ადვოკატი გირჩევთ
კითხვა: გთხოვთ, მაცნობოთ, აქვს თუ არა გამომძიებელს უფლება, საქმე გამოიძიოს თავისი შეხედულებისამებრ, მხოლოდ პირის დადანაშაულების კუთხით და უგულებელყოს (უარი განაცხადოს) პირის გამამართლებელი მტკიცებულებების მოპოვებაზე?
პასუხი: გაცნობებთ, რომ გამომძიებელს ამგვარი უფლებამოსილება არ აქვს; ის ვალდებულია, გამოძიება აწარმოოს ყოველმხრივ, სრულად და ობიექტურად.
კითხვა: გთხოვთ, მაცნობოთ, აქვს თუ არა ბრალდებულს უფლება, უშუალოდ მოიპოვოს მტკიცებულება და დამოუკიდებლად წარადგინოს ეს მტკიცებულება სასამართლოში?
პასუხი: განგიმარტავთ, რომ ბრალდებულს უფლება აქვს, საკუთარი ხარჯით, თვითონ ან/და ადვოკატის დახმარებით მოიპოვოს მტკიცებულება. ბრალდებულის მიერ მოპოვებულ მტკიცებულებას ბრალდების მხარის მიერ მოპოვებული მტკიცებულების თანაბარი იურიდიული ძალა აქვს. თუ მტკიცებულების მოპოვებისთვის საჭიროა ისეთი საგამოძიებო ან სხვა საპროცესო მოქმედების ჩატარება, რომელსაც ბრალდებული ან მისი ადვოკატი დამოუკიდებლად ვერ ატარებს, ის უფლებამოსილია, შესაბამისი განჩინების გამოტანის შუამდგომლობით მიმართოს მოსამართლეს გამოძიების ადგილის მიხედვით. მოსამართლე ვალდებულია, მიიღოს ყველა ზომა, რათა ბრალდების მხარისთვის ცნობილი არ გახდეს დაცვის მხარის მიერ მტკიცებულების მოპოვება.
კითხვა: გთხოვთ, მაცნობოთ, როგორ რეგულირდება კანონით ბრალდებულის მიერ ადვოკატის აყვანის პროცედურა და აქვს თუ არა ბრალდებულს უფლება, უარი განაცხადოს გამომძიებლის მიერ შეთავაზებული ადვოკატის აყვანაზე?
პასუხი: განგიმარტავთ, რომ ადვოკატს ირჩევს და იყვანს ბრალდებული ან, ბრალდებულის ნების გათვალისწინებით, მისი ახლო ნათესავი ან სხვა პირი. გამომძიებელს, პროკურორს, მოსამართლეს უფლება არა აქვთ, რეკომენდაცია გაუწიონ რომელიმე ადვოკატს. ბრალდებული, მისი ახლო ნათესავი, ბრალდებულისთვის ადვოკატის ამყვანი სხვა პირი და ადვოკატი თავიანთ ურთიერთობებს აწესრიგებენ შეთანხმების საფუძველზე. შესაბამისად, ბრალებულს არათუ უფლება აქვს, უარი განუცხადოს გამომძებელს შეთავაზებული ადვოკატის აყვანაზე, არამედ, გამომძებელს არ აქვს უფლება, შესთავაზოს ბრალდებულს რომელიმე კონკრეტული ადვოკატის აყვანა.
კითხვა: გთხოვთ, მაცნობოთ, როგორ ხდება ბრალდებულის მიერ ადვოკატის აყვანა იმ შემთხვევებში, როდესაც კანონით სავალდებულოა, რომ ბრალდებულს იცავდეს ადვოკატი?
პასუხი: გაცნობებთ, რომ, კანონით გათვალისწინებულ სავალდებულო დაცვის შემთხვევაში, ბრალდების მხარე ან მოსამართლე ვალდებულია დაუყოვნებლივ მიმართოს იურიდიული დახმარების შესაბამის სამსახურს ბრალდებულისთვის ადვოკატის სახელმწიფოს ხარჯზე დანიშვნის მოთხოვნით, ასევე, ბრალდებულს უფლება აქვს, უშუალოდ მიმართოს იურიდიული დახმარების შესაბამის სამსახურს ადვოკატის დანიშვნის მოთხოვნით.