რატომ გააკეთა სტალინმა აქცენტი პეტრე ბეგრატიონზე, როდესაც ის ჟუკოვს ნაპოლეონის მარცხზე ესაუბრებოდა
ბონაპარტიზმი
ჩვენი სამსახური დღითი დღე იკრებდა ძალებს და სულ რაღაც ოთხიოდე თვეში, ისე გავიდგით ფესვები, რომ უკვე უცხოეთში მივლინებულ საბჭოთა მისიებს ვაკონტროლებდით და იქიდან ვიღებდით ინფორმაციებს. საბჭოთა კავშირის მრაშალი, ჩვენი ქვეყნის თავდაცვის მინისტრი, გიორგი ჟუკოვი მეორე მსოფლიო ომის დამთავრების შემდეგ ძალიან ცნობილი და მსოფლიოში ანგარიშგასაწევი ფიგურა გახდა. მას, რა თქმა უნდა, უდიდესი როლი მიუძღვის ჩვენს დიად გამარჯვებაში. თუმცა, სტალინის გარეშე, ის ვერ შეძლებდა ეფექტურ ხელმძღვანელობას, რის წყალობითაც, ეს ადამიანი ასეთ ბრწყინვალე გამარჯვებებს აღწევდა. სტალინთან ურთიერთობაში, ჟუკოვი განსაკუთრებული ლოიალურობით გამოირჩეოდა. ჩვენი სამსახური უცხოეთშიც მუშაობდა. ჩვენებმა თვით ჟუკოვის გარემოცვაში შეაღწიეს და ბერლინიდან (სანამ გიორგი ჟუკოვი ბერლინში მოღვაწეობდა) გვაწვდიდნენ ცნობებს. ბერლინში ჟუკოვს ინტენსიური კონტრაქტები ჰქონდა ამერიკის შეერთებული შტატების, დიდი ბრიტანეთის, საფრანგეთის სამხედრო-პოლიტიკურ მაღალჩინოსნებთან. ასეთი შეხვედრებისას, რომლებიც ხშირად მეგობრულ, პირად ურთიერთობებში გადაიზრდებოდა ხოლმე, იმართებოდა გულახდილი და, შეიძლება ითქვას, არცთუ ისე კორექტული საუბრები. ამ საუბრებისას, ჟუკოვს უცხოელი კოლეგები უდიდეს სამხედრო-პოლიტიკურ მოღვაწედ და თვით სტალინის მემკვიდრედაც კი ასახელებდნენ. ჟუკოვი კი ყველაფერს უარყოფდა, მაგრამ ამას აკეთებდა არა შეუვალი ფორმით, არამედ ხუმრობანარევი ტონით. ერთ-ერთი საუბრისას, ეიზენჰაუერმა ჟუკოვს მომავალი ბონაპარტიც კი უწოდა, რაზეც ჟუკოვს არაფერი უპასუხია, მხოლოდ გაეღიმა და შამპანურით სავსე ბოკალი ბოლომდე გამოსცალა. ჩვენ ამ საუბრის სრული ტექსტი სულ რამდენიმე საათში მივიღეთ და დილითვე სტალინს მოვხსენე ჩემს ყოველდღიურ მოხსენებაში. დიდმა ბელადმა რომ მომისმინა, ხელით მანიშნა, დაჯექიო. მეც დავჯექი, მან ჯერ ჩიბუხი დატენა, შემდეგ გააბოლა და ცოტა ხნის შემდეგ თქვა: „მარშალი ჟუკოვი დიდი პიროვნებაა და ამაზე ორი აზრი არ არსებობს. არც ისაა საიდუმლო, რომ ის მამაცურად, დიდი ოსტატობით ურტყამდა ფაშისტებს. სწორედ ამის გამო დაიმსახურა დიდი ავტორიტეტი და პატივისცემა როგორც ჩვენში, ასევე უცხოეთში. მე მას დიდ პატივს ვცემ, თუმცა არ მიმაჩნია, რომ პოლიტიკოსია. მას მშვენივრად ძალუძს ჯარის მეთაურობა, მაგრამ სახელმწიფოს ვერ წარუძღვება. სიმართლე გითხრა, არც კი მჯერა, რომ მას ბონაპარტისტული ზრახვები ამოძრავებს და პოლიტიკურ თანამდებობას უმიზნებს. თუმცა, დასავლური ბაცილა გადამდებია და შეიძლება, ისეთი ძლიერი პიროვნებაც კი დააავადოს, როგორიც გიორგი კონსტანტინოვიჩია,” – სტალინმა ჩიბუხიდან ფრთხილად გამობერტყა ფერფლი. შემდეგ ახალი თუთუნით შეავსო, მაგრამ არ აუნთია, მხოლოდ ხელში დაიჭირა ჩიბუხი და საუბარი გააგრძელა, – „ამიტომ მიზანშეწონილად მიმაჩნია მისი მოსკოვში დაბრუნება, შემდეგ კი ვნახოთ!“
იმავე საღამოს ჟუკოვი მოსკოვში გამოიძახეს და მეორე დილით ის უკვე დიდი ბელადის წინაშე წარდგა კრემლში. სტალინმა მარშალი ჟუკოვი გულითადად მიიღო, დაბალ მაგიდასთან მიიპატიჟა და მას შემდეგ, რაც სავარძელში დასვა, თავად კი განუყრელი ჩიბუხი გააბოლა, უთხრა: „გიორგი კონსტანტინოვიჩ, შენ დიდხანს მუშაობდი გერმანიაში და ჩვენ სულ დაგვივიწყე“. ჟუკოვმა ფეხზე წამოდგომა სცადა, მაგრამ სტალინმა ანიშნა, იჯექიო. მარშალმა კი უპასუხა: „ამხანაგო სტალინ, სადაც მიბრძანეთ, იქ ვმუშაობდი. მე ჯარისკაცი ვარ და ვალდებული ვარ, დავემორჩილო უმაღლესი მთავარსარდლის ბრძანებას. ერთი წუთითაც არ დამვიწყებია ჩემი მოვალეობა და, რა თქმა უნდა, არც თქვენ და არც ჩემი სამშობლო“. სტალინს ულვაშებში ჩაეღიმა ჟუკოვის პასუხზე და სალაპარაკო თემა მკვეთრად შეცვალა: „გიორგი კონსტანტინოვიჩ, ტრუმენი მიიჩნევს, რომ ჩვენ მკვეთრად ანტიდასავლური პოლიტიკური კურსი გვიჭირავს. ჩერჩილი კი ამას „ცივი ომის“ დაწყებად ნათლავს. საინტერესოა, რას ფიქრობს ამის თაობაზე მარშალი ჟუკოვი?“ ჟუკოვს წარბიც არ შეხრია, ისე უპასუხა: „ჩვენი დასავლეთელი ოპონენტები ცდილობენ, მოკავშირეობაზე დაგვიყოლიონ, რომ თავიანთ შავბნელ საქმიანობაში ჩავყვეთ. ამით კი სოციალიზმის კურსიდან გადაგვახვევინონ, რათა კომუნიზმის მშენებლობაზე ხელი ავიღოთ“. სტალინს კვლავ გაეღიმა, თუმცა არაფერი უპასუხა ჟუკოვს. მან კონიაკ „ნაპოლეონის“ ბოთლი გამოიღო კარადიდან, სასმელი ორ პატარა ფუჟერში ჩამოასხა და ჟუკოვს მიუგო: „მე მინდა, დიდი ადამიანების სადღეგრძელო შევსვა ნაპოლეონ ბონაპარტის თამადობით!