კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ დაამსხვრია წმინდა ნინოს ლოცვით ღმერთმა კერპები არმაზის მთაზე

დაახლოებით 323 წელს, ზოგი მეცნიერის აზრით 316-317, ან 319-320 წელს, წმიდა ქალწული ნინო სომხეთის მხრიდან მოადგა საქართველოს. სომხეთის მეფეს თრდატს სასწაულებრივად გადაურჩა მოციქულთასწორი. 

 წმიდა ნინოს მცხეთაში, ქართლის სახელმწიფოს დედაქალაქში ეგულებოდა ერთ-ერთი უმთავრესი და უდიდესი სიწმინდე ქრისტიანობისა - უფლის კვართი.  

ამქვეყნიურ ცხოვრებაში სულ რამდენიმე ნივთია დაკავშირებული მაცხოვართან. ჯვარი, რომელზეც გააკრეს; სამსჭვალები, რომლითაც გააკრეს; არდაგი (სუდარა), რომელშიც გაახვიეს გარდამოხსნის შემდგომ და რომელზეც აღდგომის დროს სასწაულებრივად აღიბეჭდა მისი გამოსახულება. კიდევ რამდენიმე ხელთუქმნელი ხატი, რომელზეც სასწაულებრივად დაიხატა მაცხოვრის გამოსახულება, როდესაც ქრისტემ სახეზე მიიდო კვართი უფლისა. 

 უკერველი კვართი უფლისა იყო ერთადერთი, თუ შეიძლება ასე ითქვას, მატერიალური „ქონება“ ქრისტესი, რომელიც მას განკაცების ჟამს, ამქვეყნად ჰქონდა და რომელიც დარჩა მისი ჯვარცმისა და ამაღლების შემდგომ კაცობრიობას. 

უკერველი კვართი უფლისა, გადმოცემით, ყოვლადწმიდა ღვთისმშობელმა პატარაობისას მოუქსოვა იესოს. კვართი ქრისტესთან ერთად იზრდებოდა...  

არც ქისა ჰქონია ქრისტეს, არც სახლი, არც კარი, არც ნავი, არც... არაფერი. მხოლოდ კვართი ემოსა... და ეს კვართი, – სასწაულთმოქმედი, რომლის შესახებ საუკუნეებით ადრე არსებობდა წინასწარმეტყველება, რომელიც არ განუკვეთავთ, არ დაუჭრიათ, რადგან ეკლესიის განუყოფლობის სიმბოლოა, – მაცხოვრის ნებით, ერგო საქართველოს...  

მცხეთა ძალიან მნიშვნელოვანი ქალაქი იყო იმ პერიოდში, მსოფლიოში ცნობილი. ქრისტეს კვართის ადგილსამყოფელი აინტრესებდა ქალწულ ნინოს და გაიგო, რომ ქართლში, მცხეთაში იყო ის გადაბრძანებული ჯვარცმის მერე. 

შემდეგ სასწაულიც მოხდა, სიონის მთაზე ჩაეძინა ქალწულს და სიზმარში მარადი ქალწული მარიამი გამოეცხადა, რომელმაც გადასცა ვაზის ჯვარი და მცხეთისკენ გამოაგზავნა ძალიან ახალგაზრდა მოციქულთასწორი.   არაერთი ხიფათი და განსაცდელი გადაიტანა მოციქულთასწორმა ნინომ, სანამ საქართველოს საზღვრებს მოაღწევდა.  

როგორც ვთქვით, წმინდა ნინო სასწაულებრივად გადაურჩა სომხეთის გამხეცებულ და ქრისტიანთა დევნის გამო გარეულ ღორს დამსგავსებულ მეფე თრდატს და გამოემართა ქართლისაკენ. ოთხი თვე გამოიზამთრა დაბა ორბანთში, სომხეთ-ქართლის საზღვართან და ივნისში კვლავ წამოვიდა საქართველოსკენ.

ჯავახეთის ზეგანზე მიადგა ფარავნის ტბას. იქიდან ჩანდა მარადიული ყინულით დაფარული კავკასიის მთები. ჯავახეთის მთებშიც სიცივე იყო, ფარავნის ტბა ხომ 2000 მეტრის სიმაღლეზეა. შეძრწუნდა და შეეშინდა ახალგაზრდა მოქიცულთასწორს. ორი დღე დაჰყო ტბასთან, ისვენებდა. მეთევზეებს საჭმელი სთხოვა. იქვე იყვნენ მწყემსები, რომლებსაც დიდი ცეცხლი დაენთოთ და დარაჯობდნენ საქონელს. თან, ლოცულობდნენ, მიმართავდნენ ქართველთა ძველ კერპებს – არმაზსა და ზადენს. მშვიდობიანად დაბრუნების შემთხვევაში, შესაწირს აღუთქვამდნენ.

