ბულგარეთში საერთაშორისო ფესტივალზე, 16 წლის ოთო ღურწკაიას საუკეთესო ვოკალისტის ტიტული მიანიჭეს
ზაფხულში ბულგარეთში ჩატარდა საერთაშორისო ფესტივალი, რომელშიც მონაწილეობას იღებდნენ სხვადასხვა ქვეყნიდან ჩასული მომღერლები და ვოკალისტები. მათ შორის იყო ყველასათვის საყვარელი კომპოზიტორის, ნანა დაუშვილის მოსწავლე, ოთო ღურწკაია, რომელმაც ფესტივალზე დიდ წარმატებას მიაღწია.
ნანა დაუშვილი (კომპოზიტორი): ოთო ღურწკაია ცოტა ხნის წინ იმყოფებოდა ბულგარეთში სერთაშორისო კონკურსზე, საიდანაც წარმატებული დაბრუნდა. ამ კონკურსში მონაწილეობის უფლება მან თბილისში გამართულ კონკურსზე „ბრავოზე“ მოიპოვა, სადაც ის გრანპრის მფლობელი გახდა და წილად ხვდა ბულგარეთში გამგზავრება და კონკურში მონაწილეობა. ჟიურის წევრები იყვნენ როგორც ბულგარეთიდან, ასევე, ბელორუსიიდან და რუსეთიდან. კონკურენციაც საკმაოდ დიდი იყო, მაგრამ, მიუხედავად ამისა, ოთო ღურწკაიას მიენიჭა საუკეთესო ვოკალისტის ტიტული; ასევე, გაიმარჯვა რამდენიმე ნომინაციაში და მიიღო მეორე საპრიზო ადგილი (პირველი არ გათამაშდა). ჟიურის წევრები აღაფრთოვანა მისმა შესრულებამ, მაგრამ, მოხდა ისე, რომ, იქ გაცივდა, მეორე ტურში ხმა წაუვიდა და ამის გამო აღმოჩნდა მეორე ადგილზე, თუმცა, გრანპრის მფლობელად მოიაზრებოდა. მაგრამ, მიუხედავად ამისა, მან ყველას მხრიდან დიდი მოწონება დაიმსახურა და ახლა ველოდებით სხვა კონკურსებზე მიწვევას. მინდა აღვნიშნო, რომ ის ძალიან ნიჭიერი და პერსპექტიული ახალგაზრდაა. ოთო ჯერ 16 წლის არის და, დარწმუნებული ვარ, მას მართლაც დიდი მომავალი აქვს.
ოთოსთვის და ასევე ძალიან ნიჭიერი მომღერლისთვის, მაიკო ცქვიტიშვილისთვის, მე დავწერე სიმღერა, რომელსაც მალე მოისმენს ქართველი მსმენელი და შეიყვარებს. მინდა, თქვენი ჟურნალის მეშვეობით, გზა დავულოცო ნიჭიერ მომღერლებს, ასევე, ჩემი სტუდიის ყველა აღსაზრდელს, რადგან მათ შორის ბევრია სხვადასხვა მუსიკალური პროექტის გამარჯვებულიც, ფინალისტიც და, მჯერა, რომ მათ წინ არაერთი გამარჯვება და წარმატება ელით.