რა არის ადამიანის სულის ვარჯიში და რატომ იწყებენ ქრისტიანები არასწორ რელიგიურ ცხოვრებას
ადამიანები, როგორც კი იწყებენ ეკლესიაში სიარულს, ხშირად თავიდანვე ცდილობენ, საკუთარ თავს გარკვეული შეღავათები დაუწესონ, გაიმარტივონ ეკლესიაში სიარულის, ცხოვრების წესი, რაც მათ ვნებებთან ბრძოლაში კი არ ეხმარება, პირიქით, ხელს უშლის. ამ საკითხების შესახებ გვესაუბრება ვაკის წმიდა გიორგის სახელობის ეკლესიის წინამძღვარი, მამა საბა (ბიკაშვილი):
– ბევრი აღიარებს, რომ, როდესაც ის ეკლესიაში სიარულსა და მარხვების დაცვას ცდილობდა, მას ოჯახის წევრები ხშირად ურჩევდნენ, რომ ეს ყველაფერი, შეიძლება, ცოტა მძიმე იყოს მისთვის და, ამიტომ უნდა გაიმარტივონ ეკლესიური ცხოვრების წესი. რამდენად მართებულია ეს?
– რა თქმა უნდა, ასეთი დარიგება არ არის მართებული, ამით, პირიქით, სხვას აბრკოლებენ. თუ ადამიანმა დაიწყო ქრისტიანული ცხოვრება, მარხვა, მაგრამ საკუთარ თავს დაუწესა შეღავათები, არაფერს ვამბობ იმაზე, რომ ეს მოძღვრის კურთხევის გარეშე ხდება, ამით ის უკვე არასწორ ეკლესიურ ცხოვრებას იწყებს. მარხვა სულის ვარჯიშია, რაც აუცილებელია ადამიანისთვის. ამ დროს ის უნდა დაფიქრდეს, როგორ აპირებს ცხონებისკენ სიარულს, საკუთარ თავთან ბრძოლას და, თუ ის გართობას მიეცემა, მას ამ ყველაფრის გასაკეთებლად და ამაზე საფიქრალად დრო აღარ დარჩება. ძალიან ბევრი ხშირად აღტაცებით იწყებს ეკლესიაში სიარულს, მაგრამ, შემდეგ მათი სულიერი აღტკინება ქრება და თვეების განმავლობაში აღარ მოდიან ეკლესიაში. ასევე, არსებობს ადამიანების კატეგორია, რომლებიც მხოლოდ მარხვის დროს მოდიან ტაძარში, ყველა წესს აღასრულებენ, მაგრამ, როგორც კი მარხვა მთავრდება, აღარ დადიან წირვა-ლოცვებზე. ჩვენ, მოძღვრები, ასეთ ადამიანებს „მარხვის ადამიანებს“ ვეძახით. ეს არასწორი მიდგომაა და მათ უნდა გაითავისონ, რომ ასე ვერ ცხონდებიან. სამწუხაროდ, უფალს ისე აღვიქვამთ, როგორც მეხანძრეს, რომელმაც ცეცხლი უნდა ჩააქროს – მას მაშინ ვეძახით, როცა გვიჭირს, რადგან, ვხვდებით, რომ უფლის გარეშე ვერ შევძლებდით ამის გადალახვას, მაგრამ, როგორც კი გაივლის დრო, ეს ყველაფერი გვავიწყდება და ისევ ვშორდებით უფალს. ჩვენ მაშინ გვინდა უფალი, როდესაც გვჭირდება, არადა, უფალი, ეკლესია, ყოველდღე მოგვიწოდებს – მოდით და ისწავლეთ ცხონება, გადარჩენის გზაო, ამას კი დიდი შრომა და შემართება სჭირდება. მხოლოდ მაშინ არ უნდა მივიდეთ ტაძარში, როდესაც გვინდა, მაშინ არ უნდა მოვუხმოთ უფალს, როდესაც დაგვჭირდება, რადგან, შეიძლება, ხვალ საერთოდ „აღარ დაგვჭირდეს” უფალი და ეს ძალიან ცუდი იქნება. უფალი სულ გვიხმობს და ჩვენ უნდა გავყვეთ მის, დედა-ეკლესიის გამოძახილს, თუ გვინდა, რომ ვცხონდეთ და გადარჩენის გზას დავადგეთ. ყველამ საკუთარ თავს უნდა დაუსვას კითხვა: არის კი მათ მიერ უფლის აღიარება