წმიდა ნინომ ცოტა სომხური იცოდა, სარა ნიაფორისგან ჰქონდა ნასწავლი, რომელსაც ადრე ემოწაფებოდა, იერუსალიმში. მწყემსთა შორის ერთი აღმოჩნდა სომხურის მცოდნე და მას ჰკითხა, სადაურები ხართო. 

– სხვადასხვა დაბიდან, ელარბინიდან, საფურცლიდან, ქინძარიდან და რაბატიდან დიდი ქალაქის მცხეთისა, „სადაც ღმერთნი ღმერთობენ და მეფენი მეფობენ,“ – დაასრულა სიამაყით თავის დედაქალაქზე სომხურის მცოდნე ქართველმა მწყემსმა.

– სადაა მცხეთა? – იკითხა მოციქულთასწორმა.

– ფარავნის ტბას რომ მდინარე გამოუდის, იმას თუ გაყვები, მიგიყვანს მცხეთაში, – უპასუხა მწყემსმა. ფარავნის ტბიდან გამომავალი პატარა მდინარე ფარავანი სოფელ ხერთვისთან უერთდება მტკვარს და მცხეთისკენ მიჰყვება.

წმიდა ნინომ ქვა დაიდო სასთუმლად, როგორც ოდესღაც ისრაელის მამამთავარმა  იაკობმა და დაიძინა. იაკობივით გამოცხადება იხილა ახალი ისრაელის – საქართველოს სულიერმა დედამთავარმა. გამოეცხადა მას საშუალო სიმაღლის კაცი, მისცა ბეჭედდასმული გრაგნილი და უთხრა, მიართვი ეს მცხეთაში წარმართთა მეფესო. წმინდა ნინო ატირდა და ევედრებოდა: 

– უფალო, მე ქალი ვარ, უცხო და უმეცარი. არ ვიცი მათი ენა, როგორ მივიდე უცხო ქვეყანაში და უცხო ხალხთან?

მაშინ ქრისტემ გაუხსნა წერილი და წააკითხა. დაწერილი იყო ლათინურად და ზედ იესოს ბეჭედი იყო დასმული. ათი წინადადება ეწერა:

ა. სადაც იქადაგება ეს სახარება, იქვე ახსენებენ ამ ქალს.

ბ. არც მამაკაცება არსებობს და არც დედაკაცება, არამედ თქვენ ერთნი ხართ.

გ. წადით და მოიმოწაფეთ ყოველნი წარმართნი და ნათელი ეცით მათ, სახელითა მამისათა, ძისათა და სულისა წმიდისათა.

დ. ნათელი გამობრწყინდა წარმართთა ზედა დიდებად ერისა შენისა ისრაელისა.

ე. სადაც იქადაგება სახარება სასუფევლისა, იქაც ითქმება ყველა სოფელში.

ვ. რომელიც თქვენ მოგისმენთ და შეგიწყნარებთ, მე შემიწყნარებს, და რომელი მე შემიწყნარებს, შეიწყნარებს ჩემს მომავლინებელს.

ზ. ძალიან უყვარდა მარიამი უფალს, რადგან მარად ისმენდა მის ჭეშმარიტ სიტყვებს.

თ. არ შეგეშინდეთ მათი, რომლებიც შეძლებენ თქვენი ხორცის მოკვლას, მაგრამ სულს ვერ მოკლავენ.

ი. უთხრა მარიამ მაგდალინელს იესომ: „წადი დედაკაცო და ახარე ჩემს დებს და ძმებს“.

კ. იქადაგეთ სახელითა მამისათა, და ძისათა და სულისა წმიდისათა.

ეს იყო მეორე გამოცხადება წმინდა ნინოსათვის. პირველად ხომ იერუსალიმში ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი იხილა, რომელმაც გამოაგზავნა ჩრდილოეთის ქვეყანაში. მეორე გამოცხადებაში მას თავად მაცხოვარმა აუწყა, რომ მისი სახარება გადაეცა მცხეთაში წარმართი ქართველების მეფისთვის.