“ – თქვა და სასმისი ბოლომდე გამოსცალა. იგივე გააკეთა ჟუკოვმაც. თუმცა, სახეზე უკვე ეჭვები აღბეჭდოდა და მისი რკინისებური ნებისყოფა სადღაც გამქრალიყო. მარშალმა შესანიშნავად იცოდა, რომ სტალინს არ უყვარდა კონიაკი „ნაპოლეონი“, ამიტომაც მიხვდა, რომ დიდი ბელადი რაღაცაზე მიანიშნებდა. სტალინმა მეორეჯერაც შეავსო ფუჟერები, თუმცა ხელში აღარ აუღია სასმისი და მას შემდეგ, რაც ჩიბუხი კვლავ გააბოლა, საუბარი განაგრძო: „ბონაპარტი უდიდესი პიროვნება იყო. მე მას დიდ პატივს ვცემ, თუმცა მან რუსეთში ბაგრატიონთან წაიმტვრია ცხვირი“. ჟუკოვს, რომელიც სულგანაბული უსმენდა სტალინს, სახეზე დიდი გაოცება აღებეჭდა, რადგან მას კუტუზოვი არ უხსენებია და აქცენტი ბაგრატიონზე გააკეთა. ჟუკოვის აზრით, სტალინმა რაღაც პარალელი გაავლო და მხოლოდ მოგვიანებით მიხვდა სახელოვანი მარშალი, რომ ეს პარალელი მასა და სტალინს შორის იყო გავლებული. „ბონაპარტმა რუსეთში ბაგრატიონთან წაიმტვრია ცხვირი“, – გაიმეორა სტალინმა და დასძინა: „ყველა რუსეთში იმტვრევს ცხვირს“. შემდეგ სტალინმა მეორედ ასწია სასმისი, ჟუკოვს მიუჭახუნა და თქვა: „ისევ ბონაპარტის და არა ბონაპარტიზმის სადღეგრძელო იყოს“. ამით სტალიინმა ჟუკოვს თვალნათლივ დაანახვა, რომ ის ყველაფრის საქმის კურსშია და უცხოელ კოლეგებთან მისი საუბრების შინაარსი მისთვის ცნობილია. ორი კვირის შემდეგ მარშალი ჟუკოვი სტალინმა მინისტრობიდან გადააყენა და პროვინციაში გაამწესა.
ნანატრი დასვენება
მთელი ომის განმავლობაში სტალინი ინტენსიურად მუშაობდა, წამითაც არ დაუსვენია და, ცოტა არ იყოს, გადაიღალა კიდეც. 2 აგვისტოს, პოლიტბიუროს სხდომა გაიმართა, 3 აგვისტოს კი ჩვენ უკვე გაგრაში, დიდი ბელადის საზაფხულო აგარაკზე ვიყავით. სტალინი წამითაც არ კარგავდა მართვის სადავეებს და მუდამ ქვეყნის პულსზე ედო ხელი, თუმცა კურორტის სასიკეთო ზეგავლენა ბრწყინვალედ აისახებოდა დიდი ბელადის ჯანმრთელობაზე. მაშინ ეს სახელმწიფო საიდუმლოებად ითვლებოდა და არამცთუ ლაყბობა, ამ თემაზე ჩურჩულიც კი აკრძალული იყო. ახლა კი ეს არავითარ საიდუმლოს არ წარმოადგენდს და ვიტყვი, რომ გაგრაში სტალინს ახალგაზრდა მსახიობი, ლუბოვ ორლოვა ახლდა. ორლოვასა და სტალინის მეგობრობაზე იმ პერიოდში არამცთუ საბჭოთა ხალხმა, პოლიტბიუროს ყველა წევრმაც კი არ იცოდა. ორლოვას, როგორც ეს მისი საქციელიდან ჩანდა, სიგიჟემდე უყვარდა სტალინი და აღმერთებდა მას. არც სტალინი იყო მისდამი გულგრილი, მაგრამ თავის გრძნობებს მაინცდამაინც არ გამოხატავდა. ყოველ შემთხვევაში, მახსოვს, როგორი სინაზით, ხელიხელჩაკიდებული სეირნობდა ბელადი