანტიკუნტად დამსვენებლები მაინც იყვნენ. შორიახლო დედა-შვილს გაეშალა პირსახოცები. რუსულად საუბრობდნენ. მათი ხმამაღალი საუბრიდან მივხვდი,  რომ დედა ქალიშვილს, რომელიც ასე, 16-17 წლისა უნდა ყოფილიყო, წყალში შესვლას უშლიდა. გოგონა ჯიუტობდა, რადგან საღამოს იქიდან უნდა გამგზავრებულიყვნენ და ცურვას ეშურებოდა. ბოლოჯერ შევალო, – გადმოუგდო დედას და ზღვაში შეაბიჯა...

გაგრძელება შემდეგ ნომერში

скачать dle 11.3