მუხლი „ა” პერიფრაზია მარიამ ბეთანიელის მისამართით ნათქვამი ქრისტეს სიტყვებისა (მათე, 26. 13), თუმცა აქ უკვე წმიდა ნინოს შეეხება და ნიშნავს, რომ ქართლში ქრისტეს რჯულის გავრცელების გამო, ქართველთა განმანათლებელ ნინოს არასდროს დაივიწყებენ.

მუხლი „ბ” ნიშნავს, რომ მანამდე მამაკაცსა და დედაკაცს შორის არსებული სხვაობა ქრისტიანობაში აღმოფხვრილია და უფლის წინაშე ყველა თანაბარია.

დანარჩენი მუხლები ქრისტიანობის ქადაგებას შეეხება (მუხლი „ე” ისევ წმიდა ნინოს). ეს გამოცხადება უკვე კონკრეტული დავალება იყო, საკმაოდ რთული – მეფის მოქცევა ქრისტიანობაზე. 

წმიდა ქალწულმა შველა ითხოვა უფლისგან და გაუდგა გზას მდინარე ფარავნის დინების მიმართულებით. გზაში მრავალი დაბრკოლება შეხვდა და ბევრჯერ შეაშინეს მხეცებმა. როცა მდინარემ აღმოსავლეთით გადმოუხვია, წმიდა ქალწულს შეხვდნენ თანამგზავრები. ასე მოაღწია ქართლში ქალაქ ურბნისს, სადაც ნახა წარმართი ქართველები.

ურბნისში ებრაული თემი არსებობდა. წმიდა ნინომ ებრაული იცოდა და ერთი თვით დარჩა ამ ქალაქში.

ერთ დღეს მთელი ხალხი ურბნის ქალაქისა დაიძრა სამეფო ქალაქ მცხეთისკენ, სავაჭროდ და არმაზის კერპისთვის მსხვერპლის შესაწირად.

წმიდა ნინოც მათ წაჰყვა. როცა მოაღწიეს მცხეთას, მოგვთა ხიდიდან, პომპეუსის ხიდსაც რომ უწოდებდნენ, წმიდა ნინო ხედავდა წარმართთა ცდომილებას და ცრემლს ღვრიდა მათთვის, იგლოვდა თავის უცხოობას.

მეორე დღეს გაისმა საყვირების ხმა და უამრავი ადამიანიც ახმაურდა. შემდეგ ხალხი აჩოჩქოლდა და გაიწ-გამოიწია სწრაფად. ქართლის დედოფალი ნანა გამოვიდა. ხალხი უკან გაჰყვა. ფერადი ნაჭრებითა და ყვავილებით შემკობილ ქუჩებში მიედინებოდა ხალხი და ხმამაღლა, აღტაცებით აქებდა მეფეს. მაშინ გამობრძანდა დიდებული შესახედაობის, ბრწყინვალედ მოსილი მეფე ქართლისა – მირიან მესამე. 

ჰკითხა წმინდა ნინომ გვერდით მდგომ ებრაელ ქალს, რა ხდებაო.

– „მათი ღმერთების ღმერთი არმაზი იწვევს მათ, რადგან არ არსებობს მასზე ამაღლებული სხვა კერპი“, – უპასუხა ებრაელმა ქალმა. მოციქულთასწორიც სწრაფად გაემართა არმაზის სანახავად და აასწრო მათ. აივსო მთა ხალხითა და დროშებით, როგორც ველი ყვავილებით.

წმინდა ნინო შევიდა არმაზის ციხეში და დადგა ზღუდის ნაპრალთან,  საიდანაც ჩანდა კერპი. უყურებდა გაკვირვებული, როგორი შიშით მიეახლებოდნენ მეფე-დედოფალი, დიდებულები და ხალხი კერპებს. 

იდგა ერთი კერპი – კაცი სპილენძისა, ტანთ ეცვა ოქროს ჯავშანი, თავს ოქროს საომარი ჩაბალახი ეხურა. თვალები ჰქონდა ზურმუხტისა და ბივრილის (მწვანე და ცისფერი). ხელში ეჭირა ელვასავით ბრწყინვალე ხმალი, რომელსაც აქეთ-იქით იქნევდა. ხალხი შიშით ამბობდა: „ვაითუ დავაკლე ქება და დიდება დიდ არმაზს, ხომ არ შემაცდინეს მე ებრაელთა სიტყვებმა ან სპარსთა მოგვების მოსმენამ? იქნებ იპოვოს რაიმე ბიწი ჩემში და მცეს თავისი მახვილი, რომლისაც ყველას ეშინია“... და შიშით თაყვანსცემდნენ არმაზს.