მართებული, ანუ, მართებულად ემსახურებიან უფალს? ადამიანი, რომელსაც სურს, შეუდგეს ქრისტეს, ღმერთს, ის ჯერ უნდა მოვიდეს მართლმადიდებლურ საკრებულოში, სამრევლოში და გახდეს მისი წევრი. თვეში ერთხელ ტაძარში შესვლა, სანთლის ანთება, თუნდაც დღესასწაულებზე სიარული და ტრაპეზების გამართვა, არ არის მთავარი და მაცხოვნებელი, ყოველ შემთხვევაში, ადამიანი ამით არ ცხონდება. მთავარია სამი ფაქტორის გათვალისწინება: პირველი ისაა, რომ ქრისტიანი უნდა იყოს ჭეშმარიტი ეკლესიის ცოცხალი წევრი, ანუ, იგი უნდა იყოს მართლმადიდებელი და არა წარმართი, რადგან, წარმართი ვერ ცხონდება; მეორე კრიტერიუმი კი ის არის, რომ ადამიანი შეიძლება გახდეს მართლმადიდებელი, მაგრამ, მერე ჩავარდეს მწვალებლობაში, განხეთქილებაში, რაც, თავის მხრივ, მართლმადიდებლურ სწავლებასთან წინააღმდეგობაში მოდის; მესამე – ქრისტიანის სარწმუნოება საქმეებითაც უნდა დამტკიცდეს. საქმეების გარეშე სარწმუნოება მაცხოვნებელ ძალას არის მოკლებული; კეთილი და კარგი საქმეები თავისთავად გამოიღებს კარგ ნაყოფს, ნაყოფს ცხონებისას.
– ხშირად, ჩვენს ცოდვებს, სულიერ მისწრაფებებს, მანკიერებებს გაუცნობიერებლად მივაწერთ სხვას, თუნდაც, ბნელ ძალებს, ეშმაკს. მავანნი თავს იმართლებენ: მე კი შევცოდე, მაგრამ, ეს ჩემი ბრალი კი არა, ეშმაკის ბრალი იყო, მან მაცდუნაო. შესაბამისად, ის საკუთარ თავს არაფერზე სთხოვს პასუხს და არც თვითიძულებას მიმართავს.
– ადამიანი სულიერი არსებაა და მის სულში განუწყვეტელი ბრძოლა მიმდინარეობს. შეიძლება, ის რაღაც ფიზიკურ ბრძოლას აწარმოებდეს, რომელიც გარკვეულ დროს მთავრდება, მაგრამ, სულიერი ბრძოლა არასდროს წყდება, სიკეთისა და ბოროტების ჭიდილი არასოდეს მთავრდება. ბევრი მოხუცი იმასაც ამბობს, სახლში ვზივარ და არაფერს ვაშავებო. ძალიან ხშირად, ჰგონიათ, როცა სახლიდან გარეთ გამოვლენ და საზოგადოებასთან ექნებათ ურთიერთობა, მხოლოდ მაშინ შეიძლება შესცოდონ. არ აქვს მნიშვნელობა, მარტო ხარ სახლში თუ გარეთ – გინდა თუ არ გინდა, ადამიანს ბრძოლის სახით ყოველთვის მოსდის ცუდი ფიქრები, აზრები, რასაც ჩვენ ვნებებს ვეძახით. ეკლესია გამოყოფს ბრძოლის სამ სახეს: სიტყვით, საქმით და აზროვნებით. ყველამ ვიცით, რომ სიტყვას ძალიან დიდი ძალა აქვს და მას კონკრეტული ადრესატი ჰყავს; ასევე, მის მნიშვნელობას – რას ამბობს, ვის მიმართ და როგორ. გონებაში ჯერ აზრი იბადება და, თუკი ადამიანი შემდეგ ამ აზრს დაეთანხმება და შეიწყნარებს, მისი ზეგავლენის ქვეშ ექცევა. ეს აზრი, შეიძლება, ბოროტი ძალისგან იყოს თავს მოხვეული. ამიტომაც არის, რომ, ვდგავართ ეკლესიაში ან სახლში ვკითხულობთ ლოცვებს და, იმ დროს, როცა ჩვენი გონება, სულიერი ძალები იქითკენ უნდა იყოს მიმართული, რომ ლოცვით ვიყოთ უფალთან კავშირში და სიმშვიდე ვპოვოთ, პირიქით, ხელს გვიშლის ბოროტი ძალა და