ნადეჟდა სერგეევნა ალილუევასთან და მათი შემხედვარე იფიქრებდი, მათზე ბედნიერი არავინაა ამქვეყნადო. ორლოვას შემთხვევაში კი, ის თავშეკავებული გახლდათ. ტრადიციულად, სტალინი 9 საათზე დგებოდა, შემდეგ ორლოვასთან ერთად, კამკამა ზღვაში ცურავდა, დაახლოებით, 2 საათის განმავლობაში. სტალინის მსგავსად, ორლოვაც ბრწყინვალედ ცურავდა და დაცვას დიდი პრობლემები ექმნებოდა, სანამ ეს წყვილი ზღვაში ბანაობდა. იმ პერიოდისთვის სტალინი უკვე 65 წლის იყო, მაგრამ საოცარია, რომ სხეული ბევრად უფრო ახალგაზრდული ჰქონდა – გადაჭიმული კანი, კარგად ნავარჯიშები ათლეტივით უპრიალებდა. დიდი ბელადი დროგამოშვებით ხალხში ჩნდებოდა სხვადასხვა შეხვედრებზე, მაგრამ იქ, ორლოვას გარეშე, მარტო მიდიოდა. აშკარაა, რომ სტალინს არ უნდოდა თავისი ურთიერთობის აფიშირება. საღამოობით ის და ორლოვა პატარა „ბესედკაში“ განმარტოვდებოდნენ ხოლმე, სადაც ეს მართლაც მომხიბვლელი და ნიჭიერი ქალი ბრწყინვალე საოპერო ხმით უმღეროდა დიდ ბელადს სხვადასხვა პოპულარულ სიმღერებს.
ერთ დილას, ეს იყო 16 აგვისტო, ლუბოვ ორლოვა სახლიდან უქეიფოდ გამოვიდა და პლაჟისკენ გაემართა. დაცვას ამისთვის დიდი მნიშვნელობა არ მიუნიჭებია, რადგან მთელი ყურადღება სტალინის დაცვაზე იყო გადატანილი. მოღრუბლული იყო, ზღვა ღელავდა. ორლოვა მარტოდმარტო მოაბიჯებდა. ორლოვამ წყალთან მისვლამდე კაბა გაიძრო და შეცურდა. ტალღები მაინცდამაინც განგაშის საშუალებას არ იძლეოდა და ქალმაც ღრმად შეცურა. ცოტა ხანში სტალინიც გამოჩნდა, რომელიც თვალებით ორლოვას ეძებდა და როცა დაინახა, მისკენ გაეშურა. სტალინმა ტანზე გაიძრო და წყლისკენ წავიდა. დაცვა ფეხდაფეხ მიჰყვებოდა და მასთან ერთად შეცურდნენ წყალში. თუმცა, მისივე ბრძანებისამებრ, მიახლოებას ვერ ბედავდნენ. ორლოვა საკმაოდ შორს იყო შესული ზღვაში, სტალინი მისკენ მიცურავდა. ზღვა უეცრად, ძლიერ აღელდა და ტალღებიც აზვირთდნენ. ჩვენ ნაპირზე ორი კატერი სრულ მზადყოფნაში გვყავდა და ზღვაში განვითარებული სურათის შემხედვარემ სასწრაფოდ დავქოქეთ და მოცურავეებისკენ გავემართეთ. უეცრად ზღვის ტალღებმა ლუბოვ ორლოვა ამოატრიალა და ქალმა ჩაძირვა დაიწყო. სტალინი იქვე, ახლოს იყო. ფსკერისკენ წასული ქალი დაითრია და შეეცადა, ნაპირისკენ წამოეყვანა. მას პირადი მცველებიც მიეშველნენ, ამასობაში ჩვენც მივცურდით.
სტალინის დაცვის უფროსის მოადგილის მიხეილ თევდორაძის ჩანაწერების მიხედვით