არმაზის კერპის მარჯვნივ იდგა კერპი – კაცი ოქროსი, სახელი მისი იყო გაცი. და მარცხნით კაცი ვერცხლისა, სახელი მისი იყო გაიმ. ესენი ღმერთებად მიაჩნდა ხალხს ქართლში.

ტიროდა წმიდა ნინო ქართველი ხალხის ცდომილების გამო, რომელთაც მიეტოვებინათ დამბადებელი უფლის რწმენა და თაყვანს სცემდნენ ქვებსა და ხეებს, სპილენძის, რკინისა და რვალისგან გამოჭედილ კერპებს. 

გაახსენდა წმიდა ნინოს ბიძამისის, იერუსალიმის პატრიარქ იობენალის სიტყვები მისდამი, იურუსალიმიდან მცხეთისკენ გამომგზავრებისას ნათქვამი: „წარგავლინებ სრულ მამაკაცს და მიდიხარ უცხო, ღვთისმოწინააღმდეგეთა ქვეყანაში“, ანუ ძლიერ ადამიანს გაგზავნი წარმართთა მხარეშიო.

აღაპყრო თვალები ზეცისკენ, ილოცა და ითხოვა: „გვიჩვენე მე, უფალო, ღმერთო მამისა და დედისა ჩემისაო, და ამ ხალხს, მაცხოვრება შენი, რათა ჩრდილოეთი და სამხრეთი იხარებდეს და ყოველმა ხალხმა მხოლოდ შენ გცეს თაყვანი, ქრისტე იესოს მიერ, ძისა შენისა, რომელსაც შვენის მადლობა და დიდება საუკუნოდ. ამინ“. 

დაასრულა თუ არა ლოცვა, უცებ დასავლეთიდან ამოიჭრა  ქარი, ატყდა ქუხილი საზარელი ხმით. გამოჩნდა საშინელი ღრუბლები, რომლებიც მოისწრაფოდნენ იმ ადგილისკენ. ქარმა დასავლეთიდან მოიტანა მწარე და მყრალი სუნი. ამის ხილვაზე შეკრებილი ხალხი გაიქცა თავშესაფრის საძებნელად. მიეცათ დრო და როცა სახლებში შეაღწიეს, მოახლოვდა რისხვის ღრუბელი და საკერპეზე წამოვიდა ლიტრის ოდენა სეტყვა. სეტყვამ დალეწა და შემუსრა კერპები. ქარმა დაარღვია საკერპის ზღუდეები და გააბნია კლდეთა ნაპრალებში. ხოლო მოციქულთასწორი გადარჩა მშვიდობით იმ კლდის ნაპრალში, სადაც შესულიყო.

მეორე დღეს გამოვიდა მირიან მეფე, ხალხი და ეძებდნენ თავიანთ ღმერთებს, მაგრამ ვერ იპოვეს. გლოვობდა ხალხი და ამბობდა: „ქალდეველთა ღმერთი ითრუჯანი და ჩუენი ღმერთი არმაზი მტრები არიან. ამან მასზე ზღვა მოაქცია, მან კი ახლა შური იძია“.

ღვთის რისხვის დღეს, როცა სეტყვა შეწყდა და სასტიკი ქარი დაცხრა, გამოვიდა წმიდა ნინო კლდის ნაპრალიდან და იპოვა ბივრიტის თვალი, აიღო და წავიდა კლდის ბოლოსკენ, სადაც იდგა ძველი ციხე და ხარობდა ძელქვა, მშვენიერი, მაღალი და რტომრავალი ხე. აქ, ოდესღაც ბარტამ მეფეს დასასვენებელი ადგილი ჰქონდა მოწყობილი. მივიდა ძელქვასთან, გამოკვეთა ხეზე ჯვარი და ლოცულობდა ექვსი დღე. მადლობდა ღმერთსა და ევედრებოდა, რათა წყალობით მოეხედა უფალს ქართველებისკენ.

როცა ეს მოხდა, იყო ექვსი საათი, მეექვსე დღისა, თაბორის მთაზე ფერისცვალების თვისა – აგვისტოსი. მაშინ, არმაზის მთაზე იცვალა ფერი ქართლის ცხოვრებამაც.

скачать dle 11.3