თავს გვახვევს არა მხოლოდ გარეშე აზრებს, არამედ, მკრეხელობასაც; შეიძლება, სწორედ სიწმიდეების, წმიდანების, უფლის მიმართ გაუჩნდეს ადამიანს მკრეხელური აზრი, რასაც მას ბოროტი ძალა მოუვლენს. რა თქმა უნდა, ამ ყველაფერს იწვევს დაცემული გონება და მდგომარეობა, მაგრამ, ხშირ შემთხვევაში, შეიძლება, ადამიანის ბრალი არც იყოს – ეს ბოროტი ძალები ახვევენ მას თავზე, რომ დააბრკოლონ ლოცვის მდგომარეობაში მყოფი და ხელი შეუშალონ. ხშირ შემთხვევაში, ბოროტი ძალების ჩვენზე ზემოქმედება არ არის საცნაური, მაგრამ, ბევრი წმიდა მამის პატერიკში უამრავი ფაქტია, სადაც აღწერილია, როგორ ზემოქმედებენ ბოროტი ძალები ადამიანებზე, ხელს უშლიან ლოცვაში. ვნება – ეს ადამიანის შინაგანი მდგომარეობაა, ანუ, ეს არის სულიერი ძალები, რომლებიც არასწორად არის მიმართული. ასკეტურ ლიტერატურაში ვნებებს განმარტავენ როგორც სულიერი ძალების არაბუნებრივ მოძრაობას. ჩვენში მრავლად არის სულიერი ძალები თავისი გამოვლინებით, მაგრამ, როდესაც ეს ძალები არასწორად მოქმედებს, მერე ეს უკვე ვნების სახით ვლინდება. ამიტომ, სულიერი ძალები სიკეთისკენ უნდა იყოს მიმართული, რადგან, ადამიანი ის არსებაა, რომელსაც წლების განმავლობაში საკუთარ თავზე დაკვირვებით შეუძლია სულიერი ძალების მართვა. მას, ასევე, შეუძლია, ვნებებს ისე მოუყაროს თავი, რომ ყველაფერი სიკეთისკენ წარმართოს. თუ თითოეული ჩვენგანი თავის პატარ-პატარა ცოდვებზე, მიდრეკილებებზე არ იფიქრებს ყოველდღიურად, ეს ცოდვები ძალიან მძიმე ვნებაში გადაიზრდება და მასთან ბრძოლა კი გაცილებით ძნელი გახდება. ამიტომ, თუ მას შეუპოვარ ბრძოლას არ გამოვუცხადებთ, შეიძლება, ვერც გავთავისუფლდეთ მისგან. არ არსებობს ადამიანი, რომელსაც რაღაც ცოდვა არ აწუხებდეს, რაც მისი სუსტი წერტილია. ჩვენ ეშმაკს შეიძლება ერთი რამ დავაბრალოთ: ის ჩვენს დამახინჯებულ სულიერ ძალებს ჩვენსავე საწინააღმდეგოდ იყენებს – სუსტ წერტილს მოგვინახავს და იქ ხდება ჩვენი შევიწროება, დაცემა, ყურადღების მოდუნება. ამიტომ, ამაზე უნდა გავამახვილოთ ყურადღება. თუ ადამიანი გააგრძელებს იმ ვნებასთან ბრძოლას, რომელიც მასში ყველაზე ხშირად ვლინდება, მაშინ ეს უკვე ღვაწლია და, რა თქმა უნდა, ამას უფალი დაუფასებს. ყველა ცოდვა წარმოიქმნება გულში, სადაც თავს იყრის სულიერი ძალები, შემდეგ ეს გონებას გადაეცემა და ადამიანი უკვე ხორცს ასხამს მას. ქრისტიანმა უნდა ისწავლოს ყველა იმ ცოდვასთან და განზრახვასთან ბრძოლა, რომელიც მის სულს აღაშფოთებს; მაგრამ, თუ ჩვენ ყველა ვნებასა და მიდრეკილებას არ დავამსხვრევთ იმ ქვაზე, რომელსაც ქრისტე ჰქვია, მარტო ვერ შევძლებთ ამ ყველაფრის გადალახვას, რადგან, ჩვენ მაცხოვრით გადავრჩებით და მისი დახმარებით შევძლებთ, გადავლახოთ ის სირთულეები, მოვიშოროთ ის მაცდური აზრები, რომლებიც კიდევ უფრო მეტად გვაგდებს ცოდვაში.