წმიდა ბერი პაფნუტი ბოროველის სასწაულები
ბალაბანოვოს (პატარა ქალაქი მოსკოვი – კიევის რკინიგზის ხაზზე; რუსეთის ფედერაცია) და ქალაქ ბოროვსკის ავტომაგისტრალის შორიახლოს წამომართულია ჯერ კიდევ მეთექვსმეტე საუკუნეში აგებული მტკიცე კედლებიანი და ქონგურებიანი პაფნუტი ბოროველის მონასტერი.
1415 წელს, როდესაც პაფნუტის მხოლოდ 20 წელი შეუსრულდა, იგი განეშორა საერო ცხოვრებას და დაფუძნდა მაღალმფარველის მონასტერში ქალაქ ბოროვსკის მახლობლად.
მონასტერში პაფნუტი მოექცა მღვდელ-მონაზონის, ნიკიტას მორჩილებაში, რომელიც თავის დროზე იყო წმიდა მამის, სერგი როდონოჟელის მოწაფე. 7 წელიწადს იყო პაფნუტი ბერ-მონაზონის მორჩილად და ბევრი რამ ისწავლა მისგან. მთლიანობაში მაღალმფარველის მონასტერში პაფნუტიმ 30 წელი დაჰყო; ამასთანავე მათ შორის 13 წელი იგი იყო იღუმენი, ანუ მონასტრის წინამძღვარი.
1440 წელს ღირსმა მამამ მძიმე ავადმყოფობის შემდეგ დატოვა იღუმენობა და ერთ მონაზონთან ერთად განმარტოვდა მდინარეების – პროტვისა და ისტერმის ნაპირებზე მდებარე შემაღლებულ ლამაზ ადგილზე, ბოროვსკისთან ახლოს. ამ ადგილს ირგვლივ უღრანი ტყე ერტყა. ამ ადგილისკენ დაიწყეს სვლა სხვა ბერ-მონაზონებმაც, რომლებიც ღირსი პაფნუტის კურთხევით აწყობდნენ სენაკებს და ცხოვრობდნენ მისი ხელმძღვანელობით. ასე ჩაისახა ახალი მონასტერი, ხოლო წმიდა მამის თავზე შავმა ღრუბლებმა იწყეს მოგროვება. საქმე ისაა, რომ ადგილი, სადაც დაეფუძნა პაფნუტი, შედიოდა არა ბოროვსკის, არამედ, სუხოდოლსკის ოლქში. მაღალმფარველის მონასტერი, რომელშიც პაფნუტიმ 30 წელი გაატარა, თანდათანობით „დასუსტდა“ და დაკარგა პოპულარობა. ეს არ მოსწონდა მაშინდელ ბოროვსკელ მთავარს – ვასილი იაროსლავის ძეს და რამდენჯერმე მსახურებიც კი გაგზავნა ახალი სავანის გადასაწვავად, მაგრამ, უშედეგოდ. ასეთივე მზაკვრული დავალებით მის მიერ გაგზავნილ იქნა ვინმე თათარი, რომელსაც წმინდა რელიგიური მოსაზრებით სძულდა წმიდა მამა. მაგრამ, როდესაც მონასტერს უახლოვდებოდა, თვით პაფნუტი შეხვდა მას და სახელით მიმართა (წმიდა მამა არ იცნობდა თათარს და, არ შეიძლებოდა, რომ მისი სახელი სცოდნოდა) და ალერსიანად ჰკითხა მოსვლის მიზეზი. ამან ისე იმოქმედა თათარზე, რომ იქვე შეინანა თავისი ქცევა და დაწვრილებით უამბო თავისი ვიზიტის შესახებ, შემდეგ პატიება და ლოცვა-კურთხევა ითხოვა და მშვიდობიანად გაშორდა იქაურობას.
იმ ხანებში რუსეთს თავს დაესხა ყაზანის ხანი – მამოტიაკი. რუსეთის ჯარები განადგურებულ იქნა სუზდალთან და ბოროვსკის მთავარი, ვასილი იაროსლავის ძე, ტყვედ აიყვანეს. მთავარი მიხვდა თავის დანაშაულს, ჩავარდა სინანულში და დაიწყო პაფნუტისადმი ლოცვა, რათა გაეთავისუფლებინა ტყვეობიდან. მართლაც, სულ მალე, მან შეძლო ტყვეობიდან თავის დაღწევა და ამის შემდეგ წმიდანი წრფელი გულით აღიარა.
მისი თანამედროვენი იხსენებენ, რომ პაფნუტი გარეგნულად ასკეტის მაგალითი იყო. წმიდანი ოთხშაბათობითა და პარასკეობით არაფერს ჭამდა, ხოლო სხვა დღეებში მცირედ საკვებს იღებდა; მანტია, ანაფორა და ფეხსაცმელი, რომლითაც პაფნუტი იყო შემოსილი, მათხოვრებსაც კი არ გამოადგებოდათ და, საერთოდ, მონასტრის წინამძღვრის შესწრება მხოლოდ ლოცვის ან მძიმე ფიზიკური შრომის დროს შეიძლებოდა. როდესაც სავანეში ბერების რიცხვი საკმაოდ გაიზარდა, წმიდა მამამ მათი დახმარებით ქვის ტაძარი ააგო. როდესაც ტაძრის აგება დასრულდა, წმიდა მამამ მოიწვია საუკეთესო ხატმწერები. ერთ-ერთს, სახელად დიონისეს, არ შეეძლო მუშაობა ფეხების ტკივილის გამო. წმიდა მამამ უთხრა მას: „დიონისე, ღმერთი გაკურთხებს შენ, დაიწყე კეთილი საქმე; უფალი და ყოვლადწმიდა დედა მოჰმადლიან კურნებას შენს ფეხებს“. ხატმწერი, მტკიცედ ირწმუნა რა ღირსი მამის სიტყვები, სიხარულით შეუდგა საქმეს და... განიკურნა. დიონისესა და სხვა ხატმწერებსაც, ღირსმა მამამ უქადაგა, რომ მონასტერში არ ეჭამათ ხორცი და ამისთვის ახლომდებარე სოფელში წასულიყვნენ ხოლმე. თავიდან ისინი ასეც იქცეოდნენ, მაგრამ შემდეგ გადაავიწყდათ დარიგება და, ერთ მშვენიერ დღეს, სადილზე მიიტანეს მოხარშული კვერცხით დატენილი ცივად მოხარშული ციკნის თეძო. როდესაც დიონისემ, პირველმა მეგობრებს შორის, გასინჯა კერძი, კვერცხში მატლები აღმოაჩინა და მაშინვე დაავადდა. სულ ერთ საათში მხატვარს მთელი სხეული ისე დაეფუფხა, რომ განძრევა ვეღარ შეძლო. ავადმყოფმა მაშინვე ერთ-ერთი ძმა გაგზავნა წმიდა მამასთან სათხოვნელად, რომ აღსარება მიეღო მისგან და შეენდო შეცოდება. წმიდანმა დიონისე დამოძღვრა, რომ ამის შემდეგ არ გადასულიყო ლოცვა-კურთხევას; შემდეგ წაიყვანა ეკლესიაში და განკურნა.