როდის ხვდება მარიამ კახელიშვილი სხვა განზომილებაში და რატომ არის ის ამბიციური მომღერალი
მომღერალი მარიამ კახელიშვილი, საზოგადოებამ შოუ-კონკურსებიდან გაიცნო და განსხვავებული შესრულების მანერისა და ძლიერი ხმის გამო შეიყვარა. მარიამი საკმაოდ კომუნიკაბელური, მხიარული და თბილი ადამიანი აღმოჩნდა. როგორც თავად ამბობს, მიზანდასახულია და სჯერა, რომ თავდაუზოგავი შრომით წარმატებებს აუცილებლად მიაღწევს, თუმცა, მაინც ფიქრობს, რომ საქართველოში თავისი შესაძლებლობები ამოწურა და, უნდა, რომ უცხოეთში მოსინჯოს ძალები.
მარიამ კახელიშვილი: ძალიან მიზანდასახული ადამიანი ვარ და, ვცდილობ, იმას მივაღწიო, რასაც მიზნად დავისახავ. მიმაჩნია, რომ შრომის გარეშე წარმატება არ მოდის – ეს გათავისებული მაქვს და შრომა არასდროს მეზარება. ბავშვობაში მინდოდა და ვოცნებობდი, პოპულარული და ცნობადი ადამიანი გავმხდარიყავი და ეს ოცნება საკმაოდ პატარა ასაკში ამიხდა. ქუჩაში რომ დავდივარ, უცხო ადამიანებისგან უდიდეს სითბოს ვგრძნობ და ეს მახარებს. თუმცა, მინდა, ჩემი კარიერა უცხოეთში გავაგრძელო და ეს მიზანიც დასახული მაქვს.
– ხალხმა პროექტ „ნიჭიერიდან” გაგიცნო, შემდეგ, ამას მოჰყვა „ევროვიზია”, ბოლოს კი – „X ფაქტორი”. რატომღაც, მგონია, ამ კონკურსებმა გული გატკინა და ამას შენი ცრემლებითა და ემოციით გამოხატავდი. ფიქრობ, რომ კონკურსებში ბედი არ გწყალობს?
– სწორედ ასეა, კონკურსებში ბედი არ მწყალობს და ამას მივეჩვიე, თუმცა, პოპულარობა უდავოდ მომიტანა. „X ფაქტორშიც” იმიტომ გადავწყვიტე მონაწილეობის მიღება, რომ თავი შემეხსენებინა მსმენელისთვის. „ნიჭიერიდან” „X ფაქტორამდე” საკმაოდ გავიზარდე, უფრო დავიხვეწე და უფრო გაზრდილი მიხილა ხალხმა.
– არ გეწყინოს, მაგრამ, კონკურსებიდან ბევრმა, როგორც ამბიციური მარიამი, ისე დაგიმახსოვრა.
– მართალია, ეს მეც გავიგე და ვაღიარებ, ამბიციური ნამდვილად ვარ. ჯანსაღი ამბიცია ყველა ადამიანს უნდა ჰქონდეს და ამაში ბევრი დამეთანხმება. ისიც გავიგე – თავში აუვარდა პოპულარობა მარიამსო, მაგრამ, ვინც მიცნობს, ასე არ ფიქრობს. როცა ვმღერი, სხვა განზომილებაში ვხვდები და ემოცია მეძალება; თუ ამას გულისხმობენ, როცა ამბობენ, თავში აუვარდაო, ვერ გეტყვით. როცა სცენაზე ვდგები, მიკროფონს ვიღებ ხელში და ვიწყებ სიმღერას, ამ დროს აბსოლუტურად თავისუფალი ვარ და ირგვლივ ვეღარაფერს ვხედავ. ზუსტად იმ ემოციას გადმოვცემ, რასაც შიგნიდან განვიცდი და არასდროს ვთამაშობ. მართლა გული მაქვს ნატკენი კონკურსებიდან და, ვფიქრობ, უცხოეთში წავიდე, იქ ვისწავლო, მივიღო მონაწილეობა კონკურსებში და იქ ვცადო ბედი. ამას წინათ მკითხეს, რომელ უცხოელ მომღერალთან ისურვებდი დუეტის ჩაწერასო და ამაზეც დავფიქრდი.
– მერე, რა მოიფიქრე?
– ბიონსეთან ჩავწერდი დიდი სიამოვნებით დუეტს. სცენაზე მე და ბიონსე – ორი გიჟი, ემოციური და ორიგინალური მომღერალი – მაგარი ტანდემი ვიქნებით (იცინის). სხვათა შორის, ყველა მეუბნება, არაკავკასიური ხმა გაქვს, უფრო ზანგურიო, მე კი ვხუმრობ, ეტყობა წინა ცხოვრებაში ზანგი ვიყავი-მეთქი (იცინის). გარეგნობითაც მულატს მამსგავსებს ბევრი. ვფიქრობ, ამ გარეგნობითა და ხმის ტემბრით უცხოეთშია უცილებლად შემამჩნევენ და დამაფასებენ.
– მაინც, რომელ ქვეყანაში აპირებ ძალების მოსინჯვასა და სწავლის გაგრძელებას?
– ამერიკა და ინგლისი მაქვს ამ ეტაპზე ამორჩეული და, ვნახოთ, კიდევ დავფიქრდები, ჯერ დრო მაქვს. ამერიკის „X ფაქტორში” დიდი სიამოვნებით მივიღებ მონაწილეობას და, ვფიქრობ, ჩემს ხმასა და შესრულების მანერას იქ მაინც დააფაებენ. ამისთვის თავდაჯერებულობა არ მაკლია და არც ჩემს შესაძლებლობებში მეპარება ეჭვი. დამიჯერეთ, სულ ვმღერი, ვღიღინებ, მუსიკისა და სიმღერის გარეშე ცხოვრება ვერც კი წარმომიდგენია – სცენა და მიკროფონი ჩემი სტიქიაა. თუმცა, იყო პერიოდი, როცა არ მემღერებოდა და ამ პერიოდის გახსენება არ მინდა, მაგრამ, ესეც დავძლიე. ყველაზე მეტად სცენაზე დგომა მიყვარს და ამ დროს არც დეპრესია და არც არაფერი აღარ მახსოვს ქვეყანაზე.
– დღეს მარიამ კახელიშვილი არსად ჩანს. სად ხარ და რას აკეთებ?
– ხომ იცით, საქართველოში როგორც ხდება – უცბად გახდები პოპულარული და მერე უცბადვე მიგივიწყებენ. მართალია, მცნობენ, ვუყვარვარ და მაფასებენ, მაგრამ, არ ხდება არაფერი ისეთი, სადაც გამოვჩნდები და ხალხს თავს შევახსენებ. სიმართლე გითხრათ, მეშინია, დრო უქმად არ დავკარგო და არ ჩამოვრჩე, თორემ, ხომ იცით, ერთი თუ აგერია ნაბიჯი, მერე ცხოვრებას ვეღარ დაეწევი. ვფიქრობ, კლიპები გადავიღო და ავტვირთო სოციალურ ქსელში, მერე კი უფრო მეტად გავაქტიურდე. დიდ დროს ვატარებ კომპიუტერთან, ყველა გზავნილს ვკითხულობ – მაინტერესებს, რას ფიქრობენ ჩემზე და ჯანსაღ კრიტიკასაც მშვიდად ვიღებ. ზოგი ძალიან ცუდ რამეებს მწერს, მაგრამ, გულთან არ მიმაქვს. არ დამავიწყდება, ჩემზე ეწერა: რა არის, ეს გოგო ვერ მღერის, კივის და სცენაზე რა უნდაო. გული დამწყდა, მაგრამ, მერე მივხვდი, რომ შურიანი ადამიანი წერდა და არც კი მიპასუხია. ან, რა უნდა მიმეწერა? ასეთ რამეს ისინი წერენ, ვისაც ჩემი ნიჭიერება შურს და ასეთს რა უნდა ვუთხრა? შურიანს არ უნდა გასცე პასუხი – მე ასე ვფიქრობ. 14 წლის ასაკში გავხდი პოპულარული და, რომ არ მოველოდი, ერთ დილასაც, მივხვდი, რომ ყველამ იცოდა ჩემი სახელი და გვარი და ყველა მცნობდა. ნიჭიერი რომ არ ვყოფილიყავი, ასე ხომ არ მოხდებოდა?! მე არ ვამბობ, ყველაზე ნიჭიერი ვარ-მეთქი, უბრალოდ, რაც შემიძლია, იმას ვაკეთებ და, მგონი, არც ურიგოდ. საქართველოში ჩემი თავი ამოვწურე და ამიტომ მინდა უცხოურ კონკურსებში გამოსვლა. საკუთარი თავის იმედი რომ არ მქონდეს, ამას არ გავაკეთებდი, მაგრამ, სხვა გზა არ მრჩება. დღეს კი მეგობრების წრეში ვმღერი, ვერთობი და ვმეცადინეობ. აბიტურიენტიც ვარ და მომავალში კონსერვატორიაში მინდა ჩავაბარო.
– ემოციური ადამიანი ხარ. წარუმატებლობის დროს დეპრესიაში ხშირად ვარდები?
– ხშირად არ მაქვს დეპრესიული „შემოტევები”, მაგრამ, მადლობა ღმერთს, როცა მქონია, დიდხანს არ გაგრძელებულა. ცვალებადი ხასიათი მაქვს, ზოდიაქოთიც „სასწორი” ვარ და, უნდა ნახოთ, როგორ ვმერყეობ და ვიწონები აქეთ-იქით (იცინის). საყვარელმა ადამიანმა ან მეგობარმა რამე რომ მაწყენინოს, ეგრევე „ვიგრუზები” და ეს ჩემს განწყობას დიდხანს გაჰყვება.
– შეყვარებული გყავს? რა ხდება შენს პირად ცხოვრებაში?
– შეყვარებული ახლა არ მყავს და პირად ცხოვრებაშიც სიმშვიდეა, თუმცა, თაყვანისმცემლების სიმცირეს არ განვიცდი. მართალია, სანთლებით ცეცხლოვან გულებს არ მინთებენ სახლის წინ და ციდან ბუშტებს არ ყრიან ჩემს ეზოში, მაგრამ, ყურადღებით მანებივრებენ.
– თავად თუ ხარ რომანტიკული?
– ძალიან რომანტიკული ადამიანი ვარ და გვერდითაც ასეთი რომანტიკული ადამიანი მჭირდება. იცით, რა? რომ ვაკვირდები, პრინცები აღარ არიან, არც თეთრი ცხენით და არც უცხენოდ (იცინის).
– რადგან აკვირდები, ესე იგი, პრინცს მაინც ელოდები?
– შეიძლება ასეც ითქვას, მაგრამ, ჯერ არ ჩანს და, იმედია, მალე გამოჩნდება (იცინის). ის ადამიანი იქნება ჩემი პრინცი, ვინც გამიგებს, გვერდში დამიდგება, ვეყვარები, დამაფასებს და ჩემს სიხარულსა და ტკივილს გაიზიარებს. არ მხიბლავს ერთი დღით შეყვარებები, მინდა, ჩემი რჩეული ცხოვრების ბოლომდე ჩემი ერთგული და გულშემატკივარი იყოს.